QronikaPlus
რა უთხრა საგურამოში ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს?

რა უთხრა საგურამოში ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს?

2016-01-23 09:20:07

გიორგი ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი სესიაშვილი, კახი კალაძე, თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი, _ ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ნამდვილად მოხვდებიან. აქედან სამს, საპარლამენტო არჩევნების წინ, მინისტრის სავარძლის დატოვება მოუწევს. „ქართული ოცნების“ სათადარიგო სკამი მოკლეა. „რესპუბლიკელები“ კვოტების გაზრდას ითხოვენ და ახალი სახეებიც, როგორც ჩანს, კოალიციაში სწორედ მათ ხარჯზე გამოჩნდებიან. ყველა დანარჩენს იმედი ჰქონდა, რომ ფრაქციის შეკრებაზე რამე რეალურს შეიტყობდა. საგურამოში, ჭავჭავაძეების მარანში, ძველით საახალწლო სუფრა ნამდვილად ფრაქციის წევრების „ნემეცკი შჩოტით“ დაფინანსდა, მარტო მისულებმა 50 ლარი, ხოლო მეუღლეებთან ერთად მისულებმა 100 ლარი გადაიხადეს. ვინ გადაიხადა  ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერის სტუმრობის საფასური, ამ ეტაპზე ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს. სუფრაზე ყველაზე უხასიათოდ ირაკლი ღარიბაშვილი გამოიყურებოდა. გარდა იმისა, რომ მან პრემიერის სავარძელი დატოვა, მისი პოსტი სწორედ იმ პიროვნებამ დაიკავა, რომელსაც „ქართუში“ მუშაობის დროს ყველაზე მეტად ვერ იტანდა და ინტრიგებს უწყობდა. ამას ემატება ისიც, რომ  კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადი რეკომენდაციით მიყვანილი ადამიანები, რომლებსაც მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ, უკვე გიორგი კვირიკაშვილის ბანაკში გადაბარგდნენ და დაუფარავად ამბობენ, _ ახლა ვნახეთ, რას ნიშნავს ნამდვილი პრემიერი და მასთან მუშაობაო. მმართველ გუნდში უკვე ღიად ამბობენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მოქმედმა პრემიერმა უნდა დაიჭიროს. ბიძინა ივანიშვილმა მასთან საკითხის გასარკვევად მისულ დეპუტატებს ღიად უთხრა, რომ საარჩევნო სიების საკითხზე პირადად მისგან ვერანაირ პასუხს ვერ მიიღებენ, პარტიის გადაწყვეტილებას ისინი სწორედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისგან გაიგებენ. ამ გადაწყვეტილებით მოქალაქემ ერთგვარი ფილტრი დააყენა და ყველას მკაფიოდ უთხრა: მასთან „ხოდების“ ძებნას და სატელეფონო ზარებს უნდა შეეშვან. საგურამოს შეხვედრაზე ხმამაღალი უკმაყოფილება არ დაუმალავს დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს. მას პირდაპირ უთქვამს, _ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, არც არაფერს ვითხოვ, ურთიერთობის ფორმას ხომ გააჩნია, ამ ფორმით რატომ უნდა გაგვეგო პარტიის დამოკიდებულება სპორტსმენებისა და მომღერლებისადმიო? შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის დეპუტატებს მისი ბოდიში გადასცა, _ ირაკლიმ ყველას ბოდიში მოგიხადათ, არასწორად გამიგეს, აზრად არ მომსვლია ვინმეს წყენინება, ან მით უფრო ვინმეს წვლილის დაკნინებაო. საბოლოო ჯამში, საგურამოს ვახშამი ისე დამთავრდა, „ოცნების“ დეპუტაციამ საკუთარი მომავალი ვერ გაარკვია. სამაგიეროდ, დაპირებები მიიღეს, რომ დაკიდებული არავინ იქნება. ის, ვინც საარჩევნო სიაში არ მოხვდება, მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ივანიშვილის ბიზნესში დაასაქმებენ. ბოლო წინადადება რამდენიმე კაცმა ისე გაიგო, როგორც აწყობდა, _ ჩანს, ბიძინა ბიზნესის დასაწყებად ფულს მოგვცემსო. საქმეში უფრო ჩახედულებს ოპტიმისტურად განწყობილებზე მხოლოდ ეღიმებათ, _ ივანიშვილი ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთმა კაცმა აიძულა, რომ ფული დახარჯოს, ეს კაცი მიშა სააკაშვილია და ამ წუთას შორს, ოდესის გუბერნიაში იმყოფებაო, ივანიშვილს კი ფულის დახარჯვას, მით უფრო ჩუქებას, სხვა ვერავინ აიძულებსო. ამ ლოგიკით სიის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს საკუთარ თავზე მოუწევთ ზრუნვა და მოქალაქის ბიზნესებში დასაქმება მათთვის რეალური სამომავლო პერსპექტივა არ არის. საგურამოს ვახშამზე ადგილები დანომრილი არ ყოფილა, ამიტომ სუფრები იმის მიხედვით დალაგდა, ვინ როდის მოვიდა რესტორანში. მიუხედავად დიდი მცდელობებისა, გუგული მაღრაძესა და ნანა ყეენიშვილს მოქალაქე ივანიშვილის ყურადღება ვერ დაუმსახურებიათ. ასევე ძალიან უხასიათოდ ყოფილან ბოლო დროს პატიმრების სკანდალში გახვეული დეპუტატები _ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. მართალია, ეკა ბესელია ცდილობდა, მხიარულად დაეჭირა თავი, მაგრამ სახეზე მაინც ეტყობოდა ეს ხელოვნური მხიარულება, მანანა კობახიძეს კი დანა კბილს არ უხსნიდაო, _ გვეუბნება ჩვენი წყარო. სუფრის თამადას, თემურ ჭკუასელს, სადღეგრძელოები საქართველოს რეგიონების მიხედვით გაუშლია, სწორედ ამ მომენტში განსაკუთრებული პომპეზურობით იმერეთის სადღეგრძელო შესმულა, _ მოქალაქე ივანიშვილი გამოთქმით და ხმამაღლა უდღეგრძელებიათ. სწორედ ამ დროს ექსპრემიერი მანანა კობახიძეს მობრუნებია და უკითხავს, _ მანანა, შენ იმერეთიდან კიდევ არ ამოწერილხარ, რამდენი ხანი უნდა იყო საჩხერეში ჩაწერილიო? მანანა კობახიძეს ფერი დაკარგვია და პასუხად მხოლოდ სიმწრით გაღიმებია. მოქალაქე ივანიშვილის ამ კითხვამ კიდევ ერთხელ მკაფიო გახადა ივანიშვილის ოჯახის მანანა კობახიძისადმი დამოკიდებულება. ბიძინა ივანიშვილის და მაგული მანანა კობახიძეს კარგა ხანია, ამრეზით უყურებს და რაიონის ბიუჯეტში მის ხელის ფათურს აპროტესტებს კიდეც. ერთადერთი პიროვნება, რომელიც მანანა კობახიძეს საჩხერეში ხელს უშლიდა, მისივე მოგვარე პოლიციის უფროსი იყო, რომლის მოშორება ინტრიგების წყალობით შეძლო კიდეც, იმ პერიოდში ივანიშვილთან რეზო კობახიძეზე არასწორი ამბები მიუტანიათ. ექსპრემიერს ვახტანგ გომელაურისთვის ფაქტების გადამოწმება უთხოვია, გომელაურს მანანა კობახიძის მიერ მიტანილი ინფორმაციები გადაუმოწმებია და ივანიშვილისთვის უთქვამს, რეზო კობახიძე ცამდე მართალიაო. სწორედ ამის მერე კობახიძე ჭიათურაში პოლიციის უფროსად დაუნიშნავთ, ხოლო მანანა კობახიძისთვის ივანიშვილს მკაცრად დაუქნევია თითი, ინტრიგებს მოეშვიო. საგურამოში ივანიშვილს არც ეკა ბესელია გამორჩენია მხედველობის არიდან. სუფრაზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ბესელიას ნაძალადევ მხიარულებას ივანიშვილი ყურადღებით აკვირდებოდა, გარკვეული პერიოდის მერე მისთვისაც სადღეგრძელოში უთქვამს, _ ეკა, რამდენადაც მოხერხებული და მიმწოლი, იმდენად ცბიერი ქალი ხარო. რას ნიშნავდა ივანიშვილის ეს ფრაზები, მგონი, ძნელი გასარკვევი არ უნდა იყოს. ეკა ბესელიას ხასიათი საერთოდ წახდენია და სუფრა ისე დასრულებულა, წარბი აღარ გაუხსნიაო, _ გვიყვება „ქრონიკა+“-ის წყარო. რაც შეეხება პოლიტპატიმართა სიებისა და ე. წ. შეწყალების სკანდალს, კვირა ისე არ გავა, რაიმე ახალი დეტალი და ფაქტი არ გახდეს ცნობილი. „ქრონიკა+“ აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და უახლოეს პერიოდში ახალ ფაქტებს მოგაწვდით. ძალოვანი უწყების ყოფილმა მაღალჩინოსანმა კი, რომელიც, თავის დროზე, ჯერ „სოდში“, მერე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა, საინტერესო ამბავი მოგვიყვა: 2011 წელს კრიმინალური პოლიციიის თანამშრომელთან, ოთარ ბუაძესთან, ცნობილი ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი მისულა, რომელსაც მისი ნათესავისთვის უთხოვია, _ დამაფინანსეთ, ათასკაციან პარტიას შევქმნი, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შევალ, რასაც დამავალებთ გავაკეთებ, ინფორმაციებსაც მოგაწვდით და როცა საჭირო იქნება, გამოვალ კიდეცო. ოთარ ბუაძეს გელა ნიკოლაიშვილის ვიზიტის შესახებ კრიმინალური პოლიციის მაშინდელი შეფი ერეკლე კოდუა საქმის კურსში ჩაუყენებია, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ერეკლე კოდუას და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული ყოფილა, პოლიტიკაში ჩარევაზე და პასუხისმგებლობის აღებაზე კოდუას უარი უთქვამს, მაგრამ ბუაძე- ნიკოლაიშვილის შეხვედრის ჩანაწერი კი ნამდვილად საგულდაგულოდ გადაუნახავთ. დღეს გელა ნიკოლაიშვილი „ნაცებთან“ მებრძოლი რაინდის მანტიაში რომ გახვეულა, ნუ ჰგონია, რომ არავის არაფერი ახსოვს. გამორიცხული არ არის, აღნიშნული ჩანაწერი ძალიან მალე მედიაში მოხვდესო, _ გვიყვება „ქრონიკა+“-ის წყარო. იგივე წყარო სულხან მოლაშვილის ძმის, თორნიკეს დაკავების დეტალებსაც იხსენებს: კამოს ქუჩიდან ოპერატიული ინფორმაცია მოვიდა, თორნიკე მოლაშვილს მანქანის საბარგული იარაღით აქვს სავსეო. კონფიდენტი მოლაშვილის ახლო მეგობარი იყო და ძალოვნებს ინფორმაცია სწორედ მან მიაწოდა. დაუყოვნებლივ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და თორნიკე მოლაშვილის დაკავების ოპერაცია დაიწყო. გრიბოედოვის ქუჩაზე მოლაშვილის მანქანა გააჩერეს და ჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ საბარგულში მოთავსებული იარაღი პლასტმასის იყო და პლასტმასის ტყვიებს ისროდა. ადგილზე გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა მანქანის ჩხრეკა განაგრძო და უკანა სავარძლის ჯიბეში ოთხი შპრიცი „ვინტი“ ამოიღო. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ „ვინტი“ რთულად დასამზადებელი ნარკოტიკია, მინიმუმ ექვსი საათი მაინც უნდა მის ხარშვას და მცირე შეცდომაც რომ დაუშვას მომხმარებელმა, ადგილზე მოკლავს. „ვინტის“ მოხარშვას შესაბამისი პროფილის „პროფესიონალი“ სჭირდება და ეს არ არის ის ნარკოტიკი, რომელსაც უდებდნენ ხოლმე. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ შპრიცები თორნიკე მოლაშვილს არც ეკუთვნოდა, მან იცოდა ვინაობა, მაგრამ ის ადამიანი, რომელმაც მის მანქანაში „ვინტი“ ჩადო, არ ჩაუშვა. მოგვიანებით კი პოლიციაში მისულ მამასაც ეგ უთხრა, _ სულხანი და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემი ბრალიაო. მოლაშვილის დაკავების ოპერაცია კრებსში პატრულისა და „სოდის“ თანამშრომლების ერთობლივ ოპერაციად გაფორმდა, თუმცა „სოდის“ თანამშრომლებს უწყებაში საყვედურიც შეხვდათ, _ რატომ თქვენ ვერ იპოვეთ შპრიცებიო? თუმცა, მოგვიანებით, ამ ბანალური მიზეზით დაწყებული საქმე ნამდვილად პოლიტიკური გახდა, როცა პროკურატურამ სულხან მოლაშვილს დაუწყო ვაჭრობა მისი ძმის დაკავებით, მოლაშვილმა კი სააკაშვილის ხელისუფლების არც ერთი ულტიმატუმი არ მიიღო და ციხე მხოლოდ პატრიარქის შეწყალების შემდეგ დატოვა. როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, პოლიტპატიმართა სიების შედგენისას ბევრი საინტერესო ფაქტი მოხდა და რეალური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, კვალი ნამდვილად მივა დეპუტატებამდე და უფლებადამცველებამდე. წინ საარჩევნო წელია. რაკი კომპრომატების ომი დაიწყო, ეს პროცესი აღარ შეჩერდება, პანდორას ყუთი გაიხსნა!!!  

                                                                                                     ელისო კილაძე

   

გაზიარება