ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მიერ საქართველოში წამოწყებული სასამართლო პროცესები გრძელდება. მართალია, მისი ადვოკატები უკვე საჯაროდ აცხადებენ, რომ მოსამართლე გიორგი სულაკაძე მოწინააღმდეგე მხარეს ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ვანო ჩხარტიშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი ყველა სარჩელი სწორედ ამ მოსამართლეს დაეწერა, მათ შორის, ის იხილავს საქმეს, რომელიც ფოთის სასამართლოში უნდა გადაეგზავნა და დღეის მდგომარეობით ნომერიც კი არ გააჩნია. ამ და სხვა ფაქტებზე მოსამართლე გიორგი სულაკაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი უკვე შეტანილია, მაგრამ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ცხადი ხდება, რომ ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაწყებულ ყველა სასამართლო დავაში დაინტერესებული პირია და არა სამართლიანობისთვის მებრძოლი ბიზნესმენი.
ბადრი პატარკაციშვილის ქვრივთან ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში სასამართლო პროცესი წააგო. „ქრონიკა+“-მა გადაწყვეტილების სრული ინგლისურენოვანი ვერსია მოიპოვა, რომელიც ბატონმა მოსამართლე პიტერ სმითმა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოიტანა. იმის გამო, რომ დოკუმენტი მოცულობით ძალიან დიდია (სულ 70 გვერდი), საერთო შთაბეჭდილების შესაქმნელად გთავაზობთ იმ პუნქტების თარგმანს, რომელიც ივანე ჩხარტიშვილის ქმედებებს მკაფიოდ ასახავს. ინგლისურენოვანი ვერსია „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ინახება და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
რა წერია მოსამართლე პიტერ სმითის გადაწყვეტილებაში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილზე?
გადაწყვეტილების ნეიტრალური ნომერი: (2015) EWBC 3640(Ch)
საქმე # HC 2013000296
მართლმსაჯულების მაღალ სასამართლოში
კანცლერის განყოფილება
მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოები Rolls Boilding, Fette Lane London, ECAA INI
18/12/2015
მოსამართლე
პატივცემული ბატონი მოსამართლე პიტერ სმითი
მხარეები
1. „ბლუ ტროპიკ ლიმიტედი“;
2. „კოპელა ვენჩერს ლიმიტედი“ _ მოსარჩელეები
ივანე ჩხარტიშვილი _ მოპასუხე
ჯოუ სმოუპა და უიტსონ პრინგლი(Signatare Litigation LLP-is davalebiT) იცავენ მოსარჩელეების ინტერესებს.
ჯონათან ქროუ და ჰიუგო ლეითი Mishon de Reya -ს დავალებით იცავენ მოპასუხის ინტერესებს.
საქმის განხილვის თარიღი 2015 წლის 1,5,8; 11-15; 18-20 და 22 მაისი.
დამტკიცებული გადაწყვეტილება.
პატივცემული ბ-ნი მოსამართლე პიტერ სმითი.
110. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რაც ძირს უთხრის ვ. ჩხარტიშვილის პოზიციას და ბოლოს წარმოადგინეს ლიხტენშტაინის ორგანოებისთვის შექმნილი და ბადრი პატარკაციშვილის ხელმოწერილი დოკუმენტები;
111. მოსარჩელეების მიერ გამოძახებული სხვა მოწმეებიდან არც ერთი იძლევა მნიშვნელოვან ჩვენებას იმის შესახებ, რომ მათ რაიმე უშუალო ცოდნა ჰქონდეთ ბ. პატარკაციშვილსა და ვ. ჩხარტიშვილს შორის არსებული გარიგების შესახებ. როგორც ზემოთ განვმარტე, მნიშვნელოვანი არაფერია გიორგი ქავთარაძის, ან ბ-ნი ბეიკერის მიერ იმის ცოდნაში, რას აკეთებდა ვანო ჩხარტიშვილი მოსარჩელეების აქტივებით. მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ის, რასაც ვ. ჩხარტიშვილი აკეთებდა და თუ ვანო ამ აქტივებს ითვისებდა, ჩემი აზრით, მათ ეს არ იცოდნენ. სხვა იურისდიქციებში შეიძლება იფიქრონ, რომ მათ უნდა გამოერკვიათ, მაგრამ კარგად მესმის, საქართველოში ამ მნიშვნელოვან პერსონებთან ურთიერთობისას ისინი რატომ მიიჩნევდნენ თავს მხოლოდ ვანოს ნათქვამის განმახორციელებელი პოზიციის მქონედ.
მოპასუხის მტკიცებულებები
114. ჩემი აზრით, ვ. ჩხარტიშვილის მიერ გამოძახებული მოწმეები უსარგებლონი იყვნენ და ზოგმა აშკარად ძირი გამოუთხარა ვანოს ჩვენებას, განსაკუთრებით ქ-ნმა ქეიმ, რომელიც მოსარჩელეების საბოლოო ჩვენებაში (პუნქტი 71 (1) შესაფერისად იყო დახასიათებული, როგორც ფანტაზიორი და განთქმული თაღლითი, რომელიც სასამართლოში აშკარად მოსული იყო ა. პატარკაციშვილის ოჯახის ხარჯზე დახვეწილი თვითპიარის მიზნით. ვანომ ქეი გამოიძახა, თუმცა იცოდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა იურისდიქციაში სასამართლოების მიერ ბ-ნი ქეის მიმართ გამოტანილი იყო გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები;
126. მან დაადასტურა: 2004 წელს ბადრიმ მას უთხრა, რომ ის ყიდულობდა ფოთის წისქვილქარხანას, სურდა ოფშორული კომპანიის შექმნა და რომ ის მას ყიდულობდა ვანოსთან ერთობლივი საწარმოს პირობებით (T 7/136). მან აღიარა, რომ ერთ-ერთი გზით, რომლითაც ბადრი ახორციელებდა საქმიანობას, იყო ვინმესთან ერთად საქმის კეთება და მისთვის მოგებიდან წილის მიცემა ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარების სახით. მას მისთვის არ უთქვამს, რომ ვანოს წილებს მისცემდა ხსენებულ კომპანიაში, ან რომ მათთვის შეიქმნებოდა მინდობილი საკუთრება (ტრასტი). მან აღიარა, რომ მისთვის არასოდეს უთქვამს ის, რომ ვანო უნდა ყოფილიყო „ბლუ ტროპიკის“ 50%-იანი წილის მფლობელი და რომ იგივე ითქმოდა „კოპელასთან“ დაკავშირებითაც.
ვანო ჩხარტიშვილის ჩვენება
132. ვ. ჩხარტიშვილი ჩვენებას იძლეოდა დაახლოებით 4 დღე (სხვა მოწმის ჩვენებასთან შერეულად). ის ჯვარედინად დაკითხა ადვოკატმა სმოუჰამ;
133. მისი ჩვენება რეგულარულად იცვლებოდა და შინაგანად არათანმიმდევრული იყო. გარდა ამისა, მან ჩვენება მისცა ჯვარედინი დაკითხვის საპასუხოდ, რაც არ ფიგურირებდა მოწმის სახით მიცემულ მის ჩვენებებში. ამის კარგი მაგალითი დაკავშირებულია ფოთის წისქვილქარხანასთან. მისი ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ მან და ბადრიმ წილები შეიძინეს „ბლუ ტროპიკში“, რომლის საკუთრებაშიც იყო ფოთის წისქვილქარხანა. შესყიდვის ფასი განისაზღვრებოდა 1.5 მილიონი აშშ დოლარით, რომელიც მთლიანად ბადრიმ უზრუნველყო თანხით. ვანოს უნდა განევითარებინა ფოთის წისქვილქარხანა და მოგებაზე გაეყვანა. ვანოს მიერ თავდაპირველად განმარტებული შეთანხმების მიხედვით, ბადრის დაუბრუნდებოდა მისი 1,5 მილიონი აშშ დოლარი და ამის შემდეგ მოგება 50/50-ზე გაიყოფოდა. „ბლუ ტროპიკი“ დაფუძნდა ერთობლივი საწარმოს სახით, რომლითაც ბადრი სხვადასხვა ბიზნესპროექტს განახორციელებდა და პირველი ასეთი პროექტი იყო ფოთის წისქვილქარხანა;
134. ვანოს მაშინდელი ჩვენების მიხედვით, ბადრის გული აუცრუვდა ამ პროექტზე, რადგან ის მოსალოდნელთან შედარებით უფრო ხარჯიანი გამოდგა, ნაწილობრივ ფოთის წისქვილქარხნის გამო _ აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელიც უძრავ ქონებას ფლობდა, უფრო დიდი ვალები ჰქონდა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. შესაბამისად, ვანო აცხადებს, რომ ის და ბადრი შეთანხმდნენ, რომ „ბლუ ტროპიკზე“ ბენეფიციარული საკუთრების უფლება და კონტროლი გადავიდოდა მასზე, რის სანაცვლოდაც ის ერთპიროვნულად იქნებოდა პასუხისმგებელი კომპანიის განვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ დაფინანსებაზე, ხოლო რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციიდან ამონაგები ამ ორ ადამიანს შორის 50/50-ზე გაიყოფოდა;
135. წილების გადაცემა სინამდვილეში არასოდეს მომხდარა, მხოლოდ გიორგი ქავთარაძეზე გაიცა მინდობილობა და ვანოზე გადავიდა „ბლუ ტროპიკის“ მენეჯმენტის კონტროლი, თუმცა ჩვენებაში ნათქვამია, რომ აქციების მის სასარგებლოდ ფლობა საკუთრების მინდობის საფუძველზე ხორციელდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, დოკუმენტირებული არ იყო და საქმის განხილვისას გიორგი ქავთარაძის ჩვენებით არ დადასტურდა. როგორც ზემოთ განვმარტე, მოსარჩელეების დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ორივე კომპანია „ნაილ ტრასტის“ შემადგენლობაში შედიოდა და ბადრის ლიხტენშტაინის დეკლარაციებით 2007 წლის დეკემბრამდე და მომდევნო წლის თებერვალში მის გარდაცვალებამდე დასტურდება, რომ მათი ბენეფიციარი მფლობელი იყო ა. პატარკაციშვილი;
147. მისი ჩვენებიდან ვასკვნი: საბოლოოდ ვადგენ _ არ არსებობდა შეთანხმება იმაზე, რომ ის ყოფილიყო „ბლუ ტროპიკის“ ბენეფიციარი მფლობელი, როგორც ის ამას ახლა აცხადებს. ჩემი აზრით და მოსარჩელეების აზრითაც, გარიგება იყო ის, რომ ბადრი გახლდათ ბენეფიციარი მფლობელი, მაგრამ ვანოს კომპანიის მართვის უფლება მისცა და ვანოს შრომის ანაზღაურება იყო ის, რომ ის მიიღებდა მის მიერ მიღებული მოგების 50%-ს. ეს საფუძვლიანია, განსაკუთრებით ფოთის წისქვილქარხანასთან მიმართებით, რადგან ვანოს მასში ფული საერთოდ არ ჩაუდევს და მაინც ბოლოს ბენეფიციარი მფლობელი ის გახდა. მის მიერ დასახელებული მიზეზი რეალურად არ მიმაჩნია და არ ვიზიარებ. ვერ გამიგია, ისეთი გამოცდილი ბიზნესმენი, როგორიც ბადრი პატარკაციშვილი იყო, რატომ დაუშვებდა თავისი 1,5-მილიონიანი ინვესტიციის ჩამოწერას ისე, რომ დაყოფილიყო 50/50-ზე მოგების წილად და შემოსავლიდან პირველ რიგში არ გამოქვითულიყო?
154. ჩემი აზრით, ვანომ ეს ჩვენება მოიგონა იმიტომ, რომ თითქოს მან ვალდებულება იკისრა და ამრიგად შეცვალა გარიგებები. მანამდე პროექტში ფული ჩადო ბადრიმ, ხოლო სამუშაო _ ვანომ. ეს იყო მცდელობა წილის მითვისების გამართლებისა, იმიტომ რომ ის ამ რისკის წინაშე იდგა.
მინდობილობით რწმუნებულის მნიშვნელობა
156. ვანო პერიოდულად განმარტავდა, რომ როცა ვინმეს მინდობილობით ინიშნებოდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ რწმუნებული მოქმედებდა მისი დამნიშნავი პირების ინტერესებში. ვანომ ეს განმარტება იმიტომ გააკეთა, რომ წარმოედგინა მცირე დოკუმენტური მტკიცებულება ამ თვალსაზრისის მხარდასაჭერად და ამრიგად მისი პოზიციის გასამყარებლად, რაც სხვა შემთხვევაში სრულად ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელე კომპანიებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. მე არ ვიზიარებ, რომ ეს სწორი განმარტებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს ოფშორულ კომპანიებთან, სადაც დირექტორები და აქციონერები არ არიან ბენეფიციარი მფლობელები, როგორც ეს მოსარჩელის შემთხვევაშია;
167. მე არ ვაპირებ (ინგლისის პარლამენტში მოვლენათა სამწუხარო ისტორიის გათვალისწინებით), რაიმე სახის დამამცირებელი შენიშვნა გავაკეთო საქართველოში პოლიტიკურ ფიგურებთან დაკავშირებით. ამასთან, ჩემი აზრით, მე ვალდებული ვარ, ან არ გავიზიარო ვანოს ახლანდელი ჩვენება, რაც ასეთ შემთხვევაში იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მისი დეკლარაცია სწორი იყო, ან თუ მის ახლანდელ ჩვენებას გავიზიარებ, ეს ნიშნავს, რომ მისი დეკლარაციები ცრუ იყო. ჩემი აზრით, მე მისი ახლანდელი ჩვენება არ უნდა გავიზიარო. მის მიერ არადეკლარირება შესაბამისობაშია გიორგი ქავთარაძის ჩვენებასთან. აქედან გამომდინარე, ვასკვნი, რომ მას რაიმე წვლილი არ შეუტანია უძრავი ქონების შეძენაში, როგორც ის ამას აცხადებს. ჩემი აზრით, ამ ქონების (აქტივები) შეძენა მოხდა ბადრის სახსრებით და იმ პირობებით, რომლებსაც მოსარჩელეები მიუთითებენ.
გასხვისებები ა. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ
168. საკუთრების უფლების განმტკიცების, ან წილების განკარგვის გარიგებების უმრავლესობა ბადრის გარდაცვალებიდან მოკლე ხანშივე სასწრაფოდ განხორციელდა;
169. ვ. ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ მან ეს გააკეთა ქონების იმ პრეტენზიებისგან დასაცავად, რომელსაც ბ-ნი ქეი ბადრის სამკვიდროს მიმართ აყენებდა;
170. ჩემი აზრით, მიზანი აშკარად ის იყო, რომ ეს ქონება ბ-ნი ქეისთვის პოტენციურად ხელმიუწვდომელი გამხდარიყო. ამასთან, ეს არ გაკეთებულა ბადრის სამკვიდროს სასარგებლოდ. ჩემი აზრით და ასეც ვასკვნი, ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ დაცული ყოფილიყო ვანოს მიერ ამ აქტივებზე დამყარებული კონტროლი და საკუთრების უფლება;
174. დავასკვენი, რომ ვერ ვიზიარებ ი. ჩხარტიშვილის ჩვენებას ამ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებზედაც ის საუბრობს. ვერც იმას გავიზიარებ, თითქოს არსებობს იმის დადგენის რაიმე საფუძველი, მას კეთილსინდისიერად სჯეროდა, რომ სწორედ ის გარიგებები იყო დადებული.
ფაქტობრივი გარემოებების შეჯამება
178. მე არ ვიზიარებ ი. ჩხარტიშვილის პოზიციას ყველა მის გარიგებასთან დაკავშირებით და ვადგენ, რომ ყველა სადავო აქტივი კომპანიების მფლობელობაში იყო და რომ ამ კომპანიების წილები საბოლოოდ ბადრის ეკუთვნოდა „ნაილ ტრასტის“ მეშვეობით;
179. მეორე: ვადგენ, რომ ვანოს ჰქონდა უფლებამოსილება ამ აქტივების განკარგვისა, მაგრამ არა საკუთარი შეხედულებისამებრ, არამედ, ბადრის სახელით, მათი შეთანხმების შესაბამისად;
181. არც გიორგი ქავთარაძემ და არც ბ-ნმა ბეიკერმა იცოდნენ, რომ როცა ვანო მათ დავალებებს აძლევდა, ეს იყო მისი იმ გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც აქტივების მითვისება გახლდათ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ამ დავალებებს ახორციელებდნენ, მათ არ იცოდნენ რაიმე და აკეთებდნენ მხოლოდ იმას, რომ ასრულებდნენ იმ პირის დავალებებს, რომლისთვისაც ბადრის უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული ამგვარი ქმედების განსახორციელებლად. მათ ეჭვი არც გასჩენიათ;
182. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვადგენ, რომ ვანომ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა აქტივები. ინგლისის სამართლით, ეს მითვისებაა;
191. აქედან გამომდინარე, ი. ჩხარტიშვილი დავალებებს იძლეოდა იმ დაშვებით, რომ მის დავალებებს წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაეთანხმებოდნენ და შემოწმების გარეშე განახორციელებდნენ. ბადრი მას ენდობოდა და გიორგი ქავთარაძემ და ბ-ნმა ბეიკერმა იცოდნენ, რომ არ უნდა შეპასუხებოდნენ. აი, ამგვარად მიაღწია მან თავის მიზანს და ამით შეძლო მოსარჩელეების ქონების მითვისება;
193. მოპასუხე აცხადებს, რომ გასხვისებაზე თანხმობა ქურდობა არ არის. მე ამაში ჩართვას არ ვაპირებ, მაგრამ არ ვიზიარებ იმას, რომ ეს არგუმენტი სწორია, ის რელევანტური არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმ აქტივების გასხვისების შემდგომ ვანოს მიერ მათ მითვისებაზე, რომლებიც მან იცოდა, რომ მისი არ იყო და მათ ისე განკარგავდა, თითქოს მათი ბენეფიციარი მფლობელი ყოფილიყო. მან იცოდა, რომ ისინი ა. პატარკაციშვილს ეკუთვნოდა;
194. მსგავსად არ ვიზიარებ 12 (გ) პუნქტში მოცემულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვანო იყო, ან გონივრულად ფიქრობდა, რომ იყო მოსარჩელეების ბენეფიციარი მფლობელი. ზოგჯერ ის გონივრულად ფიქრობდა, რომ აქტივების მართვის ან განკარგვის უფლებამოსილება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. ამ უფლებამოსილების გამოყენებით მას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ის აქტივები მიეთვისებინა, რომელსაც მართავდა როგორც მენეჯერი;
205. ვანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა აქტივების მითვისების მისი ფარული სურვილი;
215. ჩემი აზრით, ვანოს ქმედება არც უხეში გაუფრთხილებლობა იყო და არც გაუფრთხილებლობა, ის განზრახ ქმედება იყო;
224. ჩემი აზრით, ეს არის ფუნდამენტური მარცხი ამ საქმეზე. საქმე შეიძლება უნიკალურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს საკმარისი არ არის. აიღეთ, მაგალითად ის განსხვავებები, რომელიც ბ. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ განხორციელდა. ვანომ განაცხადა, რომ მან ეს აქტივების დასაცავად გააკეთა, ამიტომ განხორციელდა ეს გარიგებები ანაზღაურების გარეშე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს გარიგებები ანაზღაურების გარეშე განხორციელდა, მოსარჩელეებს არ აყენებს ზიანს, მისი (ვანოს) გარანტიების განმეორებითი გარანტიებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მას ამ აქტივების მართვის უფლებამოსილება ჰქონდა. ის, რაც ზიანს აყენებს, არის ვანოს მიერ ამ აქტივების შემდგომში მითვისება საკუთარი სარგებლობისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ მოსარჩელეებმა დაასაბუთეს თავიანთი პოზიცია. ვანო ვალდებულია, მათ აუნაზღაუროს ზიანი 992-ე მუხლის დარღვევის გამო. მას უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ელისო კილაძე