პრემიერ-მინისტრი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით ნატოსგან თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ელოდება, რომელიც ვარშავის სამიტზე დაფიქსირდება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით: „სამხედრო ნაწილში განსაკუთრებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო შენაერთების თავსებადობა ნატოს სამხედრო შენაერთებთან იდეალურია. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა. შემდგომი აქცენტირება უნდა გაკეთდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ველოდებით“.
რუსეთის მიერ ახალი თავდაცვის დოქტრინის მიღებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს: „გასაგებია, რუსეთის სახელმწიფოს, ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატოს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა და ეს სრულიად მოსალოდნელია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა უცნაური. მოვლენები, რომლებიც ვითარდება, მაგალითად, მაკედონიაში, ძალიან კარგად აჩვენებს მის დამოკიდებულებას და განზრახვებს. თუმცა, ამასობაში, თავისუფალი სამყარო საკუთარი წესებით მოქმედებს და, ბუნებრივია, არ ექვემდებარება მსგავსი ტიპის შანტაჟს.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის თანამშრომლობას, ჩვენ ვიცით, რომ ეს „ხელშეკრულებები“ ხელმოწერილია, ძალაშია შესული, თუმცა ასევე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზიც გამხდარა ხშირად. ასე რომ, რუსეთი არ იცავს თავის პრინციპებს, არც სუვერენულ ქვეყნებთან და არც მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, უბრალოდ, იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლების სახე ასეთია“.
ამ ფონზე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი რუსეთთან „ურთიერთობების გადატვირთვას“ არ გამორიცხავს. ამერიკული მედიის ცნობით, ამის შესახებ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატების სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა: „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მივიღებ ამის სანაცვლოდ“, _ აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი: „ჩემი ურთიერთობა მასთან საინტერესოა. ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო, შეთანხმებისთვის მიგვეღწია“.
ამ თემაზე „ქრონიკა+“ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტოლოგ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრება:
_ გამიჭირდება უფრო კონკრეტული ვთქვა, რაზედაც პრემიერმა გაამახვილა ყურადღება. საუბარია იმაზე, რომ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შემდგომ გააქტიურებას საჭიროებს. მთავარი აქცენტი კეთდება იმ ღონისძიებათა პაკეტის შესრულების დაჩქარებაზე, რომელიც იცით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიიღეს: ერთობლივი ნაბიჯების გადადგმაზე სამხედრო მშენებლობის გააქტიურებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სისტემის ხარისხობრივად გაუმჯობესების მიმართულებით.
უფრო კონკრეტული ჩამონათვალი ამ ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებებისა საუბრის თემა დღეს, უბრალოდ, ვერ იქნება. ამაზე ალიანსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეიძლება მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების ეს მცდელობა თავის შედეგს მოიტანს, მათ შორის, ალიანსის ვარშავის სამიტზე.
ამასთან, არ მგონია, დღეს ვინმეს რეალისტურად მიაჩნდეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე რაიმე გარღვევის მიღწევა ვარშავაში. თუმცა გამორიცხული არაფერია. ეს უკვე მთლიანად დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რომელიც მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, უკრაინის ფრონტზე, ახლო აღმოსავლეთში, ისლამისტური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე და სხვაგან განვითარდება.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, პირობები შეიქმნას უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების წინ გადასადგმელად. მე პირადად არ ვიჩქარებდი, ამ თვალსაზრისით, რაიმე წინასწარი პროგნოზების გაკეთებას.
_ რამდენად შესაძლებელია გაწევრიანების სამოქმედი პროგრამის („მაპი“) მინიჭების საკითხი დაისვას და რამდენად დგას ამის აუცილებლობა?
_ ამის რეალისტურ პერსპექტივას, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ, თუმცა, ვიმეორებ, გამორიცხული არაფერია, იმ კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ.
_ ხომ არ დაგვიანდა კიდეც საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის, „მაპის“ მინიჭება?
_ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ გაითვალისწინეთ, რა მდგომარეობაში იყო საქართველო, როდესაც ნატოსთან თანამშრომლობა დაიწყო. ვგულისხმობ 1994 წელს. გაითვალისწინეთ, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდში და გაითვალისწინეთ ის, თუ რამდენი ხანი დასჭირდა არაერთ სხვა ევროპულ ქვეყანას მსგავსი მიზნის მისაღწევად.
რასაკვირველია, არ ვგულისხმობ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომლებიც ალიანსში გაწევრიანების პირველ ორ ტალღაში მოყვნენ _ სახელმწიფოები, რომლებიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ წარმოიშვნენ და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, იქ განვითარებული სისხლიანი მოვლენების შედეგად.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მათი უმრავლესობა უკვე დაუკავშირდა მჭიდროდ ალიანსს. და, საბოლოოდ, პერსპექტივა ჩანს, რომ ევროპის ეს ნაწილი მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილი გახდება.
საქართველოც პოსტსაბჭოთა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რეგიონის ნაწილი აღმოჩნდა. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენ დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება. ასევე დამატებითი დროც იმისთვის, რომ ამავე მიზანს მივაღწიოთ.
_ ახალი სამხედრო დოქტრინით რუსეთის ხელისუფლებას ამოცანად აქვს დასახული ნატოს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა. რა გავლენას ახდენს ეს ჩვენი ინტეგრაციის პროცესზე?
_ გავლენას ახდენს, რადგან დღეს რუსეთი ერთადერთი წინაღობაა, რომელიც საქართველოს ამ სტრატეგიული არჩევანის რეალიზაციის გზაზე დასაძლევია. ამ წინაღობაში შეგნებული, პოლიტიკურად გათვლილი და დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმას ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც დღეს პრობლემაა საქართველოსთვის და, მათ შორის, ნატოში ინტეგრაციის გზაზეც, რუსული აგრესიის შედეგი გახლავთ. რუსეთმა იმ დოკუმენტის გამოქვეყნებით, რომელიც თქვენ ახსენეთ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორ უყურებს ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა მსოფლიო მოწყობას, უფრო სწორად, უყურებდა იმ მომენტში, როდესაც ეს დოკუმენტი იწერებოდა და მიიღეს.
მაგრამ მოვლენების განვითარება მას შემდეგ (თუმცა დიდი დრო არც არის გასული) უჩვენებს, რომ რუსეთს მოუწევს გადახედოს თავის დამოკიდებულებებს დასავლეთთან, მათ შორის, ნატოსთან მიმართებითაც.
მართალია, ეს სწრაფად და მარტივად არ მოხდება, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს გარდაუვალი პერსპექტივაა. რასაკვირველია, ვგულისხმობ რუსეთის ეკონომიკური განვითარების იმ დინამიკას და პრობლემებს, რომელიც ყველაზე მკაფიოდ უკანასკნელ კვირებში გამოჩნდა.
_ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი რუსეთთან მორიგი „ურთიერთობების გადატვირთვას“ არ გამორიცხავს. მისი თქმით, „ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მივიღებ ამის სანაცვლოდ“. სად არის ასეთ შემთხვევაში საქართველოს ადგილი და როლი?
_ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პირველი წარუმატებელი ექსპერიმენტი, ვფიქრობ, ჭკუის სასწავლებელი იყო ყველასთვის, მათ შორის, ამ იდეის ავტორებისთვისაც კი. ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმას თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა თავისივე სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების ხარჯზე არ შეეცდება.
ვფიქრობ, გადატვირთვა სხვა საკიხთებთან ერთად სწორედ რუსეთის დამოკიდებულებასაც უნდა შეეხოს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პარტნიორები.
გელა მამულაშვილი