QronikaPlus
თეატრი, რომელიც ამბობს მხოლოდ სიმართლეს და მაყურებელს დღესასწაულს სთავაზობს

თეატრი, რომელიც ამბობს მხოლოდ სიმართლეს და მაყურებელს დღესასწაულს სთავაზობს

2016-01-26 11:54:23

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, „თავისუფალი თეატრის“ მეპატრონე და სამხატვრო ხელმძღვანელი, „თეატრალური სარდაფის“ დამაარსებელი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი, რომელსაც სპექტაკლები უცხოეთშიც დაუდგამს _ ყველაფერი ეს ავთანდილ ვარსიმაშვილის არასრული რეგალიებია. ვარსიმაშვილს გადაღებული აქვს მხატვრული ფილმებიც. როგორც თეატრის რეჟისორს, არაერთი ჯილდო აუღია. ერთი სიტყვით, ვარსიმაშვილს უცხოეთშიც კარგად იცნობენ. გრიბოედოვისა და „თავისუფალი თეატრის“ გარდა ვარსიმაშვილს უმუშავია შოთა რუსთაველის სახელობის თეატრშიც, სადაც დადგმული აქვს ცნობილი სპექტაკლები: „მშვენიერი ქართველი ქალი“, „ათვინიერებენ მიმინოს“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „ტიტუს ანდრონიკუსი“, „მოკვეთილი“. ქრონიკა+“ ავთო ვარსიმაშვილს ესაუბრება: _ როგორც შევიტყვეთ, მალე სამუშაოდ უკრაინაში მიდიხართ... _ კიევში დაახლოებით ერთ თვეში გავემგზავრები, ივან ფრანკოს ნაციონალურ აკადემიურ თეატრში შექსპირის „რიჩარდ მესამე“ უნდა დავდგა. _ შექსპირის დადგმა თქვენთვის ერთმნიშვნელოვნად პრიორიტეტულია? _ შექსპირი ჩემთვის მართლაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, ის ყველაზე დიდი ავტორია. შექსპირის ნაწარმოები ეხმაურება ყველა დროს, ახერხებს იმას, რომ ყოველთვის აქტუალური იყოს. შექსპირის ნაწარმოებები იმაზეა, რაც ყოველ წუთს აწუხებს კაცობრიობას. _ არაერთ თეატრში გიმუშავიათ. ყველაზე უფრო სად გრძნობდით თავს კომფორტულად? _ უფრო მაინც „თავისუფალ თეატრში“. აქ თითქმის ყველა მსახიობი ჩემი შეგირდი იყო, აქ ყველა მსახიობს ესმის ჩემი და მეც კარგად მესმის მათი, ჩვენ აქ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. „თავისუფალი თეატრი“ საქართველოში ერთადერთი თეატრია, რომელიც სახელმწიფოსგან არ ფინანსდება, მიუხედავად ამისა, ეს თეატრი არსებობს. შემოსავალი ბილეთების გაყიდვიდან გვაქვს, დარბაზში 120 მაყურებელი ეტევა და ჩვენს სპექტაკლებზე თითქმის ყოველთვის ანშლაგია. _ როგორ ფიქრობთ, რით არის გამოწვეული ანშლაგები და ის, რომ სუბსიდიის გარეშე გაგაქვთ თავი? რით არის გამორჩეული თქვენი თეატრი თბილისის სხვა თეატრებისგან? _ ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც მაყურებელს აწუხებს. „თავისუფალი თეატრი“ ცოცხალი თეატრია. ჩვენ არ ვდგამთ სამუზეუმო სპექტაკლებს, ჩვენი ნამუშევრები თანამედროვე ყოფის მტკივნეულ საკითხებს ეხება. _ ანუ წინა პლანზე უფრო აქტუალურობაა, ვიდრე კლასი? _ არა, ეს ორი რამ ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს. ეს არის თეატრი, რომელიც ამბობს მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს _ ასეთია ჩვენი მიმართულება. _ როგორია თანამედროვე თეატრი დასავლეთში? ამ კითხვას ზოგი ასე პასუხობს: თანამედროვე თეატრი არის სულ სხვა დეკორაცია, სულ სხვა ილუმინაცია და სულ სხვანაირი მუსიკალური გაფორმება და არა ის, რაც არის საქართველოში. რას იტყოდით ამ ყველაფერზე? _ ეს ასე არ არის. თუ ამაში ბროდვეის თეატრი იგულისხმება, ეს ცალკე სფეროა, ხოლო რაც შეეხება დრამატულ თეატრს, ქართული თეატრი ავტორიტეტია, ერთ-ერთი იმათგანია, მსოფლიოს თეატრალურ სამყაროში სერიოზული სიტყვა რომ ეთქმის. _ 70-იანი და 80-იანი წლების თაობას თითქოს ხინჯად აქვს ის, რომ საქართველოში ჯერაც ვერ ხერხდება ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლების დადგმა. ვფიქრობ, ვებერის მიუზიკლებზე მოთხოვნა ახალ თაობაშიც უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ასეა დასავლეთის ქვეყნებში. თქვენ არასდროს გქონიათ სურვილი, დაგედგათ ვებერის რომელიმე მიუზიკლი? _ საქართველოში ვებერის მიუზიკლები რომ ვერ იდგმება, ამას მარტივი მიზეზი აქვს: ერთი სპექტაკლის დადგმა თეატრის ერთი წლის ბიუჯეტი დაჯდება. ვებერის მიუზიკლები ბროდვეის თემაა, ამერიკული კულტურის ნაწილია. ვებერის მიუზიკლი რომ დადგა, ლიცენზიაა საჭირო, საავტორო უფლებაც საყიდელია, ის დეკორაცია და ის კოსტიუმები უნდა შეიძინო, რასაც ბროდვეიზე იყენებენ. ეს უკვე თავისებური ინდუსტრიაა. როცა ტურისტი ბროდვეიზე იღებს სასტუმროს, გადასახადში შედის ბილეთი ბროდვეის თეატრში. ამას წინათ ესტონეთში დადგეს ვებერის მიუზიკლი „ოპერის აჩრდილი“ და ეს 6 მილიონი ევრო დაჯდა. ისე კი ვებერის მიუზიკლების დადგმის სურვილი მეც მქონდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, ძალიან ძვირი სიამოვნებაა. _ როცა რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდით, რომელი იყო თქვენი  მნიშვნელოვანი სპექტაკლი? ისეთი, რომელმაც დიდწილად განაპირობა თქვენი შემდგომი საქმიანობა?.. _ რეჟისორისთვის ის სპექტაკლია მნიშვნელოვანი, სადაც საკუთარ თავს დაინახავს. „მშვენიერი ქართველი ქალი“ შვიდი წელი იყო რუსთაველის თეატრის რეპერტუარში, კიდევ, „ათვინიერებენ მიმინოს“ და შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“ _ ამ სპექტაკლების მერე მივხვდი, საით უნდა წავსულიყავი, სად იყო ჩემი გზა. _ ზოგჯერ არ არის აუცილებელი ტიტრები თუ აფიშა, რომ მიხვდე, ესა თუ ის სპექტაკლი ან კინო ვისი დადგმულია. როცა მაყურებელი თქვენს სპექტაკლებს უყურებს, ის ხვდება, რომ რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია? _ ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიონალური თეატრისთვის ჩემი ხელწერა ნაცნობია, ამას პროფესიონალი მაყურებელიც ხვდება. _ გრიბოედოვის სახელობის თეატრი სპეციფიკურია _ ყველა სპექტაკლი რუსულ ენაზეა. რამდენად პოპულარულია ეს თეატრი? რამდენად  უყვარს ჩვენს მაყურებელს რუსული სპექტაკლები? _ გრიბოედოვის თეატრი ერთ-ერთი ყველაზე დასწრებადია. დავდივართ გასტროლებზეც, მეტწილად ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში. ძირითადად წარმოვადგენთ კლასიკას. საკმაოდ ბევრ ქვეყანაში და ქალაქში გახლდით გასტროლებზე. თბილისში გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლებზე ეთნიკური რუსების გარდა რუსულენოვანი მაყურებელიც ბევრი მოდის, სპექტაკლებზე ისეთებიც მოდიან, რომლებიც, უბრალოდ, კარგად ფლობენ რუსულ ენას. _ „თავისუფალ თეატრშიამ დროისთვის რომელია ყველაზე პოპულარული სპექტაკლი? _ ლიდერი სპექტაკლი არ იკვეთება, რადგან ყველა სპექტაკლზე ასპროცენტიანი დასწრებაა და სპექტაკლის დასრულების შემდეგ 15-20 წუთი გრძელდება ტაში. ბილეთები ორი კვირით ადრე იყიდება. „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“ _ ამ სპექტაკლის ვიდეოგადაღება მინდოდა, მაგრამ დარბაზში ისეთი სიმჭიდროვე იყო, კამერები ვერ დავდგით. _ თანამედროვე ქართველი მწერლების პიესებსთავისუფალ თეატრშიარ დგამთ? _ არა, ოღონდაც იმიტომ კი არა, რომ მათი ნამუშევრები არ მომწონს, უბრალოდ, „თავისუფალი თეატრი“ ჩემი საავტორო თეატრია და საკუთარ ნამუშევრებზე ვმუშაობ. ამ თეატრში დადგმული „კავკასიური ცარცის წრეც“ 90-იანი წლების პერიპეტიებს ეხმაურება, ამ პიესის გაქართულებული ვარიანტია. _ სიყმაწვილეში რომელმა სპექტაკლებმა იქონიეს თქვენზე მნიშვნელოვანი გავლენა? _ რობერტ სტურუას სპექტაკლებმა: „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“ და „რიჩარდ მესამე“, კიდევ თემურ ჩხეიძის სპექტაკლმა „გუშინდელნი“. _ კინორეჟისორიც ხართ და უახლოეს პერიოდში ახალი ფილმის გადაღებას არ აპირებთ? _ 2016 წელი დაგეგმილი მქონდა, სად რა უნდა გამეკეთებინა, 2017 წელს კი, ალბათ, ფილმს გადავიღებ. საამისოდ სამი პროექტი მაქვს: ფილოსოფიური ზღაპარი, მძაფრი კომედია და ფსიქოლოგიური დრამა. _ ქართულ ტელესერიალებზე რა აზრის ხართ? ზოგი მსახიობის აზრით, ტელესერიალებში არ სჭირდებათ არტისტები და ამის გამო ხარისხი დაბალია... _ ტელესერიალი, ფაქტობრივად, ვერ იტევს მაღალპროფესიონალ სახეებს, ერთ დღეში ერთი სერიაა გადასაღები და წინასწარ განწირული ხარ იმისთვის, რომ ხარისი მაღალი არ იქნება. ტელესერიალს სჭირდება ტიპაჟები, თუმცა მასში მეტწილად არტისტები მონაწილეობენ. არ მომწონს სერიალები, თუმცა სერიალებში ბევრი პროფესიონალია დასაქმებული და ბევრი კარგი სახე იქმნება. მაღალი ხარისხის სერიალი იქმნება მხოლოდ ამერიკაში, აგრეთვე ინგლისში, სხვა წარმატებულ ქვეყნებშიც კი სერიალის ხარისხი არ არის მაღალი და რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენთან დაბალი დონეა?  

                                                                                                      დავით თავართქილაძე

     

გაზიარება