საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, მამუკა სოფრომაძის ოჯახი ქალაქ ფოთის მერს, ირაკლი კაკულიას დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებასა და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის ბრალს სდებს და პროკურატურაში უჩივის. სოფრომაძეებს პრეტენზიები პარლამენტში ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის მისამართითაც აქვთ და აცხადებენ, რომ სწორედ ეკა ბესელია აფარებს ხელს და იცავს თავის „ჯიბის ბიჭს“.
„ქრონიკა+“ მამუკა სოფრომაძეს დაუკავშირდა. დროის უქონლობის გამო მან საქმეზე სასაუბროდ მეუღლესთან გადაგვამისამართა, რომელიც, ამავდროულად მისი ბიზნესპარტნიორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია.
ხათუნა დოლბაია-სოფრომაძე:
_ ჩვენ პრეტენზიები გვაქვს ფოთის მერთან, ირაკლი კაკულიასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, ეკა ბესელიასთან. პირველ რიგში გეტყვით, რა ურთიერკავშირშია ბესელია კაკულიასთან: ფოთის მერს ბესელიას „ჯიბის ბიჭს“ ეძახიან, რომელიც თავიდან ბოლომდე მისი შექმნილი პროდუქტია და დღემდე მფარველობს მას. მე და კაკულიას მეუღლე 35 წლის მეგობრები ვიყავით, ერთი პერიოდი ძალიან გაუჭირდათ, ჩემს მეუღლეს სთხოვეს, ბიზნესის საწარმოებლად თანხა ესესხებინა და საქართველოდან წასულიყვნენ, რადგან აქ ვერაფერს აკეთებდნენ. კაკულიამ ჩემი მეუღლის ნდობა ბოროტად გამოიყენა, ოჯახის წევრებივით გვყავდნენ. ისე ასესხა თანხა, ხელწერილი არ გაუფორმებიათ, მაგრამ ამის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები გვაქვს. მინიმუმ 250 000 დოლარზეა საუბარი, მაგრამ ოფიციალურად 200 000 დოლარია დაფიქსირებული. ამ თანხას 3 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ აძლევდა, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდით და კაკულიას თვითონ გადაჰქონდა ყაზახეთში. როგორ გადაჰქონდა, ამას ცალკე მოგიყვებით. ჩემი მეუღლის პირობა ასეთი იყო: როდესაც სესხის პირველ ნაწილს მისცემდა, მას უნდა გამოეგზავნა ინფორმაცია, ამ თანხით რა გააკეთა. შესაბამისად, კაკულია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერდა წერილებს, რომელიც მტკიცებულებად გვაქვს. ახლა რომ ამბობს, ვალი არ მქონიაო, აბა, რატომ წერდა და ანგარიშებს აბარებდა ვიღაცას, რაც უნდა ახლობელი იყოს?! ხელწერილი არ დააწერინა, რადგან ოჯახის წევრივით იყო და ასეთი შეცდომა დაუშვა. 2011 წლის ჩათვლით ხდებოდა თანხის სესხება. კაკულიას ეს თანხები ყაზახეთში გადაჰქონდა, იქ მას ანგარიში ჰქონდა გახსნილი და ჯართთან დაკავშირებულ ბიზნესს აწარმოებდა. მოლაპარაკების თანახმად, ეს თანხა მას 2012 წლის დასაწყისში უნდა დაებრუნებინა. 2012 წელი რომ დადგა, რაღაც არეულ ინფორმაციებს აგზავნიდა. ჩემი მეუღლე დაეჭვდა და ჰკითხა, _ ბიზნესში პრობლემები ხომ არ გაქვსო? უპასუხა, _ ყველაფერი კარგად არისო. _ ხომ იცი, რომ უნდა დამიბრუნო ეს თანხაო? დაეთანხმა. ამის მერე კაკულია რამდენიმე თვე დაიკარგა, კონტაქტზე არ გამოდიოდა. მის ცოლს ვუკავშირდებოდით, ის გვეუბნებოდა, რაღაც პრობლემები აქვსო. ერთ მშვენიერ დღეს კი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა _ ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე, ბოლო 4 წლის მანძილზე, საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობდა. ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში ფირმა გახსნა, რომლის დირექტორიც იყო და მუშაობის უფლებით ბინადრობის მოწმობა ჰქონდა აღებული. ამ ყველაფრის დადგენა ძალიან ადვილია. იქ მუშაობდა და ოფიციალური კავშირები საქართველოსთან არ ჰქონია. ამ დროს ჩემი მეუღლე შეხვდა. თურმე, მას უკვე „ოცნებასთან“ ჰქონია კავშირები დამყარებული. ჯერ თქვა, არ არის პრობლემა, თანხას დაგიბრუნებო. შეხვედრაზე ვიღაცები მოიყვანა, რომლებიც არანაირად არ იყვნენ ამ საქმის კურსში, იქ დაიწყო იმაზე საუბარი, თითქოს ბიზნესი დაკარგა. ჩემმა მეუღლემ უთხრა, _ მე რა შუაში ვარ, შენ თუ რამე გაგიფუჭდა, ვხედავ, რომ თანხა, რომელიც უნდა დამიბრუნო, სადღაც გაქრაო. ბოლოს თქვა, დაგიბრუნებო და კიდევ დაიკარგა. ბოლოს 2012 წლის ნოემბერში გამოჩნდა და უკვე პარტია „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მოგვევლინა. ამანაც გაგვაოცა, _ კაცი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, ქართულ პოლიტიკასთან ბოლო 4 წლის განმავლობაში.
_ მანამდე რას საქმიანობდა?
_ „ახალ მემარჯვენეებთან“ იყო და 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელიც გახლდათ. მერე თქვა, აქ პერსპექტივას ვერ ვხედავო, ყველაფერი მიატოვა და ყაზახეთში წავიდა. „ალდაგში“ ფოთის წარმომადგენლობაშიც მუშაობდა. როგორც ვიცი, ეს კომპანია „მემარჯვენეების“ ლიდერების მფლობელობაში იყო და დაასაქმეს. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ამტკიცებენ, რადგან ის 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი იყო, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადენლებმა, ხელი რომ არ შეეშალა მათი საქმიანობისთვის, 50 000 დოლარი გადაუხადეს, რომ საქართველოდან წასულიყოო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ამას ბევრი საუბრობს და არის ხალხი, რომლებიც ამას მტკიცებით ფორმით ლაპარაკობს. მერე ყველა ამბობდა, თქვენი თანხებით ბესელიასკენ გაიკვლია გზა, ძალიან ბევრ საჩუქარს უკეთებდაო. ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ისმის კითხვა, _ რა პრინციპით დანიშნა ქალბატონმა ბესელიამ კაკულია ფოთში „ოცნების“ თავმჯდომარედ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ამ პარტიასთან?! როგორც კი გამოჩნდა „ოცნებაში“, ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და თანხა მოსთხოვა. მუქარა შემოუთვალა, _ მე ახლა პარტია „ოცნების“ თავმჯდომარე ვარ, საერთოდ არ გამეკარო, თორემ პრობლემებს შეგიქმნიო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, _ არაფერს გაპატიებ, „ოცნებაში“ კი არა, სადაც არ უნდა იყო, ჩემი ნაშრომი ფული მოგეცი და ეს თანხა უნდა დამიბრუნოო. ისიც კი შესთავაზა, რადგან ჩვენი მეუღლეები ამდენი ხნის მეგობრები არიან, მითხარი, რომ ცოლ-შვილს მოახმარე ის თანხა და ნახევარს გაპატიებო, ყველას თანდასწრებით უთხრა. მერე ცოტა ხანი კიდევ აცადა, პირდაპირ ხომ არ გავიქცეოდით სამართლებრივ სტრუქტურებში?! იფიქრა, ადამიანურად მივცემ დროს, იქნებ, აზრზე მოვიდესო, მაგრამ კონტაქტზეც კი არ გამოვიდა. ავიყვანეთ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და სამართლებრივი გზით დავიწყეთ ბრძოლა. კაკულია მერად არავის აურჩევია, ის 2014 წლის აგვისტოში ბესელიამ დანიშნა. მანამდე, 2013 წლის თებერვალში, პარტიის თავმჯდომარედ დასვა. სანამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნებოდა, კაკულია ბესელიას გვერდიდან არ სცილდებოდა და ბოლოს ისე გააკეთეს, ძველ მერს, დათო სარსანის, რომელსაც ჩვენ პირადად არ ვიცნობთ, მაგრამ ფოთში საკმაოდ კარგად ახასიათებენ, ბესელიამ ფოთთან დაკავშირებით ისეთი პირობები წაუყენა, სარსანიამ თქვა, ფოთელების წინააღმდეგი ვერ წავალ და ბევრ რამეზე ვერ დაგთანხმდებითო. ქალბატონ ბესელიას ეს არ მოეწონა, გადაწყვიტა, იგი თავიდან მოეცილებინა და კაკულიათი ჩაენაცვლებინა. ისმის კითხვა, _ ვინ არის კაკულია, რომელიც ბესელიას არასოდეს ნანახიც კი არ ჰყავდა, არანაირი შეხების წერტილი მასთან არ ჰქონია და არაფერი აქვს გაკეთებული „ოცნების“ პარტიის წინსვლისთვის?! როგორც კი მერად დანიშნეს, ჩვენი ადოკატი ფოთში ჩავიდა და უთხრა, _ ჩემს კლიენტს თქვენ მიმართ პრეტენზიები აქვს და იქნებ, მშვიდობიანი გზით გადაგვეწყვიტა ეს პრობლემებიო. ამაზე კაკულია წამომხტარა, აქეთ-იქით ურბენია და უთქვამს, _ სოფრომაძე თუ ამ თემას გაააქტიურებს, ვეცდები, იმდენი რამე წამოვუწიო, პრობლემები შევუქმნაო. მერე უთქვამს, მისი ვალი არ მაქვსო; შემდეგ, თქვენ რომ რამე იყიდოთ, გაყიდოთ და ბიზნესი არ გამოგივიდეთ, დამნაშავე ხომ არ ხართო? ადვოკატს უთქვამს, _ ხომ აღიარებთ, რომ ვალი გაქვთო?! ამაზე მთლად დაბნეულა და აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. ბოლოს მუქარა შემოგვითვალა. ამ მუქარაზე ჩემს მეუღლეს გაეღიმა და თქვა, _ ისე მაქვს ნაცხოვრები, კანონდარღვევა არასოდეს ჩამიდენია, რაც უნდა, ის აკეთოს, არ ვაპატიებ, ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ ეს თანხა მომეპოვებინა, ჩემზე აუგი არავის უთქვამს და კაკულიას ამის უფლებას არ მივცემო. ერთხელ კაკულია ფოთის ტელევიზიით გამოვიდა და ისიც კი იკადრა ეთქვა, _ სოფრომაძეს პოლიტიკური თემებისთვის იყენებენო. ჯერ ერთი, ჩემი მეუღლის გამოყენება ძალიან ძნელია, როგორც ყველა სერიოზული ადამიანის, მეორეც, მას პოლიტიკასთან შეხება არასოდეს ჰქონია. როდესაც „ოცნების“ მაღალჩინოსნებს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვამთ, უთქვამს, სოფრომაძე „ნაციონალია“ და ამიტომ მემტერებაო. წარმოგიდგენიათ?! არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვართ, მეგობრები გვყავდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ოცნებისა“ და სხვა პარტიის წევრები, ბოლოს ყველამ გაიგო, რომ სოფრომაძეს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
_ სამართლებრივი დავა რომ დაიწყეთ, ვის მიმართეთ?
_ ჩვენმა ადვოკატმა მთავარ პროკურატურაში შეიტანა სარჩელი, სადაც კაკულიას რამდენიმე საკითხში წავუყენეთ ბრალი. ჩვენთან ბესელია თავს იმართლებდა, პირადი დავაა და ვერ ჩავერევიო. დეტალურად მინდა ავხსნა, რომ ეს არ არის მხოლოდ პირადი დავა. პირველი ბრალდება, რომელიც კაკულიას წავუყენეთ, არის თაღლითური გზებით სხვისი ქონების მითვისება, ეს ნამდვილად პირადი დავაა ჩვენსა და მას შორის, მაგრამ შემდეგი პუნქტები, რომელსაც ახლა ჩამოგითვლით, ეს არის ფოთის მერის მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი ძალიან სერიოზული დანაშაულები. ჩვენ იძულებული გავხდით, ეს ყველაფერი მოგვეკვლია, ვინაიდან ყველას გვინდა ვაჩვენოთ მისი თაღლითური ბუნება. ეს კაცი არა მხოლოდ ჩვენ მიმართ, არამედ ყველას წინაშე აკეთებს ამას. რატომ გვქონდა და გვაქვს კითხვები ქალბატონ ბესელიასთან? კაკულია-ბესელიას კავშირების გარეშე რომ ვისაუბროთ, ეს ადამიანი არის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, რაშიც საკმაოდ დიდ ხელფასს იღებს. ჩვენ, როგორც ქონების მფლობელები, საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდით გადასახადების სახით და ამიტომ ჩვენც გვაქვს უფლება ვიკითხოთ რაღაცები. ირაკლი კაკულია ფოთის მერობის კანდიდატად რომ წამოაყენეს, სასამართლოში უჩიოდნენ, რადგან ბოლო 2 წელი საქართველოში არ უცხოვრია, კანონით არ ჰქონდა უფლება, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. მაშინ კაკულიას „ოცნების“ ადვოკატი ჯანდიერი იცავდა. ყველა ამას ამბობს, ბესელიას გარეშე სასამართლოსა და პროკურატურის სისტემაში ჩიტი არ ჭაჭანდებაო და ქალბატონმა ბესელიამაც ყველაფერი იცოდა. სიტუაციიდან რომ გამოეძვრინათ, კაკულიას ცნობა მიატანინეს, თითქოს ის ბოლო 2 წელი მივლინებით იყო წასული საქართველოდან. ეს ცნობა სასამართლომ ისე მიიღო, არც შეუმოწმებია. ეს ცნობა რომ უნდა გაეკეთებინა, ამას კაკულია ვერასოდეს მიხვდებოდა, რა თქმა უნდა, საკმაოდ ჭკვიანი ადვოკატი ჰყავდა და როგორც ვხედავ, ბესელიასაც არ აკლია ჭკუა-გონება. ეს არის მეორე ბრალდება, რასაც ჩვენ კაკულიას ვუყენებთ, _ ყალბი საბუთის შედგენა და სასამართლოს წინაშე წარდგენა, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.
_ რატომ იყო ყალბი?
_ ეს ცნობა კაკულიას მისმა თანაკლასელმა, ხვიჩა ცხვიტარიამ დაუწერა, რომელიც კაკულიასთან ერთად ყაზახეთში ცხოვრობდა. მას, ფიქტობრივად, თბილისში ფირმა „აქტაუ სიბირატი“ ჰქონდა გახსნილი, რომ იქ წასასვლელად რაღაც საბუთი გაეკეთებინა. ეს ფირმა არ ფუნქციონირებდა, უბრალოდ, ქაღალდზე იყო გაფორმებული. მოსამართლე რომ დაინტერესებულიყო, ამის შემოწმება ძალიან ადვილი იყო და დღესაც ძალიან ადვილია ამის გარკვევა, რადგან ნებისმიერი მივლინება საგადასახადო გადასახდელებით, ხელფასებით უნდა იყოს გამყარებული. რა თქმა უნდა, ეს არავის შეუმოწმებია და ფიქტიური ქაღალდი მიიღეს. ხვიჩა ცხვიტარიას ძალიან კარგად ვიცნობთ, ორივე ჩემი მეუღლის თანხებით იმყოფებოდა ყაზახეთში და 4 წელი ერთ ბინაში ცხოვრობდა. ბოლოს კაკულიამ ცხვიტარიას ცნობა კარგად დაუფასა. ყალბი დოკუმენტის შექმნა _ ეს ხომ არ არის პირადი დავა, ეს არის ის, რაც ზუსტად უნდა აინტერესებდეს მაჟორიტარს, იმ ადამიანს, რომელიც, ამავდროულად, საპროკურორო საბჭოს წევრია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მას უნდა აინტერესებდეს პირველ რიგში ეს ამბავი. პირდაპირ ვდებთ ბრალს, რომ მან ყალბი საბუთი შექმნა! „ოცნებამ“ ეს რომ აღიაროს, მთლიანად მისი დანაშაული უნდა აღიაროს. კაკულია ისეთია, შეიძლება აშანტაჟებს კიდეც რაღაცით ბესელიას და სხვებსაც, ოღონდ მისი საქმე არ გაფუჭდეს. ეს ნამდვილად ყალბი დოკუმენტია, ჯერ ერთი, 4 წელი ამ ხალხს ჩვენთან ჰქონდა ურთიერთობა და ვიცით, რომ არანაირ მივლინებაზე არ არის საუბარი. გამოიძიოს პროკურატურამ და დადოს დასკვნა, მივლინება თუ იყო; მესამე _ კაკულიას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ყაზახეთში გახსნილი ჰქონდა საბანკო ანგარიში, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს და პროკურატურაშიც არის წარდგენილი. მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, საგადასახადო სტრუქტურებში განცხადება უნდა გაეკეთებინა, ეს კანონია. როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშს ხსნის, ოფიციალურად ქვეყანა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს. არანაირი განაცხადი კაკულიას საგადასახადო ორგანოებში არ გაუკეთებია. ეს არის ძალიან სერიოზული კანონდარღვევა, რომლის დადგენა უადვილესია; ამ ანგარიშზე კაკულიას ჩვენი თანხები ხომ მიჰქონდა და გადაჰქონდა, ასი ათასობით თანხის ბრუნვაზეა ლაპარაკი, ამის შესახებ კაკულიას საქართველოში არანაირი განაცხადი არ გაუკეთებია. საქართველოს არ აქვს შეთანხმება ყაზახეთთან გადასახდელებზე. ამიტომ კაკულია თუ ერთ დოლარს მაინც გამოიმუშავებდა ყაზახეთში, აქაც უნდა გადაეხადა გადასახადი. ეს შემოსავალიც დაუმალა სახელმწიფოს. ჩვენი პირადის გარდა ბრალდებები ჩამოვთვალე და შეუძლებელია, ქალბატონი ეკა ამას ვერ ხვდებოდეს. რაც აინტერესებს, იმ საკითხებში საკმაოდ კარგად აზროვნებს! 2014 წლის შემდეგ ჩვენ ძალიან გავაქტიურდით, ჩემი მეუღლე, ადვოკატთან ერთად, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა, რომელიც მაშინ მოადგილე იყო. ჩემმა მეუღლემ შოთაძეს სთხოვა, რომ კანონის ფარგლებში მიჰყოლოდნენ ამ საქმეს და პასუხი გაეცათ. ხელწერილის გარდა იმდენი მტკიცებულება გვაქვს, ისინი შეამოწმონ, მართლები ვართ თუ არა. შოთაძე დაჰპირდა, ყველაფერს გავაკეთებთო და საქმე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში გადააგზავნა. გავიდა თვეები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. იქ მითითებული გვაქვს, ჩვენ რომ კაკულიას ფულს ვთხოვდით. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, ფულის გადაცემის დროს არც ერთი არ ყოფილა, მაგრამ ის, რომ 2012 წლის შემდეგ პერმანენტულად ვთხოვდით, ყველა ჩვენმა ახლობელმა იცის. საჩივარში მითითებულია მათი საკონტაქტო ინფორმაცია. პროკურატურამ ისინი უნდა დაკითხოს. კაკულიამ განაცხადა, მერი რომ გავხდი, მერე დაიწყეს ფულის მოთხოვნაო. არ იყო ასე და ამას პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. არავინ დაუკითხავთ, ერთადერთი, ჩვენი საერთო ნაცნობი, ფოთელი, ჩემი და მისი მეუღლის კლასელია, რომელმაც იქით მოითხოვა, დამკითხეთო. გამომძიებელი მივიდა, ჩვენებები ჩაიწერა და ამით დამთავრდა, არც ჩემი მეუღლე დაუკითხავთ. ადვოკატმა მიზეზი რომ იკითხა, უპასუხეს, საქართველოში არ არისო. 21-ე საუკუნეა, „სკაიპით“ დაკითხეთ, ხშირად ჩამოდის, ამაზე წინასწარ გაფრთხილებთ და რა პრობლემააო? მოკლედ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურიდან რეაგირებაა ნული. თურმე, რა ხდება _ სამეგრელოს გუბერნატორი შონია ძალიან მჭირო ურთიერთობაშია ბესელია-კაკულიასთან, მათ რაღაც საერთო ინტერესები აქვთ, ხელს ვერ დავადებ და ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე საუბრობენ. რაღაც პროექტების ინტერესებზე და, შესაბამისად, ბესელია-შონია უფრო უკეთესად აკონტროლებს სამეგრელოს პროკურატურას, ვიდრე ცენტრალურს. ჩვენმა ადვოკატმა ისევ გენერალურ პროკურატურას მისწერა, _ წამოიღეთ უკან ეს საქმე, იქ არავინ იძიებსო. საქმეს ვერ აჩერებენ, რადგან დახურვის საბაბი არ არის და არც წინ მიდიან.
_ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე ახსენეთ ბესელიას პოზიცია. მას პირადად დაუკავშირდით?
_ „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსად რამდენჯერმე დავდე ეს ამბავი. ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონი ბესელია „ფეისბუქზე“ მწერს: ქალბატონო ხათუნა, არ მინდა, რომ ნაწყენი იყოთ, მაგრამ ეს არის პირადი დავა, ამაში ვერ ჩავერევი, მხარე ვერ გავხდები, ერთადერთი, რაც შემიძლია ის არის, მომწერეთ ოფიციალური წერილი კომიტეტში და მაქსიმალურად შევეცდები, სამართლიანობამ იზეიმოსო. ჩვენი ადვოკატის მეშვეობით ოფიციალურად მივწერეთ წერილი, მაგრამ სიჩუმე! არც ოფიციალური პასუხი წერილზე, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. გავიდა ორი თვე და ისევ „ფეისბუქზე“ ვწერ, _ ქალბატონო ეკა, რა ხდება-მეთქი? და მიპასუხა, _ ვერ ჩავერევი ამ ამბავში, ეს პირადი საქმეაო. ვუხსნი, _ არ არის პირადი, თუ გინდაც პირადი იყოს, ბრალს ვდებ მერს, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი ხართ, რომ ასეთი საქმე აქვს ჩადენილი, ამის გარდა ამდენ დანაშაულზეა იქ საუბარი, მაგრამ ამბობენ, რომ ბევრი მფარველი ჰყავს და ამას თვითონ კაკულიაც ტრაბახობს, იმასაც კი გაიძახის, პრემიერიც ჩემი მფარველია და არ მინდა დავიჯერო, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იფარავს კაკულიას, ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით-მეთქი. ამაზე მწერს, _ იცით, რა, ეს ახლა მუქარის წერილია და ასეთ წერილებს პროკურატურაში ვაგზავნიო. ვუპასუხე, _ ძალიან გთხოვთ, გააგზავნეთ პროკურატურაში, ჯერ ერთი, სად ნახეთ მუქარა, დავწერე, რომ ამბობენ, ბევრი იფარავს, თვითონ ტრაბახობს ამით, რომ ბევრი მფარველი ჰყავს, თუ ვინმე იფარავს, ე. ი. იფარავს დანაშაულს და ისიც დამნაშავეა, არც იმაზე დავხუჭავთ თვალს-მეთქი, თქვენ რა, მას იფარავთ-მეთქი? აბა, რატომ უნდა გაღიზიანებულიყო და გაბრაზებულიყო?! გჯერათ თქვენ, ბესელიას ინტერესი რომ არ ჰქონდეს, კაკულიას კბილებით ასე დაიცავდა?! დიდი ხანი ვფიქრობდით, საერთოდ რატომ დაგვიკავშირდა, ინიციატივა თვითონ გამოიჩინა და მოგვწერა, რომ ოფიციალურად მომმართეთო. თუ პასუხის გაცემა არ უნდოდა, რისთვის სჭირდებოდა წერილი?! მერე ძალიან ბევრმა ახლობელმა, რომელიც მას კარგად იცნობს, გვითხრა, _ ქალბატონ ბესელიას ძალიან უყვარს ძვირადღირებული საჩუქრები და, ალბათ, თქვენგანაც ამას ელოდებოდა, არაფერი რომ არ შესთავაზეთ, შესაბამისადაც მოიქცაო. სხვა რა ახსნა შეიძლება ამას ჰქონდეს?! ადამიანი თვითონ დაგვიკავშირდა, გვითხრა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ პროკურატურაში გამოძიება ჩატარდეს და სიმართლე გაირკვესო, ჩვენ ხომ უკანონობას არ ვთხოვდით?! ჩემი მეუღლე გადაირია, რატომ უნდა გავუკეთო საჩუქარი, ჯერ ერთი, თანამდებობის პირისთვის საჩუქრის მიცემა დანაშაულია და მეორეც, ჩემს ფულს ვითხოვ, სხვისას ხომ არა, რაიმე უკანონობას ხომ არ ვითხოვო?! და პრინციპზე წავიდა. მერე ამ ადამიანთან საერთოდ გავწყვიტეთ მიმოწერა. ლოგიკა ხომ არის ამაში, აბა, რატომ დაგვიკავშირდა?! საერთოდ, რატომ მოგვწერა?! თუ არ უნდოდა და არ აინტერესებდა, 2 თვე დაიკავა პაუზა და აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია! ჩვენი საერთო მეგობრისთვის უთქვამს, _ რა უნდათ სოფრომაძეებს, რას გადამეკიდნენო?! არ გადავეკიდეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, ეს არის კაკულიას დასჯა და ჩვენთვის სამართლიანობის აღდგენა. ეს მთავრობა მხოლოდ იმ ლოზუნგით მოვიდა, რომ სამართლიანობა აღედგინა. სამართლიანობას ვითხოვთ, ჩვენს კუთვნილ თანხას და დამნაშავის დასჯას, გვინდა, რომ კაკულიამ ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში ჩვენ წინაშე. იმდენი სიბინძურე იკადრა, ჩვენი ოჯახის წევრებსაც კი მისწვდა. ფოთში რომ ჩავდივართ, ქალაქიდან გადის, არასოდეს გვხვდება. აღარც ვცდილობთ მასთან კონტაქტს. თანამდებობის პირია, რომ დავურეკოთ ან მივიდეთ, ამას ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს და ამიტომ მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით ვესაუბრებით. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილზე რომ ამბობდა კაკულია, მართალი იყო, ისიც იცავდა. დაახლოებით ერთი წლის წინათ ბატონ ღარიბაშვილს ძალიან ახლობელი ადამიანის პირით შევუთვალეთ და ოჯახში ინფორმაცია მიუტანეს, რომ გუნდში გყავთ ასეთი კაცი, რომელიც დამნაშავეა, ვინ უნდა დააჯეროთ ფოთში, რომ „ოცნება“ სამართლიანობას ღაღადებსო? ჩვენი ტელეფონის ნომრები ჩაუწერია, შემოგვითვალა, _ დაგიკავშირდებიან და ჩვენებას ჩამოგართმევენო. როგორც თქვენ არ დაგირეკავთ იმის შემდეგ, ისე არ დაურეკავს ღარიბაშვილის გამოგზავნილ ხალხს. დეტალები თავიდან ბოლომდე იცოდა, რომელ სამართლიანობაზე უნდა ვისაუბროთ, ხალხი არც დაინტერესებულა! ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია კახა კალაძეს, მანაც იცის ამ საქმის შესახებ ყველაფერი, მაგრამ რეაგირება _ ნული! ყველა ხედავს, როგორ სამარცხვინოდ იფარავენ და ხომ ისმის კითხვა, _ რატომ?! ბესელია კბილებით რომ იცავს ამ კაცს, ფაქტია! გამოიძიონ, დაგვკითხონ მე და ჩემი მეუღლე, რაღაც გააკეთონ, არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ბესელიას გარეშე ხდება! ლოგიკას მივყვეთ, რის გამო დაიყენა კაკულია პარტიის თავმჯდომარედ? _ კაცს, რომელსაც არანაირი დამსახურება არ ჰქონია, საქართველოში არ ცხოვრობდა და შემდეგ მერად რისი გულისთვის დანიშნა?! ფოთში უამრავი ადამიანია, თუნდაც „ოცნების“ წევრი, რომელსაც ხალხი პატივს სცემს და ღირსეულები არიან! კაკულიას, რომელსაც არანაირი დამსახურება არ ჰქონდა, მით უმეტეს, „ოცნების“ მიმართ. შეხედა თვალებში და ისე მოეწონა, პირდაპირ დასვა?! ჩვენ რატომ დაგვიკავშირდა, ამას რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს?! ესეც გამართლდა! თავიდანვე გვითხრეს, თქვენგან რაღაცას ელოდებაო! 2 თვე უცადა, მერე მიხვდა, არაფრის გადამხდელები რომ არ ვიყავით. პირდაპირ ვაცხადებთ, ბესელია იფარავს დამნაშავე კაკულიას!
_ ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე, დაბრუნდა მთავარ პროკურატურაში?
_ არა. ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაშია და საქმე წინ არ მიდის. აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ. ჩვენს ადვოკატს ერთი ქალბატონი დაუკავშირდა, რომელიც კაკულიას უჩიოდა, ყალბი დიპლომი აქვსო. საშუალება არ გამაჩნია და რადგან თქვენ ჩივიხართ, დამეხმარეთო. ჩვენ ამაში არ ვერეოდით, ეს განაცხადი იმ ქალბატონის სახელით ჩვენს საქმეს მიაკრა ჩვენმა ადვოკატმა. პროკურატურას პასუხი მიუწერია, _ თბილისის უნივერსიტეტმა დაგვიდასტურა, რომ დიპლომი გაცემულიაო. ამ 2 წლის განმავლობაში პროკურატურამ ეს ერთადერთი პასუხი მოგვწერა. ამ საქმის გამოძიებას არაფერი უნდა, მაგრამ ნებას ვერ ვხედავთ! ბესელიას თუ არ უნდა, ამდენ სიყალბეს და დანაშაულს არავინ დაფარავს! ადრე მიკვირდა და ახლა რაც ამ ქალბატონზე საქმეები გამოქვეყნდა, უკვე აღარაფერი მიკვირს! ამხელა საქმეები წამოუწია ხალხმა და უნამუსოდ კიდევ ხმას იღებს! კაკულიას მერობის დროს ფოთში არაფერი გაკეთებულა. ამბობენ, ბესელიამ კაკულიას ბიუჯეტის ფული გაუნაწილა, კულტურა, მედიცინა და განათლება შენი იყოს, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა _ ჩემიო. გაზარდა შტატები, მიდის პრემიების ჩამორიგება და საოცრებებს აკეთებს იმ ფონზე, როცა უმწეოებს დახმარებები მოუხსნეს და ქალაქი განადგურებულია. ფოთში ანეკდოტად დადის, მთელი მერია ბესელია-კაკულიას კანტორააო. უგულავა რისთვისაც დაიჭირეს, იმაზე უარესს ესენი აკეთებენო. დოკუმენტაცია გვაქვს, კაკულია მერიიდან მივლინებაში იყო წასული, ქალაქის მერიამ გადაუხადა თანხა. ყაზახეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის სპაცენტრის დირექტორმა ევრაზიული კავშირის სავიზო-სასაზღვრო საკითხების სხდომაზე მიიწვია. ყალბი დოკუმენტია! ფოთის მერს სპაცენტრი იწვევს ევრაზიული კავშირის სხდომაზე! დარეკეს და გაარკვიეს, რომ არანაირი სხდომა არ ყოფილა და მეორეც, ევრაზიული კავშირის სხდომაზე რატომ უნდა წავიდეს ფოთის მერი?! იმდენად გათავხედდნენ, რომ თავსაც არ იწუხებენ, დოკუმენტები კარგად მაინც გააყალბონ. ეს საბუთი მერიაში დევს! ამის შესახებ ფოთის ტელევიზიამ ჰკითხა და უპასუხა, _ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მამა სპაცენტრის დირექტორია და იმასთან ვიყავი წასულიო. წარმოიდგინეთ, ნაზარბაევის ნათესავი რომ კაკულიას მიიღებს! ესეც იცის ბესელიამ, მიწოდებული აქვს ინფორმაცია, მაჟორიტარია და რაღაც რეაგირება ხომ უნდა გააკეთოს?! დაამხო და გაანადგურა ქალაქი, ფოთში ბესელიას სახელის გაგონება არ უნდათ! წარმოიდგინეთ, კაცი იმ დონეზე რომ დაეცემა, ბესელიას ფეხსაცმელს გაუწმენდს! კაკულია ფოთელებთან ყველაფერზე ბესელიას ახოცავს ხელებს! ბესელიას თავისი ცოდვები ჰყოფნის, მაგრამ ესეც ხომ ფაქტია! კიდევ ერთხელ ვამბობ, ადრე მხოლოდ ეჭვები გვქონდა, დღეს დარწმუნებით ვიცით, რა ძალა ჰქონია ამ ქალს სასამართლოში და პროკურატურაში, როგორც უნდა, ისე ატრიალებს ყველაფერს! ბესელია რომ არ იყოს ჩარეული ამ საქმეში, ვერც კაკულიას დაიცავდა ვერავინ და ვერც ამ გამოძიებას შეაფერხებდნენ!
„ქრონიკა+“ ფოთის მერიის პრესსამსახურის უფროსს, ანა კილასონიას დაუკავშირდა, რომელსაც ირაკლი კაკულიას მიმართ დასმული კითხვები მისი თხოვნით ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნეთ. მოგვიანებით, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მერი ქალაქში არ იმყოფებოდა და პასუხს ვერ გაგვცემდა.
თამარ ბატიაშვილი