ამ დღეებში „დევნილთა პარტიამ“ თბილისის ზღვაზე, ოლიმპიურ სოფელში, რამდენიმე დევნილ ოჯახთან ერთად, აქცია გამართა. პარტიის განცხადებით, ოლიმპიური სოფლის ერთ კორპუსში დევნილებისთვის ფართები სტანდარტის შესაბამისი არ არის. კერძოდ, 23-ე კორპუსის დევნილები აცხადებენ, რომ მათ სხვა კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისგან განსხვავებით უფრო მცირე ფართიანი ბინები გადაეცათ, _ ერთ სულზე 15 კვ.მ. ფართი უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, თუმცა მათი ბინები ასეთი არ არის. მათივე განცხადებით, 23-ე კორპუსში ფართები დევნილებისთვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტს არ შეესაბამება.
„ქრონიკა+“ „დევნილა პარტიის“ ლიდერს, ლელა გულედანს ესაუბრება:
_ დევნილებს დისკრიმინაციულად ექცევიან. დაუშვებელია, რომ ოლიმპიური სოფლის ერთ კორპუსში დევნილებისთვის განსხვავებული ფართის ბინებია. ერთ ტერიტორიაზე ერთ კორპუსში ნორმალურ პირობებს სთავაზობენ, ხოლო მეორე კორპუსში კანონით გათვალისწინებული სტანდარტები დაუცველია. ფაქტობრივად, დევნილები სხვა ფართებს უნდა დაელოდონ.
ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსში ბინების ფართები განსხვავებულია. მხოლოდ ერთ კორპუსში, 23-ე კორპუსში, ერთ ოჯახზე დაახლოებით 60-65 კვ.მ ბინებია გამოყოფილი მაშინ, როცა დევნილებს 100 კვ.მ.-ის ფართის ბინები უნდა მიეღოთ.
ასევე კორპუსში გაზი არ აქვთ. მხოლოდ ელექტროღუმლით თბებიან, რომელიც ხშირად ირთვება იმიტომ, რომ სადენები დატვირთვას ვერ უძლებს.
_ ასე რატომ მოხდა?
_ თავიდან ოლიმპიური სოფელი დევნილებისთვის განკუთვნილი არ ყოფილა. ზაფხულის ოლიმპიადისთვის სასტუმროს ტიპის კორპუსები ჩინურმა კომპანიამ ააშენა. შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ბინები დევნილებისთვის გადაეცათ. ფართების სიმცირით კი ეს 23-ე კორპუსი გამოირჩევა, დანარჩენი სტანდარტებს შეესაბამება.
თავიდანვე აქ მრავალსულიანი ოჯახები უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ორი ოთახის ფართზე ოთხი ოთახი ფიქსირდებოდა. რალურად, ოთახები გადაიტიხრა და 60 კვადრატული მეტრი ოთხ ოთახად წარმოადგინეს.
არადა, წესით, ოთხოთახიანი ბინა ას კვადრატულ მეტრამდე მაინც უნდა ყოფილიყო.
საძინებელი ძალიან პატარაა, ლოგინი და კარადა, ფაქტობრივად, ვერც ეტევა. ერთი და იგივე ტერიტორიაზე ბინებში ამხელა განსხვავებაა. სხვა კორპუსებში უკეთესი პირობებია, გათბობაც არის და ა. შ. მაგალითად, მეხუთე კორპუსში ცენტრალური და იატაკის გათბობაც კი ფიქსირდება. სხვაგან ეს არ არის. სხვადასხვა ტიპის კორპუსებია და ყველას სამართლიანად ერთნაირი საცხოვრებელი არ შეხვდა.
ამის გამო დევნილებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ბევრი ოჯახი გასაღებს უკან აბარებს, რადგან ასეთ ბინებში შესვლა არ უნდათ, მაგრამ არიან გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ქირას ვეღარ იხდიან. სამინისტრო მათ შანტაჟის ენით ელაპარაკება, _ თუ არ დარჩებით, კიდევ კარგა ხანი ვერაფერს მიიღებთო. იძულებული არიან, ადგილზე იყვნენ. ამაზე თვითონ დევნილები ყვებიან. საუბარია სამმართველოს უფროსზე, მის მოადგილეზე, განსახლებას და სოციალურ საკითხებს ვინც კურირებს. გვარების დასახელება არ მსურს, მაგრამ იქ დევნილთა საქმეებისა და განსახლების დეპარტამენტებია და მათი ხელმძღვანელი პირები შემჩნეული არიან ამ ზეწოლაში.
_ მინისტრის პოზიცია როგორია?
_ ყველამ ვიცით, რომ მინისტრს დევნილებთან კომუნიკაცია არ გააჩნია, დევნილებს არც კი ხვდება. ბოლო დროს ისიც შანტაჟის ენით ესაუბრება დევნილებს. მსგავსი გამოსვლები ადამიანებში აგრესიას იწვევს.
დევნილებს გარკვეული გარანტიები სჭირდებათ, რომ უკეთეს პირობებში გადაიყვანონ, ან ოჯახებში სულადობა მოაკლონ. ვთქვათ, რვასულიანი ოჯახიდან სამი ისევ აღრიცხვაზე დადგეს და დანარჩენი იმ ფართებში დარჩეს, რაც კანონიერად ეკუთვნის.
ვერ გეტყვით, რამდენად წამოვა დევნილთა სამინისტრო ამ წინადადებაზე. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ ახლა მოლაპარაკება მიდის, რათა ეს უკმაყოფილო ხალხი რაღაცნაირად კიდევ გააჩუმონ. აქამდე ხუთ ოჯახს შევხვდით, ვინც ამ ყველაფრით უკმაყოფილებას გამოხატავს.
_ 23-ე კორპუსში რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ბუნებრივი აირის შეყვანა?
_ კორპუსამდე მოყვანილია და მრიცხველები თითქოს დაყენებულია, მაგრამ შიგნით არსად შეყვანილი არ არის. ელექტროსადენებიც დატვირთვას ვერ უძლებს, როდესაც რაღაც გამათბობელს რთავენ. ეს ხომ მაინც სასტუმროს ტიპის კორპუსია. მახსენდება ჩვენი ცხოვრება სასტუმრო `აჭარაში~. იქაც გაზი არ გვქონდა და არსებული სადენები დატვირთვას ვერ უძლებდა.
23-ე კორპუსშიც იგივე სიტუაციაა, გაზი ბოლომდე შეყვანილი არ არის. დევნილთა სამინისტროს სჩვევია მსგავსი მიდგომები, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ერთ დევნილს კარგ პირობებს სთავაზობს, მეორეს _ არა. ამის მაგალითი დასავლეთ საქართველოშიც გვაქვს, როცა კონკრეტულ ტერიტორიაზე ერთ კორპუსს აკანონებს და მეორეს _ არა. ამის გამო დევნილები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
შეიძლება ამაში გარკვეული მიზნები, გათიშე და იბატონეს პრინციპის მოქმედება იყოს. ხანდახან ამასაც ვფიქრობ, რომ დევნილები სერიოზული ძალაა და იქნებ, ეშინიათ, რომ ისინი არ გაერთიანდნენ.
_ დევნილების განსახლების კუთხით ყველაზე მწვავე პრობლემები რომელ რეგიონშია?
_ უმწვავესი მდგომარეობაა სამეგრელოში. ზუგდიდში 54 ათას დევნილამდე ცხოვრობს და ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ამ რაიონშია წარმოდგენილი. იქ ყველაზე საშინელი პირობებია. გაუსაძლისი, ნგრევადი ობიექტებია, კანალიზაცია მოშლილია, წყალი არ არის... რეალურად, სამეგრელოში 80 ათასი დევნილი ცხოვრობს, აქედან უდიდესი რაოდენობა ზუგდიდშია. აღარ ვსაუბრობ ბორჯომზე, სადაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. ასევე ლიკანში, ხობში, აბაშაში რთული მდგომარეობაა.
_ თბილისში რა ხდება?
_ ნგრევადი ობიექტებია თბილისის ზღვაზე, კორპუსები საშინელ მდგომარეობაშია. ქართლის, ოქროს საწმისის სასტუმროები, `დეშეპეს~ კორპუსები (ასე უწოდებენ), სადაც გაუსაძლისი ვითარებაა. ფაქტობრივად, ნგრევადი ობიექტებია და იქიდან დევნილები სასწრაფოდ უნდა გამოიყვანონ.
სასტუმრო ,,კოლხეთი“, რომელიც ახლა დაიცალა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ასევეა აეროპორტის დასახლება, სადაც სერიოზული პრობლემებია. დევნილების სამინისტრომ ამ ობიექტებიდან დევნილები პირდაპირი წესით გამოიყვანა და ასევე პირდაპირი წესით ოლიმპიურ სოფელში უნდა შეეყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ანკეტები შეავსებინა და ქულების გათვალისწინებით, ოლიპიურ სოფელში ყველა არ შეიყვანა. დატოვა ოჯახები, ვისაც კი სადმე რაიმე ქონება უფიქსირდება.
მაგალითად: თუკი ოჯახის რომელიმე წევრს მიწის ნაკვეთი, ან რაღაც ფართი (საკუთარი სახსრებით შეძენილი) აქვს, მისი მდგომარეობა უპერსპექტივო ხდება. 23 წლის განმავლობაში დევნილებმა რაღაც მაინც მოახერხეს, გადადეს, ოჯახს ლუკმა-პური მოაკლეს და რაღაც შეიძინეს. ამ შემთხვევაში დევნილთა სამინიტრო მათ განსახლების პროგრამაში აღარ განიხილავს. იქმნება კომისია და ამას უკვე პოლიციის, უშიშროების სამსახურები იძიებენ. სამინისტრო ძირითადად ამაზე მუშაობს, რომ მოიძიოს, ვინმე სადმე ქონებას ხომ არ ფლობს.
ფაქტობრივად, ეუბნებიან, რომ შენ ახლა ბინის საჭიროება არ გაქვს და არ ვიცით, როდის დაგაკმაყოფილებთო. რეალურად, ნულ ქულას ანიჭებენ და განსახლების პროცესი უვადო გახდა.
მინისტრმა სუბარმა თქვა, _ თქვენ იმდენი ხართ, მრავლდებით და სახელმწიფოს ამდენი ფული არ გააჩნიაო.
ამის გამო პროცესი მართლა დაუსრულებელი გახდება. პირიქით, სახელმწიფოს უნდა უღირდეს ეკონომიკურადაც, რომ დასრულდეს ეს პროცესი _ ყველას მისცენ კუთვნილი ფართი.
სამინისტრო ძალიან გაჭირვებულებს აკმაყოფილებს. ეს გასაგებია, მაგრამ ის დევნილებიც კანონიერად და სამართლიანად ითხოვენ სახელმწიფოსგან დახმარებას.
_ რა რესურსი აქვს და რეალურად რას აკეთებს ამ სფეროში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება?
_ ლეგიტიმურ ხელისუფლებას 13-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და აქედან 8 მილიონი ხელფასებში მიდის, დანარჩენი ადმინისტრაციული ხარჯებია. გარკვეული პროექტები ხორციელდება, წიგნის გამოშვება, გარკვეულ თემაზე კონფერენცია და ა. შ. განსახლების მიმართულებით აფხაზეთის ბიუჯეტიდან ერთი კაპიკიც კი არ მიემართება.
პრინციპში, არ აქვთ უფლებამოსილება, რომ ამ სფეროში რამე განახორციელონ. დევნილთა სამინისტროსაც არ სურს, რაღაცნაირად, უფლებამოსილებათა დელეგირება მოხდეს და აფხაზეთის მთავრობაც ჩაერთოს ამ ნაწილში. სხვა შემთხვევაში, არაფრის გამკეთებლები არიან არც პოლიტიკურად, არც სოციალურად და არც დევნილთა უფლებების დაცვის მიმართულებით. არც სამართლებრივი მექანიზმებით და არც არანაირი მხარდაჭერა მათი მხრიდან დევნილებს არ გააჩნიათ.
თუნდაც უმაღლეს საბჭოს, რომელიც პირდაპირ ვალდებულია, რომ პარლამენტში კანონპროექტები წარადგინოს დევნილების დასაცავად, ამ მიმართულებით იმუშაოს, მთელი ამ ხნის განმავლობაში მსგავსი ინიციატივა არ დაუყენებია.
ფაქტობრივად, პარაზიტული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიუჯეტიდან ვინახავთ. ის მარიონეტია ნებისმიერი ხელისუფლების, ვინც კი სათავეში მოვა, რათა შეინარჩუნონ თავიანთი ადგილები, იქვე სანათესავო დაასაქმონ და ა. შ. ამიტომ ჭაობია, სადაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამის გამო არც არავინ უწევს ელემენტარულ ანგარიშს.
_ გამოსავალი, რომ დევნილი ოჯახების განსახლება დროულად და ეფექტურად განხორციელდეს?
_ ორივე მიმართულებით ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს _ კომპაქტურ ობიექტებზე, რომლებიც ინგრევა და სადაც დევნილების ცხოვრება არ შეიძლება; და კერძო სექტორის დევნილებში, რომლებიც ამდენი ხანი ქირით ცხოვრობენ. პრიორიტეტი მაინც ნგრევად კომპაქტურ ობიექტებს ენიჭება.
გამოსავალია, რომ თუკი სახელმწიფოს შესაბამისი ბიუჯეტი არ გააჩნია (დევნილთა უწყებასაც მცირე ბიუჯეტი აქვს), ამ შემთხვევაში აუცილებლად ალტერნატიული რესურსი უნდა გამოინახოს. მიწა უნდა გამოიძებნოს მათთვის, როდესაც დევნილებს მიწებს არ უკანონებენ. ეს მიწა დასაქმების პრობლემასაც მოაგვარებდა.
ბევრი, თუნდაც თბილისში მცხოვრები დევნილი თანახმაა, რომ რაღაც პატარა ნაკვეთი მიიღოს რეგიონში და ამით დაკმაყოფილდება, _ სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილად ჩაითვლება.
ასევე შენობა-ნაგებობების სახით ძალიან ბევრი აქტივი აქვს ჩვენს მთავრობას. ეს არის გამოუყენებელი აქტივი, რომელსაც ვერ ყიდის, როცა საპრივატიზაცოდ გამოაქვს. ეს აქტივები დევნილებს რომ გადაეცეს, ძალიან კარგი იქნება.
ზოგადად, სახელმწიფო ფლობს მიწების 70%-ს და აქტივების სადღაც 50%-ს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორში უნდა გადავიდეს. პრივატიზაციის პროცესი უნდა განხორციელდეს და არა მარტო დევნილებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა გადაეცეს. აღმოსავლეთ ევროპას აქვს ამის გამოცდილება. ამ გზით ქონება უნდა გაუნაწლდეს აბსოლუტურად ყველას, დევნილსაც და არადევნილსაც. უკვე ეს აქტივები ჩაებმება ეკონომიკურ მეურნეობაში. იმიტომაც ვერ ვვითარდებით, ეკონომიკურად წინ ვერ მივდივართ, რადგან ისევ „კომუნიზმში“ ვიმყოფებით, როდესაც სახელმწიფო დომინანტურად ფლობს წარმოების ფაქტორებს და ისევ ძველ მდგომარეობაში ვართ; არ გადავსულვართ საბჭოური ეკონომიკური სისტემიდან რეალურ საბაზრო ეკონიმიკაზე. საბაზრო ეკონომიკაში დომინანტი კერძო საკუთრებაა და ეს ფუნდამენტური პრინციპია.
ვინც კი მოდის ქვეყნის სათავეში, ამ აქტივების დათმობა არ უნდა და ძალაუფლებასაც თითქოს ამ გზით იმყარებს.
,,ქრონიკა+”-მა ინფორმაციის გადამოწმება სცადა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კითხვები ელექტრონული ფორმით მიიღო, დაგვპირდა კიდეც პასუხების გამოგზავნას, ამ დრომდე სოზარ სუბარის უწყებიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
გელა მამულაშვილი