QronikaPlus
ოჯახი, რომელიც პირუტყვის ყოფილ სადგომში ცხოვრობს!

ოჯახი, რომელიც პირუტყვის ყოფილ სადგომში ცხოვრობს!

2016-02-06 07:12:23

,,ქრონიკა+” დღეს იმ ოჯახის განსაცდელზე გიამბობთ, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება ძალიან მძიმე პირობებში უწევს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სტატუსი, ჯანმრთელობის მდგომარეობაგაუარესებული შვილი და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები, გორჯელაძეებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია. ,,ქრონიკა+“-ს მანანა გორჯელაძე ესაუბრება: _ ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია, მყავს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული შვილი. მისი მდგომარეობა უიმედოა და თითქმის ყოველ წუთს ველოდებით უბედურებას. არც სახლ-კარი მაქვს, არც სამუშაო. თითქოს ამქვეყნად რაც კი უბედურება იყო, ჩემთვის მოიცალა. ჩემს ქმარსაც ჩ ჰეპატიტი აღმოაჩნდა, მაგრამ უსახსრობის გამო (600 ლარია საჭირო) ანალიზებს ვერ იღებს, რომ დადგინდეს, დაავადება ქრონიკულია თუ მიძინებული, რომ სახელმწიფო პროგრამაში მოხვდეს. ოჯახით ვცხოვრობთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, პირუტყვის ყოფილ სადგომში, ერთ პატარა ოთახში პატარა ფანჯრით, იატაკად ბეტონზე დაწყობილი ფიცრებია, რომელთა შორის იმხელა ნაპრალებია, რომ ფარდაგი მაქვს გადაგებული, სიცივე რომ არ ამოვიდეს მიწიდან. ერთი პატარა ოთახია ჩვენი საძინებელიც, მისაღებიც, სამზარეულოც. ამ ნესტსა და სიღატაკეში როგორ გავაჩერო მომაკვდავი ბავშვი? მიუხედავად იმისა, რომ 6000 ქულა მომანიჭეს, დღემდე ვეღარ ვღებულობთ სოციალურ დახმარებას. _ რატომ მოგიხსნეს? _ ბავშვი სოლიდარობისა და ცინცაძის ფონდის დაფინანსებით მე და ჩემმა მეუღლემ სტამბულში წავიყვანეთ საოპერაციოდ და რახან ოჯახის მიერ საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, ჩამოსვლაც არ გვაცალეს, ისე მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. გზაში სახარჯო ფული ხომ გვინდოდა, ამიტომ ბავშვის პენსია და დახმარების თანხა წინასწარ გამოვიტანეთ და ახლა ვეღარც ბავშვის პენსიას ვღებულობთ, დავალიანების დაფარვაში მიდის. იმდენად მიჭირს, მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მივმართე, უფასო სასადილოში მიმეღო საკვები, მაგრამ აქაც უარი მვიღე, _ ადგილები შევსებულია, რომ განთავისუფლდება, გაგითვალისწინებთო. აი, ასეთ დღეში ვართ მე ჩემი შვილები და მეუღლე. _ ახლა სად ხართ? _ რახან ბავშვს ქიმიოთერაპიას ვუკეთებთ, ძირითადად, თბილისში ვართ ბერი ანდრიას ფონდში. დედა ქეთევანია ჩემი ოჯახის მფარველი ანგელოზი. _ დახმარებისთვის გამგეობას მიმართეთ? _ რა თქმა უნდა. ვითხოვე, ჩემი მომაკვდავი შვილის ნატვრაა, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩვენი ბინა რომ არ გვქონდესო. იქნებ, მის სიცოცხლეში სადმე ერთი ოთახი მოგვეცით, ან გვიქირავეთ, რომ ბავშვს თავისი ბინის დარდი არ გაჰყვეს ამ ქვეყნიდან. სანაცვლოდ კი გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძისგან დამცინავი უარი მივიღეთ. როცა ვთხოვე, სახურავი მაინც მიეცით-მეთქი, _ ჩადი ქვევით (კეთილმოწყობის სამსახურში) და გამონაცვალი `შიფერი~ თუ ექნებათ, მოგცემენო. მე მათი ჯიბიდან არ ვითხოვ თანხის გაღებას, მაგრამ ჩემი კატეგორიის ადამიანებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და უნდა გააკეთოს. _ მუშაობის დაწყება არ გიცდიათ? _ ვერ ვიწყებ ჩემი შვილს გამო. მისი დატოვება არ გამომდის, ჩემს მეუღლეს კი მუშაობა არ შეუძლია, ჩ ჰეპატიტითაა დავადებული. ყველას ვთხოვ, ვისაც შეგიძლიათ, დროებით მაინც, ერთი ოთახი მოგვცენ, ან გვიქირაონ, ეგონოს ჩემს განწირულ ბიჭს, რომ ეს მისი სახლია.   ,,ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს მიმართა, საიდანაც გვაცნობეს: „სოფელ საჩინოში მცხოვრებმა მანანა გორჯელაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მომართა თხოვნით საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებისა და „ქობულეთის სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს“ პროგრამაში ჩართვის შესახებ. აღნიშნული ოჯახი უახლოეს პერიოდში ჩაერთვება მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამაში, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, ამ ეტაპისთვის ოჯახს დახმარება საბინაო ფონდის არქონის გამო ვერ გაეწევა. 2014 წელს მანანა გორჯელაძის შვილს გამგეობის შუამდგომლობით გაუკეთდა თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეზე ოპერაცია. ოპერაციისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3000 ლარი გამოიყო. წინასაახალწლოდ გამგეობის ინიციატივით ოჯახს კომპანია „სინოჰიდროსგან“ სასურსათე ამანათები და სახურავისთვის გოფრირებული თუნუქი გადაეცა“ (სტილი დაცულია). ირაკლი გორგილაძე _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი: _ ვიცით ამ ოჯახის შესახებ. უახლოეს დღეებში მათთან სოციალური აგენტი მივა, განმეორებით შეავსებს დეკლარაციას და სარეიტინგო ქულა დაერიცხება. _ უკვე არსებული ქულითაც შესაძლებელი იყო დანიშვნა, რატომ არ  დაენიშნა? _ საერთოდ, სოციალური დახმარებას ვინც დიდი ხანია იღებს, დროდადრო მათ ამოწმებენ. ახლაც ასე მოხდა. ჩატარდება კანონით გათვალისწინებული პროცედურები და ოჯახი უკლებლივ ყველა თანხას მიიღებს, რაც აქამდე შეჩერებული იყო.  

                                                                                                                     ნატო ქათამაძე

     

გაზიარება