გასულ კვირას ლარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ისტორიულ მინიმუმს კი ყოველდღიური ისტერიები მოჰყვა, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე _ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კერძო საბანკო სექტორში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ფინანსური კოლაფსის ზღვარზეა. არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს სესხი სწორედაც რომ ამერიკულ ვალუტაში აქვს აღებული. დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურებული ლარის ფონზე, ხალხში პროტესტი გაჩნდა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დარეგისტრირდა გვერდი სახელწოდებით „ბანკი შენ გეხება“, რომელიც საქართველოში მოქმედი ბანკების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს.
„ქრონიკა+“ ესაუბრება „ბანკი შენ გეხებას“ კამპანიის ორგანიზატორს _ ცოტნე ლომიძეს:
_ უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი ინტერვიუა ამ კამპანიის ფარგლებში. მსურს, შევეჭიდო თემას, რომელიც ბევრ ჩვენგანს აწუხებს _ საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოსახლეობის დაყაჩაღება ეკონომიკური და კულტურული ფორმებით არახალია, მაშინ როცა ქვეყანაში კრიზისია და უმუშევრობა ლამის ეროვნული ტრაგედიაა, ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ ლარის კურსის ვარდნის ფონზე. შედეგად კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფინანსური კრიზისის ზღვარზეა. სწორედ ამიტომ ვაპირებ საპროტესტო აქციების გამართვას ბანკების წინ, ვინაიდან მათ თავგასულობას საზღვარი არ აქვს!
_ თავად რა განათლება გაქვთ? რამდენად ერკვევით საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესებში?
_ მე პროგრამისტი ვარ, ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ. ჩემი სამსახური არანაირ კავშირში არაა საფინანსო ინსტიტუტებში მიმდინარე პროცესებთან. რეალურად, ბანკებთან ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა, დღევანდელი მთავრობის მხარდამჭერებსაც და ყოფილი ხელისუფლების გულშემატკივრებსაც, ხელოვნებსაც და სტუდენტებსაც, მუშებსაც და მძღოლებსაც. მაჩვენეთ ადამიანი, ვისაც ამ ქვეყანაში ბანკის ვალი არ აქვს, ან არ ჰქონია _ თუ თავად არაა ბანკირი. ის კი არადა, სოციალურად დაუცველ ადამიანებსაც აძლევენ კრედიტებს. დიდი ეკონომისტობა და ექსპერტობა არ სჭირდება იმას, რომ მათ წინააღმდეგ ხმა ამოვიღოთ.
_ გეთანხმებით, კომერციული ბანკებიდან ბევრს აქვს კრედიტი აღებული. ვალს რომ დაბრუნება უნდა, მე მგონი, არც ესაა საკამათო. უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ, რას გააპროტესტებთ საფინანსო ინსტიტუტებთან?
_ არარეალურად მაღალ პროცენტებს, ჩვენ მოვითხოვთ საშეღავათო პერიოდის გაზრდას, პროცენტების დაწევას. ასე მაგალითად, ჩემმა მეგობარმა ამას წინათ 600 ლარი აიღო ერთ-ერთი ინტერნეტბანკიდან სესხად. ვალი სამი-ოთხი თვის განმავლობაში ვერ დააბრუნა კონკრეტული მიზეზების გამო. როცა მოახერხა, ძირი ეტაპობრივად დაფარა, თუმცა ზემოდან გადასახდელმა პროცენტმა 1000 ლარს გადააჭარბა... ასეთი მაგალითები უამრავია. მოყოლა რომ დავიწყო, თქვენი გაზეთის ერთი ნომერი არ გვეყოფა.
_ თუ გყავთ გუნდში ფინანსისტები, პროფესიული რჩევები რომ მოგცენ? ზედაპირული პროტესტით რეალური შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ...
_ და საიდან დაასკვენით, რომ ზედაპირული პროტესტი იქნება? ბოლო პერიოდში აქტიურად დავინტერესდი ამ თემით, შევისწავლე მსოფლიო პრაქტიკა და თვალს ვადევნებ აქ განვითარებულ მოვლენებს. ამ კვირაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ასეთ ვითარებაში კი მეჭიაური და ქადაგიძე ერთმანეთთან პოლიტიკურად კინკლაობენ. იმის მაგივრად, რომ ბატონი მეჭიაური თავის თავზე აღებულ პასუხისმგებლობას იაზრებდეს და კონკრეტულ ქმედებებზე გადადიოდეს, საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს ადეიშვილის ხელის ბიჭს ეძახის, ხოლო, თავის მხრივ, არც ქადაგიძე რჩება ვალში მეჭიაურს. ასეთი პარტიული `დებატები“ უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა ორივე მათგანის მხრიდან.
_ მთავარ თემას დავუბრუნდეთ, _ როგორ ფიქრობთ, რა გამოხმაურება ექნება საბანკო სექტორის მმართველებისგან თქვენ მიერ დაგეგმილ აქციებს? მიაღწევთ შედეგს?
_ დღესდღეობით უამრავი ადამიანი არის ნეგატიურ კლიენტთა, ე. წ. შავ სიაში მოხვედრილი. ლარის კურსის ვარდნის გამო მოსახლეობას ფინანსური პრობლემები ექმნება. როცა ადამიანს ფული სჭირდება, 2-3 გვერდზე წვრილად დაწერილ ტექსტს ბოლომდე არ კითხულობს, ბევრი ჩვენგანი არ ფიქრობს, თუ რა მახეში ჰყოფს თავს, როცა ვალს იღებს. ნიადაგი საიმისოდ მომწიფებულია, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.
_ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მოქმედი ბანკები არანაირ კომპრომისზე არ წავლენ მომხმარებლებთან, რას უნდა ველოდოთ?
_ საბოლოო ჯამში, მოსახლეობა დეფოლტს გამოაცხადებს, რაც სახალხო ენაზე ნიშნავს გადახდისუუნარობას, რის შემდეგაც ისევ ბანკები დაზარალდებიან, საბოლოო ჯამში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ბანკებმა გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგან მოსახლეობასთან _ ეს არა მხოლოდ მათი, არამედ სახელმწიფოს ინტერესიცაა, ვინაიდან გაკოტრებული საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა...
_ ნებისმიერი ბანკის მიზანია, გასესხებული თანხა დროულად ამოიღოს, ისინი მოგებაზე მუშაობენ და ბუნებრივიცაა, რომ კლიენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
_ თბილისში ანეკდოტივით ამბობენ; 18 წლის თუ გახდი „ვივუსის“ ვალი უნდა გქონდესო. თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე დავიწყოთ საუბარი იქიდან, რომ ონლაინ გამსესხებლების მხრიდან უკონტროლოდ გაიცემა კრედიტები. ბევრი არ მუშაობს და იტყუება, რათა ვალი აიღოს. არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც 10-15 წუთში ადამიანის სამუშაო ბიოგრაფიას რეალურად გადაამოწმებენ. შედეგად 18-19 წლის გოგო-ბიჭებს, რომლებიც არ მუშაობენ, ათასობით ლარი აქვთ ვალი. მათი უმეტესობა ხშირად ვერ ართმევს თავს ფინანსურ ვალდებულებებს, რასაც მოჰყვება ხოლმე სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან, ან იმ ადამიანების ნომრებზე, რომელიც მითითებული აქვთ სესხის აღებისას. არის სასამართლოთი მუქარებიც.
_ ინტერნეტბანკები კანონის სახელით იმუქრებიან?
_ ყველა ბანკს ვალის ამოღების თავისი სამსახური აქვს. დაგვიანების შემთხვევაში ისინი აქტიურდებიან და, ფაქტობრივად, ზეწოლა იწყება მსესხებელზე: ხორციელდება ზარები, ქონების ყადაღით მუქარა მსუბუქ ფორმებში, ამავდროულად, ხშირად იტყუებიან, რომ არიან აღსრულების ბიუროდან. რეალურად კი მათ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ ამოღების სამსახურებთან. ამ ტყუილს ამბობენ ერთადერთი მიზნით, დააპანიკონ კლიენტი და აიძულონ ვალის დაბრუნება.
_ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც მსესხებლებთან ურთიერთობისას ასეთ მეთოდებს მიმართავენ? და კანონი რამდენად აძლევს მათ ამის უფლებას?
_ ჩემი ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი ყოფილი სამართალდამცველია, ხელმძღვანელი პირებისგან აქვთ კონკრეტული ინსტრუქციები, თუ როგორ დააშინონ კლიენტები. მინდა, რჩევა მივცე იმ ადამიანებს, რომლებსაც სოლიდური კრედიტი აქვთ აღებული და პროცენტები აუვარდათ. იმ შემთხვევაში, თუ სამსახური დაკარგეთ, ან არსებული რეალობიდან გამომდინარე არანაირი სახსრები არ გაგაჩნიათ ვალის სრულად დაფარვის, გერჩივნოთ სასამართლომდე საქმის მიყვანა, რადგანაც ჯარიმების დიდი რაოდენობა ბათილდება. თუკი მსესხებელი გადახდის უუნაროდ გამოცხადდება, სასამართლო მას ყოველთვიურ გადასახდელ მინიმალურ თანხას აკისრებს.
_ კიდევ ერთხელ რომ დააფიქსიროთ მთავარი საპროტესტო გზავნილები და აქვე გკითხავთ, როდიდან გეგმავთ აქციებს?
_ აქციებისთვის მზადებას თებერვლის ბოლოდან დავიწყებთ, რაც შეეხება მთავარ მესიჯებს, _ მეტი შეღავათი მოსახლეობას! დოლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, კლიენტებთან ერთად პასუხისმგებლობის აღება! დოლარის კურსი ჩვენთვის არ შეცვლილა მხოლოდ. დოლარის კურსის ცვლილება დამოკიდებულია ბანკებზეც, იმიტომ რომ მათი მხრიდან მიმდინარეობს სესხების დოლარში გაცემის პროპაგანდა. ანუ დოლარზე მოთხოვნის გაზრდა, რაც პირდაპირ ურტყამს ლარს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ აღებულ ვალს დაბრუნება არ უნდა. უბრალოდ, საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის მდგომარეობა. ხალხი დაბნეულია, ასეთ ვითარებაში აუცილებელია ეკონომიკის მცოდნეების, ფინანსისტებისა და დარგის სპეციალისტების ანალიზი, თუმცა მოსახლეობას გასაგებ ენაზე ცოტა თუ ელაპარაკება.
_ სტატიის დასასრულისკენ, ალბათ, კითხვები გაჩნდება იმის შესახებ, თუ ვინ დგას თქვენს უკან? სხვა თუ არაფერი, აქციები გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. საიდან გეგმავთ სახსრების მოძიებას ამ კამპანიისთვის?
_ არანაირი ძალა ჩემს უკან არ დგას, არც პოლიტიკური და არც ფინანსური თვალსაზრისით. ამ სიტყვებზე თავით ვაგებ პასუხს. აქციაზე ყველა თავისი გზით მოვა, პლაკატებს და ტრანსფარანტებს კი საკუთარი დანაზოგიდან გაკეთებული თანხებით დავბეჭდავ. ამისთვის ბანკიდან კრედიტის აღებას ნამდვილად არ ვაპირებ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოგვიერთდეს, ნებისმიერი პარტიის წევრს. უბრალოდ, აქციაზე პარტიულ დროშებს და სიმბოლიკას ნუ წარმოადგენენ. ბანკები ყველას გვეხება. დროა, ხმა ამოვიღოთ!
ზაზა სვანაძე