QronikaPlus
რატომ არ იძიებს პროკურატურა ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაუქმების საქმეს?

რატომ არ იძიებს პროკურატურა ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაუქმების საქმეს?

2016-01-16 08:32:42

წლების წინათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთი ხელის მოსმით ისე გააუქმეს, რომ ათასობით სტუდენტისა და მათი მშობლების ინტერესები აინუნშიც არ ჩააგდეს. მას წინ უსწრებდა სასწავლებელში კორუფციის ფაქტი, რაც დაინტერესებულმა ძალებმა „წარმატებით“ გამოიყენეს. ინსტიტუტის ყოფილი ლექტორი, აკაკი ცივაძე, წლების განმავლობაში სამართლიანობისთვის უშედეგო ბრძოლის პერიპეტიებზე გვიყვება, პარლამენტისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას, ხოლო პროკურატურისგან ინსტიტუტის უკანონოდ გაუქმების საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვს.   ქრონიკა+“ ესაუბრება ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ყოფილ ლექტორს, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს ყოფილ წევრს, აკაკი ცივაძეს:  _ 10 წელიწადზე მეტია, რაც კანონმდებლობის სრული იგნორირებით გაუქმდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ფეხქვეშ გაითელა ათასობით სტუდენტისა და მათი მშობლების უფლებები. 10 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს მთავარი პროკურატურისგან სათანადო რეაგირებას ვითხოვ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. თუ წინა ხელისუფლების პერიოდში პროკურატურაში გარკვეულ ნორმებს და მიღებულ სუბორდინაციას, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისისთვის მაინც იცავდნენ, აბსოლუტურად გაუგებარი გახდა ე. წ. განახლებული პროკურატურის ქმედება. ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კორუფციულ სქემებში მონაწილე თითქმის ყველა სუბიექტი დაწინაურდა, ამიტომ ადვილად მოხერხდა დაზარალებულების მიუღებელი ფორმებით გაჩუმება. _ კონრეტულად რა პროცესები განვითარდა ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში? _ ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და დიდი საბჭოს წევრი ვარ. კომუნისტების დროს უნივერსიტეტს რეალურად არა რექტორი, არამედ დიდი საბჭო მართავდა. სანამ `ნაციონალები~ ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაუქმებას მოახერხებდნენ, 1991 წლიდან მოყოლებული იქ ვმუშაობდი. ეს გაუქმება იმიტომ შეძლეს, რომ მანამდე თანხები დაიტაცეს. თურმე ინსტიტუტში ჩემი მუშაობის პერიოდში რაღაც კოლექტივი შეიქმნა, ჯგუფი ნაძირალებისა, რომლებმაც ეს ფული ხელფასების სახით დაიტაცეს. დაუჯერებლად ჟღერს, რომ 10 წელიწადზე მეტია, პროკურატურისგან მოვითხოვ, სამართლებრივად შეფასდეს ქვეყანაში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაუქმება. ამ ინსტიტუტის პრესტიჟულობის  დასამტკიცებლად ის ფაქტიც სრულიად საკმარისია, რომ ფასიანი სწავლების სექტორზე, აბიტურიენთა გასაუბრების გარეშე ჩარიცხვის თაობაზე ბრძანებულების გამოცემისთანავე, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფასიან სექტორზე სწავლის სურვილი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. გაცილებით მეტმა, ვიდრე საქართველოს ნებისმიერ სხვა უმაღლეს სასწავლებელში. ამ პატარა ინსტიტუტის (საბიუჯეტო სწავლებაზე სულ 80 აბიტურიენტს ვიღებდით) სალარო 90 000 ამერიკული დოლარით შეივსო. იმ დროს ყველა უმაღლეს სასწავლებელში მაქსიმალური, ანუ პროფესორის (ან კათედრის გამგის) ხელფასი მხოლოდ 25 ლარს შეადგენდა. ამ პატარა ინსტიტუტში ციდან მოვლენილივით გაჩენილმა დოლარებმა  წარმოშვა კორუფცია, რაც შემდგომში ინსტიტუტის გაუქმების მთავარ მიზეზად იქცა. ყველა დანაშული ასეთი ფორმით მოხდა, მაგალითად: 2004-2005 სასწავლო წელს ინსტიტუტში ყოველ „სანდო“ პიროვნებაზე ხელფასს ზევით, 5000 საათზე მეტია გამოწერილი, საათური ანაზღაურების სახით, როცა უმაღლესი სკოლის პედაგოგის სააუდიტორიო სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მაქსიმალური წლიური დატვირთვა 700 აკადემიურ საათს შაედგენს. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ აჭარის კონტროლის პალატის მიერ ინსტიტუტში ჩატარებული, დღევანდელ ენაზე რომ ვთქვა, მონიტორინგის შედეგად, უამრავი და უფრო სერიოზული კორუფციული ქმედებაც გამოვლინდა. მაგრამ დანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილი, აბსოლუტურად დაუდევარი ფორმით, დაიცვა ბათუმის იმდროინდელმა რაიონულმა პროკურორმა, ავთანდილ კილაძემ, რომელმაც ინსტიტუტის აღშფოთებული თანამშრომლები 2005 წლის 3 ივნისს მათ საჩივარზე  შოკისმომგვრელი პასუხით „დაამშვიდა“: „მელორ მშვიდობაძის მხრიდან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შეუთანხმებლად სასწავლო გეგმების ერთპიროვნულად შედგენა, მიმღები კომისიის გვერდის ავლით, სათანადო რეგისტრაციის გარეშე ოთხი სტუდენტის ინსტიტუტში ჩარიცხვა (ანალოგიურ ფაქტს მსოფლიოს არც ერთ სასწავლებელში, ჯერჯერობით, არ ჰქონია  აგილი), ზოგიერთ შემთხვევაში ლექტორ-მასწავლებელთა სალექციო დატვირთვების ხელოვნურად გაზრდის გზით, თანხების გაფლანგვა და სხვა(!) დარღვევები არ იძლევა მშვიდობაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკმარის საფუძველს“. როგორც გვიან გავიგე, ამ პერიოდის აჭარის კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის დღევანდელი მერი, გიორგი ერმაკოვი ყოფილა, რომლის ახალ თანამდებობაზე ნამოქმედარი რეაბილიტაციის ცდის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. ზემოხსენებულ პასუხს 2005 წლის 14 ივნისს, მელორ მშვიდობაძის (რომელიც ამ დანაშაულების ჩადენის დროს მხოლოდ ფაკულტეტის დეკანი იყო) ინსტიტუტის დირექტორად(!) დააწინაურება მოყვა. 15 ივნისს ის თვითონ მეწვია ჩემს სამუშაო ოთახში და „გული გადამიხსნა“: „ბატონო კაკო, ალბათ, ხვდებით, რომ ჩემს უკან ძალიან ძლიერი პიროვნება დგას, მისი სურვილია, თქვენც ჩვენთან იყოთ“... კაბინეტიდან გამასწრო, დერეფანი კი სტუდენტებით იყო სავსე. ამას მოყვა ის, რომ 29 ივლისს, როცა თვითონაც და ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სხვა თანამშრომელიც შვებულებაში ვიყავით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს წარუდგინა და ხელი მოაწერინა (კიდევ კარგი, რომ რექტორმა მოაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ერთით მეტი ყოფილი პოლიტპატიმარი გვეყოლებოდა) ბრძანებას #471/03, რომელიც, მიაქციეთ ყურადღება, ასე იწყება: „საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ მოთხოვნების შესაბამისად და ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტრუქტურული რეორგანიზაციის აუცილებლობიდან(?!) გამომდინარე ვბრძანებ“. ეჭვგარეშეა, რომ მშიდობაძეს მის „უკან მდგომმა ძლიერმა პიროვნებამ“ შეუთავსა უნივერსიტეტის რექტორის, განათლების მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობანი. ამ ბრძანების 13 პუნქტით ჩემს კათედრასთან ერთად გააუქმდა ინსტიტუტის არსებობისათვის აუცილებელი ყველა სხვა ერთეულიც. _ ამან რა რეაქცია გამოიწვია? _ 25 აგვისტოს, როცა ინსტიტუტში გამოვცხადდი, აღშფოთებული თანამშრომლები დერეფანში დამხვდნენ და მაცნობეს, რომ მელორ მშვიდობაძემ ყველა თანამშრომელი თვითნებურად მიგვიჩნია განთავისუფლებულად და გამოგვიცხადა, რომ მუშაობას გააგრძელებს მხოლოდ ის, ვისთანაც ხელშეკრულება გაფორმდება. სასწავლო პროცესი რომ არ ჩაშლილიყო, შეძლებისდაგვარად, ყველა დავამშვიდე და ვურჩიე, მშვიდობაძის პირობა მიეღოთ და ხელშეკრულებაზეც ხელი მოეწერათ. მათ დავპირდი, რომ სამართლიანობის აღსადგენად ძალას არ დავიშურებდი და უმოკლეს ვადაში ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ უსამართლობის ისეთ წარმოუდგენელ ფოიერვერკს წავაწყდი, ვერაფერს გავხდი. _ ამ პროცესის შედეგი რა იყო? _ სასწავლო პროცესი არა მარტო იმ სემესტრში, დღესაც ჩაშლილია. ბევრმა ღირსეულმა დატოვა ინსტიტუტი, ბევრს დაატოვებინეს. ფეხებზე დაიკიდეს როგორც იმ 300 სტუდენტის უფლებები, რომლებმაც ფული საინჟინრო განათლების მისაღებად გადაიხადეს და არა ნაძირალების გამდიდრებისათვის, ასევე ამ ინსტიტუტის ყველა სხვა სტუდენტისა და მათი მშობლების უფლებებიც. ამან გამოიწვია აბიტურიეტთა რაოდენობის საგრძნობი შემცირება. განათლების სამინისტრომ იმის ნაცვლად, რომ სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა უფლებები აღედგინა, „სენსაციური“ გადაწყვეტილება მიიღო სტუდენტთა კონტინგენტის შენარჩუნების მიზნით. მათემატიკა მისაღები გამოცდების სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღო, ე. ი., ფაქტობრივად, ინსტიტუტმა ინჟინრების მომზადება შეწყვიტა. _ შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? _ შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გადავხდე. თურმე, პირადად მე `ნაციონალების~ დროინდელი პროკურატურის დიდად მადლიერი უნდა ვიყო. მართალია, მშვიდობაძის დაწერილი აბსურდული საჩივრის საფუძველზე ბათუმის რაიონულმა პროკურორმა და აჭარის ფნანსურმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე დაუყონებლივ აღძრეს, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე არც არავის დავუკითხივარ და არც დილეგში გავუმწესებივარ (იქ რაც დამემართებოდა, აღარავისთვისაა ძნელი წარმოსადგენი). პირიქით, მათ დოცენტის თანამდებობაზე მამუშავეს, „პატარა“ ნაძირალობის საფასურად, პროფესორის თანამდებობა შემომთავაზეს. ხაზს ვუსვამ, #471/03 ბრძანებაში არაფერია ნათქვამი თანამშრომელთა დათხოვნის თაობაზე. სხვა ბრძანება არც ბუნებაში არსებობს. ის ზეპირსიტყვიერად გაიცა და გახმაურდა მხოლოდ  იმისთვის, რომ საზოგადოება დარწმუნებულიყო ხელისუფლების უძლეველობაში. ასეთი ბრძანება მშვიდობაძემაც სიტყვიერად მიიღო და უდრტვინველად შეასრულა. ისე, ნამდვილად საოცრებაა, დღემდე ვერ დავადგინე, ვინ დგას მის უკან ასეთი მართლაც რომ წარმოუდგენლად უძლეველი ძალა, რომელმაც ის, დაწყებული აბაშიძის პერიოდიდან, ღარიბაშვილის პერიოდის ჩათვლით, ისე დაიცვა, ბუზიც კი ვერავინ აუფრინა. პირიქით, ყველა მათგანი, ვინც ეს უსამართლობები ჩაიდინა და მათი დაწინაურება სააკაშვილის დროს ვერ მოესწრო, ახალი ხელისუფლების მიერაა დაწინაურებულიც და უმკაცრესად დაცულიც. _ ამ ხელისუფლების პირობებში ვის მიმართეთ? _ ბუნებრივია, ბრძოლა გავაგრძელე. დღევანდელი პროკურატურისთვის მეც ვიბრძოლე. ვიყავი `ქართული ოცნების~ წევრი და არჩევნების პერიოდში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით. ერთდროულად რამდენიმე რაიონს ვკურირებდი. დღეს ფეხებზე იკიდებენ ამ ყველაფერს. თავის დროზე, `ნაციონალებთან~ რომ ვერაფერს გავხდით, უკვე მათ წასვლაზე ბრძოლა დავიწყეთ. მოვედით ხელისუფლებაში და მაშინ აჭარის ახალ პროკურორად ლევან გზირიშვილი დაინიშნა. გზირიშვილს დანიშვნისთანავე მივმართე განცხადებით, შევხვდი კიდეც. მომისმინა, საქმის პირად კონტროლზე აყვანას დამპრდა. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, თუ გზირიშვილი ისე მოიქცეოდა, როგორც რეგიონის პროკურორს შეეფერება, მაშინ ა. კილაძეც, ა. უსტიაძეც, მ პაქსაძეც, ხ ბოლქვაძეც, გ. ერმაკოვიც და, რა თქმა უნდა, თვით მშვიდობაძეც, პირველივე დასმულ კითხვაზე აღიარებდნენ, თუ ვინ აიძულა ისინი ჩაედინათ ასეთი უღირსი საქციელი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი მიიჩნევდა თავს ბედნიერად. ქართველი ადამიანი მიმტევებელია და დარწმუნებული ვარ, ასეთი გზით  გაბედნიერებული ხალხი ერთხმად და კატეგორიულად მოვითხოვდით საყოველთაო ამნისტიას და მივაღწევდით კიდეც. დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „განახლებული“ პროკურატურისგან არანაკლებად არის გამწარებული, ვიდრე ადრე. ვერც დანაშაულობების ჩამდენები გრძნობენ თავს დაწყნარებულად. დამიჯერეთ, ეს ერის ტრაგედიაა და გამორიცხული არაა, ამან უმძიმეს კატასტროფამდე მიგვიყვანოს. როცა ლევან გზირიშვილი ავთანდილ კილაძის, უამრავი უსამართლობის ავტორ-შემოქმედის დაწინაურებაზე დათანხმდა, განათლების ქვეკომისიის სხდომაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი გამახსენდა: „ჩვენ ყველას უნდა მივცეთ რეაბილიტაციის საშუალება“... და მეორე დღესვე დავიწყე ამ დაწინაურების საწინააღმდეგოდ პროკურატურის შესასვლელთან გამართული აქციის მონაწილეთა დაშოშმინება. მათ ვუმტკიცებდი, რომ ავთანდილ კილაძე მის მბრძანებლებს გასცემს და `ქართული ოცნების~ დანაპირები სამართალი უმოკლეს დროში იზეიმებს-მეთქი. თურმე, ჩემი უზომო გულუბრყვილობის გამო, ერთხელ კიდევ მოვატყუე პროკურატურისგან განაწამები ხალხი. მათთვისაც და ჩემთვისაც სულ მალე გახდა აშკარა, რომ ავთანდილ კილაძე უფრო აქტიურად და წარმატებულად ჩაება ადრე ჩადენილი დანაშაულების გულმოდგინედ დაფარვაში, რაც იმის დასტურია, რომ მისი მბრძანებლის უფლებამოსილება არ შეწყვეტილა. ლევან გზირიშვილმაც მეტამორფოზა განიცადა. 2012 წლის 22 ნოემბერს მასთან შეტანილ ჩემს განცხადებაზე 2012 წლის 31 დეკემბერს, დეტექტივის თანაშემწის, ე. ჩხაიძის ხელმოწერით,   გამოძიების დაწყებაზე უარი მივიღე, ხოლო ამ პასუხის გამო რესპუბლიკის პროკურორთან შეტანილ საჩივარზე _ ბათუმის რაიონის პროკურორ ა. წირღვავას გამაოგნებელი პასუხი, რომელიც ასე მთავრდება: „ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით“. წირღვავას „ინტენსიური გამოძიება“ გრძელდებოდა 2014 წლის 17 იანვრამდე, ამ დღეს კი, თურმე, ხანდაზმულობის ვადაც გასულა! საქართველოს პროკურატურაში დიდი წმენდის ჩატარება უაღრესად საშური საქმეა, ქვეყანა უფსკრულის პირასაა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. _ დღეს თქვენი მოთხოვნის არსი რა გახლავთ? _ ის, რომ პროკურატურამ თავისი მოვალეობა შეასრულოს. გამოიძიოს ეს საქმე თავიდან ბოლომდე და დასკვნებიც გააკეთოს. ცნობა მომწერეს, რომ თქვენი განცხადება სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავსო. როგორ არ შეიცავს?! თავის დროზე, ბრძანება არ იყო დაწერილი და სამსახურიდან გამათავისუფლეს. კაბინეტი დალუქეს და შიგნით რაც ჩემი იყო, ყველაფერი დაიკარგა. ეს დანაშაულია, აბა, რა არის?! ეს ყველამ იცის, გარდა ჩვენი პროკურორებისა. ახლა ყველას ვეცოდები და ბრძოლისთვის თავის დანებებას მთხოვს, _ ეგენი მოგკლავენ და ვერაფერს მიაღწევო, _ მეუბნებიან ყოფილი თანამშრომლები. მაგრამ ერთხელ დაწყებულ საქმეს ვერ ვტოვებ. სახელმწიფოსგან უზარმაზარი თანხა გვეკუთვნის, რადგან უკანონოდ დაგვჩაგრეს. ჩემზე გაცილებით დაბალი რანგის ხალხი ყოველთვიურად 2 ათას ლარს იღებს და მე წამლის ფული არ გამაჩნია. ახლაც ექიმმა რეცეპტი გამომიწერა და საჭირო მედიკამენტებს ვერ ვყიდულობ. ამიტომ ეკა ბესელიას კომიტეტი ვალდებული იყო, ჩემი საქმე განეხილა და დაედგინა, ვიყავი თუ არა პოლიტიკური დევნილი. მე არ მომხედეს და რამდენი დაუმსახურებლად შეიყვანეს პოლიტდევნილთა სიაში. პარლამენტის მიმართ ჩემი მთავარი მოთხოვნაა, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭონ, ხოლო პროკურატურამ ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დატრიალებული უკანონობა გამოიძიოს. მაგრამ ამათ ხელში კარგს არაფერს ველოდები და ამ ინტერვიუსაც, ალბათ, ყურადღებას არ მიაქცევენ, რადგან დარწმუნებული ვარ, შოთაძე პროკურატურაში საქმის საკეთებლად არ არის მისული. ინსტიტუთან დაკავშირებით ბევრი რომ ვიბრძოლეთ, ერთადერთი სასამართლომ მის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ბრძანება გააუქმა. ეს თბილისში, მოსამართლე ნინო შეარაძემ გააკეთა, მაგრამ ბრძანების გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ ნოღაიდელს ბრძანება დააწერინეს, რომ ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჩამოერთვას ტექნიკურ უნივერსიტეტს და გადაეცეს ბათუმის ყოფილ პედაგოგიურ ინსტიტუტსო. ამით, ფაქტობრივად, ეს ინსტიტუტი გაუქმდა, რადგან პედაგოგიურ ინსტიტუტს ინჟინრის მომზადების საშუალება საერთოდ არ გააჩნია. ინჟინერს, გარდა წიგნისა და კონსპექტისა, ლაბორატორია სჭირდება. მის გარეშე მშენებელს, არქიტექტორს ვერ გაზრდი. ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს. მინიმუმ 4-5 წელი დასჭირდება, რომ ფეხზე დადგეს, სიარული დაიწყოს. სამართლიანობა უნდა აღდგეს!  

                                                                                                               გელა მამულაშვილი

 

გაზიარება