„ქრონიკა+“-მა ჯერ კიდევ გასული წლის ერთ-ერთ ნომერში გამოაქვეყნა ინტერვიუ ბერდია ბალიაურთან, სადაც საუბარი იყო, თუ რა გზა განვლო ახალარჩეულმა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ვინ ეხმარებოდა კარიერის შექმნაში და რა განსაკუთრებულ სამუშაოს ასრულებდა მთავარ პროკურატურაში სტაჟირების დროს. მათ შორის, საუბარი იყო, ბოლო დროს გახმაურებულ თემაზეც _ ბიზნესმენ ნიკა ლომინაძის მკვლელობის გამოძიების საქმეში აღებულ 500-ლარიან პრემიაზე. ოფიციალურ პასუხში მთავარმა პროკურატურამ, რა თქმა უნდა, უარყო ირაკლი შოთაძის მიერ აღებული პრემია ლომინაძის საქმის გამოძიებაში, რაც `ქრონიკა+“-მა ასევე დაბეჭდა.
ამჯერად ჩვენ ისევ დავუკავშირდით ბერდია ბალიაურს, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა და კარგად იცის, რა ხდებოდა სისტემაში.
დეტალები იმ ინტერვიუში, რომელიც ,,ქრონიკა“-მა ბერდია ბალიაურთან ჩაწერა:
_ როგორც უკვე ვთქვი, შოთაძის კარიერული წინსვლა მთლიანად უზრუნველყო მისმა ნათესავმა გოჩა ფარულავამ, სათანადო რეპუტაციის შექმნით, სამუშაო სტატისტიკის გაყალბებით, კონკურენტების კომპრომენტირებითა და დროულად გზიდან ჩამოცილებით. მე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო, რა ამორალური გზები გამოიყენა ფარულავამ ჩემ წინააღმდეგ, ვინ ჩართო ამაში და შემდეგ რა ოპერატიულად დაუფასა არაკაცული საქციელი, მაგრამ, ვფიქრობ, ეს თქვენს მკითხველს ნაკლებად აინტერესებს. ახლა მე გესაუბრებით თვით ფარულავას საქმეებზე და ვფიქრობ, ზოგი რამ თქვენთვის ნათელი გახდება.
_ საკმაოდ ხშირად ისმოდა სხვადასხვა წრეში გოჩა ფარულავას სახელი და გვარი, მას პროკურატურის `რუხ კარდინალადაც“ მოაზრებდნენ, კონკრეტულად, რას საქმიანობდა ის?
_ გოჩა ფარულავა იყო უამრავი შეკერილი საქმის სცენარისტი და სამართლებრივი გამყალბებელი, რომელთა შედეგადაც იმდენი ადამიანი დაზარალდა, ჩემი ქეისი მათთან შედარებით გართობად მოგეჩვენებათ. თქვენთვის კარგად ცნობილია და, ალბათ, ზოგადადაც გემახსოვრებათ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის საქმე, ე. წ. ციხის ბუნტის საქმე, სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელ თავდგირიძის საქმე, ე. წ. ტანკისტების საქმე (უკრაინაში შეძენილი ჯავშანტექნიკის დაახლოებით 40 ერთეული პოლიგონზე გაფუჭდა და სამხედრო სპეციალისტებს ბრალი წაუყენეს შეგნებულად უხარისხო ტექნიკის შეძენისთვის. სინამდვილეში კი ამ ტექნიკას სამხედრო ნაწილებში ვერ ან არ მოუარეს და მათი ხარისხი არაფერ შუაში იყო), რუსეთის ჯაშუშების საქმე (ეს პერსონები საზეიმო ცერემონიით გადასცეს შუამავლებს პროკურატურის ეზოში), ბათიაშვილის, კვიციანის საქმე და სხვა. ყველა ეს საქმე დაიწყო და დამთავრდა გოჩა ფარულავას დეპარტამენტში, მისი ხელმძღვანელობით და აქტიური ჩარევით. ამ საქმეებიდან რომელიმეში, თუკი ვინმე მოინდომებს თავისი დარღვეული უფლებების დაცვას, დღეს არსებობს იმის ილუზია, რომ შოთაძე ობიექტური იქნება? მე ზუსტად ვიცი, რომ არ იქნება. ჩემი ჩამოთვლილი საქმეების ფიგურანტების ნაწილი ცნობადი ხალხია, არც საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ და მაინტერესებს, არ იციან დღეს ვინ ქმნის საპროკურორო საბჭოში ამინდს? ვინ უკერავდა საქმეებს, მათაც დაავიწყდათ და მათ ადვოკატებსაც? თუ ისინი რეალური დამნაშავეები იყვნენ და უბრალოდ თავს გვაცოდებდნენ მაშინაც და ახლაც?
ამ საქმეებზე მე მაინტერესებს ქალბატონ წულუკიანის აზრიც, ანუ ის, თუ რას განაცხადებს საჯაროდ, თორემ, ფაქტობრივად, რასაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობას იღებს, ყველა ვხედავთ: ქალბატონმა თეა წულუკიანმა მოსპო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეა, გამინისტრების შემდეგ უკვე მესამე მთავარი პროკურორი არ `გამოადგა~, დღეს კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გვერდის ავლით ხვდება მოსამართლეების ნაწილს და სასამართლო რეფორმისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს ბლოკავს. ასე თუ გაგრძელდა, მერწმუნეთ, წულუკიანს არც ნინო გვენეტაძე `გამოადგება~ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც დატოვებს თანამდებობას. მიუხედავად ამისა, იქნებ, მოახერხოთ და ქალბატონ წულუკიანს ჰკითხოთ, იმ ფონზე, როცა გირგვლიანის საქმის მონაწილე პროკურატურის რიგით თანამშრომლებს _ მგელაძესა და ლაცუზბაიას საჯაროდ ბრალად სდებდა დანაშაულის ჩადენას, დღეს არ განიცდის უხერხულობას გოჩა ფარულავასთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მთავარ პროკურორად დაწინაურების გამო? მისი აზრით, თუნდაც ე. წ. ციხის ბუნტის საქმე ობიექტურად გამოძიებულია და იქ დაზარალებულთა სამართლებრივი ინტერესები სრულად დაკმაყოფილდა?
_ რას წარმოადგენს თვითონ გოჩა ფარულავა და ვინ დგას მის უკან?
_ ამის დასაბუთებულად თქმა მე არ შემიძლია. ვიცი, რომ საბჭოთა დროიდან პროკურატურაში მუშაობს, აქტიურად თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან და მუდამ ჩრდილში მოქმედებს. ვფიქრობ, მის შესახებ მისივე გაკეთებული საქმეებიდან უნდა ვიმსჯელოთ, ყოველ შემთხვევაში, მე რასაც ვხედავ, ეს კაცი აქტიურად უთხრის ძირს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოების საფუძვლებს. ფაქტია, სამხედრო აკადემიის, ტანკისტების, ჯაშუშებისა და კოდორის მოვლენების საქმეებით ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, დაზარალდა უკრაინის, როგორც შეიარაღების ექსპორტიორის რეპუტაციაც. ხოლო თუ ვინ ისარგებლა ამით, თვითონ მოიფიქრეთ თქვენც და ამ საქმეებში ბრალდებულებმაც. ზოგიერთი მათგანი ხომ სწორედ ამ საკითხებშია ექსპერტი და პერიოდულად საჯაროდ გვიხსნის მიმდინარე გეოპოლიტიკურ თემებს.
_ როგორც ჩანს, ამ ბოლო ხანებში ფარულავა აღარ ერიდება საჯარო გამოსვლებს და ფაქტია, აქტიური მხარდამჭერებიც მოუმრავლდნენ. ალბათ, დრო იცვლება...
_ ამასთან დაკავშირებით პატარა ისტორიას მოგიყვებით: 2006 წელს სამხედრო პოლიციამ დღემდე გაურკვეველი სამხედრო წოდების მქონე ტრისტან წითელაშვილი დააკავა, რომელიც ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიას ძარცვავდა, ანგრევდა შენობებს და ფიცრებს და აგურებს სახლში ეზიდებოდა. ამ საქმეზე პროკურორად მე მომიწია სასამართლოში გამოსვლა. აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, ვერ მივაღწიე მის დაპატიმრებას. სასამართლომ წითელაშვილს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაუშვა. ეს იმ დროს უპრეცედენტო ფაქტი იყო, პირადად ჩემი მონაწილეობით ბევრი ადამიანი დავაპატიმრეთ ანალოგიურ და უფრო მსუბუქ შემთხვევებშიც. წითელაშვილის შემთხვევაში მე ფარულავას დეპარტამენტში განმარტების მოთხოვნის ნაცვლად მიმანიშნეს, რომ არ ღირდა ხმაურის ატეხა, შემდეგ კი საქმეს მთლიანად ჩამომაცილეს. როგორც ჩანს, მოვლენები უფრო საინტერესოდ მოგვიანებით განვითარდა, როდესაც აგვისტოს ომის დროს ეს სუბიექტი როგორღაც გორში არსებულ სამხედრო შტაბში მოხვდა და დღემდე გვიყვება იქ არსებულ სიტუაციაზე. როგორ მოხვდა 2 წლის წინ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული წითელაშვილი ასეთ მნიშვნელოვან დროსა და ადგილას, რა სტატუსით და ვისი რეკომენდაციით? თუ საბრძოლო გამოცდილების გაზიარება უნდოდა, გასულიყო წინა ხაზზე, არა? დღეს კი ბატონი წითელაშვილი გაზეთებში აქვეყნებს საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი ჯარისკაცების დაკითხვების ოქმებს. საიდან ხვდება მის ხელში ეს მასალები, თავდაცვის სამინისტროს რომელი ადმინისტრაციის ხელშეწყობით? და რაც ყველაზე საინტერესოა, ,,ნაციონალებისა~ და მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლის დროშით, რომელი ოფიცრების კომპრომეტირება ხდება ამ მასალებით?
ალბათ ბევრი კითხვა დავსვი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის მოძებნა დაგვეხმარება გავერკვეთ ზოგიერთ დელიკატურ საკითხში, არა მარტო პროკურატურასთან, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებში.
მარიამ ბალანჩივაძე