მოსამართლე ნინო ბაქაქურის გადაწყვეტილება საქართველოში ბიზნესს უტევს და საბანკო გარანტიის გამოყენების დანიშნულებას ცვლის. მოსამართლე ბაქაქური პირველი აღმოჩნდა, რომლის გადაწყვეტილებაც, შეიძლება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესის წინაშე ხელოვნური ბარიერების შექმნის საფუძველი გახდეს. ამ თემაზე „ქრონიკა+“-მა მასალა ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა და როგორც იურისტები აცხადებენ, გარკვეული შედეგიც მოიტანა, რადგან უკვე არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილებები კონტრაქტორი მხარეების (პრინციპალები) სასარგებლოდ.
საკითხის ირგვლივ „ქრონიკა+“ მოსამართლე ნინო ბაქაქურის სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა. ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევამდე ქალბატონი ნინო ბაქაქური იყო იურიდიული კომპანია ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი. აღნიშნული საადვოკატო კომპანია კი ქართულ ბაზარზე ცნობილია, როგორც საბანკო სექტორის (მათ შორის, სს ,,საქართველოს ბანკის“) მომსახურე კომპანია სამართლებრივი დახმარების მიმართულებით.
აღნიშნულ საკითხზე ,,ქრონიკა+“ ესაუბრა შპს „სოფტმასტერის“ იურისტს, გია ფოლადიშვილს, თუ რამდენად იყო მოსამართლე ნინო ბაქაქური უფლებამოსილი, საქმე განეხილა.
გია ფოლადიშვილი:
_ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადავამოწმეთ და მოვიძიეთ მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური რეალურად არ იყო უფლებამოსილი მოსამართლე, აღნიშნული საქმე განეხილა. მას ეს საქმე უნდა აეცილებინა და სხვა მოსამართლეს განეხილა. როდესაც ჩვენი საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილებოდა, კერძოდ, ჩვენი საკასაციო საჩივარი შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ, მომხსენებელი მოსამართლე იყო ნინო ბაქაქური, მასთან ერთად იყვნენ შემადგენლობაში ზურაბ ძლიერიშვილი და ბესარიონ ალავიძე. რადგან მომხსენებელი მოსამართლე იყო ნინო ბაქაქური, შესაბამისად, მას ევალებოდა კანონით საქმის მომზადება და შემდეგ პალატის სხვა წევრებისთვის წარდგენა.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ როგორც გაირკვა, ნინო ბაქაქური უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე სს „საქართველოს ბანკს“ სამართლებრივ მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საბანკო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსამართლე ბაქაქური წარმოადგენდა კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორს, ხოლო აღნიშნული კომპანია სამართლებრივ მომსახურებას უწევს და უწევდა არაერთ კომერციულ ბანკს საქართველოში, მათ შორის, სს „საქართველოს ბანკს“. შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“, რომელიც წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარეს შპს „სოფტმასტერის“ საკასაციო საჩივარზე, არის „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია. მოგეხსენებათ, ეს არის საჯარო ინფორმაცია და ბანკის ვებგვერდზეცაა განთავსებული. შესაბამისად, მოსამართლე, რომელიც იხილავდა საქმეს, სადაც ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს კომპანია, რომლის მიმართაც მას ვალდებულებები ჰქონდა, კერძოდ, სამართლებრივი მომსახურების გაწევა, ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებისას. ნინო ბაქაქურის რეზიუმეში, რომელიც განთავსებულია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სამუშაო გამოცდილებად აღნიშნულია, რომ 2008-2014 წლებში მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“. ის 2010 წლიდან წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის პარტნიორს. ფორბეს.გე-ზე 2013 წლის 18 ივნისს განთავსებული ინფორმაციით, ნინო ბაქაქური შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში“ ხელმძღვანელობს საბანკო და ფინანსური სამართლის ჯგუფს. მოცემული ინფორმაცია ასევე დასტურდება მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებით და სამეწარმეო რეესტრში შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ თაობაზე დაცული ინფორმაციით.
საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის მიხედვით, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. მოსამართლე ბაქაქურმა მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში, რომელშიც ერთ-ერთ მხარესთან, კერძოდ, შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ დამფუძნებელთან აკავშირებდა ვალდებულებები. მან მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში, სადაც ის იყო დაინტერესებული საქმის შედეგით. ყველა შემთხვევაში, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნინო ბაქაქური წარმოადგენდა იმ იურიდიული ფირმის პარტნიორს და სამართლებრივ მომსახურებასა და საბანკო სამართალში კონსულტაციას უწევდა საქმეში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს, ეჭვს იწვევს მოსამართლის მიკერძოებულობაში. აქედან გამომდინარე, მოსამართლე ბაქაქურს არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში. ეს ფაქტორი საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდავოთ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და უახლოეს მომავალში ხელახლა მივმართოთ უზენაეს სასამართლოს. შესაბამისად, მოგვეცემა საშუალება, სამართლებრივი გზებით შევცვალოთ ის უსამართლო პრაქტიკა, რაც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა. ვგულისხმობ ჩვენს შემთხვევას, როდესაც ბენეფიციარმა მიიღო და დაადასტურა მიღება-ჩაბარების აქტით შესრულება და შემდეგ მიმართა გარანტს საავანსო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, ანუ საქონელი მიიღო უფასოდ.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი?
_ არ ვიცი, ქალბატონ ნინოს, წესით, მსგავსი შეცდომა არ უნდა დაეშვა. ზოგადად, საინტერესო საკითხია და მისი პოციზია მეც მაინტერესებს. განჩინებაში, რომლითაც ჩვენი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რა თქმა უნდა, არ ჩანს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. ჩვენ აუცილებლად ხელახლა მივმართავთ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით და, ალბათ, იქ გამოჩნდება. დაველოდოთ უზენაესი სასამართლოს განჩინებას. ჩვენი ქეისი პირველი არ არის, სხვა უამრავი საქმე არსებობს. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ამ საკითხისადმი მიდგომა შეიცვალა. ვფიქრობ, ეს სწორედ იმან გამოიწვია, რომ საგაზეთო სტატიები მიეძღვნა და უკვე დაინახეს, რომ ქართული ბიზნესი საშიშროების წინაშე დააყენეს. აღნიშნული აქტივობებით მიგვაჩნია, რომ კარგი საქმე გაკეთდა და საკითხი რაღაც კუთხით შევატრიალეთ. უკვე არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილებები, სადაც სიტუაცია უკვე პრინციპალების სასარგებლოდ შეტრიალდა.
თამარ ბატიაშვილი