ახლო აღმოსავლეთში არსებულ რთულ გამოწვევებთან გამკლავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. რა ხდება ამ რეგიონში დღეს? როგორ მწიფდებოდა კონფლიქტები სირიაში? რა გამოწვევების წინაშეა საქართველო და მსოფლიო?
ამ თემებზე ,,ქრონიკა+~-ს ესაუბრება ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი ვასილ პაპავა:
_ ვასილ, ბოლო პერიოდში აქტიურად იბეჭდება თქვენ მიერ მომზადებული ანალიტიკური სტატიები და თქვენთან ჩაწერილი ინტერვიუები უცხოურ ინტერნეტ-გამოცემებში. თავად როდიდან სწავლობთ ახლო აღმოსავლეთის საკითხებს და რამ განაპირობა ამ თემის მიმართ ასეთი ინტერესი საზღვარგარეთ?
_ მსოფლიო ისტორიამ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდიდან გამიტაცა. 2005 წელს დავამთავრე თსუ-ს სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. თავად აფხაზეთიდან დევნილი გახლავართ და ჩემთვის სამოქალაქო თუ რეგიონული კონფლიქტები უცხო არ არის. შესაბამისად, წლების განმავლობაში ვეცნობოდი როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ისტორიულ წყაროებს. ამ ინტერვიუს დასაწყისში მადლობას მოგახსენებთ ,,ქრონიკა+“-ს, ვინაიდან ის საკითხები, რომელსაც მე ვიკვლევ, ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ნაკლებად აინტერესებთ, თუმცა მსოფლიო პრესაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს დეტალურად აანალიზებენ, ვინაიდან იქ განვითარებული პროცესები მთელ პლანეტაზე აისახება სხვადასხვა ფორმით.
_ როგორც ვიცი, თქვენი კვლევის საგანს ამჟამად სირია წარმოადგენს. ქვეყანა, რომელიც, აგერ უკვე, მეხუთე წელია, ომის ქარცეცხლშია გახვეული და დღემდე მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად რჩება _ რა ხდება სირიაში დღეს?
_ სირია ახალგაზრდა სახელმწიფოა. იგი, ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როცა საფრანგეთისგან სრული თავისუფლება მოიპოვა. 40-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ქვეყნის მმართველობის სისტემა არასტაბილურობით ხასიათდებოდა. 1970 წელს სირიის ხელისუფლებაში მოვიდა ჰაფეზ ალ-ასადი, რომელიც განეკუთვნებოდა ალავიტების რელიგიურ მიმდინარეობას. სწორედ ამ პერიოდიდან სირიის წამყვან ძალოვან და ადმინისტრაციულ სტრუქტურებში, ძირითადად, ალავიტები ინიშნებოდნენ, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა სუნიტურ უმრავლესობაში. ხელისუფლების დამხობის მცდელობებს რეპრესიები მოჰყვებოდა და პირიქით _ სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშწორებებს _ სისხლისღვრა. სირიაში დღემდე არასტაბილური ვითარებაა.
_ მაშინ ვინ უჭერდა მხარს სირიის მთავრობას?
_ იქიდან გამომდინარე, რომ ცივი ომის პერიოდში მსოფლიო დაყოფილი იყო ორ, ერთმანეთთან ანტაგონისტურად განწყობილ ბანაკად _ სოციალისტურ და კაპიტალისტურ ზესახელმწიფოებად, არა მხოლოდ სირიაზე, არამედ სხვა ნავთობრესურსებით მდიდარ ქვეყნებზე გავლენების მოპოვებისთვის აქტიურად იბრძოდნენ. ამ დაპირისპირებაში სირია სოციალისტურ ბანაკს ემხრობდა.
_ ზესახელმწიფო საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არსებობს, თუმცა არსებობს მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი, რომელიც სირიაში მყარად დგას...
_ სანამ რუსეთ-სირიის ურთიერთობებზე გადავალთ, სირიის დღევანდელი მმართველის შესახებაც ვიტყვი მოკლედ: ბაშარ ალ-ასადი, რომელიც ჰაფეზ ალ-ასადის შვილია, ქვეყანას 2000 წლიდან მართავს. ჰაფეზ ასადი მემკვიდრედ თავის უფროსს ვაჟს, ბასელს ამზადებდა, თუმცა 1994 წელს ბასელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რის შემდეგაც სირიის მმართველი გახდა პროფესიით ოფთალმოლოგი, ბაშარ ასადი. დღეისთვის, მისი მმართველობის პერიოდში, სირია წარმოადგენს პოლიგონს, სადაც ერთმანეთს ღიად თუ ფარულად დაუპირისპირდნენ რეგიონული და გარე ძალები. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში სირია წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასაყრდენს საბჭოთა კავშირისთვის. ბაშარ ასადის მამამ საბჭოთა კავშირს ტარტუსის პორტიც გადასცა. ტარტუსის პორტის გადაცემიდან დღემდე სირია კრემლის მოკავშირეა. რუსეთიც, თავის მხრივ, მსოფლიო მასშტაბით იმყარებს პოზიციებს ამ ქვეყანაში.
_ გასული 2015 წლის ბოლოსთვის მსოფლიო, ლამის, რუსეთ-თურქეთის ომის მოწმე გახდა. პირდაპირ რომ გვითხრათ, არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის ომის დაწყების საფრთხე?
_ სირიის კონფლიქტის დაწყებისთანავე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ფარული ომი რუსეთსა და თურქეთს შორის. როგორც წეღან აღვნიშნე, რუსეთისთვის სირია ერთადერთ საიმედო მოკავშირეს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში, სადაც მას სამხედრო ბაზა აქვს. სირია-თურქეთის საზღვარზე, რუსული მოიერიშე თვითმფრინავის, `სუ-24~-ის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ეს ინციდენტი კრემლმა სათანადოდ გამოიყენა. პუტინის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ თურქეთი სირიის კონფლიქტიდან ამოეგდო. ოფიციალურმა მოსკოვმა თურქეთს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა.
_ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო ორ პოლუსად დაყო. ნაწილი სახელმწიფოებისა ასადის წინააღმდეგია, ნაწილი კი მის მხარეს იჭერს, თუმცა ცივილიზებული სამყარო ცალსახად გმობს ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულებივ ქმედებებს სირიაში და მის მიღმაც. თქვენი ინფორმაციით, ვინ დგას ამ ,,ისლამური სახელმწიფოს“ უკან და რა მიზნები აქვთ ტერორისტებს?
_ ბაშარ ასადისა და მისი სისტემის მიმართ, მართლაც რომ, არაერთგვაროვანი მიდგომები არსებობს საერთაშორისო საზოგადოებაში და მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში, თუმცა ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა ქვეყანა ცალსახა პოზიციას იჭერს. `აისისად~ ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია, არაბულად იგივე `დაიში~, ჩემი მოსაზრებით, ნავთობმონარქიების პროექტია. ის ტირაჟირებული სისასტიკე, რითაც `აისისმა~ სახელი გაითქვა, ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის შემადგენელი ნაწილია მოწინააღმდეგის დემორალიზაციისთვის. მათი დამკვეთები, ნავთობმონარქები, რელიგიურ თუ პატრიოტულ მოტივებზე დაყრდნობით, საკუთარი ფინანსური თუ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ტერორისტებს აქეზებენ.
_ ნავთობმონარქიები ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ მსოფლიოს ორ ნავთობმომპოვებელ ქვეყანას _ საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული კონფრონტაციის შესახებ, _ რამ გამოიწვია დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა?
_ სულ ახლახან, 3 იანვრის დილას, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოსა და საკონსულოში დემონსტრანტები შეიჭრნენ, რასაც საუდის არაბეთის სამეფოს მხრიდან ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვა. თუმცა ამ მოვლენებს ფონად უძღოდა რეგიონში დომინანტობისთვის ბრძოლა. ირანის გამოსვლა მრავალწლიანი სანქციებისა და იზოლაციის რეჟიმიდან კარდინალურად ცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში. ამას ეწინააღმდეგებიან საუდის არაბეთი და მისი მოკავშირეები. ირან-საუდის არაბეთს შორის დაპირისპირება უარყოფითად აისახება ასევე კავკასიაზეც, სადაც მრავლადაა მოუგვარებელი ეთნო და რელიგიური კონფლიქტები.
_ ამ ძალიან რთულ გეპოლიტიკურ ვითარებაში რა პოზიცია აქვს ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან მოსაზღვრე საქართველოს?
_ საქართველოს ძალიან მნშივნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. კავკასიაზე ძალაუფლების მოპოვების მიზნით აქ საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა იმპერია. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შექმნილმა ურთულესმა ვითარებამ საქართველო ამოაგდო გეოპოლიტიკური ჩარჩოდან, რამაც, ფაქტობრივად, ხელი შეუშალა საქართველოს, უფრო ეფექტური რეგიონული პოლიტიკა ეწარმოებინა.
_ რამდენად დაცული ვართ ტერორიზმის საფრთხეების წინაშე? თქვენი ინფორმაციით, რას აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სპეციალური თუ უსაფრთხოების სამსახურები ტერორიზმის საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად?
_ მე არც ერთი უწყების წარმომადგენელი არ ვარ და დაზუსტებით გამიჭირდება იმის თქმა, თუ რას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა აბარიათ. საქართველოში არ არსებობს ახლო აღმოსავლეთისა და ისლამის შემსწავლელი არც ერთი კვლევითი ცენტრი, რომელიც კვალიფიციურ რჩევებს გაუწევდა სახელისუფლებო ინსტიტუტებს და მათ მთელ რიგ წინადადებებს შესთავაზებდა აღნიშნულ საკითხებში.
შეიძლება ვინმემ ბრალი დამდოს არაკოლეგიალურობაში, თუმცა ცრუ კოლეგიალურობის თამაშის გამო სახელმწიფო ინტერესებს ვერ დავივიწყებ. შესაბამისად, პირდაპირ ვიტყვი: საქართველოს არ ჰყავს წონიანი ექსპერტები ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რომლებიც, მეტ-ნაკლებად, სისტემატურ რეჟიმში გამოიკვლევენ და გააანალიზებენ აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, XXI საუკუნეში, ტერორიზმის წინაშე, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. პარიზში მომხდარმა მოვლენებმა ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ყველა. რაც შეეხება საქართველოს, აქ სალაფიტური ფონდების საქმიანობა ახალი, შეუსწავლელი დარგია. ვფიქრობ, სპეციალური სამსახურები ამ თემით მეტად უნდა დაინტერესდნენ, თუმცა ტერორიზმის პრევენციის მიმართულებით სწორად გადადგმული ნაბიჯებიც არის. მაგალითად, მუსლიმი მოსახლეობის მზარდი, უკონტროლო მიგრაციის შეჩერების მიმართულებით გატარებული პოლიტიკა.
_ ვინ არიან სალაფიტები და რა ფონდები აქვთ მათ? იქნებ, დეტალურად განუმარტოთ ჩვენს მკითხველებს.
_ სალაფიზმი არის მიმდინარეობა სუნიტურ ისლამში, იგი აერთიანებს რელიგიურ მოღვაწეებს, რომლებიც მუჰამედის პერიოდში არსებული წყობილების აღდგენას ცდილობენ, ყველა სიახლისა და დანამატის გარეშე. სალაფიტები ხშირად რადიკალ ისლამისტებს აფინანსებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
_ რა შემთხვევაში შეიძლება გავხდეთ ტერორისტების სამიზნე?
_ საქართველოში ,,აისისის“ ხელშემწყობ ფაქტორებად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, რადგანაც ,,აისისისთვის“ მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მყარი ფუნდამენტის შექმნა, რაც სამომავლოდ მათ საშუალებას მისცემს, სათანადო დახმარება აღმოუჩინონ ჩრდილო კავკასიის იატაკქვეშეთში მყოფ შეიარაღებულ მებრძოლებს. თუმცა აქვე უნდა გავაჟღერო დამამშვიდებელი პროგნოზები არსებულ რეალობაზე დაყრდნობით: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლები უმრავლესობაში არიან, არ შეინიშნება მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობისადმი. საქართველო არ მონაწილეობს ,,აისისის“ საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციებში, რაც ამცირებს თეორიულ შანსებს იმისას, რომ ტერორისტების სამიზნე გავხდეთ. ამ ეტაპზე არ არსებობს ის იდეოლოგიურ-პოლიტიკური ფონი და წინაპირობა, რომ ,,ისლამურმა სახელმწიფომ“ მტრად გამოგვაცხადოს.
_ რას გვეტყვით საქართველოდან სირიაში საომრად წასულ მოქალაქეებზე? რა ინფორმაცია გაქვთ მათ შესახებ?
_ ამ კითხვაზე ახალს ვერაფერს გეტყვით. როგორც ვიცი, საქართველოდან სირიაში 250-300 ახალგაზრდაა წასული, ძირითადი ნაკადი პანკისზე მოდის. მიზეზები მძიმე სოციალურ ფონშიც უნდა ვეძებოთ რელიგიურ თუ იდეოლოგიურ მოტივებთან ერთად. როგორც მედიით გავიგეთ, ამას წინათ პანკისის ხეობას თავდაცვის მინისტრი ეწვია. ვფიქრობ, ქალბატონი ხიდაშელი, სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო აღნიშნულ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ბედით.
_ ინტერვიუს დასასრულისკენ აუცილებლად გკითხავთ: თუ გაქვთ კონკრეტული რეცეპტები, რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას და ძალოვან უწყებებს, სპეციალურ და უსაფრთხოების სამსახურებს, ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?
_ მივყვეთ თავიდან: ხელისუფლებას ვურჩევდი, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების პარალელურად, ახლო აღმოსავლეთთან უფრო აქტიური ურთიერთობების დამყარებას.
რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, მე პირადად ამ მხრივ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსაც არ აწყენდა გააქტიურება. მართალია, მე მათი შიდა სამზარეულო არ ვიცი, თუმცა გარედან რაც ისმის, ისაა, რომ სუს-ში უკანონო მოსმენები კვლავაც აქტუალურია, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს პლანეტაზე #1 საფრთხედ ტერორიზმია მიჩნეული, შესაბამისად, ასი თვალი და ასი ყური უნდა მივმართოთ მის წინააღმდეგ.
ზაზა სვანაძე