საქართველოს მოსახლეობა „დაბოლების“ მორიგ სტადიას გადის. არც ისე კარგი დასაწყისია ჟურნალისტური გამოძიებისთვის, მაგრამ ამის შემდეგ იქნება მხოლოდ _ ფაქტები, დოკუმენტები, წერილობით ხელმოწერილი პასუხები, საბაჟოდან ამოღებული ნუსხები და ლაბორატორიული კვლევის შედეგები.
საქმე ეხება ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ ხორცპროდუქტებს, ძირითადად, _ გაყინულ ფარშირებულ მასალას, რომელიც საზღვრის გადმოკვეთისთანავე მეორად გადამუშავებას გადის და, ძირითადად, ძეხვეულის წარმოებაში გამოიყენება. ეს არის კვალის დაფარვის იდეალური სცენარი, ვინაიდან ნახევარფაბრიკატებში გადაქაჩული ხორცის ნედლეული, ფაქტობრივად, აღარ ექვემდებარება „გაშიფვრას“. ამ კუთხით ძალზე მნიშვნელოვანია დარღვევების აღმოჩენა საზღვარზე, კერძოდ საბაჟო ტერმინალზე, რომელსაც კონკრეტული ლაბორატორიები ემსახურებიან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კი განაგებს.
როდესაც „ქრონიკა+“-მა ამ გამოძიებაზე მუშაობა დაიწყო, წერილობით მიმართა როგორც შემოსავლების სამსახურს, ისე სურსათის უვნებლობის სააგენტოს. ჯერ ამ წერილის შინაარსს გთავაზობთ, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროს ბატონ გიორგი თაბუაშვილს „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნანა სანაიამ გაუგზავნა:
„პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ ქვემოთ მოყვანილ კითხვებზე დაუყოვნებლივ პასუხებს საჭიროებს. რა თქმა უნდა, თქვენს უწყებას შეუძლია გამოიყენოს კანონით დადგენილი ვადები პასუხის გასაცემად, მაგრამ გთხოვთ, აქვე გაითვალისწინოთ, რომ პასუხის დაყოვნებამ შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ასე რომ, უმორჩილესად გთხოვთ, პასუხები რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვაწოდოთ.
1. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ბოლო 6 (ექვსი) თვის მანძილზე საქართველოში შემოსული (იმპორტირებული) ქათმისა და საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების შესახებ. კერძოდ, ვინ არიან იმპორტიორები, 2015 წლის პირველი ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით რომელი ქვეყნიდან და რა რაოდენობის (ზემოხსენებული) პროდუქცია შემოვიდა?
2. ბოლო 6 (ექვსი) თვის მანძილზე გაბრუნდა თუ არა უკან რომელიმე ხორცპროდუქტების პარტია და რა მიზეზით?
3. გთხოვთ, დეტალურად მოგვაწოდოთ 2015 ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შემოტნილი საქონლისა და ქათმის ფარშის (ე.წ.) „მდმ“-ის ლაბორატორიული კვლევის შედეგები;
4. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, რომელი ლაბორატორიები ამოწმებენ ხსენებულ პროდუქციას თქვენი უწყებიდან შესული მოთხოვნის შემდეგ?“
პასუხები, ბუნებრივია, დაუყოვნებლივ არ მიგვიღია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღეთ, რაზედაც მადლობის მეტი რა გვეთქმის.
პირველად შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს უფროსმა, ლევან დგებუაძემ მოგვწერა:
„თქვენი 2015 წლის 23 დეკემბრის წერილის პასუხად, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით გიგზავნით ჩვენს ხელთ არსებულ საჯარო ინფორმაციას, 2015 წლის პირველი ივნისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით იმპორტირებული ქათმისა და საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების (სეს ესნ ჯგუფები: 0201; 0202; 0206; 0207; 1601; 1602) რაოდენობისა და ვეტერინარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს უფროსი, ლევან დგებუაძე“.
ახლა კი წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელიც შემოსავლების სამსახურმა გამოგვიგზავნა და სადაც იმპორტიორ კომპანიათა კონკრეტული დასახელებებია ჩამოთვლილი (ასევე ქვეყნები და ლაბორატორიული გამოკვლევის პახუხები). მკითხველს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნოს მას, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი სია განსხვავდება შემოსავლების სამინისტროს სიისგან.
მაშ, ასე! _ ჯერ შემოსავლების სამსახურის სია.
(ფაილი # 1)
აქვე მოგვყავს, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ხუნდაძის პასუხი ჩვენს კითხვებზე:
„თქვენი მიმდინარე წლის 22 დეკემბრის #001-016 წერილის პასუხად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ბოლო 6 თვის მანძილზე ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:
1. ავსტრიიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ღორის გაყინული ხორცის ფიზიკური შემოწმების დროს ორგანოლეპტიკა აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი და საქონელი გაბრუნდა უკან;
2. ნიდერლანდებიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ღორის გაყინული ტრიმინგი, ბეკონი კისრის გარეშე და ტრიმინგის ნაჭრების ერთი სასაქონლო პარტია დოკუმენტების არქონის გამო დაექვემდებარა განადგურებას;
3. ესპანეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ღორის გაყინული კისრის ერთმა სასაქონლო პარტიამ ვერ გაიარა იდენტურობის შემოწმება და დაექვემდებარა განადგურებას;
4. ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ქათმის გაყინული ბარკლის ერთმა სასაქონლო პარტიამ ვერ გაიარა იდენტურობის შემოწმება, დაექვემდებარა განადგურებას;
5. უკრაინიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ქათმის გაყინული, მექანიკურად განცალკევებული ხორცის ერთი სასაქონლო პარტიის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება (პათოგენები, მ.შ. შალმონელლა), საქონელი დაექვემდებარა განადგურებას;
6. გერმანიიდან იმპორტირებული საქონლის გაყინული მჭლე ხორცის ერთი სასაქონლო პარტიის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება (პათოგენები, მ.შ. შალმონელლა). ინფორმაცია სათანადო რეაგირებისათვის გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს;
7. ყაზახეთიდან იმპორტისათვის განკუთვნილი ცხენის ხორცის ერთი სასაქონლო პარტია დოკუმენტების არქონის გამო დაექვემდებარა უკან გაბრუნებას;
8. საფრანგეთიდან იმპორტისთვის განკუთვნილი ძეხვის სამი სასაქონლო პარტია, ყველის ერთი სასაქონლო პარტია და იხვის ხორცის ერთი სასაქონლო პარტია, დოკუმენტების არქონის გამო, დაექვემდებარა განადგურებას;
9. რუსეთიდან საქონლის ხორცის კონსერვის ერთი სასაქონლო პარტია, დოკუმენტების არქონის გამო, დაექვემდებარა განადგურებას.
პატივისცემით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ვლადიმერ ხუნდაძე“.
შემოსავლების სამსახურის (საბაჟო დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ხუნდაძის პასუხი) მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, ვკითხულობთ:
„გერმანიიდან იმპორტირებული საქონლის გაყინული მჭლე ხორცის ერთი სასაქონლო პარტიის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება (პათოგენები, მ.შ. შალმონელლა). ინფორმაცია სათანადო რეაგირებისთვის გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს“, _ გვწერს ვლადიმერ ხუნდაძე.
ამ დროს დანარჩენ რვა (სულ ცხრა მონაცემია) ჩამონათვალში მითითებულია, რომ ყველა ის პროდუქტი, სადაც აღმოჩნდა სალმონელა (ან სხვა დარღვევები) დაექვემდებარა განადგურებას. ისმის კითხვა, _ თუ საბაჟომ სხვა პროდუქტები გაანადგურა, გერმანიიდან იმპორტირებული მასალა რატომ არ გაანადგურა და გადაუგზავნა რეაგირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს? და საერთოდ, ეს რას ნიშნავს? პირველად რეაგირებას ახდენს შემოსავლები. საზღვარს და საბაჟოს ის აკონტროლებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება კი მეორადია _ იგი ქვეყნის შიგნით, ანუ საზღვარგადმოკვეთილ პროდუქტებზე ვრცელდება.
ამის გასარკვევად, „ქრონიკა+“ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, კერძოდ ხატია მოისწრაფიშვილს დაუკავშირდა:
_ დარღვევა აღმოჩენილი ხორცპროდუქტების განადგურების პროცედურა როგორია?
_ პროდუქტი, რომელიც საზღვარს გადმოკვეთს და მასში სასაზღვრო ლაბორატორიული კონტროლი ამა თუ იმ სახის დარღვევებს აღმოაჩენს, იგი უკან ბრუნდება, ანდა ექვემდებარება განადგურებას. ამ შემთხვევაში, თუ წერილში წერია, რომ დაექვემდებარა განადგურებას, იგი განადგურდა შემომტანი კომპანიისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების თვალწინ.
_ როდესაც მითითებულია, რომ დარღვევა აღმოჩენილი პროდუქტი კი არ განადგურდა, არამედ ინფორმაცია რეაგირებისთვის გადაეგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეს რას ნიშნავს?
_ (პაუზა) ასე წერია?
_ დიახ.
_ იცით, რა, მოდით, თქვენ განმეორებით მოგვმართეთ წერილით. თუ რას ნიშნავს ეს, მე ამაზე, ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ. მოიძიებენ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი მოგწერთ პასუხს.
„ქრონიკა+“ ანალოგიურად მოიქცა. მანამდე კი დეტალურად შევისწავლეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილი ორივე ცხრილი (იგივე შეუძლია გააკეთოს მკითხველმაც) და აღმოვაჩინეთ საკმაოდ საინტერესო რამ. კერძოდ: „გერმანიიდან იმპორტირებული საქონლის გაყინულ მჭლე ხორცში აღმოჩნდა პათოგენები, მ.შ. შალმონელლა)“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ცხრილში ვერ აღმოვაჩინეთ. ანუ საკმაოდ ვრცელი პასუხი კი მოგვწერა სურსათის უვნებლობამ, მაგრამ სად „გააქრო“ ეს გერმანიიდან შემოტანილი სალმონელიანი ხორცი, გაურკვეველი დარჩა.
„ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ შემოწმებული იმპორტირებული ხორცპროდუქტების ნუსხას.
ფაილი #2
ფაილი #3
„ქრონიკა+“-ს კიდევ ერთი მოკვლევის ჩატარება მოუწია და აი, რა აღმოვაჩინეთ: საქმე ეხება, სულ რაღაც, რამდენიმე თვის წინათ შემოსავლების სამსახურის გაკეთებულ განცხადებას:
„შემოსავლების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ახორციელებს ვეტერინარიულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო კონტროლს, რაც ითვალისწინებს ევროპიდან შემოტანილი ქათმის ფარშის მონიტორინგის გეგმის თანახმად შემოწმებას, რომელიც, თავისთავად, გულისხმობს ასეთი ტიპის პროდუქტების შერჩევით (და არა ყველა მათგანის) ლაბორატორიულ შემოწმებას. აღნიშნულ პერიოდში არაერთი მსგავსი პროდუქცია შევამოწმეთ, მათ შორის, შემოწმდა შემოტანა ევროპიდან და არც ერთ შემთხვევაში სალმონელა და სხვა სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ამასთან, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 17 აგვისტოს წერილით გვაცნობა, რომ ნიდერლანდის სამეფოდან ქათმის გაყინული, მექანიკურად განცალკევებული ხორცის ერთ-ერთი პარტია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს და აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი – შალმონელლა. ამ წერილის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის ვეტერინარების მიერ ნიდერლანდის სამეფოდან შემოსული ქათმის გაყინული, მექანიკურად განცალკევებული ხორცის ყველა შემდგომი სასაქონლო პარტიიდან აღებულია ნიმუში (სულ ასეთი იყო 8 შემთხვევა). უნდა აღინიშნოს, რომ 5 შემთხვევაში პათოგენური მიკროორგანიზმი _ შალმონელლა _ არ დადასტურებულა. სამი ნიმუშის შესახებ პასუხი ჯერ არ არის ცნობილი და, შესაბამისად, საქონელი არ არის გაშვებული“, _ ვკითხულობთ განცხადებაში.
ანუ!
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტმა ლაბორატორიულად გამოიკვლია საქართველოში შემოსული ხორცპროდუქტი (რომელიც მანამდე, ცხადია, შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა, ვინაიდან პროდუქტმა გადმოკვეთა საზღვარი) და მასში აღმოაჩინა სალმონელას ბაქტერია. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა უკვე მეორედ შეამოწმა იგივე პარტია და რვიდან ხუთ ნიმუშში (ანუ უმრავლესობაში) ეს ბაქტერია ვერ ნახა. ე. ი. ორი სახელმწიფო სტრუქტურა ამოწმებს და ორივე განსხვავებულ შედეგს დებს? აქედან, ერთი ღიად „ურტყამს“ მეორეს და არც მეორე რჩება ვალში. არადა, საქმე ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობას.
„ქრონიკა+“-მა ჩაწერა ექიმი ნანა საპანაძე, რომელიც დეტალურად აღგვიწერს, თუ რა შეუქცევად შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში ასეთი ხორცის საკვებად მიღება:
_ სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც შალმონელლა-ს გვარის ბაქტერია იწვევს. გამოვლინების მიხედვით შეიძლება შეგვხვდეს უსიმპტომო მატარებლობიდან დამთავრებული რთული სეპტიკური ფორმით. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ცხოველები. ორგანიზმში მოხვედრილი სალმონელა ინერგება ნაწლავის ლორწოვან შრეში და ნაწლავის გარსის დამაზიანებელ ტოქსინებს გამოყოფს. ეს იწვევს ფაღარათს, ორგანიზმის გაუწყლოებასა და მუცლის ტკივილს.
_ რა სიმპტომები აქვს?
_ მისი საინკუბაციო პერიოდი 6 საათიდან 3 დღემდე გრძელდება და სიმძიმის ხარისხის მიხედვით გამოიყოფა. სალმონელოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იწყება მწვავედ: ტემპერატურა იმატებს (მძიმე ფორმების დროს _ 39 გრადუსამდე და მეტად), ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შემცივნებას, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრიუმისა და ჭიპის არეში ტკივილს. კლინიკურ გამოვლინებათა ინტენსივობა და დაავადების ხანგრძლივობა პროცესის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ხშირად საჭიროებს ექიმის ჩარევას.
„ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ უკვე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კომენტარებს აღნიშნულ საკითხზე და რაც მთავარია, რა არის ომის მიზეზი შემოსავლების სამსახურსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოს შორის? თუ ბაზარს ვერ იყოფენ, რომელ ბაზარზეა საუბარია? ვინ დგას ჩვენ მიერ მოყვანილი იმპორტიორი კომპანიების უკან და ვინ „კრიშავს“ მათ?
თამარ როსტიაშვილი