QronikaPlus
ბრეგაძე-გოგაშვილის გეგმის დეტალები - შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ

ბრეგაძე-გოგაშვილის გეგმის დეტალები - შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ

2016-01-24 11:28:13

ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მისი მმართველობის წლები ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო წარუმატებელი და ბნელი პერიოდია. ერთი მხრივ, მისი ცოლის ნათესავებმა სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ხელმძღვანელობით მართვის მაფიოზური სისტემა შექმნეს. ამხანაგი მილიციონერი აქტიურად იყენებდა ყველა იმ მეთოდს, რაც მას საბჭოთა `გაის” პერიოდში ამ სისტემამ ასწავლა, მისი ვაჟიშვილი და დისშვილი კი კლანის ფინანსური გაძლიერებით იყვნენ დაკავებულები. მოგებული ტენდერები, ახეული ბიზნესი, ადამიანების ტერორი, ოპონენტების დისკრედიტაცია და ერთგული ადამიანების ჩამოშორება ამ კლანის სავიზიტო ბარათად გადაიქცა. სქემა, რომლის სათავეში სწორედ მილიციონერი თამაზაშვილი იდგა, რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა _ ციხის ცნობილი ჯალათი ლადო ბედუკაძე, წამლის ცნობილი ბარიგა ქეთევან ზარნაძე, „საერთო გაზეთი“ მისი რედაქტორის, ვახტან ხარჩილავას სახით, ყოფილი გაზეთი „კომუნისტი“, ანუ „საქართველოს რესპუბლიკა“. „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ ვახტანგ ხარჩილავამ წამოიწყო. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ უკვე ვმუშაობთ ე. წ. კახური კლანის მიერ მოგებულ ტენდერებზე, ამავე კლანის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში დანიშნულ ნაცზონდერებზე, კოჰაბიტაციის ფინანსურ შედეგებზე და ა. შ. მიუხედავად არაერთი ბინძური ცილისწამებისა, „ქრონიკა+“-ში ყველა მასალა მიმდევრობით გამოქვეყნდა, რასაც კახური კლანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოყვა. თანამდებობიდან გადააყენეს ზვიად ჯანყარაშვილი, გიორგი ზედელაშვილი, დავით შავლიაშვილი, ელგუჯა ხოკრიშვილი, ვაჟა ფანჩულიძე და სხვები. ამ ფაქტით გაბოროტებულმა პრემიერის სიმამრმა უკვე პირადად გადაწყვიტა ასპარეზზე გამოსვლა და ღია წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „ასავალ-დასავალში“. ამ კონკრეტული კომუნიკაციის შემდეგ მან პირადი კონტაქტები გააბა „ასავალ-დასავალის“ რედაქტორ ლაშა ნადარეიშვილთან და, საბოლოოდ, გადაიბირა, ფარული აუდიენცია მოუწყო ირაკლი ღარიბაშვილთან და, პერიოდულად, ნასუფრალით დაიწყო მისი გამოკვება. ყველაზე მეტად ნახეირები მაინც „საერთო გაზეთის“ რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა დარჩა, მან ორივე შვილი წარმატებით დაასაქმა ორ სამინისტროში, _ გვანცა ხარჩილავა დიასპორის სახელმწიფო მინისტრის თანაშემწედ მიიღეს უკონკურსოდ, ხოლო დავით ხარჩილავა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადმინისტრაციაში დაასაქმეს. ცხადია, ეს ის საფასური იყო, რომელიც ვახტანგ ხარჩილავას ჩემ წინააღმდეგ გამოქვეყნებული პასკვილების სანაცვლოდ გადაუხადეს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის ჩემთან ურთიერთობის თაობაზე პირველ (და უკანასკნელ) წერილს ვწერ და ამ მასალას გარკვეული ეთიკური მოსაზრებების გამო გაზეთის ბოლო გვერდებზე გთავაზობთ. ის ისტერია, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული გაზეთის ფურცლებიდან ჩემ წინააღმდეგ იმართება, ჟურნალისტური სტანდარტების, ეთიკისა და ობიექტურობის ფარგლებს კარგა ხანია, გასცდა, პირადი ბოღმითა და ზიზღით სავსე ჟურნალისტიკას კი ამ ქვეყანაში მომავალი არ გააჩნია, არც პრეცედენტი, სხვათა შორის, რადგან `ასავალ-დასავალი“ ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვამხელთ. თუ არა დაკვეთა და ფინანსური ინტერესები, რა უნდა ამოძრავებდეს ამ დროს გაზეთს? ამჯერად უფრო საინტერესო სქემაზე მინდა შევაჩერო ყურადღება _ ამ თემაზე გასულ კვირას პრესკონფერენცია უკვე გავმართე, ხოლო გუშინ ოფიციალური წერილით მივმართე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს საქართველოში, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ბატონ იან კელის. პრობლემა, რომელზედაც ქვემოთ მექნება საუბარი, იმ მაფიოზური სქემის გაგრძელებაა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საქართველოს ხელისუფლებაში არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის მართვა შანტაჟით და ოპონენტების დისკრედიტაციით შეიძლება. ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ გოგაშვილი და დიასპორის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე. ამ უკანასკნელის ძალისხმევით და გავლენებით დაარსდა ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“. სწორედ ე. წ. კახელების კლანის მართვის პერიოდში სანდრო ბრეგაძემ დაარწმუნა პრემიერი ღარიბაშვილი, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ აგრესიული ჯგუფის გამოყენება გამართლებული იქნებოდა. ლადო სადღობელაშვილს აგზავნიდნენ „ნაცების“ ოფისებთან, კონკურენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, „ლეიბორისტების“ ოფისთან, იგეგმებოდა აქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისთან, მას იჭერდნენ და უმეტესად 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებდნენ, ეს ჯგუფი 15 000 დოლარით ფინანსდებოდა სუსი-დან, ე. წ. სპეცსახსრებიდან, პარალელურად, ამავე მარგინალურმა ჯგუფმა შექმნა ე. წ. საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესი“, რომლის რედაქტორის ვინაობა ბოლო დრომდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ოთარ სტეფანიშვილი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის მამიდაშვილია. აღნიშნული ე. წ. საინფორმაციო სააგენტო გამოყენებულია საინფორმაციო დივერსიებისთვის, პოლიტიკურ ოპონენტებზე იბეჭდება მოგონილი, მდარე ხარისხის, მაგრამ დაკვეთილი და სუსი-დან ხელდასხმული მასალები. ბინძური პროვოკაციები, რომელსაც სიამოვნებით ატირაჟებს ოთარ სტეფანიშვილი, ძალიან ჰგავს რუსულ შავ პიარს, როდესაც მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისთვის შანტაჟის ყველა ფორმა გამოიყენება, პირადი ცხოვრების ჩათვლით. სამწუხაროდ, როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო გვეუბნება, „მარშალპრესის“ რედაქტორი სწორედ წინა ხელისუფლების დროს გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით გადაიბირეს, რომელიც მას „კუდის“ მაშინდელმა მაღალჩინოსანმა, ვაჟა ლელუაშვილმა, ლევან მამალაძის ყოფილმა მეჯინიბემ, მამალაძეზე პირადი შურისძიების გამო გადაუღო. მისი განსხვავებული ორიენტაცია გახდა როგორც სტეფანიშვილის შანტაჟის, ისე მისი პირადი ჩაკეტილობისა და კომპლექსების მიზეზი. ის არის მსხვერპლი და პირადი ცხოვრებით შანტაჟის გამო იძულებულია, უსიტყვოდ შეასრულოს მსგავსი დავალებები, თუმცა არც მთლად უფასოდ. იყო დრო, როცა სტეფანიშვილს თვეში 5000 დოლარს უხდიდნენ, ახლაც უხდიან, მაგრამ ბევრად ნაკლებს, ისევე როგორც ხშირად ხედავენ მას უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მისაღებში მორიგი დირექტივების მოლოდინში. ამავე მარგინალური ჯგუფის წევრია „ასავალ-დასავალის“ ე. წ. ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რომელიც პერიოდულად მონაწილეობს სანდრო ბრეგაძის სიძის კუთვნილ რესტორანში გამართულ საიდუმლო სერობებში და დავალებებსაც ამ შეკრებებზე იღებს, თუმცა, ბოლო დროს, დავითაიას ფუნქციები ოდნავ ამაღლდა, მას დირექტივებს პირადად იოსებ გოგაშვილი გადასცემს უწყების ერთი თანამშრომლის პირით: კილაძეს ბოლომდე მიაწექით! _ ეს იყო იოსებ გოგაშვილის ბოლო გზავნილი ზაზა დავითაიასადმი. ამ მარგინალური ჯგუფის ხელშია პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სხვა აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, პერიოდულად მათთვის არასასურველ  პერსონებს აშანტაჟებენ. მე ხელთ მაქვს ყველა იმ საინფორმაციო საშუალებისა და ჟურნალისტის სია, რომლებიც სუს-ის ე. წ. სპეცსახსრებიდან ფინანსდებიან, მაგრამ ამ ეტაპზე ამ სიის გამოქვეყნებას საჭიროდ არ მივიჩნევ. თუმცა დაბეჯითებით ვიცი, ისიც რომ რამდენიმე აქტიურ ჟურნალისტს მისი პირადი ცხოვრების ფირი გაუგზავნეს, რასაც მათი რადიკალურად შეცვლილი პოზიციები, ან, საერთოდ, სხვა სფეროში გადანაცვლება მოჰყვა. ამავე ჯგუფმა გადაწყვიტა შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების შანტაჟი, თვალთვალი და მოსმენა. მას შემდეგ, რაც „თავისუფალი თაობის“ ქუჩის მარგინალურ აქციებს საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი რეაქციების შემდეგ, ელჩებისგან არაოფიციალური საყვედურები მიიღეს როგორც მთავრობამ, ისე ყოფილმა პრემიერმაც. ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა ლადო სადღობელაშვილის ქუჩაში გასვლის აკრძალვა. ამას დაემატა ისიც, რომ ე. წ. კახური კლანი მთლიანად ჩაანაცვლეს ექსპრემიერის ნდობით აღჭურვილმა კადრებმა, სადღობელაშვილის დაფინანსება შეწყდა, დიასპორის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რამდენჯერმე სცადა მისი საკითხის ხელახლა დასმა, მაგრამ ყველგან ყრუ კედელი დახვდა. სანდრო ბრეგაძემ ამჯერად ახალი პროექტის ლობირება დაიწყო. მან თვეში 30 000 დოლარი მოითხოვა ე. წ. ზვიადისტთა ჯგუფების შესაქმნელად, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში  რაიონების მიხედვით დაფუძნდებოდნენ და გაზაფხულიდან ოპონენტების წინააღმდეგ გააქტიურდებოდნენ. სხვათა შორის, სამეგრელოს რეგიონთან დაკავშირებული ეს ერთადერთი პროექტი არ არის, _ ძალოვანი უწყების რამდენიმე წარმომადგენელი ასევე ცდილობდა „ტყის ძმების“ მეთაურის, დათო შენგელიას რეაბილიტაციას, აქტიურად ეძებდნენ პირებს, რომლებიც ჩვენებას მისცემდნენ, რომ დათო შენგელიას ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო და რეალურად ის უდანაშაულოა. მგონი, ძნელი დასადგენი არ უნდა იყოს, დათო შენგელიას სავარაუდო როლი მარგინალი პოლიტიკოსების სცენარში. ამავე ჯგუფმა გასული წლის დეკემბერში დაგეგმა ბინძური პროვოკაცია „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ, როცა რედაქციაში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანეს და რომლის დატოვებასაც ჩვენთან გეგმავდნენ. „ქრონიკა+“-ის ყველა თანამშრომელს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპები აქვს _ არასოდეს, არავის პირადი ცხოვრების მასალებს არ გამოვიყენებთ, ჩვენ ვწერთ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით და მეორე მხარის პოზიციის გათვალისწინებით. ეს ჩვენი, მარტივი ჟურნალისტური სტანდარტია.   P. S. მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, დაინტერესდეს, როგორ იხარჯება ე. წ. სპეცსახსრები და შეესაბამება თუ არა სიმართლეს ჩვენ მიერ საჯაროდ გახმოვანებული ფაქტები? თუ სახელმწიფო საჭიროდ მიიჩნევს, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, თანამდებობები უნდა დატოვონ უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა და დიასპორის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძემ. მიგვაჩნია, რომ ისინი მნიშვნელოვნად აზიანებენ როგორც საქართველოს მთავრობის, ისე ქვეყნის სპეცსამსახურის იმიჯს.

ელისო კილაძე

 

გაზიარება