QronikaPlus
იდენტობა, როგორც ფაშიზმი

იდენტობა, როგორც ფაშიზმი

2016-01-17 10:07:41

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სხვადასხვა ტიპის იდენტობის პოლიტიკაზე.  მე პირადად ამ ტიპის პოლიტიკის ზეობის ხანაში გავიზარდე და დავკაცდი და ახლა უკვე ცხოვრების შუაგულს დიდი ხანია, გადავაბიჯე. 1989 წელს მე თვითონ გახლდით იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი გულანთებული მხარდამჭერი, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე საქართველოს დამოუკიდებლობას და ჩვენი ეროვნული იდენტობის გამორჩეულად აღიარებას მოვითხოვდით.  ეს იყო ჯერ კიდევ გვიანი კოლონიური პერიოდი, სადაც “ეროვნულ-განმათავისუფლებელმა” მოძრაობებმა მიზნად დაისახეს მათი ქვეყნების “განთავისუფლება”  ნახევრად ფეოდალური იმპერიებისგან (კონსტიტუციური მონარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიტანეთის იმპერია, ასევე ნიდერლანდების სამეფო, გოლისტური საფრანგეთი, ასევე პორტუგალიის ნახევრად-დემოკრატიული რეჟიმი და, რაღა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი, საბჭოთა იმპერია). მაშინ ეს პოლიტიკა, ალბათ, გამართლებულიც იყო _ რადგან იმპერიალიზმი ბევრად უფრო მასშტაბურ მოვლენად მოგვევლინა. თუმცა იდენტობის პოლიტიკა სათავეს კოლონიალიზმის ბოლოს კი არ იღებს, არამედ „დიდი ევროპული რევოლუციების“ ჟამს.  როდესაც საფრანგეთის რევოლუციამ  სახელმწიფოს მმართველად მონარქის მაგივრად „ერი“ გამოაცხადა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს, ამით საფუძველი ჩაუყარა „ეთნოცენტრისტულ, ბურჟუა ერ-სახელმწიფოს“.  ვესტფალიური მშვიდობის მერე ეს ყველაზე დიდი პარადიგმული გარდატეხა იყო ევროპულ პოლიტიკაში და ცხადია, „ერმა-სახელმწიფომ“ (Nატიონ-შტატე) საფუძველი ჩაუყარა გენეტიკურ-ლინგვისტური იდენტობის პოლიტიკას. სახელმწიფოს ლეგიტიმური ძალადობის წყაროდ ამ ტერიტორიაზე არსებული დომინანტი ეთნიკურ-ლინგვისტური ჯგუფი შეირჩა.  ფრანგებმა დაიწყეს ეს პროცესი _ მართალია საწყისში იაკობინელებს ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ მათ მიერ განხორციელებულმა ძალადობამ ხელისუფლებაში „საშუალო კლასის ბურჟუაზია“ მოიყვანა და იდენტობის სახელმწიფოც შედგა, რომელიც შემდგომი 100 წლის განმავლობაში მრავალჯერ შეარყიეს ნაპოლეონებმა და ბურბონებმა _ თუმცა დროის ფაქტორს, ცხადია, ერმა-სახელმწიფომ უფრო გაუძლო, ვიდრე ფეოდალური იმპერიალიზმის სხვადასხვა ფორმით რეინკარნირების მცდელობებმა. ალბათ, მაშინ ბევრი ვერ ხვდებოდა, რამხელა პოტენციურ საშიშროებას შეიცავდა „ეთნო-ლინგვისტიკურ იდენტობაზე“ დამყარებული ლეგიტიმური ძალადობის უფლება. ეს ფენომენი კრიტიკის საგანი უკვე ტოტალიტარული სახელმწიფოების გამოჩენის შემდგომ დადგა და ცნობილმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, ჰანა არენდტმა თავის ნაშრომში ტოტალიტარიზმის სათავეების შესახებ არაჩვეულებრივად დაუსვა დიაგნოზი ბოლო 3 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ბოროტებას, „ეთნო-ნაციონალისტურ  ერ-სახელმწიფოებს“. დიახაც, „ერი-სახელმწიფოს“ ცნება არც ისე ლიბერალური და არც ისე დემოკრატიულია _ ის უფრო შოვინისტურ გრძნობებს აყალიბებს და იდენტობის ირგვლივ აერთიანებს ადამიანების საკმაოდ დიდ ჯგუფებს. მერე კი მათ ერთმანეთის სასაკლაოებს აწყობინებს.  გასული, XX საუკუნე ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო. დიახ, ეს იდენტობის გრძნობა სწორედაც რომ სოციალურად კონსტრუირებულია _ მას პოლიტიკური ელიტები აყალიბებდნენ და ზუსტად ისეთ განსაზღვრებას აძლევდნენ, როგორიც თვითონ უნდოდათ.  საზოგადოების ეფექტიანად მართვისთვის მისი გათიშვაა საჭირო და სოციალურ კასტებად დანაწევრება _ იდენტობა კი ასეთი დანაწევრების ყველაზე კარგი საშუალებაა.  კონსტრუირებულ იდენტობებს მყარის სახელს არქმევდნენ და აქედან გამომდინარე ამ ცრუ სიყალბის ირგვლივ მასების მობილიზებას ახერხებდნენ „პატრიოტული ლოზუნგების“ ქვეშ. ასე ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროსაც, მის შემდეგაც, როცა „ერების დიდი გადაადგილებები“ დაიწყო, და, რაღა თქმა უნდა, ფაშიზმისა და ნაციზმის ზეობის ხანაში. მუსოლინის ფაშისტური კორპორატიზმი და ჰიტლერის "არიული" ნაციზმი იდენტობის პოლიტიკის ყველაზე აშკარა გამოვლინებები იყო.  ისინი პირდაპირ წარმომავლობასა და გენს აყენებდნენ ადამიანის ყველაზე მაღალ განმსაზღვრელ ფაქტორად და ამით ყველა სხვა ჯგუფს "ექსკლუზიას" უკეთებდნენ. ნაციზმი ხასიათდებოდა უკმარისობის მწვავე განცდით და "ერთა შორის კონკურენციის" ყველაზე მწვავე ფორმას _ ომს და საკონცენტრაციო ბანაკებს მიმართავდა სხვა სისხლის წარმომადგენელთა "პრობლემის გადასაწყვეტად".  ამ პრობლემად არა მარტო ებრაელები, ბოშები მოიაზრებოდნენ, არამედ ნებისმიერი სხვა რასისა და ერის წარმომადგენლები, რომლებიც "არიულ" ერთობაში არ შედიოდნენ. ასეთები კი მრავლად იყვნენ. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იდენტობის ბევრად უფრო კონსტრუირებულ ვარიანტს შეეჭიდა და მანაც მოახერხა „ნამდვილი პროლეტარის“ და „ბურჟუაზიის დაუძინებელი მტრის“ ხატის შექმნა.   მაგრამ მე მაინც წინააღმდეგი ვიქნები, რომ მემარჯვენე კორპორატისტული ფილოსოფიები, „სუფთა იდენტობის“ ფილოსოფიები რომელიმე მემარცხენე მოდელს მივუახლოვო.  მემარცხენე ინტერნაციონალების ზოგადად ჰუმანისტური სწრაფვა მაინც ბევრად უფრო დადებითი მოვლენა იყო, ვიდრე სხვადასხვა ნაციონალისტური ბურჟუაზიების „დარაზმვა“ ერი-სახელმწიფოსა და „პატრიოტიზმის“ ცრუ იდეებთან. სწორედ ამიტომაც იყო, რომ მსოფლიოს ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რეაქციული პერიოდი სწორედ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ დაიწყო, 1990 წლიდან დღემდე. დავეთანხმებოდი ჟაკ დერიდას ცნობილ შეფასებას, რომელიც მან მუსტაფა შარიფთან საუბრისას გააკეთა 2003 წელს, რომ მსოფლიომ უსამართლობისა და სისასტიკის არნახული პროპორციები აითვისა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ამ ყველაფერს „იდენტობის პოლიტიკა“ ფარავდა. როცა წელიწადში როგორც მინიმუმ ერთი კლასობრივი ჰოლოკოსტი ხდება (საუბარია ყოველ წელს სულ მცირე 8 მილიონი ბავშვის გაჟლეტაზე მხოლოდ ფასებზე კონტროლის შესანარჩუნებლად, აგრეთვე მილიონობით ქალის, ფერადკანიანის, ან უბრალოდ ღატაკის განადგურებაზე), მასმედიის ყურადღების ცენტრში ეს ფაქტები სულაც არ ექცევა. დღევანდელ დღეს გლობალური სამხრეთის „ღატაკი ადამიანი“ უბრალო „ცოცხალი არსებაა“, რომლის მოკვლა და „ლიკვიდაცია“ დანაშაული არაა. ასეა მიღებული ლიბერალურ სამყაროში. როგორც დიდი ამერიკელი ლიბერალი და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი ჯორჯ ქენანი წერდა, „ჩვენ (ამერიკელები) უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილს ვეზიზღებით იმიტომ, რომ მსოფლიო რესურსების უდიდეს ნაწილს მოვიხმართ~. დიახ, დღეს გაუგონარი უსამართლობის დროა, მაგრამ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის „პრობლემის საბოლოო მოგვარება“ უკვე ბევრად უფრო ეშმაკური და დახვეწილი ფორმით ხორციელდება დღევანდელი ტექნოკრატი მოხელეების მიერ. ეს „უხილავი ლიკვიდაციის“ (ბიზნეს ენაზე „ლიკვიდურობის“) პროექტი დღეს უფრო დიდი მასშტაბით ხორციელდება _ იხოცება უამრავი უდანაშაულო ადამიანი _ პირველ რიგში, გლობალურ სამხრეთში, მაგრამ ჩვენ ამას უმეტეს შემთხვევაში ვერ ვიგებთ. დღეს მსოფლიოში მინიმუმ 6 მილიარდი „ჰომო საკერია“, რომელთა „არსებობასაც“ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კორპორატიულ-პოლიტიკური ელიტისთვის.  ისინი სამარეში ჩაჰყავთ „ჩუმი გენოციდით“, ყოველგვარი ემოციების გარეშე _ შიმშილით, მალარიით, ქუჩური ძალადობით, დაბალი ხარისხის ნარკოტიკით და ასე შემდეგ. ეს „პოპულაციის კონტროლის“ კარგი საშუალებაცაა და ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარების საუკეთესო ხერხიც. გასული საუკუნის ბოლოს მემარცხენე ბანაკში,გარკვეულმა წრეებმა „ჩათრევას ჩაყოლა“ ამჯობინეს და იდენტობის პოლიტიკის მემარცხენე ვარიაციები შექმნეს. ეს იყო გენდერის, რასის და სექსუალობის ნიადაგზე შექმნილი მოძრაობები, რომლებიც ბურჟუა მენტალიტეტის მთავარ მანკიერებას „ხელოვნურ უკმარისობას“ კი არ უპრისპირდებოდნენ, არამედ უკვე „უკმარის და მწირ სამყაროში“ გამორჩეული ადგილის დაკავებისთვის შეჯიბრში საკუთარი თანასწორობის დამტკიცებას.  გარკვეულ ეტაპზე მაშინ, როცა გლორია სტაინემი და ჰარვი მილქი თავის ელემენტარულ და ყველასათვის გასაგებ ჭეშმარიტებებს ამტკიცებდნენ, ეს გამართლებულიც იყო.  მაგრამ უკვე 1980-იანი წლების დასაწყისიდან „იდენტობის პოლიტიკა“ წამყვანი პარადიგმა გახდა პოლიტიკურ მეცნიერებაში და აქაა სწორედ, საშინელი კრიზისი რომ დაიწყო. „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ _ ასეთი სურათი მივიღეთ ცივი ომის შემდგომ.  დღეს მთელ მსოფლიოში აშკარად შეიმჩნევა, ერთი მხრივ, ნოსტალგია ძველი იდეალების მიმართ და ამის კარგი მაგალითია სლავოი ჟიჟეკის ნაშრომები და, მეორე მხრივ, ახალი თაობის ბრძოლა სხვადასხვა იდენტობისგან გასათავისუფლებლად.  უკვე 2011 წელს Oცცუპყ ჭალლ შტრეეტ-ის მოძრაობის მთავარმა სლოგანმა „ჩვენ 99 პროცენტი ვართ“, ნათლად გამოაჩინა, რომ იდენტობა თანამედროვე ადამიანისთვის უფრო ციხედ იქცა, ვიდრე თავისუფლების მიმცემად.  ადამიანები ერთმანეთთან საერთოს ეძებენ, რადგან ისინი ზედმეტად გათიშა და გაამარტოსულა უკანასკნელი 40 წლის პოსტმოდერნულმა ინდივიდუალიზმმა. ასეთი ინდივიდუალიზმი არანაირ სოლიდარობის ფორმას არ ცნობს _ ის მთლიანად მატერიალისტურია და ორიენტირებული მხოლოდ „საკუთარი თავის და საკუთარ ინტერესთა ჯგუფის“ კეთილდღეობისთვის.  „ლიბერალურმა დემოკრატიამ“ და მისმა პოსტმოდერნულმა აპოლოგიამ იტალიაში მუსოლონის კორპორატიზმი დააბრუნა. რომში დუჩეს სახლმუზეუმი აღადგინეს და მას მილიონობით ადამიანი ნახულობს წელიწადში. ახლანდელი ევროპარლამენტის არჩევნებში მოფაშისტო პარტიების ციფრი მკვეთრად გაიზარდა და მარტო ლე პენის პარტიის ასეთ მაღალ შედეგზე უკვე ვეღარაფერს ვიტყვით.  ევროპელი ლიბერალებიც კი უკვე პირდაპირ ამჟღავნებენ ქსენოფობიას და რასიზმს, როდესაც ისლამოფობიის და ანტიორიენტის დროშების ქვეშ ერთიანდებიან. ევროპას ისევ დაუდგა მწვავე ეთნიკურ-რელიგიური პრობლემა, ისევ ისე როგორც, ჰანა არენდტი წერდა და წინასწარმეტყველებდა.  იდენტობის პოლიტიკამ ყველა ყველას წაჰკიდა _ და ჰობსის სენტენცია რეალობად აქცია.  ოღონდ დღეს ამას ლიბერალურ-ტექნოკრატიული სამყარო ერთადერთ ტერმინს _ „ტოლერანტობას“ უპირისპირებს.  ტოლერანტობა პირდაპირი მნიშვნელობით „აუტანელის ატანას“ ნიშნავს, ანუ ადამიანს მეორე ადამიანი, მართალია, სძულს მისი განსხვავებული იდენტობის გამო, მაგრამ ამ საძულველ და აუტანელ მეორე არსებას იტანს _ მას ფორმალურად ცხოვრების უფლებას აძლევს. ბოლო 40 წლის მანძილზე ფილოსოფიური ლექსიკონებიდან ნელ-ნელა დაიწყო გაქრობა სიტყვა „სიყვარულმა“. სიყვარული მეტად არაპრაგმატული რამ აღმოჩნდა იდენტობის პოლიტიკისა და მისი თანმდევი ბურჟუა-კარიერიზმის ზეობის ხანაში _ დღეს შენ თუ ვიღაც შეგიყვარდა და საკუთარ თავზე და საკუთარ ჯგუფზე მაღლა დააყენე, შენ ლიბერალიზმის „მამაო ჩვენოს“ წინააღმდეგ მიდიხარ, რომელიც არის „ეგოცენტრიზმს პლუს იდენტობა-ცენტრიზმი“. ამ შემთხვევაში უკვე ეთნიკური იდენტობა აღარ არის აუცილებელი, რომ მთავარი განმსაზღვრელი იყოს, თუმცა ბოსნიის, ან ერაყის, ან აფხაზეთის ან ქაშმირის კონფლიქტებში ეს მაინც მთავარია _ არა, დღეს ადამიანები სხვა იდენტობებსაც იყენებენ კორპორაციულ გაერთიანებებში _ ეს შეიძლება იყოს კანის ფერი, სექსუალობა, ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრობა, გარემოს დაცვასთან მიმართება და ასე შემდეგ. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, ამას რომ თან არ სდევდეს ბურჟუა ცნობიერების (რომელიც ყოფიერებას განსაზღვრავს და არა პირიქით _ მარქსი აქ ცდებოდა და გრამში _ არა) მთავარი დანაშაული _ სამყაროს წამორმოჩენა „უსასრულო უკმარისობად“ _ „უსასრულო უკმარისობა“, რომელიც ჰაიდეგერიანელ „მანში“ მუდმივ ძრწოლას და შიშს იწვევს და ეს შიში მას აიძულებს, რომ ნაძირალა გახდეს ამა თუ იმ ფორმით. ბურჟუა მატერიალიზმი და უკმარისობა (შცარციტყ - შცარ ჩიტყ _ დაუკვირდით უკმარისობა და `შრამების~ ქალაქი, სადაც ყველას ერთმანეთის `შრამების~ ეშინია) არის დღევანდელი ეპოქის მთავარი „ძირეული პრობლემა“, რომელიც თანამედროვე ფაშიზმს ბადებს, ხოლო იდენტობის პოლიტიკა ამ ფაშიზმის გამოვლინებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს მუდმივად „პიდარასტებად“, „ციგნებად“, „მასონებად“, „ბნელ აღმოსავლელ გოიმებად“, „ჰომოფობებად“, „სექსისტებად“, „ჰეტერონორმატიულ ფაშისტებად“ და სხვა ასეთი შესამკობარი ფრაზებით ებრძვიან.  დღევანდელ დღეს გვაქვს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“, რომლის დროსაც ჩვენი „ნეოლიბერალი ლევიათანი“, ანუ უშნო და უჯიშო სახელმწიფო (ისევ პოსტ-მოდერნულ ნეგატივიზმს მოვიშველიებ) მხოლოდ დიდ კაპიტალს და პრივილეგირებულ კლასებს ემსახურება. ამ რეალობაში გაქრა სიყვარული _ ის სწორედ „შემთხვევით შეხვედრაზეა“ დაფუძნებული და იდენტობის დავიწყებაზე.  სიყვარული სწორედაც რომ იდენტობის გადაძლევაა. მე მავიწყდება მეორე ადამიანის წარმომავლობა, სისხლი, სექსუალური ორიენტაცია და მისი ადამიანობა მიყვარდება _ და არ მაინტერესებს ის სადაურია, რადგანაც მასსა და ჩემ შორის ისეთ საერთოს ვპოულობ, რომელიც მე მას მაყვარებს. დიახ, სიყვარულია ის ამოუცნობი მეტაფიზიკური გრძნობა, რომელიც ყველა „გონისმიერ“ და „რაციონალურ“ აქტზე ზემოთ დგას _ უფრო სწორად, თვით ეს სიყვარულია ყველაზე რაციონალური აქტი.  პავლე ტარსუსელის გაცხადებული სიყვარული დოქტრინა, რომელიც მთლიანად უარყოფს და აბიჯებს იდენტობას, არის უნივერსალიზმის საფუძველი.  და ნამდვილად საოცარია, რომ ამის შესახებ პავლე მოციქულის გარდაცვალებიდან თითქმის 2000 წლის შემდეგ ქრისტიანობის მასსავით ერთ-ერთი ყოფილი დაუძინებელი მტერი, მაოისტი-მარქსისტი ალენ ბადიუ წერს. და კიდევ ერთი გაქანებული მარქსისტი, 1970-იანი წლების „წითელი ბრიგადების“ მეგობარი და აგრეთვე ყოფილი მატერიალისტი ტონი ნეგრი მაიკლ ჰარტთან ერთად "სიყვარულის რეინსტიტუციონალიზაციაზე" გველაპარაკება. დიახ, იდენტობის პოლიტიკა სიყვარულის მტერი და ფაშიზმის მეგობარია, რადგან ის „განსხვავებულის“ სიყვარულს გიკრძალავს.  იქნება ეს მემარცხენე თუ მემარჯვენე გამოვლინება იდენტობის პოლიტიკის _ ყველა ეს ორგანიზაცია კორპორატისტულ სოლიდარობის მოდელს გვთავაზობს. მის ინტერესებშია, რომ სხვადასხვა „ინტერესთა ჯგუფები“ ერთმანეთთან მუდმივ დაპირისპირებაში იყვნენ. ამის შედეგია ის, რომ ცივი ომის დამთავრების შემდგომ ეთნიკური კონფლიქტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ჯერჯერობით მათი შეჩერების ჰუმანისტური და კოსმოპოლიტური ალტერნატივა არ ჩანს.  დღევანდელი „იდენტური სიძულვილის“ ეპოქაში საბჭოთა ინტერნაციონალიზმის მიმართაც გაჩნდა ნოსტალგია.  ინტერნაციონალიზმის ეს კიჩური და ყალბი ფორმაც კი სანატრელი გახდა დღევანდელ ეპოქაში _ სადაც ევროპა-ცენტრისტ მოაზროვნეებს აღარ დარჩათ სიძულვილის ჯანმრთელი ალტერნატივა.  „ტოლერანტობა“  სიძულვილის თანმდევია და არა მისი შემცვლელი _ სიყვარულია სიძულვილის ნამდვილი ალტერნატივა.  „იდენტობის პოლიტიკის“ ხანაში კი სიყვარულზე ლაპარაკი სენტიმენტალურ სისულელედ ითვლება უკეთეს შემთხვევაში, სწორედ ამიტომაა რომ ჩვენ ლიბერალური სისტემის სახელით მილიონობით ბავშვს ვხოცავთ (თუმცა თეთრი ხელთათმანებით, რადგან „ისინი ხომ შიმშილით თვითონ კვდებიან“, მაშინ როცა მდიდარი სამყარო მათ ელემენტარულ საკვებს უმალავს). დაბოლოს, რა შეიძლება იყოს იდენტობის პოლიტიკის და თანამედროვე ფაშიზმის ალტერნატივა? ის ყოველმა საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, საკუთარ წიაღში უნდა მონახოს, ისევე როგორც მაჰათმა განდიმ მონახა „სვარაჯი“, „სვადეში“, „სერვოდია“ და „სატიაგრაჰა“ საკუთარ ვედურ ტრადიციებში და მსოფლიოს უძლიერესი იმპერია სიკეთით დაამარცხა. არა იმიტომ, რომ ბრიტანეთი იყო კეთილი _ ეს ძალიან საკამათოა _ არამედ იმიტომ, რომ თვითონ სწორედაც რომ „სიყვარულის დოქტრინას“ მიჰყვებოდა. ჩვენ მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია სიღატაკისა და სისასტიკის დამარცხება, მაგრამ ეს მეტად რთული გზაა.  ყველაზე რთული ამქვეყნად სწორედ „სხვის“ საკუთარ თავზე ზემოთ დაყენებაა _ „არა-ინდიფერენტულობა“, როგორც ამას ემანუელ ლევინასი იტყოდა. ჩვენ რომ იდენტობის პოლიტიკა და ფაშიზმი დავამარცხოთ უპირიველეს ყოვლისა უკმარისობისა და მატერიალიზმის მითებს უნდა ვძლიოთ.   ადამიანის კრეატიული განვითარება არის გზა სიღატაკის დაძლევისაკენ _ და ამ კრეატიულ განვითარებას სწორედ ამ მატერიალისტურ-მომხმარებლური დოგმების მსხვრევა სჭირდება. იდენტობის პოლიტიკა თესს ნაციონალიზმს, შოვინიზმს, ჰომოფობიას, სექსიზმს, რასიზმს, ეთნო-ცენტრიზმს, რელიგიურ ფუნდამენტალიზმს და ყველანაირ კორპორატიზმს.   და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამას აკეთებს მემარჯვენე და მემარცხენე იდენტობის პოლიტიკა _ ორივე. ამ იდენტობის პოლიტიკის დამარცხება ძალიან რთულია _ საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარი ჯგუფის შოვინიზმი ყველა ჩვენგანში ზის _ ყველა ჩვენგანი პოტენციური მოძალადეა ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. ამიტომაც ჩვენ ჩვენს რეალობას მისადაგებული „სიყვარულის დოქტრინა“ უნდა შევქმნათ მომავლისთვის და ჩვენებურად მოვახდინოთ „სიყვარულის რეინსტიტუციონალიზაცია“.  ვაჟა-ფშაველას ქვეყანას ეს შეუძლია _ „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთალაური“ „არა-ინდიფერენტულობის“ საუკეთესო მაგალითებია.   ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი იდენტობის გადალახვა და „სხვისი“  შეყვარება. ღმერთი ხომ სიყვარულია.  

                                                                                                                ირაკლი კაკაბაძე

 

გაზიარება