QronikaPlus
ნიკოლოზ ტურიაშვილი: ,,ხალხი ქუჩაში დავრჩით და პროკურატურას ეს არ აღელვებს!“

ნიკოლოზ ტურიაშვილი: ,,ხალხი ქუჩაში დავრჩით და პროკურატურას ეს არ აღელვებს!“

2016-02-07 11:08:18

დედაქალაქში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ადმირალ უშაკოვის ქალიშვილისთვის აშენებული სახლი, ალბათ, საუკუნეებს კიდევ გაუძლებდა, რომ არა 1992 წელს მის გვერდით ამოთხრილი უზარმაზარი ქვაბული და 10 წლით შეჩერებული კორპუსის მშენებლობა, რომელმაც ეს სახლი ნანგრევებად აქცია. უსახლკაროდ დარჩენილი ამ სახლის ბინადრები, თითქმის, ორი ათეული წელია, სამართალს დაეძებენ, მაგრამ ამაოდ. ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ტურიაშვილი, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ პროკურატურასა და სასამართლოში მოკალათებული მაღალჩინოსნები მუშაობენ, რომელთაც კორუფციული ინტერესები ამოძრავებთ.   ქრონიკა+“- ნიკოლოზ ტურიაშვილი ესაუბრება: _ ეს სახლი ყოველთვის საკუთრება გახლდათ და მასში ნაღდი ფული იყო გადახდილი. ჩვენ რომ ვიყიდეთ, ასევე ნაღდი ფული გადავიხადეთ. ერთსართულიანი შენობა იყო, 500 კვ.მ-ზე მეტი საერთო ფართით. ორი მრავალრიცხოვანი ოჯახი ვცხოვრობდით. 1992 წელს, ამ სახლის გვერდით, ჩვენი თანხმობის გარეშე, ამოთხარეს ქვაბული, რომელიც ჩვენი სახლის კედლიდან 50 სმ-ით იყო დაშორებული. სახლმა რყევა დაიწყო, შემდეგ მიწისძვრა დაემატა, მაგრამ სახლი მაინც იდგა. 10 წლის განმავლობაში მშენებლობა შეჩერებული იყო. ამ წლების მანძილზე ეს ადგილი ნაგავსაყრელად იქცა, დაჭაობდა და წყალი ჩვენი სახლის საძირკვლის ქვეშ ჩადიოდა. კორპუსის მშენებლობა 2002 წელს დაიწყეს. ამ პრობლემის გამო 1992-1993 წლებში გამგეობას მივმართე. 1999 წელს ზავრიევის ინსტიტუტში ექსპერტიზა ჩავატარებინე, რის შედეგადაც დასკვნა დაიდო, რომ სწორედ ამ ქვაბულმა შეუქმნა ჩვენს ბინას ავარიული მდგომარეობა და მისი ნგრევა დაიწყო. 2002 წელს, როდესაც ამ კორპუსის მშენებლობა განაახლეს, სასამართლოში ვიჩივლე და შევაჩერე, ბინას ყადაღა დაედო. მანამდე ვეცადე, მიწის მეპატრონესთან პრობლემა მოლაპარაკების გზით მომეგვარებინა. ვეუბნებოდი, ჩემი ბინა მაინც ინგრევა, ეს ტერიტორია გავაერთიანოთ და დიდი კორპუსი ავაშენოთ-მეთქი. ამაზე მიწის მესაკუთრემ, ჯემალ ცერცვაძემ, უარი განაცხადა. ყალბი დოკუმენტაცია გააკეთა და არარსებული ამხანაგობა შემოიყვანა. როდესაც სასამართლოში ვიჩივლე, იქაც ვითხოვდი ეჩვენებინათ დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის არის „ამხანაგობა 90“-ის თავმჯდომარე და ვინ არის საერთოდ ამ ამხანაგობის წევრი. ამას მალავენ, ვინაიდან ჯემალ ცერცვაძე ცნობილი ხელბურთელი იყო, ყველა სტრუქტურაში ხალხი ჰყავდა და, აქედან გამომდინარე, ბრძოლაც ძალიან ძნელი იყო. შემდგომ გავიგე, რომ სამშენებლო ბიზნესი ზურაბ ადეიშვილს ჰქონდა ხელში ჩაგდებული. ეს რომ ადრე მცოდნოდა, ალბათ, სხვანაირად მოვიქცეოდი. ბრძოლას ვაგრძელებდი, მაგრამ პროკურატურა მათ ხელში იყო. ბუნებრივიც არის, ბოლო განცხადებაზე, რომელიც ადეიშვილის პროკურორობის პერიოდში გავაგზავნე, პასუხი დღემდე არ მიმიღია. 2005 წელს ამ საქმეზე ქალაქის მაშინდელმა მერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმართა, მაგრამ ეს წერილი პროკურატურაში დაიკარგა. ქალაქის მერი წერდა, ყადაღა ადევს მშენებლობას, მაგრამ მაინც აშენებენ, ჩვენი გამოკვლევებით, ეს მშენებლობა უკანონოა და გთხოვთ, სამართლებრივი შეფასება მისცეთო. მერე ჭიაბერშვილს შევხვდი, მითხრა, _ ვერაფერს ვაკეთებო. ამ პერიოდში მის ნაცვლად გიგი უგულავაც მოვიდა. უგულავამ ეს პროცესი გააჩერა. იყო შანსი, პროგრამაში „ძველი თბილისი _ ახალი სიცოცხლე“ მიეღოთ ეს სახლი, მაგრამ თურმე ჩემს მოწინააღმდეგეებს უკანონოდ, ჩუმად დაუდიათ ყადაღა და ამ პროგრამაში მოხვედრა შეუძლებელი გახდა. _ რატომ დაადეს ყადაღა, ეს რისთვის იყო საჭირო? _ 2002 წელს, როცა მე დავადებინე ყადაღა მათ მშენებლობას, ამის შემდეგ, 2003 წელს, საპირისპიროდ, ჩუმად დაადეს ყადაღა. ამის შესახებ დოკუმენტი არ მიგვიღია და არც ვიცოდი. როცა გამოვარკვიე, მერიას და ყველა სამართალდამცველ ორგანოს ვაცნობე. 2010 წლამდე მაგ სახლში ვცხოვრობდით, როცა უკვე იქ ყოფნა საშიში გახდა, გამოვედით. მერე ნელ-ნელა გაგვძარცვეს. იმდენად მყარად ნაშენი სახლი იყო, კედლები, ახლაც ანგრევენ და აგურს იპარავენ, პოლიციამ ჯგუფიც დააკავა. ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ კი დოკუმენტები გააყალბებინა და დაწერა, თიხა-მიწით იყო ნაშენებიო. 2008 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართე, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემ საწინააღმდეგოდ მიიღო, თაღლითი მოსამართლე დავით ღიბრაძის მეშვეობით. კანონში მშენებლობის წესის შესახებ პირდაპირ წერია, რომ ეს მოქმედებები არ შეიძლება და დაუშვებელიაო, მან კი დაწერა _ შეიძლებაო. მის გადაწყვეტილებაში არ არსებობს აბზაცი, სადაც სიყალბე არ ეწეროს! როგორ არ არის თაღლითი, კანონში რაც წერია, იმის საპირისპირო გააკეთა! _ სასამართლოსგან რას ითხოვდით? _ ჩვენ ვითხოვდით ამ სახლის აღდგენას და ზარალის ანაზღაურებას, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე მშენებლობის პერსპექტივა მოგვისპეს. პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას მიმართა, მაგრამ ყველა დუმს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილა და პრეზიდენტს უკან გაუგზავნა, ფორმა არ არის კარგად შევსებულიო. შემდეგ მოსამართლე ღიბრაძე სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში  სხვა თაღლითობებზე გაათავისუფლეს. მოვიდა ახალი მთავრობა და დავით ღიბრაძე მოსამართლედ დააბრუნეს, ვინაიდან მისი და, მადონა ღიბრაძე, მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან მეგობრობდა. კბილაშვილმა ღიბრაძე პროკურატურაში გენინსპექციის უფროსად დანიშნა და რომელი მოსამართლე გაბედავდა რამეს მის საწინააღმდეგოდ?! ჩემ მიერ სასამართლოში შეტანილი განცხადება ჯერ მამაცაშვილთან მოხვდა, რომელიც დეკრეტში აპირებდა გასვლას. მან ითაღლითა და საქმის წარმოება შეწყვიტა, ძველი რიცხვით გააფორმა. ეს თანაშემწესთან განხორციელებული სატელეფონო ზარების მეშვეობით დავამტკიცე. სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი შევიტანე და საქმე უკან, საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. მამაცაშვილი დეკრეტში რომ გავიდა, საქმე გადაეცა მოსამართლე ლალი ავალიშვილს. უცებ ვიგებ, რომ საქმე დავით ღიბრაძეს გადაეცაო, რაც დაუშვებელია! კანონში პირდაპირ წერია: სასამართლოს აქვს გონივრული პრინციპი, სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება მისცეს იმ მოსამართლემ, რომელმაც მანამდე ეს საქმე განიხილა. იქვე აღნიშნულია, რა შემთხვევებში იღებს პირველი ინსტანცია განცხადებას ასეთ დროს. ეს იყო განცხადება, რომელსაც უნდა დაედგინა, განახლდებოდა თუ არა ეს სასამართლო პროცესი პირველ ინსტანციაში? ღიბრაძემ თაღლითურად გამოიყენა კანონი, საქმე აიღო და გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო ახლად აღმოჩენილი გარემოებები. მეტიც, როდესაც პროკურორმა ლია ჩადუნელმა  პროკურატურის სახელით სამხარაულის სახელობის ბიუროში ეს საქმე ექსპერტიზაზე გაგზავნა, დადგინდა, რომ ჩვენი სახლი დაინგრა ამ ქვაბულის შედეგად, ეს ცალსახად წერია! ღიბრაძემ კიდევ ტყუილების კასკადი ააგო! ბოლოს იქამდე მივიდა, მშენებლობის წესი 180 გრადუსით შეცვალა, საქმე გააყალბა და თქვა, თითქოს მე 300 000 დოლარს ვითხოვდი, ამ დროს, თანხა არასოდეს მომითხოვია. აქედან გამომდინარე, დამაკისრა სახელმწიფო ბაჟი 10 000 დოლარის ფარგლებში. ე. ი. იქაც უნდა გადამეხადა, სააპელაციო სასამართლოში 12 000 იყო საჭირო, ასევე უზენაეს სასამართლოში და, საბოლოო ჯამში, 35 000 დოლარი უნდა გადაგვეხადა ჩვენ, რომელთაც სახლი დაგვინგრიეს და ქუჩაში დავრჩით! ღიბრაძემ დაწერა, _ დამტკიცდა, დაახლოებით 11%-ია ზიანიო, მაგრამ ეს რიცხვი საქმეში სულ სხვა რამეზე იყო მითითებული, აქაც თაღლითობა ჩაიდინა და აღნიშნა, ტურიაშვილმა ვერ წარმოადგინა აუდიტორული შეფასება, ეს 11% რა რაოდენობის თანხას ითვალისწინებდაო. რა უნდა გამეკეთებინა, ადვოკატის დასაქირავებლად თანხა არ გვაქვს, იმის გამო, რომ მკურნალობის თანხა არ გამაჩნდა, მხედველობა საშინლად დამიქვეითდა, მივმართავდი ხელისუფლებას, ჩვენთვის ადვოკატი მაინც დაენიშნათ, სახელმწიფო ბაჟისგანაც არ გაგვათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ 24 000 დოლარი მოითხოვა, რომ საქმე განეხილათ, ამ თანხას როგორ გადავიხდიდით?! არადა, ადამიანის უფლებათა კონვენციის თანახმად, ყველას უნდა ჰქონდეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ყველა ინსტანციაში. წარმოიდგინეთ, საკუთრების უფლებაც წართმეული გვაქვს და სასამართლოც არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი! ჩვენი სახლი დანგრეულია, გამგეობა, რომელიც თვეში 300-300 ლარს გვიხდის ბინის დასაქირავებლად, კაპიკებია და არავინ მოგცემს ამ ფასად ერთოთახიან ბინასაც კი. ბინა რომ დაინგრა, რევაზიშვილები საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, 2011 წელს ჩვენც გამოვსახლდით. კორპუსის მშენებლობისას ჩვენს სახლზე წყლის მილი გაატარეს და ხვრელი გააკეთეს, საიდანაც ქურდებს შემოსვლის საშუალება მიეცათ. გაგვძარცვეს, ძვირადღირებული ნივთები წაიღეს, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია. იურისტებთან კონსულტაციები გავიარე, ყველა მეუბნებოდა, მხოლოდ სტრასბურგის სასამართლო დარჩაო. ამისათვის მზადება დავიწყე, მაგრამ კვლავ შევიტანე განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რომელიც ისევ ღიბრაძესთან მოხვდა. ეს გზაც გადაკეტა! იძულებული გავხვდი და საქმე სტრასბურგში გავაგზავნე. იმ დროს, როცა აქ ახლად აღმოჩენილი გარემოებებით შევიტანე განცხადება, ამის შემდეგ იქიდან მოვიდა წერილი, რომ საქართველოში სრულად არ არის ამოწურული მოქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებითო. 2015 წლის 3 სექტემბერს შევიტანე განცხადება და სასამართლოს ძლივს მივაღებინე. საქმე მოხვდა მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილთან. სასამართლოში მასალებს რომ ვაბარებდი, მითხრეს, _ წაიღეთ და მხარეებს თქვენ ჩააბარეთო. ჯერ წინააღმდეგობა გავუწიე, კანონიდან მუხლი მივუთითე, რომ ამის პრეროგატივა სასამართლოს ეკუთვნის. ბოლოს მაინც მე გავაგზავნე, ერთ-ერთი მხარის შესაგებელი ჩემთანაც მოვიდა და სასამართლოშიც, ჯემალ ცერცვაძეს არ გამოუგზავნია. ველოდები პასუხს, თვენახევარი გავიდა და მოდის განჩინება, საქმე შეწყვეტილია, თქვენ უნდა მოსულიყავით და ჩვენთან უნდა მოგეტანათ ეს შესაგებელიო, რომელიც მიღებული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ! კანონში პირდაპირ წერია, რომ ამაზე სასამართლოა ვალდებული. სახალხო დამცველთანაც ვიყავი, აპარატშიც მითხრეს, რომ ეს იყო სასამართლოს მოვალეობა. ე. ი. სასამართლომ საქმე შეაჩერა პირდაპირ კანონის დარღვევით! თავიდან შევიტანე განცხადება, 3-ჯერ მოხვდა ლაშა ქოჩიაშვილთან! რატომ ხვდება ერთი და იგივე მოსამართლესთან, ეს არის გასაკვირი! მივხვდი, რომ ეს ხდება შეგნებულად, მას აქვს დავალება და თაღლითურად მოქმედებენ! ამის გამო ბოლო მომენტში მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასამართლო სხდომა დაინიშნა 2015 წლის პირველ აპრილს, 31 მარტს კი განცხადებით მივმართე ნინო გვენეტაძეს, _ გთხოვთ, გააკონტროლოთ-მეთქი. თან ისიც დავწერე, 2005 წელს ღიბრაძემ გადაწყვეტილება რომ გამოიტანა, კანცელარიის ხელის მოწერა არ აქვს და დავადგინე, რომ ის ყალბი დოკუმენტი ხელის მოწერით შეიქმნა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. როცა სასამართლო სხდომა დაინიშნა, მოსამართლის აცილება მოვითხოვე. ვუთხარი, ამ საქმეს თქვენ იხილავდით, თქვენ შეაჩერეთ კანონის დარღვევით, თქვენზე მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თქვენს ქმედებას იხილავს-მეთქი. საბუთიც დავურთე. მეუბნება, _ არა, კანონი არ დამირღვევიაო და არ აიცილა. პირველ სხდომაზე დავალება მისცა მოწინააღმდეგე მხარეს, დოკუმეტები მომიტანეთ, რომ მიწის მფლობელია ამხანაგობაო. დოკუმენტები რომ მოიტანეს, იქ ერთი გარემოება აღმოჩნდა ჩემ სასარგებლოდ, პირდაპირ წერია, რომ საჯარო რეესტრში „ამხანაგობა 90“-ის თავმჯდომარეს,, ჯემალ ცერცვაძეს ბინების გაფორმება უნდოდა და იქ უთხრეს, თქვენი სტატუსის შესახებ საბუთი მოგვიტანეთ, ჩვენ არ გვაქვსო. ე. ი. ყველა დოკუმენტი, რაც ჯემალ ცერცვაძეს აქვს, ყალბია. მით უმეტეს, მეორე ამხანაგობის საბუთებში, რომელიც მშენებლობას აწარმოებდა, პირდაპირ მითითებულია, რომ ცერცვაძე არის მიწის მესაკუთრე. ეს პროცესი ლაშა ქოჩიაშვილმა მესამე სხდომაზე შეაჩერა. _ თქვენ მიერ აღნიშნული, გაყალბებული დოკუმენტები რას გაძლევთ? _ ეს იმას მაძლევს, რომ სარჩელის ფორმა იცვლება და მოპასუხე სხვა არის, მხოლოდ ჯემალ ცერცვაძე. ის არის მითითებული როგორც მიწის მესაკუთრე. ახლა სარჩელის შეტანას მხოლოდ ცერცვაძის მიმართ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ღიბრაძეს რამხელა წონა აქვს. ის ისევ დაინიშნა მოსამართლედ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით. ჩვენ მიმართ მან უამრავი დანაშაული ჩაიდინა _ პირველი გადაწყვეტილებით, გზა გადამიჭრა სააპელაციო სასამართლოში; მეორედ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო იყო და ახლა ქოჩიაშვილს მოელაპარაკა. მეორე სხდომაზე მოსამართლემ კვლავ მოითხოვა დოკუმენტი, რომელიც მოტანილი არ იყო, „იმედი 2002“-ს და ჯემალ ცერცვაძეს დავალება მისცა. ვფიქრობდი, თუ ვერ მოიტანს, საქმე ჩემ სასარგებლოდ წავა-მეთქი. ამ 2 სხდომის განმავლობაში მტკიცებულებებზე საუბარი მოვასწარი, ვერ გამაჩერა და ვთქვი. მესამე სხდომაზე არც ცერცვაძე და არც მისი ადვოკატი არ გამოცხადდნენ. ორი ფიზიკური პირიდან, რომელთა წინააღმდეგ სარჩელი მაქვს შეტანილი, ერთი არ მოდის, ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა გამოვიდეს ჩემ სასარგებლოდ. ამ დროს დგება „იმედი 2002“-ის წარმომადგენელი და ამბობს, ვერ მოვიპოვე ეს დოკუმენტი და იქნებ, თქვენ გამოითხოვოთო. ამის შემდეგ მოსამართლე უცებ აცხადებს, რომ სხდომა დახურულია, რადგან იგივე გარემოებებით და მოთხოვნებით არის ეს საქმეო და პროცესი შეაჩერა. თუ იგივე იყო, მაშინ პირველივე სხდომაზე უნდა შეეჩერებინა საქმე და წარმოებაში არ მიეღო. ორი სხდომა ჩატარდა, დავალება მისცა და შესრულებული არ არის. ფიზიკური პირი, ვისაც ვუჩივი, საერთოდ არ გამოცხდდა სასამართლოზე და წარმოიდგინეთ, გადაწყვეტილება იმის სასარგებლოდ გამოდის! ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მოსამართლე დასაჭერია! ამის შემდეგ დავწერე კერძო საჩივარი, ბაჟი მოითხოვეს. მივწერე, _ საშინელ დღეში ვართ, უსახლკაროდ დავრჩით, ვალებში ვიხრჩობით, პენსიონერები ვართ, არასწრულწლოვანი ბავშვები გვყავს, დავურთეთ დოკუმენტები, მაინც მოგვთხოვეს. მე-7 დღეს, როგორც იყო, გადავიხადეთ. მეუბნებიან, რომ თურმე ბაჟის გადახდის ქვითრები სასამართლოში უნდა მიმეტანა, ამის გამო სააპელაციო სასამართლომაც წარმოება შეწყვიტა. ეს გააკეთა მოსამართლე არევაძემ, რომელიც ამ საქმეში ღიბრაძის წინ მონაწილეობდა და ამ საქმის აღების უფლება არ ჰქონდა. ესეც ღიბრაძის დავალებით მოხდა! დანამდვილებით ვიცი, ამ საქმეს დავით და მადონა ღიბრაძეები აფერხებენ! დავით ღიბრაძეს „კრიშა“ ჰქონდა მთავარ პროკურატურაში და რომელი მოსამართლე, ან პროკურორი წავიდოდა მის წინააღმდეგ?! ღიბრაძეს არ აწყობს ამ საქმის დამთავრება, რადგან ყველგან მისი გვარი გამოიკვეთება! ბოლოს პროკურატურიდანაც მივიღე წერილი, _ ეს საქმე შეწყვეტილიაო. ახლა ასეთი სიტუაციაა _ ის  მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა, ჩემი სახლისგან კი მხოლოდ ნანგრევები დარჩა. ახლა იმ კორპუსში მცხოვრები ხალხი აქეთ გვემუქრება, მანდ არაფერს აგაშენებინებთო. შეიძლება, ჩვენ წინააღმდეგ ამ ხალხმა, ვინც უკანონოდ ააშენა კორპუსი, მიტინგიც კი გამართოს, არადა, მათ გამო ამდენი ხალხი ქუჩაში დავრჩით!  „ქრონიკა+“ ჯემალ ცერცვაძეს დაუკავშირდა: _ მაგ კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ჯერ კიდევ, აფხაზეთის ომის დროს, მერე სხვას გადავაბარე, იმან კიდევ სხვას გადააბარა. 20 წლის წინათ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით გადავეცი. ეგ კაცი არის ავადმყოფი, 18 სასამართლოა ჩატარებული, მე არც მივდივარ არასოდეს სხდომებზე. მე რა შუაში ვარ? მონაწილეობა არ მიმიღია არც აშენებაში, არც ბინების გაყოფაში და არაფერში. ამხელა სახლი აშენდა და როგორ ფიქრობთ, იქ რამე დარღვევა რომ ყოფილიყო, თვალს რატომ დახუჭავდნენ?! არც ვიცნობ იმათ, ბოლოს კორპუსი ვინც ჩააბარა, იმათ ჰქონდათ კავშირი სასამართლოებთან, მე არც მივსულვარ და არც საქმის კურსში ვარ. მეზობლები აბრალებდნენ, დავინახეთ, თვითონ ანგრევდა თავის სახლსო. ეგ კაცი სასამართლოდან განთავისუფლებულია ბაჟისგან, როგორც ინვალიდი და შეაქვს და შეაქვს საჩივრები. ჩემ წინააღმდეგ რა სარჩელი უნდა შეიტანოს, მე რა შუაში ვარ?! ახლა ჩემი ადვოკატი არ გახლავთ და ეს საქმე დეტალურად თუ გაინტერესებთ, მისი მეშვეობით ყველაფერზე პასუხს გავცემ. როგორც თქვენ არ გაქვთ კავშირი მაგ ბინის მშენებლობასთან, ისე ვარ მე. უბრალოდ, ის მიწა მივეცი, სადაც ვცხოვრობდი, შევიტანე და დამთავრდა. ჩემნაირად იქ მიწა 50-მა კაცმა შეიტანა.

                                                                                                                  თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება