QronikaPlus
გაკოტრებული ხალხი და უმოქმედოდ დარჩენილი სამშნებლო ორგანიზაციები

გაკოტრებული ხალხი და უმოქმედოდ დარჩენილი სამშნებლო ორგანიზაციები

2016-01-16 08:30:13

ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე „ქრონიკა+“-თან სამშენებლო ბიზნესში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ამის ძირითად მიზეზად საბანკო სისტემის არაკეთილსინდისიერ საქმიანობას ასახელებს. იგი კონკრეტულ მაგალითებს იშველიებს და ხელისუფლებას საფინანსო სამართლის დახვეწისა და ამუშავებისკენ მოუწოდებს.   თეიმურაზ მაისურაძე: _ ამ საკითხს ნათელი რომ მოეფონოს, დეტალურად გაგაცნობთ ერთ კონკრეტულ მაგალითს, მსგავსი ფაქტების დასახელება უამრავი შემიძლია: 2005 წელს შპს „ორთაჭალის ტურფამ“ ხელშეკრულება გააფორმა მოქალაქეებთან: მარინა ბეჭვაიასთან და თამაზ კოპალიანთან. ისინი ცოლ-ქმარი არიან და არტურ ლაისტის ქუჩაზე, სადაც 90-იანი წლებიდან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა თვითნებურად დასახლდა, მათაც დაიკავეს ტერიტორია და 3-სართულიანი სახლი ააშენეს. დევნილებმა ბინები ისე ააშენეს, რომ მიწები არ ჰქონდათ დაკანონებული, თუმცა მერიასთან მოლაპარაკებები მიდიოდა. ამ პერიოდში შპს „ევრამ“ სახელმწიფოსგან ეს ტერიტორია იყიდა. ფაქტობრივად, ეს ხალხი ამ შპს-ს ტერიტორიაზე აღმოჩნდა და უკვე ეს ფირმა აწარმოებდა მოქალაქეებთან მოლაპარაკებას. „ორთაჭალის ტურფა“ მერიის პროექტი იყო და მათ ეს მიწები „ევრასგან“ იყიდეს. შპს „ორთაჭალის ტურფა“ იგივეა, რაც შპს „არსი“, რადგან სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „არსი“ არის შპს „ორთაჭალის ტურფის“ 94%-იანი წილის მესაკუთრე, დანარჩენი წილი აქვთ მაკასარაშვილსა და ბოხუას, დირექტორი გახლავთ თორნიკე აბულაძე. ეს ადამიანი ასევე არის „არსის“ დირექტორი და ძირითადი წილის მეპატრონე. ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში კოპალიანის ოჯახი თავიანთი სახლის ერთ ოთახში ცხოვრობდა, დანარჩენ ფართს კი არემონტებდნენ. ამ პერიოდში შედგა მოლაპარაკება „ორთაჭალის ტურფასთან“. ისინი დაჰპირდნენ, რომ 3 ოროთახიანი, თითოეული 53 კვ.მ ფართის ბინები მე-3, მე-4 და მე-5 სართულებზე უნდა გადაეცათ ვერტიკალურად, ერთმანეთის მიმდევრობით. ბინის კონკრეტული ნომერი არ გაფორმებულა, რადგან მაშინ მშენებლობა არ იყო დაწყებული. შემდეგ „ორთაჭალის ტურფას“ პრობლემები შეექმნა და მშენებლობა გაჩერდა. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერს თუ შევხედავთ, ამ ობიექტს უამრავი ყადაღა ადევს და მათ წინააღმდეგ სააღსრულებო პროცესები მიმდინარეობს. ასევეა შპს „არსი“. შემდეგ მათ შექმნეს ახალი ფირმა „ტ 58“, რომელიც დღეის მდგომარეობით გაცილებით სუფთაა და არ აქვს არც ერთი ყადაღა. ამ ფირმის დირექტორიც თორნიკე აბულაძე გახლავთ, პარტნიორები არიან 90%-იანი წილის მესაკუთრე თორნიკე აბულაძე და „ორთაჭალის ტურფა“ 10%-ის მესაკუთრე. ფაქტობრივად, ეს არის სხვა იურიდიული პირი, თუმცა, ერთი და იგივე ხალხი. _ რა საჭირო იყო ახალი ფირმის შექმნა? _ „ტ 58“ შექმნეს იმისათვის, ბინების განშლა რომ გააკეთეს და ცალ-ცალკე აღრიცხეს, მათზე ეს ყადაღები არ გადასულიყო. „ორთაჭალის ტურფას“ ბინების განშლა რომ გაკეთდა, ყველა ბინა აღრიცხეს „ტ 58“-ის საკუთრებად, მაგრამ ხელშეკრულებები  „ორთაჭალის ტურფასთან“ არის გაფორმებული, „ტ 58“-თან როგორც ახალ სუბიექტთან შევიდნენ და თავისი ქონებრივი შენატანი პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიტანეს. იქ მითითებულია თანმდევ ვალდებულებებთან ერთად, ე. ი. რა ვალდებულებებიც ჰქონდა „ორთაჭალის ტურფას“ მოქალაქეების წინაშე, „ტ 58“-ში გადავიდა, შესაბამისად, კოპალიანი-ბეჭვაიას 3 ბინის ვალდებულება „ტ 58“-ზე გადავიდა. როცა კოპალიანი საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს, ამ სახლში, მასთან შეთახმების გარეშე, საცხოვრებლად შეუშვეს ჩაკვეტაძის ოჯახი, რომელთაც ამავე ტერიტორიაზე თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული მიწა და ფარდულის ტიპის ნაგებობა იდგა. კოპალიანის ბინის ადგილი ჯერ მშენებლობისთვის არ გამოუყენებიათ და ის 3-სართულიანი სახლი დღემდე დგას. ჩაკვეტაძეს იმ კორპუსში, რომელიც შენდებოდა, ბინით ვერ აკმაყოფილებდნენ, იდეაში მერე სხვა კორპუსი რომ აშენდებოდა, იქ უნდა მიეცათ. კოპალიანების მრავალშვილიანი ოჯახი ნაქირავებ ბინაში გადაიყვანეს და მათ სახლში სხვა ოჯახი შეუშვეს. ბინის ქირასაც კოპალიანები საკუთარი სახსრებით იხდიდნენ. სწორედ ეს არის მთავარი, თუ ამ სახლის დანგრევას არ აპირებდნენ, რატომ გაასახლეს?! ის ბინა აშენდებოდა თუ არა, თავიანთ სახლში მაინც იცხოვრებდნენ და მშენებლის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, არ დაზარალდებოდნენ. თავიდან უთხრეს, ბინა უნდა დავანგრიოთო, მას რომ სცოდნოდა, იქ სხვას შეასახლებდნენ, ხომ არ დატოვებდა იმ ბინას?! დღეს კი აღარც ბინებს აძლევენ და აღარც თავის სახლს, რადგან იქ სხვა ცხოვრობს, ვის მიმართაც „ორთაჭალის ტურფა“ ვალდებულებას ვერ ასრულებს. _ რა არის ამის მიზეზი? _ „ორთაჭალის ტურფას“ გაუჭირდა, აღარ აქვს სახსრები, ვერაფერს აკეთებს და ხელშეკრულება გააფორმა შპს „ევრონიშნულთან“, მას გადასცა „ტ58“-ზე რიცხული ბინები, მათ შორის გაჰყვა ის 3 ბინა, რომელიც კოპალიანისთვის უნდა მიეცათ. ფინანსური მენეჯერი ახლა გვეუბნება, იმ სახლს დაგიბრუნებთ, ჩვენ გამოგიგზავნეთ წერილი, რომელიც იმას ნიშნავს, რომ თქვენთან ხელშეკრულება გავაუქმეთო. თურმე წერილის გამოგზავნა იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება გააუქმეს! ჯერ ერთი, არანაირი წერილი არ მოსულა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თურმე ხალხს წერილები გაუგზავნეს, რომ ვერ ასრულებდნენ ვალდებულებას და კოპალიანთან შეცდომით არ გაუგზავნიათ. ფაქტობრივად, ჩვენთვის არავის არაფერი უცნობებია, ერთი თვის წინ ვიყავით მოლაპარაკებაზე და გვითხრეს, ბინებს გაძლევთო. უბრალოდ, იმას ვნერვიულობდით, რომ მანდ ყველა ბინა იპოთეკით არის დატვირთული. იპოთეკიანი კი არა, მერე საერთოდ უარი თქვეს ბინის გადმოცემაზე. ახლა „ევრონიშნული“ იღებს ბინების დასრულების ვალდებულებას ამ ბინების სანაცვლოდ. ის ბინები, რომლებიც კოპალინისთვის უნდა გადაეცათ, „ევრონიშნულს“მისცეს ნასყიდობის ხელშეკრულებებით. თითო ბინა 62 000 ლარად არის შეფასებული. კოპალიანი თანახმაა თავისი ბინის დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს დაუკანონებენ, მაგრამ დაყადაღებულია ის მიწა. სახლი აღრიცხული არსად არ არის, მაგრამ რადგან მიწის ნაკვეთზე გავრცელებულია იპოთეკა, მისი შემადგენელი ნაწილია შენობა და მასზეც ვრცელდება ეს იპოთეკა. ამის გამო ამ მიწის ნაკვეთს ვერ გადასცემენ, მაგრამ დავუშვათ, ეს რომც გააკეთონ იმ მოვალეებთან შეთანხმებით, ჩაკვეტაძე არ გამოდის ამ ბინიდან, რადგან მის მიმართ „ორთაჭალის ტურფა“ ვალდებულებას ვერ ასრულებს. _ პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ ეს საქმე ახლა სასამართლოშია... _ დიახ. სამივე ბინა დავაყადაღეთ, რომელიც  კოპალიანს გაუყიდეს. „ევრონიშნული“ საქმის კურსში გახლდათ, რომ ამ ბინებზე გარკვეული ვალდებულებები იყო, თუ არ იცოდა, უნდა სცოდნოდა, რადგან როცა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებს აფორმებდა, მაშინ მას სრული ფინანსური აუდიტი უნდა მოეთხოვა, რაზე რა ვალდებულება იყო. პირად საუბრებში „არსის“ მენეჯერმა გვითხრა, _ „ევრონიშნულმა“ იცოდა, რომ ამ ბინებზე კოპალიანთან ხელშეკრულება იყო გაფორმებული, მაგრამ ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ კოპალიანს გადავცემდით თავის სახლს და ამ ხელშეკრულებას გავაუქმებდით. ჯერ ხომ უნდა გაერკვიათ, რომ ყიდულობდნენ, ვისი ბინები იყო, ხელშეკრულებები ნახეს?! დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ „ტ58“-მა ეს ქონება თანმდევ ვალდებულებებთან ერთად მიიღო, ხომ უნდა დაინტერესებულიყვნენ, რა თანმდევი ვალდებულებები იყო? იქნებ, იმ ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ?! საჯარო რეესტრის ამონაწერებში ამდენი გირაოები და ყადაღები რომ არის, ხომ უნდა ენახათ, აქტივები და პასივები ხომ უნდა შეემოწმებინათ?!  სასამართლომ წარმოებაში მიიღო ეს სარჩელი და კოპალიანს 3000-ლარიანი ბაჟი გადაუვადა, იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია მისი მდგომარეობა. ამის გაკეთებას მოსამართლეს კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ ხათუნა კაკაბაძემ გადაწყვეტილება ზნეობის შესაბამისად მიიღო. აფხაზეთში ომი იყო და თბილისში, მშვიდობიან პერიოდში „ორთაჭალის ტურფის“ რეკლამების ქვეშ გახადეს ეს ხალხი ხელმეორედ დევნილები. ეს არ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, ანალოგიური სიტუაცია აქვს მოქალაქე მალხაზ მიქაიას. უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია. _ თქვენ როგორ შეაფასებთ, რატომ არის სამშენებლო ბიზნესში არასტაბილური მდგომარეობა? _ ეს ყველაფერი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ბრალია; საფინანსო-სამართლებრივი პოლიტიკის მოუქნელობის გამო და სახელმწიფოს მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ არის მიმართული საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. საბანკო საქმიანობა შექმნილია მევახშეობით, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იაფად ყიდულობენ ფულს და შემდეგ თვითონ ყიდიან. მშენებლებზე არ გასცემენ ხელსაყრელ კრედიტებს და კაბალურ სიტუაციაში აყენებენ სამშნებლო ორგანიზაციებს. ეს არის, ძირითადად, ბანკების ბრალი. საქართველოს ბანკები ფუნქციას ასრულებენ მხოლოდ თავისთვის და არა სახელმწიფოში დანიშნულებისამებრ. საბანკო პოლიტიკა ანტისახელმწიფოებრივია და ამიტომ გამდიდრდნენ ადვილად. კომერციული ბანკები, ეროვნულ ბანკთან ერთად, პერმანენტულად სჩადიოდნენ დანაშაულს. სახეზეა გაკოტრებული ხალხი, უმოქმედოდ დარჩენილი სამშნებლო ორგანიზაციები. სახელმწიფომ კომერციულ ბანკებს კი არ უნდა მისცეს ფული, საკანონმდებლო სრულყოფა უნდა მოხდეს და თვითონ მისცეს ფული ბიზნესკომპანიებს. დანაშაული მარტო ქმედება კი არ არის, უმოქმედობაც დანაშაულია. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და მილიონებს რომ ხარჯავენ არამიზნობრივად, აქ უნდა ჩაიდოს ეს თანხები, რომ სახელმწიფოში კრიზისი არ იყოს. უნდა თუ არ უნდა, სახელმწიფომ ეს მსხვერპლი უნდა გაიღოს! ეს სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა პარლამენტს და მთავრობას! მთავრობა იმიტომ არის, რომ კრიზისული სიტუაციები მართოს, პროგრესირებადი იყოს, საზოგადოებას ინტენსიური საქმიანობა ჰქონდეს და ა. შ. თუ ამას არ აკეთებენ, რაც საზოგადოებისთვის აუცილებელი პირობაა, მაშინ დამპყრობლები არიან და ხარკის სახით იღებენ საქართველოს სიკეთეებს. იმიტომ არ მიდის ქვეყანაში საქმე კარგად, რომ საფინანსო სამართალი იგნორირებულია, ამათ ისიც არ იციან, ეს საგანი საერთოდ არსებობს თუ არა! გამოსავალი ეს არის და აუცილებელია სახელმწიფომ ამაზე იფიქროს!  

                                                                                                                          თამარ ბატიაშვილი

       

გაზიარება