გილოცავთ ახალ წელს!
გულახდილად გეტყვით, რომ ეჭვი კი მეპარებოდა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ თქვენ თბილისის მერის ურთულეს მოვალეობებს რაღაც დონეზე მაინც გაართმევდით თავს, მაგრამ...
მენანება ის დრო და ის ენერგია, რაც იმისთვის დავხარჯე, რომ თქვენი სახით ჩვენს დედაქალაქს ღირსეული მერი ჰყოლოდა, მაგრამ...
თბილისის მერად არჩევამდე, 2014 წლის 16 მაისს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მეშვეობით თქვენი მომავალი საქმიანობის ძირითად პრობლემათა ჩამონათვალიც მოგაწოდეთ, მაგრამ...
თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ერთ-ერთ სერიოზულ თავყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, საჯაროდ გამოგიცხადეთ ნდობა და ზოგიერთი პრობლემის გადაჭრის კონკრეტული წინადადებებიც ჩამოგიყალიბეთ, მაგრამ...
დედაქალაქის მერის არჩევნების წინა დღეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ საქვეყნოდ დავაფიქსირე თქვენი გვერდში დგომისა და მხარდაჭერის გადაწყვეტილება, მაგრამ...
დედაქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით ათამდე წერილი მოგწერეთ პირადად და გარკვეული რაოდენობის სტატიაც გამოვაქვეყნე პრესაში, მაგრამ არც ერთ მათგანს თქვენი მხრიდან ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია და სხვ.
ხაზგასმით, საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული წინადადება ან რეკომენდაცია ჩემს პირად ინტერესებს არ ეხებოდა; არასდროს, თქვენთან მიღება რომ მიღებაა, ისიც კი არ მომითხოვია, თუმცა ძალიან კი მინდოდა, რომ სამ ათეულ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თბილისის მერიაში, რამდენიმე სამინისტროში, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში და საქართველოს მთავრობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ჩემი მუშაობის გამოცდილება სასიკეთოდ წადგომოდა ჩვენს დედაქალაქს. გაუგებარი მიზეზების გამო თქვენ ეს შანსიც გაუშვით ხელიდან, რისთვისაც თქვენთან ერთად ვადანაშაულებ დედაქალაქის მერიის სათანადო სამსახურებსაც! თქვენი სურვილის შემთხვევაში მათ მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს პირადად გაგაცნობთ.
ვგრძნობ, რომ რასაც ახლა მოგახსენებთ უხერხულია, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა და ერთი სერიოზული შეცდომისა თუ დანაშაულის გამო თქვენ ჩემთან პირისპირ შეხვედრას შეგნებულად არიდებთ თავს. თუ ისურვებთ, პირადი შეხვედრის დროს, მომავალში იქნებით თუ არა ამ თანამდებობაზე, რამდენიმე მათგანს გაგახსენებთ და კითხვის ნიშნები აღარ გაგიჩნდებათ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იძულებული გახლავართ ვაღიარო, რომ თქვენ ჩემი, ანუ ერთი რიგითი ამომრჩევლის, იმედები, დედაქალაქის მერის პოსტზე, ვერ გაამართლეთ და გირჩევთ, დროულად გააკეთოთ სათანადო დასკვნა!
P.S. ჩემთან პირისპირ შეხვედრას თუ მოინდომებთ, გთხოვთ, შემახსენოთ ერთი-ორი საკითხი, რომელიც თქვენ ნაწილობრივ მაინც მოაგვარეთ ამ ურთულეს და უკიდეგანო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. კონკრეტულ პრეტენზიებს მათ შესახებ პირადად მოგახსენებთ.
ანზორ ბაბუხადია
რიგითი ამომრჩეველი