შპს „ულტრაპრინტის“ ყოფილი მოწილე, რატი კუხალეიშვილი, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელებს საჯაროდ მიმართავს და მისი ყოფილი ფირმის საქმეზე დაინტერესებას სთხოვს. როგორც კუხალეიშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ფირმის მესვეურები ცდილობენ, მისგან სასამართლოს ძალით ამოიღონ ის თანხა, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის გამო ერთმა პოლიტიკოსმა მეორეს წაართვა.
„ქრონიკა+“-ს რატი კუხალეიშვილი ესაუბრება:
_ 12 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ სასამართლო პროცესზე სულ სხვა მსჯელობები იყო, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოსამართლემ მთლიანდ შეცვალა სამოტივაციო ნაწილი, მაგრამ ჩემი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„ქართუ ჯგუფში“ შემავალი შპს „ლიზინგი XXI“ მიჩიოდა, რომელსაც 2007 წელს შპს „ულტრაპრინტი“ მივყიდე. ჩივილის მოტივი იყო, რომ ნასყიდობის მომენტში ფირმას დაფარული პასივი ჰქონდაო, რომელიც 2011 წელს ფინანსური პოლიციის კამერალური შემოწმებით გამოჩნდა და გადახდილის ნაწილი აგვინაზღაურეო. მიუხედავად იმისა, რომ ზიანის დამამტკიცებელი დოკუმენტი, ბიუჯეტში გადახდის ქვითარი საქმეში არ დევს, პირველი ინსტანციის მოსამართლემ სამოტივაციო ნაწილში თქვა, _ მე მაინც ფაქტობრივ გარემობად მივიჩნევ, რომ ბიუჯეტში „ლიზინგი XXI“-მა გადაიხადაო. შემდეგ უკვე, როდესაც სააპელაციოს მოსამართლემ „ლიზინგი XXI“-ს განუცხადა, რომ დოკუმენტი წარმოედგინა და უარი მიიღო, ბუნებრივია, ეს ყველაფრის გადამღერებას მოითხოვდა. გააკეთა კიდეც, ახლა უკვე შპს „ულტრაპრინტის“ შესახებ ცნობა მოითხოვა საგადასახადოდან. ჩვენი დაჟინებული პროტესტის მიუხედავად, რომ მოსამართლეს საქმეზე არანაირი დამატებითი დოკუმენტი არ მიეღო, მაინც მიიღო. აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი მაინც არ არის ის, რაც მოსამართლეს სურდა, ან რამის მტკიცებულებად გამოადგებოდა. ამ დოკუმენტში არ არის ნახსენები, კონკრეტულად გადაიხადა თუ არა „ულტრაპრინტმა“ თანხა. მასში მითითებულია, რომ დღეისათვის ამ ფირმას ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, რაც არ გამორიცხავს, მაგალითად, ჯარიმის პატიებას, ან გაუქმებას და ამდენად, მის გადაუხდელობას. მოკლედ, მოსამართლე ხათუნა არევაძემ თვითონ მოითხოვა, თვითონ დაურთო საქმეს, თვითონვე შეაფასა და გამამტყუნა. სამწუხაროდ, ასე ჭრის და კერავს დღევანდელი სასამართლო „ქართუსთან“ დაკავშირებულ საქმეებს.
სასამართლო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში მივაგენი ისეთ მასალას, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც ჩემი ყოფილი ფირმის, შპს „ულტრაპრინტის“ კამერალური შემოწმების გადაწყვეტილება წამოვიდა, ჯერ კიდევ 2006 წელს დამთავრდა და ვიღაც პიროვნება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ფინანსურ პოლიციას, რატომღაც, ეს 2011 წლის ბოლოს გაახსენდა და როგორც მოგახსენეთ, ჩემს ყოფილ ფირმას აქტი შეუდგინა. იმავდროულად, იგივე საქმის საფუძველზე, ჩემი ყოფილი ფირმის გარდა, 26 ფირმას გაეგზავნა ანალოგიური მოთხოვნა ანალოგიური მოტივით, სულ რაღაც, 2-3 დღის ინტერვალით. ჯამში, 27 ფირმიდან მხოლოდ შპს „ულტრაპრინტმა“, რომლის იმჟამინდელი დირექტორი დავით ჩხეტიანი იყო, ის არ გაასაჩივრა. გაასაჩივრა დანარჩენმა 26-მა ფირმამ და ყველა გამართლდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ, ანუ პირველივე საფეხურზე. ეს გადაწყვეტილებები მათივე ვებგვერდზე დევს, სადაც ყველაფერი ნათლადაა განმარტებული. ეს ფირმები გამართლდნენ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 2009 წლიდან არსებობს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება ანალოგიურ საქმეზე. ეს 26 და ჩემი ყოფილი ფირმის საქმე არათუ აბსოლუტურად იდენტური, ერთი საქმის გაგრძელებაა.
_ კონკრეტულად?
_ 27-ვე ფირმა იყო დანაშაულში მხილებული ფირმის მომხმარებელი სხვადასხვა მასალაზე, მათ შორის, პოლიგრაფიულზე, სხვადასხვა მოცულობით, რა თქმა უნდა. ხოლო ანალოგია ამ ფირმების საქმესა და 2009 წლის უზენაესის გადაწყვეტილებას შორის ის არის, რომ თუ ერთი ფირმის დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას რაღაც ბუღალტრული დარღვევა აქვს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მის პარტნიორ ფირმებსაც აქვთ დარღვევა. 2009 წლიდან ეს დადგინდა და მას შემდეგ არა მარტო სასამართლო, თვით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოც ხელმღვანელობს ამ პრაქტიკით და ყველა მსგავს შემთხვევაში პირველსავე საფეხურზე ამართლებს ფირმებს. ე. ი. დავით ჩხეტიანს რომ გაესაჩივრებინა ეს საგადასახადო მოთხოვნა, ისიც გამართლდებოდა და „ულტრაპრინტს“ გადახდა არ მოუწევდა. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, აქედან გამომდინარეობს ის, რომ შპს „ულტრაპრინტს“ დაფარული დავალიანება, რაიმე დაფარული პასივი იმ მომენტისთვის, როდესაც მე მას „ლიზინგი XXI“-ზე ვყიდდი, არ გააჩნდა. თუ დავალიანება არ არსებობდა, ცხადია, ჩემი ფირმის წილი იმ მომენტში მართლაც იმდენი ღირდა, რამდენიც გადამიხადეს. მათი სარჩელის ამოსავალი წერტილი კი ის არის, რომ როცა ჩვენ ფული 2007 წელს გადავიხადეთ, მაშინ იმ ფირმას მოგვიანებით აღმოჩენილი ფარული პასივი ჰქონდა და მისი თვითღირებულება ხომ უფრო ნაკლები ყოფილაო? ამაზე აპელირებენ. მე არ მაქვს მათთვის რაიმე თანხა ასანაზღაურებელი! გარდა ამისა, როდესაც შპს-ს აქვს ფულადი თანხა, დავუშვათ, 10 000 დოლარი, მისი მფლობელისთვის ის არ არის იგივე 10 000 დოლარის აქტივი, ეს თანხა რომ მივიდეს მფლობელთან, მინიმუმ, დივიდენდის გადასახადი უნდა გადაიხადოს. არ შეიძლება, „ულტრაპრინტის“ მიერ გადახდილი თანხა ერთი ერთში უდრიდეს „ლიზინგი XXI“-ის მიერ მიღებულ ზიანს, მართლაც რომ მიეღო იგი. ზუსტი ციფრის დასადგენად ექსპერტული გამოკვლევებია საჭირო. ეს არის მხოლოდ ის არგუმენტები, რაც ორჯერ ორივითაა, თორემ საქმეში ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსია, რომელზედაც ჩემმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ ჩემი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე იყო ხათუნა არევაძე, ასევე საქმეს იხილავდნენ მოსამართლეები: ვანო წიკლაური და ლილი ტყემალაძე. ე. ი. დავით ჩხეტიანი თვითონ არის დამნაშავე თავისი ფირმისთვის ზიანის მიყენებაში, იმიტომ, რომ მან არ შეასრულა თავისი უპირველესი მოვალეობა და საგადასახადოს მიერ წამოყენებული მოთხოვნა არ გაასაჩივრა. ის სასამართლოზე „ქართუ ჯგუფის“ გავლენის გზით ცდილობს, მე გადამახდევინოს თანხა, რომ თავისი მფლობელის წინაშე დაფაროს საკუთარი დანაშაული. მიკერძოების გარდა ვერანაირად აიხსნება მოსამართლეთა ის უხეში დარღვევები და შეცდომები, რაც ჩემს საქმეშია. ადრეც ვთქვი, ძნელი წარმოსადგენია, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს და ის ეუბნებოდეს, სააკაშვილმა რომ წამართვა თანხა, ვისგანაც გინდათ, ამოიღეთო. კიდევ ერთი მომენტია: როგორც ადრე გითხარით, მეორე მხარემ სასამართლოზე თქვა, რატი კუხალეიშვილს იჭერდნენო, ანუ ის საუბარი გააჟღერა, რომელიც ჩვენ გვქონდა. ქვეტექსტში იგულისხმებოდა, რომ ეს ლაპარაკი მათი მხრიდან იყო. აბა, მე ხომ არ მივიდოდი „ქართუ ჯგუფში“, საიდან გავიგებდი, რომ ჩემი ყოფილი ფირმა დააჯარიმეს?! მათ დამირეკეს, შეხვედრა დამითქვეს და იმას მოჰყვა ეს ლაპარაკი, ამაზე ვაპელირებდი მოსამართლესთან. კიდევ ერთხელ გადავიკითხე კანონი და შესაბამის მუხლში ძალიან საყურადღებო რაღაც აღმოვაჩინე, რასაც ჰქვია ხელშკრულებაზე იძულებით ხელის მოწერა. კანონში განმარტებულია, რას ნიშნავს იძულება და წერია, რომ როდესაც ადამიანი საკუთარი სიცოცხლის, ან ქონების საფრთხეს ხედავს და ამ შიშის ქვეშ მოაწერს ხელს, ეს არის იძულება. თან სულაც არ არის აუცილებელი, იძულება იყოს იმ პირისგან, ვისთანაც ხელს აწერს, შეიძლება იყოს მესამე პირისგან. როდესაც ეს საუბარი ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოში თვითონვე ახსენა, ნებსით თუ უნებლიეთ, ცალსახად ხომ დაადასტურეს, რომ მე ამ გრძნობის ქვეშ ვიყავი, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მოდიოდა იგი, გამომდინარე იმ პოლიტიკური სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლოდან, რაც არსებობდა სააკაშვილ-ივანიშვილს შორის. მაშინ, როდესაც იარაღი ჩაუდეს ყოფილი პრემიერის სიმამრს, ბერას მეგობარი დაიჭირეს, რომლის საქმე, სხვათა შორის, პოლიგრაფიასთან იყო კავშირში და ჩემი ფირმაც პოლიგრაფიული იყო, ამ წნეხის ქვეშ ვიყავი, როდესაც ხელი მოვაწერე. თუ რა ნამუსით მომაწერინეს ხელი მათ, თუ კანონის დარღვევაში არ ჩავუთვლით, ეს მორალური საკითხია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ვალის აღიარება არის ბათილი იმდროინდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე. ხომ გახსოვთ, თვითონ ივანიშვილიც ამბობდა, შეიძლება მოვეკალით, თავი გადავდე და პოლიტიკაში შემოვედიო. ასეთი ფაქტები რომ მოხდა, მეც ხომ შეიძლებოდა გამჩენოდა იგივე გრძნობა?! მხოლოდ ესეც კი საკმარისია, რომ ეს დოკუმენტი ბათილად იქცეს, მაგრამ ესეც არ გაითვალისწინა სასამართლომ. სასამართლოზე 26 ფირმის საკითხის მითითებით მე თვითიონ დავამტკიცე, რომ დანაშაული არ ჩამიდენია! მოსამართლის ემოციური გამოხატულებით თუ ვიმსჯელებთ, მან ეს თითქოს გაიგო, მეორე მხარესაც ვუთხარი, _ ხომ ხედავთ, რომ არ ვარ დამნაშავე, რატომ მდევნით, რას მერჩით-მეთქი? ვთხოვე მათ ადვოკატს, მოახსენე შენს უფროსს, იქნებ, შეიცვალონ აზრი და თავი დამანებონ-მეთქი. ადვოკატმა პირიქით, დაჟინებით გაიმეორა თავისი მოთხოვნა და საკუთარი ჰონორარის ასანაზღაურებლად პირველი ინსტანციის განაჩენთან შედარებით, თანხის დამატებაც კი მოითხოვა.
_ ახლა რას აპირებთ?
_ ცხადია, ამ საქმეს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებ. თუმცა იგივე მიზეზების გამო, რაც აქამდე მოხდა, რომ მოსამართლეებმა მიკერძოებული გადაწყვეტილება გამოიტანეს, ერთი სისტემაა და დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლოც ჩემ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებ, რადგან მოსამართლეებს პროცესუალურად ისეთი რამეები აქვთ გაკეთებული, რაც საფუძველს მაძლევს, სტრასბურგში ვიჩივლო, ვინაიდან წართმეული მაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. თუ კითხულობს თქვენს გაზეთს ბიძინა ივანიშვილი, ან თუ მივა ეს ამბავი მის ყურამდე, თქვენი მეშვეობით, მინდა ვთხოვო, დაინტერესდეს, რა ხდება სინამდვილეში, ეგებ სულგრძელად აპატიოს დავით ჩხეტიანს. ხომ თქვა, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების ამბავი ვიღაცას ვაპატიეო. ამასაც აპატიოს და იქნებ, დაშოშმინდეს ბატონი ჩხეტიანი და შეეშვას ჩემს უსამართლო დევნას! „ქართუ ჯგუფიდან“ არის ჩვენი დღევანდელი მთავრობის ნახევარი, ჩხეტიანი ასაკოვანი, სანდომიანი ადამიანია, პატივს სცემენ და ის ამ თავის მდგომარეობას იყენებს. ეს ადამიანი ცდილობს, სასამართლოს ძალით ამოიღოს ჩემგან თანხა, რომელიც ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური დევნის ცნობილი კამპანიისას მის ერთ-ერთ ფირმას ჩამოაჭრეს! თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ასევე საჯაროდ მინდა მივმართო „ქართუ ჯგუფის“ უმაღლეს ხელმძღვანელობას: მონახონ კანონიერი გზები და ბიუჯეტიდან დაიბრუნონ უკანონოდ ჩამოჭრილი თანხა. იურისტებთან კონსულტაციები გავიარე და ამის რეალური შანსი არსებობს. არ მინდა, ვინმეს ჭკუის დარიგება გამომივიდეს, მაგრამ, ზოგადად, იურისპრუდენციაში ხანდაზმულობა არ არის იმპერატიული, როდესაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სამართლიანობის პრინციპები ირღვევა. ხომ დამტკიცდა, რომ ჩემი მფლობელობისას ფირმაში ბუღალტრული, ან სხვა სახის დარღვევები არ ყოფილა, ბოლოს და ბოლოს, ადამიანურად არ აწუხებთ ის, რომ უდანაშაულოს მახდევინებენ ბატონი სააკაშვილის მიერ ბატონ ივანიშვილისთვის წართმეულ თანხას?! თუ ჩემი დახმარება სჭირდებათ, მზად ვარ, მათთან ამ საკითხის გადაჭრაში ვითანამშრომლო, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ვარ ვალდებული, ისინი არიან ვალდებულნი, ელემენტარული ადამიანური მორალით იხელმძღვანელონ და კანონს დაემორჩილონ!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ცდილობდა დაკავშირებოდა შპს „ლიზინგი XXI“-ის დირექტორ დავით ჩხეტიანს, მაგრამ მან ჩვენი სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვა.
თამარ ბატიაშვილი