პოლიციელების თავნებობისა და კანონთან შეუსაბამო ქმედებისადმი წაყრუებამ მათ თანდათან დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა და უკვე იმის მომსწრენიც გავხდით, რომ მთვრალი პოლიციელი მეზობლის კარს ტაბელური იარაღიდან ესვრის.
ახალ წელს, პირველ იანვარს, ქობულეთში, აღმაშენებლის #3-ში მცხოვრებმა პოლიციელმა, არჩილ დევრიშაძემ, თავის სადარბაზოში პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის, თამაზ სიხარულიძის ბინის კარს ესროლა.
საბედნიეროდ, კარი რკინის იყო და არავინ გამხდარა ბრმა ტყვიის მსხვერპლი.
კარს სახელურთან მარცხნივ ნახვრეტი აქვს. როგორც გვითხრეს, ტყვიის გულა კარშია ჩავარდნილი და მისი ექსპერტიზა დღემდე არავის ჩაუტარებია.
ანონიმური ზარის საფუძველზე გენინსპექცია მოვიდა, ნახა და წავიდა. ჯერჯერობით, არაფერი!
,,ქრონიკა“ თამაზ სიხარულიძეს დაუკავშირდა, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში იმყოფებოდა:
_ ბატონო თამაზ, როდის მოხდა ეს ინციდენტი?
_ ზუსტად არ ვიცი. ბათუმში ვიყავი, საღამოს ცხრა საათზე დავბრუნდი და ნატყვიარი შევამჩნიე. მოვიკითხე და გავიგე ის, რაც თქვენც იცით.
_ კონფლიქტი გქონდათ არჩილ დევრიშაძესთან?
_ არა და არც დღეს მაქვს. ოჯახებითაც კარგად ვართ. მე ისიც კი არ ვიცი, დანამდვილებით არჩილ დევრიშაძემ ესროლა კარს, თუ სხვა ვინმემ?
_ როგორც გვითხრეს, ნატყვიარი კარზე პოლიციის უფროსის მოადგილეებმა შაქარიშვილმა და ირემაძემ ამოქოლეს.
_ არა, მე ამოვქოლე სილიკონით.
მერაბ ბლადაძე, უფლებადამცველი:
_ არჩილ დევრიშაძე იმ პოლიციელთაგანია, რომელთა ძალადობის გამო ვშიმშილობდით. მაშინ დაგვპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ და რევაზ ტაკიძისა და ბესო მახარაძის მიმართ ძალადობის გამო პასუხს მოსთხოვდნენ, მაგრამ დღეს ნათლად ხედავთ, არათუ პასუხი აგებინეს ვინმეს, შესაბამისი ორგანოების წაყრუების შედეგად, დევრიშაძე ისე გათავხედდა, რომ იარაღიც კი გამოიყენა და მხოლოდ ბედნიერი შემთხვევაა, რომ არავინ იმსხვერპლა. მისი მეზობლების თქმით, დევრიშაძე ხშირადაა ნასვამი და დებოშიორობს. _ ქურდებს სიცოცხლეო! _ გაიძახის და იარაღს ჰაერში ისვრის.
ჩემი ინფორმაციით, პათოლოგიური გამოხტომების გამო დევრიშაძე პოლიციიდან ორჯერაა გაგდებული, მაგრამ მაინც აღადგინეს, მაშინ როცა მართლა უკანონოდ დათხოვნილები დღემდე სახლში სხედან და სამართალი ვერ უპოვიათ.
როგორც მითხრეს, არჩილ დევრიშაძეს, ირაკლი შაქარიშვილსა და მის ამფსონებს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლევან იზორია პატრონობდა, ხოლო დღეს კი _ შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილე ვინმე ხათრიძე. თუ პროცესების მსვლელობას თვალს მივადევნებთ, ეჭვი გონივრული მგონია.
ეს მოძალადეები სანამ ვინმეს არ იმსხვერპლებენ, მანამ ზემდგომ ორგანოებს რეაქცია არ ექნებათ.
ასეთი წამხედურობით პოლიციელები ყოყოჩდებიან და უკვე მოქალაქეთა უსაფრთხოების კი არა, საფრთხის სერიოზული გარანტი ხდებიან.
იმედია, ამჯერად მაინც დინტერესდებიან ამ საქმის მიმართ და ვანოს პოლიციად გადაქცევისკენ მიმავალ გზას აღარ გააგრძელებენ.
,,ქრონიკა+“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს რამდენიმე კითხვით დაუკავშირდა. მათ შორის, რა სტადიაშია ამ პოლიციელის წინააღმდეგ გენსინსპექციაში შეტანილი ადრინდელი სარჩელები და კომენტარი სთხოვა ეჭვზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი მფარველების შესახებ.
შსს-ს პრესსამსახურიდან გვიპასუხეს:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება პოლიციელ არჩილ დ.-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან შესაძლო გასროლის შედეგად მოქალაქე თამაზ ს.-ს საცხოვრებელი სახლის კარის დაზიანების თაობაზე.
აღნიშნულ ფაქტზე ქობულეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
2. შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა ადვოკატ მერი ცინარიძის, მოქალაქეების ბადრი მახარაძისა და რევაზ ტაკიძის შეტყობინება-განცხადებები ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეების რევაზ ტ.-ს და ბესიკ მ-ს შესაძლო შეურაცხყოფის თაობაზე.
აღნიშნულ ფაქტზე, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების პროცესში, გამოიკითხა შსს-ს 17 თანამშრომელი.
ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაძლო სამართალდამრღვევი პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ იმსჯელებს~.
შინაგან საქმეთა პრესცენტრს კომენტარი არ გაუკეთებია მოძალადე პოლიციელების შესაძლო მფარველობის შესახებ.
თავად ეს კომენტარი მრავლისმთქმელია. არჩილ დევრიშაძის საქმე პაატა ირემაძემ და ირაკლი შაქარიშვილმა უნდა გამოიძიონ... იმათ, რომელთა მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანია და მათი არაერთი საქმე ერთად დევს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის თაროებზე.
ნატო ქათამაძე