QronikaPlus
ლაგოდეხის ნაკრძალში მოწყობილი POLICE ფართი?!

ლაგოდეხის ნაკრძალში მოწყობილი POLICE ფართი?!

2016-01-26 11:44:03

მართალია, 2016 წელი კახეთში თამაზაშვილისა და ღარიბაშვილის გარეშე დაიწყო, მაგრამ მათი კადრები კვლავ ხიბლში არიან და ვერ ხვდებიან, რა მოხდა მათ თავს... უსამართლობის, განუკითხაობისა და დაუსჯელობის სინდრომით რომ არის შეპყრობილი ერი, ეს უკვე ცხადია. ამის ნათელი მაგალითი კი თელავში საპატრულო პოლიციის ეზოში მეზობლის ღობიდან ხეზე აცოცებული კრიმინალის 2 ტყვიაც დასტურია იმისა, რომ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს! 30 დეკემბერს თელავში შემზარავი ტრაგედია საპატრულო პოლიციის ეზოში დატრიალდა. იმ დილით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სამსახურში ჩვეულებრივ მივიდნენ. პატრულ-ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი მეწყვილესთან ერთად საპატრულო მანქანით ქუჩაში უნდა გასულიყო. ის ეზოში გამოვიდა და მოულოდნელად გასროლის ხმაც გაისმა... მიწაზე მოწყვეტით დაეცა. პოლიციის თანამშრომლებს ეგონათ, ბავშვებმა საახალწლო შუშხუნა ააფეთქესო. ვინ წარმოიდგენდა, რომ მათ კოლეგას პოლიციის ეზოში ტყვიას ესროდნენ?! პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი დაჭრილი კოლეგისკენ გაიქცა და ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. ამჯერად დამნაშავემ დაჭრილის საშველად მისულს დამიზნებით ესროლა. შენობიდან პოლიციელები გამოცვივდნენ. გელამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ გვერდით ეზოდან ისროლეს. დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში წაიყვანეს. 49 წლის გელა ლამაზოშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. 35 წლის მაია ჯავახიშვილი სიკვდილს ებრძოდა. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაჭრილის გადასარჩენად თბილისიდან ექიმები ვერტმფრენით ჩაიყვანა, მაგრამ ამაოდ _ მაია ჯავახიშვილი მეორე დილას გარდაიცვალა. ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის სანდრო მეტრეველი დააკავეს. ბრალდებული პოლიციის გვერდით ცხოვრობს _ მის სახლსა და პოლიციის შენობას ერთი გალავანი აქვს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი _ სანადირო თოფი ამოიღეს, რომელიც სანდრო მეტრეველის დიდ პაპას ეკუთვნოდა და ოჯახის რელიკვია იყო. მეზობლები ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ: `ბიჭები ბირჟაზე ვიდექით, გასროლის ხმა რომ გაისმა. თავიდან ასაფეთქებელი გვეგონა... როცა დავინახეთ, როგორ შეცვივდნენ პოლიციელები მეტრეველის სახლში, მივხვდით, რაღაც საშინელება რომ მოხდა და ჩვენც იქით გავიქეცით. ჭიშკარს რომ მივადექით, სანდრო უკვე ხელბორკილით გამოჰყავდათ. გაოგნებული ვართ, ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა და კონფლიქტური არასდროს ყოფილა. არც ის ვიცოდით, ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდა. არაფერი შეგვიმჩნევია, არც აგრესიული გვინახავს. პაპამისი ცნობილი მეღვინე იყო. ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, ვერ აგვიხსნია, რატომ დახოცა პოლიციელები. _ ასე ყვება სხვადასხვა მედია საშუალება მკვლელობის შესახებ. თელავი პატარა ქალაქია, სანდრო მეტრეველის ფსიქიკური აშლილობა აქ არავის გაუგია, ყველამ იცოდა, რომ ბიჭი რაგბისტი იყო და ვარჯიშობდა. თუმცა XXI საუკუნის ადამიანის სარკე სოციალური ქსელია. მეტრეველის ფეისბუქ გვერდი კი გვამცნობს, რომ ბრლდებული ბოლო ერთი წელია, ვერ ფარავს აგრესიას სამართალდმცველების მისამართით, მათ ჰპირდება, რომ აუცილებლად მოუღებს ბოლოს და დახოცავს. ამის გარდა, ბრალდებული შავი სამყაროს ფანია და მათზე შექმნილ კლიპებს და სიმღერებს აზიარებს. ადამიანი კი, რომელიც ძალოვან სტრუქტურაზე საჯაროდ, სოციალურ ქსელში, ასეთი სიძულვილის ენით ლაპარაკობს, სადღაც 5 მეტრის ღობის იქით ცხოვრობს საპატრულო პოლიციის რეგიონული სამმართველოდან. მთავარი: როცა სპეცრაზმი მეტრეველის ოჯახში შევარდა, ბრალდებული საწოლში იწვა და პირველი, რაც სამართალდამცველებს უთხრა, იყო: მე გიჟი ვარ და პასუხს ვერ მომთხოვთ! ისმის კითხვა: რა კვალიფიკაციას მიანიჭებს გამოძიება დანაშაულს საბოლოოდ? აქვე ჩნდება მეორე კითხვაც: ბრალდებულის ფსიქიკური აშლილობის ალიბად გამოყენება ვისთვის არის მომგებიანი, მკვლელისთვის თუ სამართალდამცველებისთვის? ამაზე, ალბათ, უფრო მოგვიანებით იქნება პასუხი... თუმცა ამ შემზარავი ფაქტით შოკში ჩავარდნილ ქალაქს ახალი წელი არ უზეიმია, არც ღონისძიებები გამართულა, არც კონცერტები... 2016 წელი თელავში გლოვით დაიწყო, არავის ეზეიმებოდა, დაკრძალვა 5 იანვარს მოხდა, დაკრძალვას ნახევარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ... თუმცა გლოვა ყველაზე არ გავრცელებულა. თქვენ მოგმართავთ, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო: კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა 2008 წლის ფოტო, სადაც თვალნათლივ ჩანს, როგორ აზის ნაკრძალში მოკლულ დათვს გურჯაანის რაიონის პროკურორი ლევან ღვედაშვილი იარაღით მომარჯვებული! ასევე სულ რაღაც რამდენიმე დღის წინათ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სხვა ლაგოდეხელი პოლიციელის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი გაასაჯაროა, სადაც ძალოვანი იმუქრებოდა, რომ მეორე დღეს ღორზე სანადიროდ მიდიოდა დაცულ ტერიტორიებში და, აბა, ვინმეს გაებედა მისი შეჩერება, ტყვიას დაახლიდა შუბლში და თან მიჰყავდა თავისი არასრულწლოვანი შვილიც... ორივე შემთხვევაში ძალოვანი უწყებიდან გამოხმაურება ნულის ტოლფასია. მე მოგმართავთ, ბატონო მინისტრო და გეუბნებით: 7 იანვარს, ორი დღის დაკრძალული პოლიციელების გლოვა დასრულებული რომ არ იყო ამ ქვეყანაში, კახეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსიმა ოთარ გავაშელიძემ პატრულის სხვადასხვა სამსახურის უფროსიები და მეგობრები შეკრიბა და ლაგოდეხში, ნაკრძალში დაცულ ტერიტორიებზე წავიდა ღორზე სანადიროდ, ნადირობა კარგ ღრეობად გადაიქცა და ჯამში ლაგოდეხის ნაკრძალში გარეული ღორიც მოკლეს და დიდი ღრეობაც გამართეს... ახლა თქვენ გეკითხებით, ბატონო მინისტრო: სამმართველოს უფროსს, რომელსაც ორ დღეში ავიწყდება საკუთარ ეზოში დახოცილი პოლიციელები, საპატრულო პოლიციის უფროსს, რომელსაც საკუთარი თავი ტყეების მეფე ჰგონია და ნაკრძალში ღორებზე სანადიროდ დადის, უნდა გვქონდეს მისი იმედი? ეს ყველაფერი კი იმას მოყვა, რომ ამ რეგიონში თამაზაშვილის მფარველობას საზღვარი არ უჩანს: ლექსო თამაზაშვილი რომ არ იყოს ღვედაშვილისა და გავაშელიძის მფარველი, ისინი პასუხისგებაში იქნებოდნენ მიცემულები და რომ დაესაჯა ვინმეს ღვედაშვილი, მაშინ გავაშელიძე ვეღარ გაბედავდა პოლიციელების დაკრძალვიდან 2 დღეში ნადირობის ფართის მოწყობას ლაგოდეხის ნაკრძალში... მაგრამ რას ვიზამთ, ბატონო მინისტრო?! _ კახეთი ტყეთა მბრძანებლებს აბარიათ, ალბათ. ,,ქრონიკა+“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ოთარ გავაშელიძე ფაქტს არ ადასტურებს.  

                                                                                                                მაკა მოსიაშვილი

     

გაზიარება