თუ გარდაბანში ჩატარებულ გამგებლის არჩევნებს ენმ-სა და „ქართული ოცნების“ ვერტიკალის თვალით გადავხედავთ, საოცარ სურათს მივიღებთ: ორივე მხარე კმაყოფილია. ცხადია, ასეთ დროს კაცს ის ცნობილი გამოთქმა გაგახსენდება, ორივე მხარე კმაყოფილი მხოლოდ სექსში შეიძლება იყოსო, არცთუ უსაფუძვლოდ რომ გვარწმუნებს.
ამასთან, თუკი გამარჯვებულის კმაყოფილება, ასე თუ ისე, გასაგებია, დამარცხებულთა კმაყოფილებას და, ზოგ შემთხვევაში, თვითკმაყოფლებასაც კი, ცოტა ძნელია, ახსნა მოუძებნო, მაგრამ, აბა, ენმ-სთვის რა ყოფილა ძნელი, ეგ რომ გახდეს და მათაც არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყეს თავიანთი ამომრჩევლის დარწმუნებაში იმაში, რომ მართალია, გარდაბანში დამარცხდნენ, მაგრამ ეს დამარცხება, საერთო ჯამში, მაპ-ზე უკეთესი დამარცხება იყო.
რადგან უკვე საბოლოო შედეგებიც ვიცით და ისიც, თუ რა ერთიანი მესიჯბოქსით ამშვიდებდნენ ენმ-ს წარმომადგენლები თავიანთ ამომრჩევლებს, რომლებმაც გარდაბნის არჩევნებს „გენერალური რეპეტიცია“ უწოდეს, განვიხილოთ, რომელ უბნებში შეძლო ენმ-მ ნავსის გატეხა და გამარჯვება და რამდენად აისახა ეს გამარჯვება სხვა უბნების შედეგებზე?
დავიწყოთ „გენერალური რეპეტიციით“: ენმ-ს მხარდამჭერები გარდაბნის არჩევნებში იმაზე მეტ ოპტიმიზმს თავიდანვე დებდნენ, ვიდრე ამის საშუალებას თავიანთი შემართულობა და მობილიზება იძლეოდა.
თუ გავიხსენებთ ლიდერებისა და რიგითი მხარდამჭერების წინასწარ განწყობას, გაისმოდა „ოცნების“ წელში გადატეხის“, „ივანიშვილისთვის სილის გაწვნის“ ვარაუდები და უმრავლესობა იქეთკენ იხრებოდა, რომ „გარდაბანი ჩვენია“.
ყველაფერი ეს გვაგონებდა ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს პოპულარულ ერთ ანეკდოტს, როცა სამაჩაბლოში ომი იყო, ქართველებს ცხინვალში არ უშვებდნენ, საქართველოს პირველი და ყველაზე ოპტიმისტი პრეზიდენტი კი მიტინგზე გამოდის და ხალხს მიმართავს: „მეგობრებო! აფხაზეთი ჩვენია! სამაჩაბლო ჩვენია!..“ _ რასაც ხალხის მხურვალე აპლოდისმენტები და ოვაცია ახლავს თან, ხოლო მიტინგზე მდგარი ნარკომანი, უცებ, ზვიად გამსახურდიას ვედრების ტონით მიმართავს: აუ, ზვიად! ტაშკენტი იჩალიჩე, რა!..
საბოლოოდ, „ნაციონალების“ ოპტიმიზმი გადაჭარბებული გამოდგა: მათ გარდაბანი ვერ იჩალიჩეს, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ბრძოლის ველიდან ხელცარიელები მაინც არ წამოსულან: „ქართული ოცნებისთვის“ დიდი დარტყმა იქნება გარდაბანში გადაღებული კადრები, ყურებშეჭეჭყილი მოჭიდავე რომ იარაღს მალავს, ჟურნალისტების ალყაში ექცევა და ამ ალყიდან პოლიციელებს გაჰყავთ, ხოლო მერე მის მანქანას „ოცნების“ ოფისთან პოულობენ.
სწორედ ამ და ჩხუბის სხვა კადრების გამო გაჰყვრიან „ნაციონალები“ ამ დრომდე, რომ გარდაბნის არჩევნებში მათ გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს.
ცნობილია, რომ გარდაბანში როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის დეპუტატებიც იმყოფებოდნენ.
გარდაბანში იყო დიმიტრი შაშკინი, რომლის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის აქტივობას ეყრდნობა და მათში ფრიად პოპულარულია.
რასაკვირველია, ეს კარგად იცოდა ხელისუფლებამაც და განსაკუთრებული მონდომებით სწორედ ამომრჩეველთა აზერბაიჯანულ ნაწილზე იმუშავა. იმუშავა და შეცდომაც დაუშვა, რადგან აღმოჩნდა, რომ ენმ-ს კანდიდატი უფრო პოპულარული ამომრჩველთა ქართულ სეგმენტში იყო, ვიდრე აზერბაიჯანულში. ალბათ, „ოცნების“ დამარცხება რამდენიმე უბანში სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ დეპუტაციის სიმრავლის მიუხედავად, მათი გადანაწილება ვერ მოხერხდა.
სხვათა შორის, როცა დამარცხების მიზეზებზე საუბრობენ, „ნაციონალები“ ხაზს უსვამენ, რომ გარდაბანში „ქართული ოცნების“ მთელი აქტივი და „დამრტყმელი ძალა“ იყო გადასროლილი, ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე ეს ვერ მოხდებოდა, რადგან მთელ საქართველოში გადასანაწილებლად მათ ადამიანური რესურსი არ ეყოფოდათ _ ამაში ნამდვილად ვერ შეედავები.
არჩევნების დასრულებისთანავე, თითქმის მთელი ერის პოლიტიზებული ნაწილი „ფეისბუქს“ მიუსხდა: ეს ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც სიტუაციას მანამდე გაიგებდი, სანამ ცესკო წინასწარ შედეგებს გამოაქვეყნებდა. სწორედ აქ ატეხეს „ნაციონალებმა“ ყიჟინა, _ სამი უბნის შედეგები უკვე ვიცით და ჩვენ ვიგებთო.
ეს მართლაც ასე იყო: მათ სამ კი არა, 64 უბნიდან 5 უბანში გაიმარჯვეს, მაგრამ არცთუ დამაჯერებლად: მაგალითად, მე-15 უბანზე ენმ-ს კანდიდატმა 34 ხმით მოუგო „ოცნების“ კანდიდატს, მე-17-ზე _ 25 ხმით, 37-ე უბანზე 15 ხმით, ხოლო 39-ზე _ 30 ხმით.
და ეს მაშინ, როცა, მაგალითად, 23-ე უბანზე ჯამარაულმა მოწინააღმდეგეზე 415 ხმით მეტი მიიღო. საბოლოოდ, ეს ხმები პროცენტებში ასე გამოიხატა: „ოცნება“ _ 70, 57%, ენმ _ 29,43%. თავად ეს პროცენტები ხმების რაოდენობაში ასე გამოიყურება: არჩევნებზე მისული ამომრჩევლიდან 16.264-მა ხმა მისცა „ოცნების“ კანდიდატს, ხოლო 6.784-მა _ ენმ-ს კანდიდატს.
ასე რომ, მთლად მტყუანიც არ იყო „ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, როცა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოწინააღმდეგეზე სამჯერ მეტი ხმა მიიღო. ესეც შენი მაპ-ზე უკეთესი დამარცხება...
არა მარტო ენმ-ს ვერტიკალმა, არჩევნებიდან მეორე დღეს, ან, სულაც, იმავე საღამოს, ენმ-ს მხარდამჭერთა დამშვიდების მისია ენმ-სთან ასოცირებულმა არაპოლიტიკოსებმაც იტვირთეს. მკაცრი შეფასებების ფონზე ნიკა გვარამიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა შემწყნარებლური სტატუსები დაწერეს ფბ-ზე და აღნიშნეს, რომ რაც ენმ-მ მიიღო, ამ ეტაპზე, დადებით ბალანსში უნდა ჩავუთვალოთ.
მათი არგუმენტები ასეთი იყო: ა) მოსახლეობა, როგორც წესი, არ აქტიურობს გამგებლის არჩევნებზე; ბ) ადგილობრივ არჩევნებს, როგორც წესი, მუდამ ხელისუფლება იგებს; გ) „ოცნება“ არჩევნების ჩატარების ერთი ადგილის გამო სრულად იყო მობილიზებული, რასაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ მოახერხებს და დ) „ოცნების“ ხმები გაიყოფა და დაიქსაქსება, ენმ-სი კი _ არა.
დავიწყოთ ბოლო არგუმენტით: გაიყოფა თუ არა ენმ-ს ხმები საპარლამენტო არჩევნების დროს? ამ შემთხვევაში, ალბათ, სკეპტიკოსთა პოზიციის გაზიარება მოგვიწევს და შეკითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოთ: დიახ, გაიყოფა. დღეის მონაცემებითაც კი, სულაც რომ არაფერი შეიცვალოს, ენმ-ს ხმებს წაართმევს „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“ და მცირედი წილით _ ალასანიას პარტიაც. მართალია, ამას ენმ არ აღიარებს, მაგრამ ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც არაა ენმ-ს სტაბილური მხარდამჭერი, მაგრამ არც „ქართული ოცნება“ ახატია გულზე, პოლიტიკურ ძალებს იმის მიხედვით დაყოფს, რომელია რუსეთუმე და პროდასავლური, ან იმის მიხედვით, ვის უნდა ივანიშვილი და ვის _ არა. აქედან გამომდინარე, პროდასავლურთა დიფერენციისას გამორიცხული არაა, იქ ენმ-ს გარდა, ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებიც მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გაცნობის შემდეგ „ფეისბუქზე“ აქტიურ პირთა შორის ასეთი ვერსიაც გაჩნდა: საგარეჯოში ირმა ინაშვილმა იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე გარდაბანში _ ენმ-ს კანდიდატმა. სწორედ ამიტომ მეორე ძალა ირმა ინაშვილის პარტიაა და არა ენმ.
„ქრონიკა+“ ენმ-ს აღმასრულებელ მდივანს, სერგო რატიანს დაუკავშირდა, რომელსაც, არჩევნების შედეგების შეფასებისას, ამ ვარაუდის თაობაზე თავისი აზრის გამოთქმაც სთხოვა:
„გამგებლის არჩევნებსა და საპარლამენტო არჩევნებს ერთმანეთს არ შევადარებდი, ეს აქტივობის კუთხით ორი სხვადასხვა რამეა. თანაც, მიუხედავად ჩვენი მხრიდან დამოკიდებულებისა, საგარეჯოში კენჭს იყრიდა ერთ-ერთი პარტიის ლიდერი, რაც გარდაბანში არ მომხდარა. შედეგი, რაც ენმ-მ აჩვენა, არაა ურიგო იმ ფონზე, რომ ჩხუბის გამოწვევის მცდელობები იყო, მანამდე დაშინებები, მერე კი ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების დაკავებები... სხვათა შორის, არც ერთი ინციდენტი, რაც საარჩევნო უბნებთან მოხდა, ჯერ გამოძიებული არ არის, იყო ე. წ. კარუსელის მცდელობებიც. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევძელით ჩვენი ხმების დაცვა _ ვინც მოვიდა არჩევნებზე და ხმა მოგვცა, დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გარდაბნის მოსახლეობას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გამგებლის არჩევნებზე მოსახლეობა ნაკლებად აქტიურობს“, _ განაცხადა სერგო რატიანმა.
მართალია, ენმ-ს მხარდამჭერთა დიდი ნაწილის მოლოდინი, რომ გარდაბნის არჩევნები ფსიქოლოგიურად გარდამტეხი იქნებოდა, რადგან ენმ-ს კანდიდატი გაიმარჯვებდა, სწორი არ აღმოჩნდა, მაგრამ ისინი ისევ ერთხმად თანხმდებიან, რომ წინ „ბოროდინოს ბრძოლა“ ელოდებათ, როცა „ოლიგარქი ქვეყნიდან უნდა გააძევონ“. ვნახოთ, როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.
დოროთე გითოლენდია