სატრანსპორტო სფერო, ფარული მესაკუთრეების საშუალებით, შესაძლებელია ისევ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდეს. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დედაქალაქში არსებული ტაქსების მონოპოლიზების საფრთხის რეალურობაზე საუბრობს. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლების ამოცანა აღნიშნული სფეროს სრული მონოპოლიზაციაა.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ლაშა ჩხარტიშვილი:
_ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებით, ძალიან გააქტიურდა ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებული მოგონილი ისტორიების გავრცელება, რაც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს საკმაოდ მდარე ხარისხიანი ამბები აქტიურ შავ პიარს ემსახურება. იგონებენ საშინელ ისტორიებს ცალთვალა, ცალხელა, ცალფეხა ტაქსის მძღოლების შესახებ, რომლებიც თითქოს ქალაქში დადიან და ქალებს აუპატიურებენ, 30-დღიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებენ და ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, რაც აშკარად დაუჯერებელია. ასევე მოჰყავთ ეკოლოგიური ნორმები, რომელიც თითქოს მხოლოდ ტაქსებს უკავშირდება. არადა, ტაქსით მომსახურება საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი წყაროა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ათასობით მოქალაქე ლუკმა-პურის ფულს შოულობს. სხვადასხვა სამთავრობო უწყებიდან პერიოდულად გაისმის შეფასება-მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ სფეროში უნდა შემოვიდეს ელექტრომობილები, ჰიბრიდული ავტომობილები და ა. შ. მინდა გითხრათ, რომ დღეს ტაქსები იმ მდგომარეობაშია, როგორც, ზოგადად, საქართველოში ავტოპარკები. აქედან გამომდინარე, ცალკე აღებული ტაქსის მძღოლების შევიწროების საბაბად იმის გამოყენება, რასაც ტექნიკური დათვალიერება ჰქვია, აშკარად არადამაჯერებელია. უმჯობესია, დედაქალაქის საკრებულომ აღკვეთოს მონოპოლიზაციის მცდელობა, რაც ძალიან კარგად გვაქვს ნანახი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. გვახსოვს, როგორ დატოვეს სამარშრუტო ტაქსების ხაზების მფლობელები ერთადერთი შემოსავლის გარეშე. 2011 წელს ამ სფეროში შემოიყვანეს 4 კომპანია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ერთს წარმოადგენდა. გვახსოვს, მაშინაც ხან დიზაინზე საუბრობდნენ, ხან ვიზუალურ მხარეზე, ფეხზე რომ არ დადგებოდნენ მგზავრები და აქედან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრება უფრო საამური გახდებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ათასობით ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. რეალურად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა შარანგიებმა მომსახურების სფეროს მონოპოლიზაცია მოახდინეს. ეს ინფორმაცია დღემდე გვაქვს, მაგრამ პროკურატურა არც კი დაინტერესებულა. არა შარანგიები, არამედ, თვითონ სააკაშვილი და უგულავა გახლდათ ამ ბიზნესის მფლობელები და ისინი იღებდნენ ყოველთვიურად მილიონობით თანხას. მოქალაქეებს კი შერჩათ გაძვირებული ტრანსპორტი, იგივე „კომფორტი“, რომელიც გაძვირებული ტრანსპორტის სხვადასხვა სიამტკბილობას უკავშირდებოდა, ხოლო მგზავრობის ტარიფით, რომელიც 50 თეთრი იყო და გახდა 80, ხალხი მონურ მდგომარეობაში ჩავაგდეთ. ახლაც მონოპოლისტებს შეუძლიათ ათმაგად გაზარდონ მგზავრობის გადასახადი. მძღოლებიც საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მათ კაბალური პირობები დაუწესეს. გახსოვთ, აქციებიც კი გამართეს და კონტრაქტის გაუქმებას მოითხოვდნენ. ჩვენც ვუჭერდით მხარს, მაგრამ, რეალურად, არანაირი შედეგი არ დამდგარა. „სითი პარკის“ გაუქმებაზეც იყო საუბარი, საბოლოო ჯამში, დაზარალებულები დავრჩით მგზავრებიც და მძღოლებიც. სააკაშვილის პერიოდშიც საუბრობდნენ, რომ ტაქსების ბიზნესი ჩაეგდოთ ხელში. როგორც ჩანს, არც ამ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ასვენებს ამაზე ფიქრი და ცდილობს, აგიტაცია-პროპაგანდით და შავი პიარით უარყოფითად განაწყოს საზოგადოება ტაქსის მძღოლების მიმართ. იმედია, ამას საზოგადოება არ აჰყვება. საქალაქთაშორისო მომსახურების სფეროში ასევე ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სამუშაოს გარეშე დარჩა და შემოიყვანეს თურქული კომპანია „მეტრო“, რომელიც დღითი დღე აფართოებს საკუთარ ქსელს, იმ დროს, როცა ხელისუფლება მიმართული უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე. ეს ეკონომიკის ელემენტარული ანა-ბანაა, რომელიც იმედია, ხელისუფლებაშიც იციან, რომ თავიანთი მოქალაქეები უმუშევრები არ უნდა დატოვონ სხვადასხვა ბიზნესის ხარჯზე.
_ ასევე საუბარია სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების შემოღების თაობაზე...
_ ზოგადად, ტექნიკურ დათვალიერებაზე საუბარი კი არ არის საჭირო და მისი გამოყენება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად თუ აგიტაციისათვის, მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალური მზადება დაიწყოს ამ პროცესისთვის. ბუნებრივია, ისე ვერ მოხდება, ერთ თვეში გასწორდეს ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობა. ერთი ხელის მოსმით ამას ვერავინ გააკეთებს, რადგან გამოიწვევს არა მარტო ტაქსის მძღოლების, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ის მანქანების გარეშე დატოვებას. საქართველოს ძირითადი მოსახლეობისთვის კი მანქანა არის არა გადაადგილების, არამედ გადარჩენის საშუალება. აქედან გამომდინარე, ტექდათვალიერების პროცესის დაწყებას ესაჭიროება რეალური მომზადება და შემდეგ უნდა შემუშავდეს დოკუმენტი _ სტრატეგია, თუ როდის და ეტაპებს გაივლის. ამის შემდეგ შეიძლება მივიდეთ ევროპულ დონემდე. საამისოდ ეტაპობრივად უნდა იყოს შემოღებული მოთხოვნები, პირდაპირ გადასვლას ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობა ვერ გაუძლებს. რეალურად, ეს მართლა გასაკეთებელია, რადგან საქართველოში კიბოთი და სხვა მძიმე დაავადებით უამრავი ადამიანი იტანჯება, რომელიც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურებით. ჰაერის დაბინძურებას კი, სხვადასხვა კვლევით, 90%-ზე მეტჯერ ავტომანქანები იწვევს. ჰაერის დაბინძურება რომ გაკონტროლდეს, ამ ხელისუფლებამ ჯერ ამისთვის ვერ მოიცალა. ამავდროულად, უნდა გადავიდეთ ტექნიკურ დათვალიერებაზე და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს თანხვედრა უნდა მოიცავდეს პროგრამის შემუშავებას. ვიცით, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკების უდიდესი ნაწილი მოძველებულია, აქცენტი უნდა გაკეთედეს მის ჩანაცვლებაზე. ერთი მხრივ, ტექნიკური დათვალიერების შემოღება იმ სახით, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეიძლება მიუსადაგონ ავტომფლობელებმა საკუთარი მანქანები, ხოლო, მეორე მხრივ, საჭირო და აუცილებელია ზრუნვა არა მხოლოდ კატალიზატორებზე. კარგია, ამას თუ რეალური სახე იქნება და მონოპოლიები არ შეიქმნება, მაგრამ კატალიზატორების გარდა, აუცილებელია თანდათანობითი ჩანაცვლებისკენ მიმართული სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა. ამავე დროს მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციების სერტიფიცირება, რომლებიც ამ ტექნიკურ დათვალიერებას ჩაატარებენ, ეს სისტემაშია მოსაყვანი. ხელისუფლებამ ამაზე კი დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ტექნიკური დათვალიერება გვჭირდება, მაგრამ ხელისუფლება უნდა გამოვიდეს არა ტაქსის მძღოლების წინააღმდეგ, არამედ ლაბორატორიული კვლევების მხარდაჭერის დაწყებით. სხვაგვარად ეს ყვლაფერი შეუძლებელი გახდება. საჭიროა შემუშავდეს სრულფასოვანი სტრატეგია, რაც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებას და ამ კუთხით უნდა დაიწყოს ინტენსიური სამუშაო, თუნდაც არჩევნებამდე საზოგადოებამ დაინახოს, რომ ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლა რეალურად სურს და არა მხოლოდ ჩვენი განწყობების გაუმჯობესებაზე ზრუნავს საკუთარი გამონათქვემებით. ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ რეალური საქმე დაგვანახვოს, მაგრამ არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საწვავის ხარისხის კონტროლის გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა როგორ განხორციელდება, ესეც გასარკვევია...
თამარ ბატიაშვილი