QronikaPlus
რატომ იწყებენ ომის ვეტერანები ფართომასშტაბიან აქციებს?!

რატომ იწყებენ ომის ვეტერანები ფართომასშტაბიან აქციებს?!

2016-01-21 07:57:22

ომის ვეტერანები და ჰოსპიტლის თანამშრომლები ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან. აქციის მიზეზი ჰოსპიტლისთვის დაფინანსების შეწყვეტა გახლავთ, რომელიც ვეტერანებს უფასოდ ემსახურება. ჰოსპიტლის გადარჩენის საორგანიზაციო კომიტეტი უკვე შექმნილია. კიმიტეტის წევრები „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, რომ აქციაზე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის გადაყენების მოთხოვნასაც დააყენებენ და იმას მიაღწევენ, რომ სწორედ ეს ამბავი გახდეს დეპარტამენტში მისი მოღვაწეობის დასასრული. ვეტერანთა ჰოსპიტალი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთო ხაზინიდან ჰოსპიტალს, ვეტერანთა დეპარტამენტის გავლით, წელიწადში 800 000 ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე წლის 13 იანვარს შეხვედრაზე ჰოსპიტლისთვის დაფინანსების შეჩერება გადაწყდა, რომელსაც ესწრებოდნენ: პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია; ჰოსპიტლის მთავარი ექიმი გია მაცაბერიძე და ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი. შეკრებილთა დასკვნით, ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობა სამედიცინო მომსახურებისთვის შეუფერებელია და დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებაც ამ მოტივით მიიღეს, თუმცა ამ გადაწყვეტილების ოფიციალური დოკუმენტი ამ დრომდე არ არსებობს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან ვეტერანთა ჰოსპიტლის გადარჩენის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: სამკურნალო-დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე მანანა ვერულაშვილი და თვალის კაბინეტის მედდა ირმა ზედგინიძე. მანანა ვერულაშვილი: _ ამ ჰოსპიტლის დახურვით პირადად ირაკლი შიხიაშვილია დაინტერესებული. დღეს ჰოსპიტალში ერთი გოგონა მოვიდა და რადიატორს იღებს, _ რას აკეთებ-მეთქი, გოგონა? და, _  „ჯიპას“ სტუდენტი ვარო. შიხიაშვილს ემსახურება, თურმე. უამრავი გოგო-ბიჭი დაუქირავებია, რომლებსაც აგზავნის და კომპრომატებს აგროვებს სხვადასხვა თემაზე, ვის და როგორ ებრძოლოს. ძალიან ცუდი კაცია, ღარიბაშვილის ზურგი ჰქონდა. პრემიერ-მინისტრი რომ წავიდა, ვიფიქრეთ გვეშველაო, მაგრამ გვეშველა კი არა, უარეს დღეში ჩავვარდით! წლიურად ჩვენთვის გამოყოფილია 800 000 ლარი. აქ შედის: ექიმთა დაფინანსება, კვება, მედიკამენტების შეძენა, კომუნალური გადასახადების გადახდა და სხვ. ჰოსპიტლის ექიმების ხელფასი 140-150 ლარია, ხოლო ექთნის _ 100. ასე ვმუშაობთ ამდენი წელია, აქ დავბერდით ხალხი. ამოგვიჩემა შიხიაშვილმა და ახლა ჰოსპიტლის დახურვა მოინდომა. რაც ამ თანამდებობაზე მოვიდა, სულ ჩვენ გვებრძვის. ტერიტორიულად კარგ ადგილზეა და ამით კონკრეტული პირები არიან დაინტერესებულნი. ჩვენი მთავარი ექიმი ცოტა ინერტულია, თანაკურსელები ვართ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მიყვარს, მაგრამ პირადად ამ საკითხზე ხშირად ვეკამათებოდი, _ რომ ვერაფერს აგვარებ, იაქტიურე-მეთქი. ხელფასი 100 ლარი რომ აქვს ექთანს, რომელიც ღამე უმძიმეს კონტინგენტში მორიგეობს, სირცხვილი არ არის? პირველი იანვრის შემდეგ ჰოსპიტალში 55 ავადმყოფი გვყავს, აქ დაწვნენ, სხვაგან არ მიდიან, ზედ ვყვებით უფასოდ. რემონტი მაინც გაეკეთებინათ, აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ! გია მაცაბერიძე მარტო რომ წავიდა შიხიაშვილთან შესახვედრად, კი ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა! შიხიაშვილი ამბობს, ჰოსპიტალში შესაფერისი პირობები არ არისო, ვითომ სულ ვეტერანებზე ზრუნავს და მათი დარდი აქვს! ახლა რაღაც სოფლის აშენება დააპირა, ფულს ითხოვს ბიუჯეტიდან. შე დალოცვილო, თუ ფულს ბიუჯეტიდან ითხოვ, ჩვენთვის რატომ არ აკეთებ რამეს? ამიერკავკასიაში ერთი ეს ჰოსპიტალი იყო და როგორ ვიყავით, იცით? ჩვენთან შემოსვლას არაფერი სჯობდა, ვეტერანებს დასასვენებლად ვუშვებდით. გაანიავეს და გააპარტახეს ყველაფერი! ძველ, შემორჩენილ ექიმებს არაფრით არ გვინდა წასვლა. როცა დღეს შევედი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რა მდგომარეობაც იყო, გული გამინათდა, ისე მიყვარს იქაურობა, ყველანი იქ დავბერდით. გუშინ შეხვედრაზე გადაწყვიტეს, ფინანსების არარსებობის გამო ჰოსპიტალი გაუქმდესო. აფერისტი შიხიაშვილი კიდევ ამბობს, თუ ფინანსებს მომცემენ, თქვენ გადმოგცემთო. ირმა ზედგინიძე: _ ჰოსპიტლის გახსნის დღიდან აქ ვარ. ამ ეტაპზე ისიც კი არ იციან, რა სტატუსი მოგვიყენონ, რომ დაგვხურონ. თუ ჩვენი 800 000 არსებობს და პროგრამულად გამოყოფილია, გამოდის, რომ თუ არ გვაფინანსებენ, ჩვენი თანხა ვიღაცამ უნდა მიითვისოს. შიხიაშვილს რომ შევხვდი, პირდაპირ ვუთხარი, _ სადაზღვევო პაკეტი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით ომის ვეტერანებისთვის-მეთქი. შიხიაშვილმა გვითხრა, _ ვერანაირ აპარატურას ვერ გიყიდით და ვერ დაგიდგამთ იმიტომ, რომ შენობა სტანდარტებს არ შეესაბამებაო. კი ბატონო, ნამდვილად ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ამას წინათ სამგორის ქუჩაზე ერთ-ერთ ტუბდისპანსერში ვიყავი და ვიფიქრე, ჩემს ჰოსპიტალში ღმერთივით ვყოფილვარ-მეთქი. საქმე ის არის, რომ თუ კეთილი ნება და სურვილია, ყველაფერს გააკეთებ! მაგას ვეტერანები შირმად ჰყავს, ამას ყველგან ვიტყვი, ხელზე ჰყავს დახვეული, თითქოს მათთვის უნდა ყველანაირად კეთილმოწყობილ გარემოში მკურნალობა, ეს არის აბსურდი! შენ თუ ხარ დეპარტამენტის თავმჯდომარე და თანამდებობა გინდა, ვიღაცის დაკრულზე კი არ უნდა იცეკვო, შეკამათების უნარი უნდა გქონდეს და არა მარიონეტი იყო, მაგრამ ყველა უბედურება მაგ კაცისგან მოდის, მაგას ჰოსპიტლის გაუქმება უნდა! თვალის კაბინეტის მედდა ვარ და გადავწყვიტე, ყველაფერზე დაკვირვება მეწარმოებინა. კონკრეტულად, რა მოსდევდა სადაზღვევო პაკეტს: ჩვენგან გასული პაციენტი, რომელიც კატარაქტის საოპერაციოდ მიდის და ეს შიხიაშვილსაც ვუთხარი, _ რომელი თქვენგანი დაინტერესდით, რომ ამ თქვენს ვეტერანს სადაზღვევო პაკეტით მომსახურება ეკუთვნის, ბოლომდე გაჰყევით და სადამდე მიხვედით-მეთქი. მე, მაგალითად, დავინტერესდი და მივყევი. ვეტერანს, რომელსაც ეუბნები, რომ საყოველთაო და ვეტერანის დაზღვევის პაკეტი გაქვს, ორივე ერთად ჯამში, ყველაფერი გეკუთვნის უფასოდ. სინამდვილეში, არ არის ასე! თვალის საოპერაციოდ პირველადი გასინჯვაა 65 ლარი, რომ ფორმა 100 წარადგინოს. ყველას პროთეზი და ოპერაცია ხომ არ უნდა?! არც ერთ პაკეტში არ დევს ამბულატორიული მომსახურეობა. ახლა მაგალითი გვაქვს, ვეტერანი, რომლსაც დაემართა ინსულტი, ცხვირში ზონდით გადმოგვიყვანეს, რადგან სხვაგან ვერ იხდიან ფულს. იქ ხომ არის განსაზღვრული ლიმიტი, რამდენი დღე გეკუთვნის იმ პაკეტის მიხედვით, ამოეწურება ვადა და მერე გადმოჰყავთ ჩვენთან. ეს მომაკვდავი კაცი გადმოიყვანეს ჩვენთან, თუ ჩვენ არ ვვარგივართ და არ ვართ საჭიროები, რატომ მოგყავს ჩემთან?! მანანა ვერულაშვილი: _ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეტერანებმა აქციების მოწყობა გადაწყვიტეს. არც ჰოსპიტლის პერსონალი ვაპირებთ ფარ-ხმლის დაყრას. ძალიან გვეხმარება „ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვეტერანი ვახტანგ მაჭავარიანი, რომელიც ადვოკატია და კარგად ერკვევა იურიდიულ პროცედურებში. ის უკვე დაუკავშირდა გენერალიტეტს, ვეტერანებთანაც გამართა შეხვედრა, ახლა შეხვედრას აპირებს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, რომ ჰოსპიტალი, როგორღაც, გადარჩეს. დღეს შეკრება გვქონდა და ჰოსპიტლის გადარჩენის საორგანიზაციო კომიტეტი ავირჩიეთ. ერთი სიტყვით, გამოწვევა მიღებულია, ვეტერანები „გმირთა მოედანზე“ კარვების გაშლას აპირებენ. შიხიაშვილმა დეპარტამენტში ხელშეკრულებით უამრავი ხალხი აიყვანა. ვინ რას აკეთებს, თვითონ არ იციან! ერთხელ არ შემოსულა ჰოსპიტალში, არც კი დაინტერესებულა როგორ ვართ, პერსონალთან ერთი შეხვედრაც არ მოუწყვია. ჩვენ თვითონ მივედით დეპარტამენტში, ჯერ ერთი საათი დააგვიანა და მერე უაზროდ ჩხუბი აუტეხა ერთ ჩვენს ექიმს, რომელიც, ამავდროულად, ვეტერანია. ვეტერანები როგორც ჩვენს ქვეყანაში არიან დაუფასებლები, ასე არსად ხდება, როცა საჭირდებოდათ, გამოიყენეს, მერე მოისროლეს. ახლა აღარ გაჩერდებიან, საშიშიც კია, რაიმე უბედურება არ დატრიალდეს ამ საარჩევნო წელიწადში! იცით, რას აკეთებს შიხიაშვილი, როდესაც ვეტერანს ტომოგრაფიული გამოკვლევა სჭირდება? მასთან მიდიან, რომ დააფინანსოს, 300 ლარამდე ღირს და სად აქვთ ამის ფული?! კლინიკა გახსნა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კოკა ფრუიძემ, შიხიაშვილი ვეტერანებს იქ აგზავნის. ნევროლოგის კონსულტაციაში 50 ლარს იხდიან, იქ კარდიოლოგის კონსულტაციაა საჭირო. იმ დროს, როცა ჩვენ გადასარევი სპეციალისტები გვყავს, ამაში ფულს ახდევინებენ. ტომოგრაფიას კი დეპარტამენტის გადარიცხვით უკეთებენ, ეს შეიძლება? ეს არის ფულის გათეთრება! გამაგებინეთ, ამას სხვა რა ჰქვია?! აუდიტია საჭირო, რომ დადგინდეს, რას უშვრება ეს კაცი ფინანსებს! ჩვენ რა დავაშავეთ, ჰოსპიტალში 180 თანამშრომელი რომ ვართ და თან ვყვებოდით პაციენტებს კაპიკებზე. ოჯახში სხვა შემოსავალი რომ არ იყოს, ხომ დავიხოცებოდით შიმშილით?! მარტოხელა ვარ, განყოფილების გამგეობის 200 ლარს ვიღებ ხელფასს და ისიც რომ არ მექნება, რა უნდა გავაკეთო, სად ვიშოვო პურის ფული?! ირმა ზედგინიძე: _ ჩვენი მთავარი ექიმი  გუშინ შეხვედრიდან რომ მოვიდა, თქვა, _ ყველას ემჩნეოდა, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო, მე დამიბარეს, როგორც პანაშვიდზე, რათა ეცნობებინათ, არ გექნება დაფინანსება და ეს იმას ნიშნავს, ჰოსპიტალი უნდა დახუროო. თან, თურმე, შიხიაშვილი ბაკურიანში გარბოდა ყინულის ფესტივალის გახსნაზე. წარმოგიდგენიათ, როგორ გათავხედდა ეს კაცი, რა შუაშია ვეტერანები და ყინული? როგორც უნდა, ისე ხარჯავს ვეტერანების ფულს! ვერ დაველოდებით იმას, რომ ურემი გადაბრუნდეს! ვახტანგ მაჭავარიანმა იმდენი იწვალა, ებრაელი ინვესტორი მოძებნა, ეკონომიკის სამინისტროშიც იყვნენ და თანახმანი არიან. შეიმუშავეს გეგმა, მაგრამ ჭკვიანი დღეს ვის უნდა? ეს პროექტი რომ ვახტანგის მეშვეობით განხორციელდეს, შიხიაშვილი ხომ აღარ გამოჩნდება?! აწყობს ახლა ეს?! მომწიფდა უკვე შიხიაშვილის წასვლის საკითხი, ზუსტად მაგის დროა! შიხიაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ყველგან მიდის ფულის გათეთრება, იმ სადაზღვევო პაკეტშიც. ექიმს რომ შეუზღუდავ, გამოკვლევა ისე ჩაატარე, რომ ბევრი არ დახარჯოო, უკვე ავადმყოფის ინტერესები ილახება. ხვალ რომ მთავრობა შეიცვალოს და სადაზღვევო პაკეტი გააუქმოს, სად მიჰყავს ეს ხალხი?! ხვალინდელ დღეზეც ვიფიქროთ! პენსიონერი ვარ, შემიძლია სერთოდ არ ამოვიღო ხმა, მაგრამ თვალის დახუჭვა არ შემიძლია ასეთ რამეზე, შიხიაშვილმა როგორ უნდა მომატყუოს?! გუშინ განყოფილების გამგემ გამოგვიცხადა, აღარ მიიღოთ ავადმყოფებიო. ამის უფლება არ აქვთ, ავადმყოფებსაც ვიღებთ, თუ რამე ნაშთი გვაქვს, იმასაც მივხედავთ, მერე გამოჩნდება აღმართიც და დაღმართიც. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ, იქნებ, მათ ტვინამდე მივიდეს, რომ ჰოსპიტლის დახურვა და ამდენი ხალხის გარეთ გამოყრა არ შეიძლება! იცით, რა გააკეთა შიხიაშვილმა? ვეტერანებიც გაყო, ზოგიერთს რაღაცით დაეხმარა, თავისკენ გადაიბირა და შიგნითაც განხეთქილება მოაწყო. ერთმანეთს გადაამტერა, რაღაც ჯგუფები შექმნა, ეს კაცი არის პარაზიტი! ძალიან საშიშ სიტუაციაში ვართ! აქციები რომ დაიწყება, იქ მოთხოვნა არ იქნება მხოლოდ ჰოსპიტლის შენარჩუნება, იქ უკვე შიხიაშვილის გადადგომის მოთხოვნის საკითხი დადგება! შიხიაშვილი ნამდვილად წასასვლელია, ადამიანს, რომელსაც „ნაციონალების წყალი“ აქვს დალეული. 3 მილიონი შეგვიჭამეს, რომელიც ჩარიცხული იყო. როცა ამაზე შეკითხვა დავუსვით, რაღაცები მიკიბ-მოკიბა. რა მიკიბ-მოკიბვა უნდა, ყველამ გაიყო თავისი წილი და კარგად იყავითო! ჩვენს მთავარ ექიმს რომ უკითხავს, _ პერსონალს რას უპირებო? ასე უთქვამს, _ კარგი ექიმი ყოველთვის მოძებნის სამსახურსო. თქვენც კარგად იცით, როგორ მოძებნის სამსახურს, მაგრამ ექიმების გარდა დანარჩენმა პერსონალმა რა ქნას?! მინდა მივმართო  ხელისუფლებას: ჰოსპიტლის დანგრევას თავი დაანებეთ! ყველა _ ვეტერანი თუ მედიცინის მუშაკი, ამ ქვეყნის შვილები ვართ, ყველას არ შეგვიძლია პარლამენტში ვისხდეთ და წილები ვინაწილოთ, დაბალ ფენასაც აღარ ვეკუთვნით, ასე არ შეიძლება!   მანანა ვერულაშვილი: _ შიხიაშვილი წარამარა დარბის ისრაელში, ვითომ რაღაც სოფლებს აშენებს. ვეტერანები სიცილით იფხრიწებიან, ვინ ვართ წამსვლელი იმ ხრიოკ ადგილას, თოხის ამღები და სოფლების ამშენებელიო. თავიანთი სოფლებიდან გამოქცეული ხალხია, ქალაქში ვაჭრობენ და გაჭირვებულები არიან, თავიანთი სახლებიდან დევნილები. თავისი ცოლ-შვილი გაუშვას იქო, _ ასე ამბობენ. ძალიან ნაწყენები ვართ! ვეტერანებიც ცოდოები არიან და ჩვენც, 1978 წლიდან მანდ ვმუშაობთ და ადვილია იქაურობის მიტოვება?! ჯანმრთელობის მინისტრთანაც მაქვს პრეტენზია, თავიდან მოგვიშორა, არ ვაინტერესებთ. შარშან შეხვდა ჩვენს მთავარ ექიმს, უთხრა, მენეჯერად არ ვარგიხარო, იმის მერე ამ კაცმა ჰოსპიტალი ამოიჩემა და დანახვა არ უნდა. წინასაარჩევნოდ ალასანია და სერგეენკო მოვიდნენ ჩვენს მთავარ ექიმთან და გადაწყვიტეს, ჰოსპიტალი თავდაცვის სამინისტროსთვის გადაეცათ. ალასანია მერე ძალიან შეწუხდა ჩვენი ჰოსპიტლით, არადა, იმხელა თანხები ჰქონდა, ადგა და ვეტარანთა დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს ჩამოაშორა. შენობა ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. სამინისტროდან ინფორმაცია გვაქვს, ჩვენ არ გავყიდით ამ შენობასო, მაგრამ რა გინდა ქნა? ეს კაცი არ გვეშვება! შემოჩენილია, თავისი ინტერესები აქვს! ამ თავის ინტერესებს ხომ არ შეიძლება გადააყოლოს ამდენი ხალხი?! ვეტერანებს დღეს ძლივს ვაკავებდი, არ გაჩერდებიან ცოცხალი თავით, _ ეს ჰოსპიტალი ჩვენია და არავის დავუთმობთ, ან გაარემონტონ, ან სერთოდ თავი დაგვანებონო! „ქრონიკა+“ ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის მთავარ ექიმს, გია მაცაბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც სამშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მიგვიწვია და აღნიშნა, რომ ამ თემაზე დასმულ ყველა კითხვას იქ უპასუხებს. „ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ჟანა ასანიძეს: _ ათასგზის იქნა განმარტებული და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ირაკლი შიხიაშვილს არანაირი პირადი ინტერესი, გარდა იმისა, რომ ქვეყნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სეგმენტს _ ვეტერანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრებისა და მკურნალობის შესაძლებლობა, არ აქვს. ჰოსპიტლის შენობა არის უმძიმეს ვითარებაში და იქ მყოფი ვეტერანების ჯანმრთელობისთვის კი არა, სიცოცხლისთვის არის საშიში. ამაზე არსებობს ზავრიევის დასკვნაც. პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს, თუ რამე მოუვიდა ვეტერანს, თუ ჯანმრთელობა დაუზიანდა. ირაკლი შიხიაშვილს, რა თქმა უნდა, ნაფიქრი აქვს იმაზე, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდეს, სადაც ვეტერანებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო გარემოში მოიწესრიგონ ჯანმრთელობის პრობლემები. ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ამაში ჩართულია ქართული, ებრაული, ამერიკული, გერმანული მხარე. სამწუხაროა, რომ 80-100 ლარზე მომუშავე ექიმები რჩებიან სამსახურის გარეშე, მაგრამ ექიმებზე ზრუნვა სცდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრეროგატივას, ეს არ არის ჩვენი უფლებამოსილების საკითხი, სამსახურისთვის მთავარი არის ვეტერანის კეთილდღეობა და, ამდენად, ირაკლი შიხიაშვილი გამუდმებით ვერ იქნება პროვოკატორებისთვის პასუხის გაცემის რეჟიმში, ძალიან ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი. კერძოდ, დაიწყო და გრძელდება ვეტერანებისთვის მაღალი ხარისხის კიდურების პროთეზირება, ვეტერანებს უფინანსდებათ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, ჯანდაცვის კომისია უფინანსებს წამლებს, ოპერაციებს, რომელზეც საყოველთაო დაზღვევა არ ვრცელდება. სოციალურად დაუცველ 700-ზე მეტ ვეტერანს ჰუმანიტარული დახმარებები გაეწია, როგორც პროდუქტის, ისე პირველადი მოხმარების საგნების სახით. თითოეულ ვეტერანს ინდივიდუალურად ესაუბრება და უხსნის ყველა საკითხს, თუ ვინმე ვერ იგებს, ე. ი. არ სურს გაგება. სხვა შემთხვევაში, მას სამსახურის დირექტორს, ოპონენტების რომ არ ეშინია და ეს ჩვეულებრივ პროცესად მიაჩნია, ისიც ადასტურებს, რომ ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მას სურს, რომ არასამთავრობო სექტორი და სახელმწიფო სამსახური ერთიანი ძალისხმევით მუშაობდნენ ვეტერანების კეთილდღეობაზე. ვაგრძელებთ საზღვრისპირა რეგიონებში საპილოტე პროექტების განხორციელებას, ვეტერანების დასახლებისა და დასაქმების მიზნით. ამ საკითხზე უკვე გაკეთებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. უახლოეს პერიოდში ვეტერანებს შევთავაზებთ ფასდაკლების სისტემას, სადაც მათ შეეძლებათ, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ ყველა სახის პროექციაზე.  

                                                                                                    თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება