QronikaPlus
რატომ დაემსგავსება თელავის მუნიციპალიტეტი ავტოფარეხს?!

რატომ დაემსგავსება თელავის მუნიციპალიტეტი ავტოფარეხს?!

2016-01-26 11:39:36

2016 წლის 15 მარტს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 45000 ლარი, რომლითაც მუნიციპალიტეტმა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ავტომობილები უნდა შეიძინოს. მომხსენებლის ამ მოთხოვნას საკრებულოში დამსწრე ცამეტი დეპუტატიდან ხუთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარემ შემდეგი განმარტება გააკეთა: „ჩემს სარგებლობაში მყოფი ავტომობილი მუდმივად საჭიროებს შეკეთებას. 2015 წლის ბიუჯეტიდან მხოლოდ ამ ერთი ავტომანქანის სარემონტო საფასურმა რამდენიმე ათასი ლარი შეადგინა. ასეთი მანქანის ყოლას მისი გამოცვლა სჯობია, რადგან ზედმეტი ხარჯის გაღება გვიწევს. თანხაც ამიტომ გამოვყავით. ავტომანქანების მარკებს წინასწარ ვერ გეტყვით. ტენდერი უნდა გამოცხადდეს უახლოეს დღეებში. იქ ჩაიწერება მონაცემები. ტენდერში მითითებული იქნება გარკვეული კრიტერიუმები: გარბენი, ძრავის მოცულობა, წლოვანება და ა. შ.“; ხოლო მისმა მოადგილე გია გიგიაშვილმა „კახეთის ხმასთან“ კომენტარისას აღნიშნა, რომ ავტომობილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებლად სჭირდება. გიგიაშვილი აქამდე საკუთარი გოლფით სარგებლობდა და სამსახურებრივი გადაადგილებაც მისით უწევდა. „საკუთრების აღიარების კომისიას ვხელმძღვანელობ. ჩემი სამუშაო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან და კომერციულ ფართებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ამ საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებლელია ადგილზე გასვლა, დათვალიერება, მათი მონახულება. ამდენად, სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელია გადაადგილებაც“. თუმცა საკრებულოს დეპუტატ ნიკოლოზ ვარდოშვილისთვის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის განმარტება გაუგებარია.   ქრონიკა+“-მა ნიკა ვარდოშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  რამდენიმე კითხვით მიმართა: _ რა გახდა საფუძველი თქვენი გადაწყვეტილებისა? რატომ არ დაუჭირეთ მხარი ავტომობილების შესყიდვას? _ პირველ რიგში, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარებისთვის რა რაოდენობის თანხა გამოიყო. ეს ჯამში შეადგენს 41 000 ლარს, რაც იმას ნიშავს, რომ ერთ ოჯახს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვაძლევთ 50 ლარს. ასევე თვითმმართველ ქალაქ თელავის საკრებულომ გადაუდებელი ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყო 47000 ლარი, რაც ზღვაში წვეთია... ახლა მიჩნდება კითხვა, _ სიმბოლური ორმოცდაერთი ათასი ლარია გათვალისწინებული მშიერ ადამიანთათვის, რომლებიც ათასობით გვყვანან. თელავში მრავალი წლის მანძილზე მიუხედავი და გაპარატახებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გვაქვს, რომელებსაც წლებია, ვერაფერს კი არა, არაფერს ვუკეთებთ! სამაგიეროდ, შეგვიძლია ორი ადამიანის კომფორტს მოვარგოთ ჩვენი ხალხის ფული და ხელი შევუწყოთ მათ სეირნობას ენისელიდან თელავში. გიჩნდებათ კითხვა, რა შუაშია აქ ენისელი?! ქალაქ თელავში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ იპოვა საარჩევნო სიის პირველი ნომრის შესაფერისი კანდიდატი და ამიტომ სხდომის ჩასატარებლად მეზობელი რაიონიდან გვიხდება საკრებულოს ხელმძღვანელობის ჩამოყვანა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. _ მოადგილის საკითხს ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდეთ. ახლა რაც შეეხება თავმჯდომარის ავტომობილს: ბატონი არჩილის განცხადებით, მის სარგებლობაში არსებულ ავტომობილს გასულ წელს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რაც ბიუჯეტიდან 7000 ლარზე მეტი დაჯდა? _ შესაბამისად, მეც მიჩნდება კითხვა, _ თუ ავტომობილი გარემონტებულია და მისთვის ამდენი თანხა დავხარჯეთ, მაშ, რატომ ვყიდულობთ ახალს? რა უფრო გვჭირდება _ გარემონტებული ავტომობილი, თუ ძვირადღირებული ავტომობილი? _ როგორც ცნობილია, საკრებულოს თავმჯდომარის საკუთრებაში არსებული ავტომობილის გაყიდვა იგეგმება?           _ არ ვიცი, ჯერ ვნახოთ, ვეჭვობ, რომ მალე მუნიციპალიტეტი კახეთის გუბერნიის მსგავსად ერთ დიდ ავტოფარეხს უნდა დაემსგავსოს. _ ბატონმა გია გიგიაშვილმა კი აღნიშნა, რომ მას ავტომობილი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სჭირდება... _ კარგია, რომ შემახსენეთ. დავუბრუნდეთ მოადგილის ავტომობილს. მე გავეცანი ბატონი გიგიაშვილის ამ განცხადებას და ახლა არგუმენტირებულად ავხსნი, რომ იგი არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. მათ ჩემზე უკეთ იციან, რომ საკუთრების აღიარების   კომისიები ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს, შესაბამისად, დამისახელეთ, თუნდაც, ერთი ანალოგიური კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილი ჰყავს და ისე მუშაობს? ასეთი ბუნებაში არ არსებობს... სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სხვა მუნიციპალიტეტების ანალოგიური კომისიის თავმჯდომარეებს უფრო მეტად სჭირდებათ გადასაადგილებლად ავტომობილი, ვიდრე ჩვენსას, რატომ? თელავი ძალიან პატარა ქალაქია, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტი თავისი ფართობით უფრო დიდია, მაგრამ ახმეტაში ავტომობილის შეძენა კომისიის სარგებლობისთვის არ მოუთხოვიათ. სხვა მუნიციპალიტეტების კომისიები სოფელ-სოფელ დადიან, მაგრამ სხვა არც ერთი კომისიის თავმჯდომარეს არ დაუყენებია საკითხი, რომ მისთვის საკრებულოს ბიუჯეტიდან მანქანა შეეძინა, თუმცა მარტო ეს რომ იყოს პრობლემა, რაღა გვიჭირს... _ სხვა რა პრობლემაზე საუბრობთ? _ კანონის უხეშ დარღვევაზე ვსაუბრობ, ანუ ჩვენ ბიუჯეტს გიგიაშვილის სასარგებლოდ ვხარჯავთ, ამაზე აღარ ვდაობთ, მაგრამ, ამავდროულად, ვარღვევთ კანონსაც. ახლა კი რაში მდგომარეობს კანონის დარღვევა. მოგეხსენებათ, თვითმმართველობის კოდექსით აკრძალულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე იყოს. ყველანი ადამიანები ვართ, დავუშვათ, თავმჯდომარე თხლაშიძე შეუძლოდაა, ან მივლინებაშია, ან კუთვნილი შვებულების გამოყენება მოუნდა, რა ხდება ამ დროს? მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო როცა ბატონი გიგიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ გვევლინება, აგრეთვე არის კომისიის თავმჯდომარეც, კანონი გვიკრძალავს! რასაც კანონი გვიკრძალავს, ჩვენ კი ვასრულებთ, ეს უკვე დასჯადია და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ან   გულგრილობას ნიშნავს... _ შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ თავმჯდომარის მოადგილეს ავტომობილი სამსახურებრივი მოვალეობის შასასრულებლად სჭირდება, არგუმენტებულია, ანუ ჩვენ ვარღვევთ კანონს, როცა ამ კომისიის თავმჯდომარედ გიგიაშვილი გვყავს, ასევე ვფლანგავთ ბიუჯეტს და ადამიანისთვის ვყიდულობთ მანქანას, რომელიც კანონის სრული დარღვევითაა ამ კომისიის თავმჯდომარე და ვისმენთ თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს. _ მესმის ბატონი გიგიაშვილის, რომ ყვარლის რაიონიდან თელავში სიარული რთულია და მისი გოლფი ამ გზაზე ცვეთას განიცდის, მაგრამ ეს ხომ ჩვენი გადასახდელი არ არის? დიახ, მე არჩილ თხლაშიძეს მოვუწოდებ, უფრო ხშირად იაროს ფეხით, რაც ამომრჩეველთან შესახვედრად დაეხმარება, მაგრამ გიგიაშვილს ვერ ვურჩევ, თავისი ოცნებები ჩვენს ბიუჯეტზე ააგოს... უბრალოდ, იცით, რა არის სამწუხარო? სხვებს არ უნდა გავეჯიბროთ. ქართული ანდაზა ხომ ვიცით, „საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფარო“, ასეა ბიუჯეტიც. მერე რა, რომ თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტომობილი ჰყავს სარგებლობაში? მას 18 სოფელი აქვს ყოველ კვირა სანახავი და, აბა, სოფლებში ჯოხის ცხენით ვერ ივლის, ჩვენ კი ერთი პატარა ქალაქი გვაბარია და იმის ნაცვლად, რომ ამ ქალაქში სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე ვფიქრობდეთ, ვცდილობთ, როგორ გამოვიყენოთ ბიუჯეტი, რათა ენისელიდან თელავში კვირაში ხუთი დღე ვისეირნოთ, საწვავზე აღარ ვსაუბრობ. თქვენი გაზეთის მეშვეობით ამ თემაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრე.  

                                                                                                            მაკა მოსიაშვილი

       

გაზიარება