ინგა პავლოვას სკანდალის შემდეგ „ქრონიკა+“-ს, სოციალური ქსელის მეშვეობით, მზია ხინჩაგაშვილი ჩრდილოეთ ოსეთიდან დაუკავშირდა. მან მისი და მისი შვილის პირადი ისტორია გვიამბო და გვთხოვა, გაზეთის მეშვეობით მიგვეწვდინა ხმა ბიძინა ივანიშვილისთვის.
მზია ხინჩაგაშვილის განცხადებით, მისი ქალიშვილის მამა არის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი. წლების განმავლობაში მის ქალიშვილს მამა არა, მაგრამ ექსპრემიერი პატრონობდა და ყოველთვიურ დახმარებასაც უგზავნიდა. თეონა ხინჩაგაშვილს დახმარება ერთი წლის წინათ მოუხსნეს. მას მერე ცდილობს, ბიძას ხმა მიაწვდინოს, ჟურნალისტებთან კონტაქტს კი ირაკლი ღარიბაშვილი უკრძალავდა.
რას უყვება მზია ხინჩაგაშვილი „ქრონიკა+“-ს?
_ ეს ისტორია 28 წლის წინათ დაიწყო: ალექსანდრე გრიგორის ძე ივანიშვილი ახლობელთან გავიცანი. ლესელიძის ქუჩაზე ვხვდებოდით. მისგან შვილი შემეძინა. ეს მოგონილი ისტორია რომ არ გეგონოთ, გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში ვითხოვდი, მამას შვილი ეღიარებინა. პროკურორი მზია ჟღენტი ახლაც ცოცხალია და ის ამ ამბის მონაწილეა. გოგონა შემეძინა. მამამ, თავის დროზე, შვილზე უარი განაცხადა.
არეულობა რომ დაიწყო და ქართულ-ოსური კონფლიქტი გაღვივდა, ჩემები საცხოვრებლად ორჯონიკიძეში წამოვიდნენ. თეონაც წამოიყვანეს ორჯონიკიძეში. ნახევარზე მეტად თეონა აქ გაიზარდა. იქაც სახლი აღარ გვქონდა, ამიტომ საქართველოში დავბრუნდით. ჩემი ძმა საერთოდ პრიმორსკში გადაიხვეწა. ალეკო ივანიშვილის კისერზე იყოს მისი ცოდვა, რომ მკვდარი მამაც ვეღარ ნახა.
_ იცოდა თუ არა ბავშვის არსებობა ივანიშვილების ოჯახმა?
_ ეს ამბავი მაშინ ყველასთვის ცნობილი იყო. ოფიციალურად ალექსანდრე სამსახურიდანაც დაითხოვეს და პარტიიდან გარიცხეს. მაშინ „აგროპრომში“ მუშაობდა. ჩემზე იმასაც ამბობდა, საერთოდ არ ვიცნობო. ტყუილს არ ვიკადრებ, არც მას ვაკადრებ და არც თქვენ გაკადრებთ. იმის მერე აღარც სასამართლოში მიგვიმართავს. თეონა გაიზარდა, საერთოდ დაიკარგა კონტაქტი ჩემსა და ალეკოს შორის. თეონა უკიდურეს სიღატაკეში გაიზარდა. ერთადერთი ბრმა მამა მყავდა, ისიც დაიღუპა, პენსიასაც ვეღარ ვიღებდით, ასე წვალებით გამოვზარდე. ვცდილობდი, რომ ჟურნალისტების გარეშე როგორმე მიმეწვდინა ხმა ალეკოსთვის, რომ შვილისთვის მაინც ეპატრონა. ჩემს პატრონობას ხომ არ ვთხოვდი? ვერც ბიძინა ივანიშვილს მივაწვდინე ხმა, ამიტომ იძულებული გავხდი, ჟურნალისტებისთვის მიმემართა. სხვათა შორის, მაშინაც ბევრმა ვერ გაბედა, მხოლოდ ჟურნალმა „რეიტინგმა“ სამ ნომერში დაბეჭდა ჩვენი ისტორია, თუ რა პირობებში ვზრდიდი ალეკო ივანიშვილის შვილს და ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილს. მთელმა საგვარეულომ იცოდა ბავშვის არსებობა. ჩემი ლექტორი იყო ნონა, გვარი დამავიწყდა, რომელიც ალეკოს ბიძაშვილის ცოლი გახლდათ. სამი წლის იყო თეონა, როცა მკითხა, _ ვისი შვილიაო? ვუთხარი და, _ ვაიმე, როგორ ჰგავს ალეკოს, მეც არ გამიკვირდაო?
როგორც კი „რეიტინგში“ ინტერვიუ დაიბეჭდა, ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი ღარიბაშვილი დაგვიკავშირდა. შემხვდა, სურათები მოითხოვა და პირველი თხოვნა რაც გადმომცა იყო ის, რომ ჟურნალისტებთან კონტაქტი აღარ მქონოდა. მე მადლობელი ვარ „რეიტინგის“ ჟურნალისტების, რომლებიც გვერდით დამიდგნენ, მაგრამ ირაკლის შიშით მათთან ურთიერთობა გავწყვიტე. მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. ამ სტატიების მერე გაიგო ივანიშვილმა, რა უკიდურეს სიდუხჭირეში ვცხოვრობდით. ბატონი ბიძინა მატერიალურად დაგვეხმარა. ისევ ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით ჩამოგვიყვანეს საქართველოში. არავის მოუსურვებია, რომ თეონა ენახა, _ არც მამას, არც ბიძაშვილებს, არც ბებიას. შეიძლება, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებს შეკითხვა დავუსვა? _ ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო, ქართლის დედად რომ გამოაცხადეს, ჩემი შვილი, ჩემი თეონა, ამაყობდა, ბებიაჩემს ქართლის დედა უწოდესო. მათ მინდა ვკითხო, _ ქართლის დედად წოდებულმა ბებიამ შეიძლება, შვილიშვილი გადააგდოს და არ ნახოს?
_ მზია, რა მოხდა საქართველოში თქვენი ჩამოყვანის შემდეგ?
_ თბილისში ჩამოგვიყვანეს. ხაზგასმით ვიტყვი: ჩვენთვის ყველაფერი გააკეთა ბატონმა ბიძინამ! მადლობა მას ამისათვის! დიღმის მასივში ბინა გვიყიდა ავეჯით, ყველაფრით, თეონას ყოველთვიური დახმარება დაუნიშნა. ამის შემდეგ პრობლემები დაიწყო, _ ბავშვი არც მამამ ნახა, არც რომელიმე ნათესავმა _ ბიძაშვილებმა, მამიდაშვილებმა... ქართველი ბებიის გადაგდებული შვილისშვილი არ მინახავს! როცა ირაკლის ამის შესახებ ვკითხე, მამა როდის ნახავს-მეთქი? მითხრა, _ ნახავს, აბა, რას იზამსო?
იცით, რა მიხარია? ირაკლისნაირები რომ მოშორდნენ ბიძინას. ბიძინა ყველას უანგაროდ ეხმარება, რაღა ჩვენ შეგვიწყვიტეს დაფინანსება? მე მგონია, რომ მან არაფერი იცის.
ცხოვრება დამიმახინჯეს, ადამიანს აღარ ვგავარ, სამადლოდ ბიძინა გვეხმარებოდა და ისიც ირაკლიმ მანთხევინა ამდენი წელი. დავბრმავდი, ორივე ძუძუ მოჭრილი მაქვს, სიბერე გამიმწარეს, ახალგაზრდობა დამიმახინჯეს, რა კომპენსაცია უშველის ამ მდგომარეობას?!
_ დახმარება რატომ შეგიწყვიტეს?
_ გეტყვით, რაც მოხდა: დაცინვის ობიექტები გავხდით თბილისშიც და აქაც. ორჯონიკიძეში სხვის სარდაფში სამადლოდ მუშაობდა ჩემი შვილი, გათხოვდა, ქართველ ბიჭს გაჰყვა, ხაშურელს. ქორწილისთვის ვემზადებოდით, არჩევნების წინ თეონა საქართველოში ჩავიდა. ანზორ ჩუბინიძემ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციების მერე ბიძას არ მიაკარა, დასცინეს და გამოაგდეს. ჩუბინიძემ ხელები გაშალა, _ აბა, მე რა შემიძლიაო?
კანცელარიაში მივიდა, წერილი დაუტოვა, _ ბიძინა ბიძა, მადლიერი ვარ შენიო. ყურადღება არავინ მიაქცია. ირაკლის სთხოვა, _ სტაჟირება შეიძლება გავიარო, ან სწავლა გავაგრძელოო? მაგრამ ირაკლიმ, _ ეს მე არ მეხება, ვერავის ვერაფერს ვეტყვიო. ალეკოს ამის შემდეგ ნამუსი აქვს?! რაჭაშიც ჩავიდა თეონა. ჩემი ნათესავები არიან შორენა და ლელა ხიდურელები, იმათ წაიყვანეს, ეგებ, მოახერხო და შეხვდეო. ბიძამისზე განკუთვნილი წერილი ბერას ჩაუდო. როგორც კი დაცვის წევრმა ვასიკომ დაინახა, მივიდა და თეონას ჰკითხა, _ ვინმემ ხომ არ გაიგო შენი აქ ყოფნის ამბებიო?! და ბერას თეონას წერილი ააცალა.
შარშან ქორწილის წინა დღეებში თეონამ ნათელას დაურეკა.
_ ნათელა ვინ არის?
_ თეონას ბიძამისი აფინანსებდა. ირაკლი რომ დიდი კაცი გახდა, ნათელას გადაგვაბარა, ეს „ქართუს“ ბუღალტერია. ქორწილის წინ თეონამ ნათელას დაურეკა. იცით, რამოდენა ტრაგედიაა, როცა ასეთი მამა და ბიძა გყავს, მინდორ-მინდორ დადიხარ სარჩოსთვის და კიდევ შენ უფრთხილდები იმათ სახელს? ნათელას დავურეკეთ, _ ქორწილი გვაქვს და იქნებ, უთხრათ ჩემს ნათესავებს ამის შესახებ, იქნებ, ვინმემ გამიხსენოსო. ნათელამ დიდი პატივი დასდო, ბიძინას ძმისშვილს ტელეფონი არ გაუთიშა და მოგვისმინა. ერთი კვირის შემდეგ ნათელას ისევ დავურეკეთ. სიტყვა სიტყვით გადმოგვცა, _ ბიძაშენი სახელმწიფო საქმეებით არის დაკავებული, ხოლო მამაშენმა ასე თქვა, არანაირი საბუთი არ მიჭირავს ხელში, თეონა რომ ჩემი შვილიაო. იმის მერე გავიდა დრო. იცით, მთელი სოფელი როგორ ელოდებოდა ივანიშვილების საქორწილო საჩუქარს? და იცით, რა მოხდა? საქორწილო საჩუქრად თეონას დაფინანსება შეუწყვიტეს. ეტყობა, ბატონმა ბიძინამ არ იცის, არა მგონია, მას ეს გადაწყვეტილება მიეღო, ირაკლიც ვეღარ დამაყვედრის ახლა, _ ხომ გაფინანსებთ ბიძინა და ხომ გეხმარებათო? ვითომ თავისი ჯიბის ფულს არიგებდა, თვითონ ხომ ააშენა თავისი ნათესავები?
_ ქორწილის მერეც არავინ შეგხმიანებიათ?
_ ისევ ქ-ნ ნათელას დავურეკეთ, საბუთები ხომ არ იყო გასაახლებელი, ან რამე სხვა პრობლემა ხომ არ გვქონდა? ქალბატონმა ნათელამ გვიპასუხა, _ მარტო თქვენ კი არა, დაფინანსება ყველას შეუწყდაო. ირაკლიმ შემოგითვალათ, რაც გინდათ, ის ქენითო.
აქამდე მამობის დადგენა ოფიციალურად არ მოგვითხოვია, ირაკლი გვაშანტაჟებდა, ჟურნალისტებს არ შეხვდეთ, ბიძინა გაბრაზდება და დახმარებას მოგიხსნითო. გათხოვდა გოგო, მამის გვარი არ უნდა ჰქონდეს?
ექვსი თვის წინათ საქართველოში ჩავედით, ადვოკატი ავიყვანეთ, ყველა თანხა გადავიხადეთ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ანალიზები ჩავაბარეთ. ალეკომ ხომ თქვა, რომ საბუთი არაფერი მაქვსო. იმის მერე ჩვენი ადვოკატი ოფიციალურად დასდევს ალეკოს, „ქართუ“ ბანკშიც მივიდა, რომ სასამართლოში გამოცხადდეს. ორი დღის წუთისოფელი დამრჩა, ამ ჯავრის მიწაში წაღება არ მინდა, მოვიდეს ალეკო სასამართლოში; დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს ექსპერტიზას, არც ქონება მინდა მაგათი, არც ფული, ბავშვს გვარი მისცენ, სხვა არაფერი გვინდა. ნუ იმალება. ყოველგვარი ანალიზების თანხა გადახდილია, მის შვილებს არაფერი დააკლდება, ჩემს შვილს აკლდა ყოველთვის მორალურად, სულიერად, ეკონომიურად... მისი ხარჯებიც გადახდილია, მხოლოდ უნდა მივიდეს და ანალიზი ჩააბაროს!!!
ხუთი წელი თბილისში ვეყარეთ, არავინ მოისურვა ჩვენი ნახვა. მე ხომ წაშლილი ვარ, ამ ბავშვმა რაღა დააშავა? ვეკითხები ალეკოს, _ ნამუსი სულ აღარ გაქვს?! ჩემი ცოდვით ვერ გაიხარებს!!! სად არის სამართალი?! დადის ჩემი ადვოკატი, სამართალი ვერ იპოვა. ჩემმა ადვოკატმა ჟურნალისტებსაც სთხოვა დახმარება, მაგრამ თქვენ გარდა ბევრმა უარი გვითხრა, _ მაგათი გადაკიდება არ გვინდაო. განა, შეიძლება, ყველამ ცუდი თქვას ამ კაცზე? ამდენი ხანი ღმერთებად გამოგვყავდა, ახლა ყველაფერი უნდა ვთქვა... ნუ იმალები, ალეკო!!!
ელისო კილაძე