ახალი ხელისუფლება 2012 წელს ერთ-ერთი უმთავრესი დაპირებით მოვიდა ქვეყნის სათავეში _ სამართლიანობისა და ღირსების აღდგენა. რამდენად შეძლო კოალიციურმა ძალამ ელექტორატისთვის მიცემული პირობის შესრულება, ეს სულ სხვა თემაა, ფაქტები კი ამ დრომდე აუხსნელი და მძიმე. ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკაში გამოჩენიდან ორი წლის თავზე, 2014 წლის 15 ივლისს, თბილისში, საკუთარი სახლის ავტოფარეხში მედიამაგნატ ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვლილს პოულობენ. მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა და დღემდე მიმდინარე გამოძიებისა, რატომღაც, სამართლიანობის აღდგენა, ობიექტურობის დადგენა და დამნაშავისა თუ დამნაშავეების გამოაშკარავება არავის ეჩქარება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, როგორც ჩანს, არც საკმარისია და არც აუცილებელი პირობა, ქვეყანაში შესაბამისმა უწყებებმა სამართლიან და ობიექტურ გამოძიებაზე იფიქრონ.
„ქრონიკა+“ ამ და სხვა დეტალზე ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს ესაუბრა:
_ რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, რა შეიძლება ყოფილიყო თვითმკვლელობის, ან მკვლელობის მოტივი ისეთი ადამიანისგან, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც მრავალი სამომავლო გეგმა ჰქონდა, ბუნებით ოპტიმისტს არც აღმავლობის პერიოდი აკლდა და არც გარკვეული ,,ჩაგდებები“ ცხოვრებაში...
_ ასე იყო და აქედან გამომდინარე, შემიძლია მოკლედ გიპასუხოთ თვითმკვლელობის მიზეზების თაობაზე. არც ინფორმაცია მაქვს და არც რაიმე სახის მოტივზე შემიძლია ვისაუბრო, თუ რას შეიძლებოდა ეს გამოეწვია.
რაც შეეხება მკვლელობის მეორე ვერსიას და კონკრეტულად, შეკვეთილ მკვლელობას, ვფიქრობ, ფაქტები მეტყველებს. როდესაც ეროსი პოლიტიკურ სიბრტყეზე გავიდა და აქტიურად დაიწყო მოქმედებები როგორც პოლიტიკოსმა, ვფიქრობ, ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ ეროსის პოლიტიკური აქტივობა ძალიან მიძინებული იყო, განსაკუთრებით 2011-2012 წლებში.
2012 წელს მას, ფაქტობრივად, არანაირი აქტივობა არ უწარმოებია, მისი სიტყვებიც მახსოვს: ,,9-10 თვეა, ჩუმად ვარ, არაფერს ვამბობ, არ ვაქტიურობ და მაინც არ წყდება ჩემზე საუბრები პრესაში, ან ამა თუ იმ პოლიტიკოსის გამოსვლებში ჩემი მოხსენიება“. 2013 წლამდე ასეთი სიტუაცია გახლდათ და, სხვათა შორის, ვიფიქრე, რომ მას აღარ ჰქონდა ინტერესი პოლიტიკის მიმართ და ბიზნესის მხრივ უფრო აქტიურობდა, ამიტომ ჩემთვის მოულოდნელი იყო, როდესაც 2014 წლის დამდეგს მისგან შევიტყვე, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას აპირებდა და მთელი რესურსით ჩაება რუსთავის თვითმმართველობის არჩევნებში. ვიმეორებ, ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მიზეზი ის გახლდათ, რომ მასშტაბურ პრობლემებს ხედავდა, რაღაც სერიოზულ მოქმედებებს წინასწარმეტყველებდა, მას ჰქონდა ეს ინფორმაცია და, შესაბამისად, ეროსის ინფორმაციებზე დაყრდნობით შეეძლო, ანალიზიც გაეკეთებინა.
ის ამბობდა, რომ ცვლილებები იქნებოდა პოლიტიკურ ვექტორზე და ამის თანმხლები იქნებოდა ცვლილებები მედიის მიმართულებით. ეროსის მიაჩნდა, რომ ზუსტად ამ ეტაპზე უნდა გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე. ის ამ მარათონში ჩაება, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, არც ,,ოცნების“, არც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სიით. იგი დამოუკიდებლად შეუდგა ამ ყველაფერს და ესეც ერთგვარი ტრამპლინი იყო მისი შემდგომი აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის.
_ ბატონო ზურაბ, მიუხედავად იმისა, რომ ,,ნაციონალებისგან“ გამიჯნული იყო და მეტიც, დაპირისპირებულიც, რუსთავის არჩევნებში მხარი დაუჭირა ,,ნაციონალების“ კანდიდატს. რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილება?
_ კი, ეს ნამდვილად ასე იყო და შემიძლია გითხრათ, თუ რას მოყვა ყველაფერი: ეროსი ამბობდა, რომ რუსთავში აპირებდა სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორიციელებას. როცა ნახა, რომ ეს ყველაფერი განუხორციელებელი რჩებოდა, სწორედ ამიტომ გააკეთა შეთანხმება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ქალაქის მერის კანდიდატთან და მისგან პირობა მიიღო, რომ ის ხელს შეუწყობდა, საშუალებას მისცემდა ამ პროექტების განხორციელებაში. ეს იყო ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ მან ამგვარი ნაბიჯი გადადგა. თეორიულად შესაძლებელი იყო, მსგავსი სახის შეთავაზება ,,ოცნების“ კანდიდატის მისამართითაც გაეკეთებინა, მაგრამ მან თავისი გადაწყვეტილება იმით ჩამოაყალიბა, რომ კოალიციის კანდიდატი დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა. ის სხვა ადამიანების მიერ მართული იქნებოდა, ამ პოლიტიკური ფენის მაღალ ეშელონებში მყოფ წევრებს გულისხმობდა. ამიტომ საინტერესო არ იყო და ეს ურთიერთობა მოქნილი არ იქნებოდა, შესაბამისად, ვერც იმ ჩანაფიქრს განახორციელებდა, რაც მის პროექტებში იყო.
_ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის დეკემბერში გამართული პრესკონფერენცია. ეროსი კიწმარიშვილმა სერიოზული განცხადება გააკეთა: „მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, როცა ,,რუსთავი 2“-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხედოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც, რისი გამჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს~...
_ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად ასე იყო. ჩემი თვალით ვნახე ეს პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ივანიშვილსა და მის ურთიერთობას, ,,რუსთავი 2“-ის მომავალთან ივანიშვილის დამოკიდებულებას.
ძალიან მიჭირს, რამე ანალიზი გავაკეთო მით უმეტეს, რომ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, კონკრეტულად რას შეეხებოდა, რის გარშემო იყო ეს ფრაზა ნათქვამი, ანუ არ ვიცი, რას გულისხმობდა ეროსი, მაგრამ, სავარაუდოდ, აუცილებლად მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ ეროსის ჰქონდა თავისი მოთხოვნები, თავისი პრეტენზიები და ინტერესები ,,რუსთავი 2“-ის წილთან დაკავშირებით. მიაჩნდა, რომ არ იყო დაკმაყოფილებული მისი პირობები და, რა თქმა უნდა, სასამართოლოს გზით ,,რუსთავი 2“-ის მფლობელთა ცვლილებების პროცესში, თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, მისი ინტერესები უნდა დაკმაყოფილებულიყო.
_ 2013 წლის აგვისტოში პრესაში გამოქვეყნდა კიდეც სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ ბატონი ეროსი დიდი ინტერესით ელოდა, როგორ აპირებდნენ დვალი და აქიმიძე თავისი სიმართლის დამტკიცებას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რჩებოდა ცოცხალი და სასამართლო მის გარეშე ამ თემას ვერ დაასრულებდა. ამ განცხადებიდან ძალიან მალე მოხდა ცუდი ფაქტი _ ბატონმა ეროსიმ ან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ან ეს იყო შეკვეთილი მკლელობა. რა შეგიძლიათ ამ ყველაფრის შესახებ გვიამბოთ?
_ მარტივი სქემა შემიძლია შემოგთავაზოთ: აქიმიძე, დვალი, კიწმარიშვილი და ხალვაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ პრეტენზია ,,რუსთავი 2~-ის მფლობელობაზე. ყველა მათგანი ამბობს, რომ წილების გაყიდვა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა და ყველას შეიძლება რაღაც მიზეზი ჰქონდეს. წინაპირობაზე, მოტივზე საუბრობდნენ, თუ რატომ დადგა ეს იძულება.
ეროსის შემთხვევაში გაყიდული წილის ანგარიშვალდებულება არ არის შესრულებული. ესაა ეროსის პრეტენზია, მას სასამართლომაც დაუდასტურა, რომ მისთვის თანხა არ გადაუხდიათ. ანუ როცა საუბრობს, ჯარჯის თუ რამე უნდა, ქიბარს თუ რამე უნდა, მეც რამე მინდა, _ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ის აცხადებდა პრეტენზიას. ამას ეფუძნებოდა მისი სარჩელიც, პრეტენზიებიც და პროტესტიც.
_ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ თქვენ ულტრაიისფერი სხივებით ითხოვდით მანქანის ხელახალ შემოწმებას, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა?
_ ეს არის ფრაგმენტი საგამოძიებო საქმიანობისა, სადაც ასეთი სიტუაციაა: ჩვენ ვამყარებდით რა შეკვეთილი მკლელობის ვერსიას, ვავითარებდით რაღაც მოქმედებებს და სიუჟეტს ვაგებდით. ვაცხადებდით, ეჭვი გვეპარება, რომ გარდაცვლილის ავტომობილი იდგა იმ ადგილას, სადაც ის დაგვხვდა, ანუ რომ დავაზუსტო _ გასროლის მომენტში მანქანა იმყოფებოდა არა იმ ადგილას, სადაც ის დაგვხვდა ჩვენ, პოლიციელებს, კრიმინალისტებს, არამედ სადმე სხვაგან.
ამას ორი რამ მიგვანიშნებს: ერთი _ მანქანა ნამდვილად იყო დაქოქილი, ეს ექსპერტიზამ დაადასტურა და მეორე _ ღია ფანჯრების მიმართულებით გატყორცნილი სისხლის შხეფები გარეთ არ აღმოჩნდა. სისხლი აღმოჩნდა მანქანის მინების გამყოფ ძელზე, მანქანის კარის ზედაპირზე. ჩავთვალეთ, რომ სადღაც სხვაგან მოხდა გასროლა და სხვაგან უნდა ვეძებოთ სისხლი. თუ ჩვენ ვნახავდით სისხლს, რომელიც ეკუთვნოდა კიწმარიშვილს და დავადასტურებდით, რომ ეს მისი სისხლია და ის იყო სხვაგან გაფრქვეული, ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავდა, რომ გასროლა სხვაგან მოხდა. შესაბამისად, მანქანაც სხვაგან იდგა, ესე იგი, მანქანა ვიღაცამ ჩააგორა. რახან ვიღაცამ ჩააგორა, საეჭვო პირები გვყავს და ამიტომ გამოძიებისგან ვითხოვდით, აუცილებლად მომხდარიყო იმ სივრცის ისეთი გამოსხივების მქონე ხელსაწყოებით დათვალიერება, რომელიც ბიოლოგიურ კვალს აფიქსირებდა, როგორც მანათობელ ლაქას. სამწუხაროდ, გამოძიებამ მსგავსი რამ ვერ წარმოადგინა.
_ მიზეზი რა იყო?
_ მიზეზი ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ აღნიშნული ხელსაწყო, მერე ჩვენ ვეცადეთ, თავად მოგვეძია შესაბამისი ხელსაწყო. როდესაც ამ მიმართულებით მოქმედება დავიწყეთ და პიროვნებაზე გავედით, ვისაც ხელსაწყოები ჰქონდა, ზუსტად ამ პერიოდში საექსპერტო ბიურომ მიიღო საჭირო დანადგარი. რა თქმა უნდა, ადგილზე მოიტანეს, სადაც ყველამ ვიცოდით, რომ სისხლის კვალი იყო. სამწუხაროდ, მათ ვერაფერი გააშუქეს, ფუჭი აღმოჩნდა დანადგარის მუშაობა. შემდეგ უკვე ჭურჭლით მოიტანეს რაღაც სითხე, თითქოსდა ის უზრუნველყოფდა სისხლის კვალის აღმოჩენას, მაგრამ სითხე იმდენად ცოტა იყო, რომ დიდ ფართობზე მისხურებას არ ეყოფოდა, ამიტომ მისი გამოყენებას აზრი ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუკი გეცოდინებოდა სისხლის ადილსამყოფელი.
ჩვენ ავდექით და მანქანა რეალურად სადაც იდგა, იმის მიმდებარედ დავასხურეთ, მაგრამ იქ არანაირი ეფექტი არ მოგვცა, ანუ ამით დავამტკიცეთ, რომ იქ, იმ მომენტში, სისხლის კვალი არ არსებობდა.
_ რატომ არ ჩართეთ ძიების პროცესში უცხოეთის დამოუკიდებელი ექსპერტიზა?
_ უცხოეთის დამოუკიდებელ ექსპერტიზას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი, კავშირები. თუმცა სამომავლოდ არაფერია გამორიცხული.
_ ცნობილია, რომ მიკროსკოპული ზომის ქსოვილის დეტალია ნაპოვნი, შეგიძლიათ დამიკონკრეტოთ, თუ სად აღმოაჩინეს და რამდენად დაეხმარა გამოძიებას იგი?
_ ეს დიზელის საწვავის კვალი იყო, შესაბამისად, არაფერი სასარგებლო არ მოუცია.
_ ახლა თვითმკვლელობა განვიხილოთ. ვცდილობდი, ეს დღეები ეროსი კიწმარიშვილად წარმომედგინა თავი. ვიმეორებ, ადამიანი ოპტიმისტური იდეებით, მებრძოლი და უცებ იღებს ფატალურ გადაწყვეტილებას! ცოტა უცნაურად მეჩვენება, რადგან ის ჩადის ავტოფარეხში, ჯდება მანქანაში, იკეთებს ღვედს, იქოქება მანქანა, ანთებს ფარებს და ამ დროს ხდება გასროლა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ თუ თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი, რისთვის დასჭირდა დაახლოებით 600 $ ღირებულების ჩძ 75-ის ტიპის პისტოლეტი, რომელიც ,,დიანაში“ იყიდა? ეს ფაქტები საეჭვოდ არ გეჩვენებათ?
_ ეს თქვენ რაც დაინახეთ, როდესაც ამ დეტალებს აკვირდებოდით. მე უფრო მეტი რამ შემიძლია ჩამოვთვალო და ამას აუცილებლად გავაკეთებ. როდესაც პროკურატურა ამ საქმის დეტალებს გაახმაურებს, მერე ჩვენც გვექნება დეტალებზე საუბარი. თვითმკვლელობის ერთადერთი გამამყარებელი არგუმენტი, უფრო სწორად, ორი არგუმენტი შეიძლება ჩავთვალოთ. ერთი ეს იყო გარკვეული რაოდენობის ვალები და მეორე ის, რომ მას ჰქონდა რაღაც ცხოვრებისეული წარუმატებელი პერიოდი.
რაც შეეხება ვალებს, ეს იყო ის ოდენობა, რაც საქართველოში საშუალო ფენის ადამიანთა უმეტესობას აქვს. მაშინ ქვეყანა უნდა გაივსოს თვითმკვლელობით და პანდემია უნდა მოხდეს. რაც შეეხება წარუმატებელ პერიოდს, ეროსის ცხოვრებაში სხვა დროსაც ჰქონია მსგავსი ეტაპები, მაგრამ რეაქცია განსხვავებული იყო. ამ დროს უფრო აქტიური და მოტივირებული ხდებოდა, იგი არ ეგუებოდა დროებით მარცხსაც კი.
ისე კი წარუმატებლობა შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო პერიოდის მოვლენებს, არჩევნების საკითხს, რომელზედაც ის ამბობდა, რომ ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რომ ვერ განახორციელა ის პროექტები, თუმცა ფიქრობდა, რომ ძალიან კარგი შედეგი მიიღო და მომავალ აქტიურობებში დაეხმარებოდა, ანუ მსუბუქად უყურებდა ყველაფერს და არც ისე მძიმედ იყო დათრგუნვილი. ფსიქოლოგიური გადახრები, ან რაღაც ფიზიოლოგიური ფაქტორები, რომელსაც შეიძლება პროვოცირება მოხედინა ამ ქმედებისთვის, მას არ ჰქონია. ამის შესახებ გამოძიება ინტენსიურად იმუშავებდა და რამე რომ ყოფილიყო, გაახმოვანებდა.
_ არსებობს თუ არა ეროსი კიწმარიშვილის მემუარები, ჩანაწერები, რომელიც გამოძიებას დაეხმარებოდა?
_ რაც შეეხება მემუარებს, ასეთი რამ არსებობს, ამის შესახებ ძალიან ბევრმა იცის. ეროსი მემუარებს წერდა, ამაში ერთი ჟურნალისტი ეხმარებოდა და მისი სიკვდილის შემდგომ ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ მოიპოვა ეს მასალა და ბეჭდვა დაიწყო.
მე და იამ (კიწმარიშვილის მეუღლე, _ რედ.) მივიჩნიეთ, რომ ეს არასწორი იყო მათი მხრიდან, იას უნებართვოდ აქვეყნებდნენ და ვთხოვეთ, შეეწყვიტათ ტირაჟირება. მათ გაითვალისწინეს ჩვენი სიტყვიერი თხოვნა და ბეჭდვა გააჩერეს.
მემუარებში არის საუბარი წარსულზე, თუ რა ხდებოდა `ვარდების რევოლუციამდე~, წინა პერიოდში, შემდგომ პერიოდში და, თუ არ ვცდები, ეს ყველაფერი მოდის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე თუ მოსვლის პერიოდშიც არის რაღაც. ბოლო მონაკვეთი აღარ მახსოვს, თუმცა იქ ისეთი არაფერი ეწერა, რომ ვიღაცას ამის გამო შეეკვეთა, ან ეს მკვლელობა განეხორციელებინა, რომ ეროსის მემუარები არ გამოექვეყნებინა.
_ ამბობენ, რომ თქვენ ეროსის კომპიუტერში ისეთი ინფორმაცია ნახეთ, რაც გამოძიებას გამოეპარა.
_ საკმაოდ ვრცლად შეიძლება ამ საკითხზე საუბარი და თან ეს ისტორია ძალიან საინტერესოა. ანუ ის რაც მოხდა, ეროსის პირად კომპიუტერებთან, პირად სივრცესთან დაკავშირებით მისი გარდაცვალების შემდეგ, ამაზე, სამწუხაროდ, ვერ გესაუბრებით!
თუმცა არის დეტალები, რაზედაც გამოძიებას პასუხი არ გააჩნია. მაგალითად: დნმ-ის უცხო კვალი იარაღის სასხლეტზე, თითის ანაბეჭდები... არ ვიცით, ვის ეკუთვნის დნმ-ი და ანაბეჭები. ნამდვილად არსებობს ეს ყველაფერი, საეჭვო პირის ვიდეოებიც აქვთ და სურათებიც, მაგრამ არ იციან, თუ სად ეძებონ...
გიორგი ლაფერაშვილი