მართლმსაჯულების სახლთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დაანონსებული აქცია ტრაფარეტების ფონზე გაიმართა. ყველა პლაკატის წამყვანი „გმირი“ მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი ვადით კვლავ აირჩია მოსამართლედ.
აქციაზე იმყოფებოდნენ ადვოკატები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები, „სამართლიანი არჩევნების“, „გამჭვირვალობა საქართველოს“, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები.
ზაზა ხატიაშვილი:
_ სირცხვილის დერეფანში გავატარეთ სამოქალაქო საზოგადოების მტერი მოსამართლეები, რომლებმაც ხალხი გაანადგურეს. ამ დერეფანში გაიარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თევზაძემ და ალანიამ. ზოგი უკანა კარიდან შეიპარა. ჩვენ იმას მივაღწიეთ, რომ მოსამართლეებს ხალხში გამოჩენის რცხვენიათ და იქნებ, საკუთარ თავში იპოვონ გამოსწორების მუხტი? ჩვენ გვინდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაემიჯნოს მოსამართლეთა ის კოროპუსი, ვისთვისაც კლანური მმართველობა მიუღებელია. აქ წარმოდგენილ პლაკატზე გამოსახული არიან მიშას პროკურორები, რომლებიც საზოგადოებას ატერორებდნენ და ისინი კვლავ აგრძელებენ ამ პროცესს. ამ ბოროტების უკან ახლა ივანიშვილი დგას. მე ვეუბნები მას, რომ ეს არ შერჩება. მას საქართველოს მიწა არ ეღირსება. პირადად დაუჭირა მხარი მურუსიძეს და თქვა, _ ეს არის რეჟიმის მსხვერპლიო. მურუსიძე თუ რეჟიმის მსხვერპლია, ისინი არ იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი, ვისი გაუპატიურების კადრებიც ტელევიზიით გვაჩვენა?
ირმა ინაშვილი:
_ როცა ხელისუფლება არ რეაგირებს შიმშილობებზე, საპროტესტო აქციებზე, თავად აწინაურებს მურუსიძისნაირ მოსამართლეებს და თან გვარწმუნებს, რომ ის არის პროფესიონალი, მართლმსაჯულების ეტალონი, ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ასეთ ყრუ კედლებს მერე თავად ხალხი ანგრევს. „ქართულ ოცნებას“ დღეს დიდი პრეტენზიები აქვს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ „ქართული ოცნება“ გაქრა, მისგან ესღა დავრჩით, ვისაც გვინდა, ის ღირებულებები გადავარჩინოთ, რომელიც 2012 წელს იყო დეკლარირებული. მურუსიძე არის სანდრო გირგვლიანის კიდევ ერთი მკვლელი, რომელმაც თავისი უკანონო განაჩენებით მოკლა გირგვლიანი, ირინა ენუქიძე და სხვები. ხელისუფლება მკვლელებს ინახავს, თუმცა, ჩემი აზრით, მურუსიძე ხელისუფლებას სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის არჩევნებისთვის სჭირდება, რადგან არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ბოლო ინსტანცია სააპელაციო სასამართლოა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ზონდერმოსამართლეების წინააღმდეგ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მოსახლეობა რეალურ მართლმსაჯულებას არ ეღირსება.
აქციის ბოლოს, „ქრონიკა+“-ის კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ გამოვიდნენ შენობის აივანზე ლევან მურისიძე და მისი აღმზრდელი ომარ ჯორბენაძე. მათ სახეს ღიმილი არ მოსცილებია. ჯორბენაძემ ხელიც კი გაგვიქნია მისალმების ნიშნად, რაც აქციის ზოგიერთმა მონაწილემ სამოქალაქო საზოგადოების დაცინვად აღიქვა.
ნელი ვარდიაშვილი