2015 წელს კომპანია „ეიჩ ჯის“ მიერ თურქეთიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ფარშში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სალმონელას ჩხირი აღმოაჩინა. კომპანია დაჯარიმდა და ბუნებრივია, ის საწყობიც დაილუქა, სადაც ქათმის გაყინული ხორცი ინახებოდა. „ეიჩ ჯიმ“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევები ეჭვქვეშ დააყენა და მიზეზად ის მოიდო, რომ მანამდე „შემოსავლების სამსახურმა“ მათ მიერ შემოტანილი ფარშის ნიმუშები საზღვარზე შეამოწმა. არადა, ქვეყნის შიგნით შემოტანიდან, სულ რაღაც, თვენახევარი გავიდა და იგივე პარტიის ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წაიღო. სინჯში სალმონელას ჩხირები აღმოჩნდა.
ზურა უჩუმბეგაშვილი, „ეიჩ ჯი“-ს დამფუძნებელი:
„როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე პროდუქცია ერთი ლაბორატორიული კვლევის დასკვნით სალმონელას ჩხირით არის დაბინძურებული, მეორე კვლევის თანახმად კი _ არა? საბაჟოდან საწყობამდე სატრანსპორტო საშუალება არ შეგვიცვლია და არც პროდუქტის შეფუთვის მთლიანობა დაგვირღვევია“.
სწორედ მისგან შეიტყო „ქრონიკა+“-მა, რომ რეფერალური ლაბორატორია საქართველოში არ არსებობს. საზღვარგარეთ არსებულ რეფერალურ ლაბორატორიებში ნიმუშების გაგზავნა კი ძალიან ძვირია და ამის საშუალება არც სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნია და არც კერძო კომპანიებს.
„ქრონიკა+“ გამოძიების ამ ნაწილში იმპორტიორი კომპანიების მუშაობის სპეციფიკის კვლევაზე გადადის. კერძოდ, როგორ მუშაობენ კონკრეტული კომპანიები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ?! მანამდე კი მადლობა ლიკა ბასილაია-შავგულიძეს, „ევროპა საქართველოსთვის“ (ეუგეორგია.ინფო) დამფუძნებელს, რომელმაც მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული უსერიოზულესი კვლევის გამოქვეყნების უფლება მოგვცა.
კვლევა ეხება საქართველოში ფარულად მიმდინარე ლაბორატორიების ომს.
ისინი მალე აღარ იარსებებს. როგორც საქართველოში მოქმედი კერძო ლაბორატორიების ხელმძღვანელები აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დაბალი ფასებით მათ არაჯანსაღ და უსამართლო კონკურენციას უწევს.
ქეთევან დადიანი _ სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ დანარჩენი ლაბორატორიები ისეთ არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენა, არა მგონია, კერძო ლაბორატორიებმა ამ მდგომარეობას დიდხანს გაუძლოს და გადარჩენა შეძლოს. ბევრი ლაბორატორია დაიხურება. მე, როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ასეთ ნიშნებს უკვე ვხედავ. აკრედიტაცია ლაბორატორიულ კვლევაზე, აპარატურა, რეაქტივები, დაკალიბრება, კვალიფიციური პერსონალის ხელფასი, კომუნალური გადასახადები _ ამ ყველაფერს ფული სჭირდება. თუ ლაბორატორიას შემოსავალი არ ექნება, მუშაობას ვერ შეძლებს. ის, რაც ახლა ლაბორატორიების ბაზარზე ხდება, არის ბრძოლა ფასებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, რომელიც მთლიანად სახელმწიფო დოტაციაზეა, ჩვენთან შედარებით ბევრად დაბალი ფასები აქვს. მაგალითად, კვლევა ლისტერია მონოციტოგენეზზე ჩვენს ლაბორატორიაში 115 ლარი ღირს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კი _ 40 ლარი.
ლევან კალანდაძე, „მულტიტესტის“ დირექტორი:
_ ლაბორატორიის საქმიანობის გაფართოების მიზნით 1,5 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვაპირებდით, მაგრამ სახელმწიფოს დამოკიდებულება კერძო ლაბორატორიებისა და ზოგადად ამ ბაზრის მიმართ იმდენად არაადეკვატურია, რომ თავი შევიკავეთ. მომხმარებელი ყოველდღიურად გვაკლდება და ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება. სახელმწიფო კერძო ბიზნესის სფეროში შემოიჭრა და ამ ბაზარს ანგრევს. ის გადასახადების გადამხდელების ფულით აფინანსებს საკუთარ საქმიანობას და მომხმარებელს „განსაკუთებული“, დაბალი ფასებით ემსახურება. ასე მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია წყლის ანალიზს ჩვენთან შედარებით მესამედ ფასად აკეთებს. სახელმწიფო არ უნდა ოპერირებდეს იქ, სადაც კერძო ბიზნესი უკვე განვითარებულია. ცხადია, ასეთ უსამართლო კონკურენციას ვერავინ გაუძლებს. ასე თუ გაგრძელდა, ბაზარზე მხოლოდ სახელმწიფო ლაბორატორიები დარჩებიან, რომლებიც შემდეგ მონოპოლისტებად იქცევიან და ეს არც ბიზნესისთვის და არც სახელმწიფოსთვის იქნება კარგი.
მონოპოლისტებად ისინი უკვე იქცნენ. „ქრონიკა+“ ჟურნალისტური გამოძიების კეთებისას ამაში თავად დარწმუნდა. დღეს რეალობა ასეთია _ საქართველოს სასურსათო ბაზარზე ორ სახელმწიფო მონოპოლისტს ბაზარი ვერ გაუყვია.
რა თქმა უნდა, ასეთ გადანაწილებას კატეგორიულად არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი _ ლალი მაძღარაშვილი:
_ რას ნიშნავს დაბალი ფასი? ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. თუ რომელიმე კერძო მეწარმეს მომსახურებაზე განსაზღვრული ფასი აქვს და არ ვიცი, იქ რა წილი უკავია მოგებას, მაშინ ის ფასი საზომად რატომ უნდა ავიღოთ? სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაბალი ფასები არ აქვს. ჩვენ ვართ სახელმწიფო დაწესებულება და გვაქვს სულ სხვა ფუნქცია. პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, რომ საქმე მხოლოდ კერძო ლაბორატორიებს ეკეთებინათ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა სურსათის უვნებლობის კონტროლს, ვეტერინარიას და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მომსახურების ფასი არის თვითღირებულებაზე მინიმალური ფასნამატი, იმისთვის, რომ კვლევისთვის საჭირო მასალები შევიძინოთ. ლაბორატორია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს მხოლოდ ხელფასებს. გამონაკლისი იყო წლევანდელი წელი, როცა ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით თაფლის ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო აპარატურა შევიძინეთ.
ამჯერად კი „ევროპა საქართველოსთვის“ ციტირებას ვხდენთ და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროექტის მენეჯერის, ვახტანგ კობალაძის პოზიციას გთავაზობთ:
_ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპელირებს იმ თემით, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული სურსათის განთავსებისთვის აუცილებელი ხდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში, ასეთად კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოიაზრება. ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკით, კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიების როლები განაწილებულია. სახელმწიფო ლაბორატორიები მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ, კერძო ლაბორატორიების მთავარი დამკვეთები კი მეწარმეები არიან.
შედეგად, მივიღეთ ის, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ამინდს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის ლაბორატორია და სურსათის უვნებლობის სამსახურის ლაბორატორია.
სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსს უახლოეს დღეებში სხვა თანამდებობაზე და სრულიად სხვა სამინისტროში ვიხილავთ (ამაზე „ქრონიკა+“-ის ამავე ნომერში), ხოლო შემოსავლების სამსახური „ქრონიკა+“-ს რიგით მეორე წერილ უგზავნის. წერილის შინაარსის აქ მოყვანით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ერთი რამის აღნიშვნა ძალიან მინდა: ორივე უწყებისნაირ პრეს-სამსახურს ნებისმიერ დაწესებულებას ვურჩევდი, _ უსწრაფესი რეაგირება, აგრესია ნული (რაც არ უნდა იყოს, მათ უწყებას ურტყამ), დღის ნებისმიერ მონაკვეთში პასუხის გაცემისთვის მზადყოფნა. ორივე ჩემი კოლეგაა და, უბრალოდ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო. დაეფასებინოთ თავიანთ უფროსობას, ვინაიდან ისინი ვერ ხედავენ, რისი თხოვნა უწევთ მათ და როგორ იცავენ საკუთარ ხელმძღვანელობას, რომელიც რიგ შემთხვევაში ამის ღირსი არ არის.
ლაბორატორიების საკითხი მეტად მნიშვნელოვანია გამოძიების ამ ნაწილში, ვინაიდან ამის შემდეგ მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებზე და კონკრეტულ პროდუქციებზე გვექნება საუბარი.
ნანა სანაია _ პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე:
_ დაახლოებით ერთი წლის წინათ თურქეთიდან იმპორტირებული ქათმის მექანიკურად დამუშავებული ხორცის ფარშის (იგივე მდმ) მომწოდებელი თურქული ქარხნებისთვის საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა. თითქმის ყველა პარტიაში თურქეთიდან იმპორტირებული ფარში შეიცავდა სალმონელას და გლისტერიას. თურქეთს კანონმდებლობით სხვა რეგულაციები აქვს განსაზღვრული, ევროპის ქვეყნებს _ სხვა და საქართველოს _ სხვა. ეს ეხება, პირველ რიგში, კალცის შემადგენლობას პროდუქტში და ამ თემას მე ცოტა ქვემოთ შევეხები. მოკლედ, იყო პერიოდი, როდესაც საქართველო კეტავდა საზღვარს თურქული მდმ-სთვის და შემდეგ ისევ ხსნიდა. 2015 წელს კი ძალიან საინტერესო ფაქტის წინაშე დავდექით: საქართველომ პირველმა ისეთ ქარხანას გაუხსნა საზღვარი, რომელსაც მანამდე პირველმა ჩაუკეტა. ეს გახლდათ „ერპილიჩი“. აქ ნიშანდობლივი ის გახლავთ, რომ „ერპილიჩი“ გაიხსნა, მაგრამ სხვა შემომტანებისთვის საზღვარი არ გაიხსნა.
_ ანუ შერჩევითად გაიხსნა?
_ მე თუ მკითხავთ, საზღვარი არც ერთისთვის არ უნდა გახსნილიყო და აუცილებლად მოგახსენებთ, რატომაც. მაგრამ თუ ხსნი, მაშინ ეს შერჩევითად არ უნდა გააკეთო. „ერპილიჩში“ სურსათის უვნებლობამ, თავის დროზე, ყველაზე ბევრი დარღვევა აღმოაჩინა და დიდი პარტია საქონელიც დაუწვა.
_ ხომ შეიძლება, მერე გამოასწორა და შემდეგ პარტიაში უკვე აღარ აღმოჩნდა დაბინძურება?
_ კი ბატონო, მაგრამ გამოასწორა ასევე „ბარვიტმა“, მაგრამ აი, „ბარვიტს“ და სხვებს არ გაუხსნეს. შემდეგ დაიწყო ყოველ ჯერზე 2500 დოლარის გადახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. დოლიძესთან კი მის მიერ მოთხოვილ საბუთებს დაარბენინებდნენ, მაგრამ შედეგი ნული.
_ თქვენ ახლა ხელოვნურ ბარიერებზე საუბრობთ?
_ რა თქმა უნდა. ამიხსნას ზაზა დოლიძემ, ერთს რატომ უშვებს და სხვა დანარჩენს კეტავს? პასუხი არ აქვთ. სწორედ ხელოვნური ბარიერების შექმნაზეა საუბარი, თორემ მე თუ მკითხავთ, ქათმის მექანიკურად დამუშავებული ხორცი თურქეთიდან საერთოდ არ უნდა შემოდიოდეს.
_ რატომ?
_ თავად თურქული ფარშების შემომტანები არ მალავენ იმ ფაქტს, რომ ბევრად მაღალი რისკებია თურქულ ფარშში, ვიდრე დანარჩენში. ის საერთოდ არ უნდა შემოდიოდეს ქართულ ბაზარზე. 171 ნიმუში იყო აღებული და 171-ვეში სალმონელა დაფიქსირდა.
_ ანუ ევროპული სჯობია?
_ არა! უფრო სწორედ, გააჩნია. აგიხსნით! ევროპაში არის ისეთი წარმოებები, რომელთაც მესამე ქვეყნებში გააქვთ პროდუქცია. რას ნიშნავს მესამე ქვეყნებში გასატანად გამზადებული პროდუქცია? ისინი სხვადასხვა წარმოდან კარკასებს აგროვებენ, სადაც დაბინძურების ყველაზე დიდი რისკია. შემდეგ თავად ამ წარმოებებშიც ისეთ დანამატებს უკეთებენ, რომლებიც ქიმიასთან არის ასოცირებული. ასეთი ევროპული პროდუქტი იაფი ღირს და თურქულისგან დიდად არ განსხვავდება საფრთხის შემცველობით. მაგალითად, „ნიკორას“ ადრე ჰოლანდიიდან შემოჰქონდა, მაგრამ დაბინძურება ამოუგდეს, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკარკასე ფარშის გამო. ახლა უკვე საქართველოში ყიდულობს იმპორტიორებისგან.
_ ვისგან?
_ „ჯნგ გრუფისგან“, რომელსაც ასევე ჰოლანდიიდან შემოაქვს პროდუქტი. ხარისხზე ვერაფერს მოგახსენებთ. უბრალოდ, ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვლებ მკითხველის ყურადღებას: როდესაც ყიდულობთ მაღაზიაში ფარშს, ვერასოდეს გაარჩევთ, სუფთა ხორცისგან არის, თუ მასში გადარეულია ძვალი? მდმ-ი, ანუ მექანიკურად დამუშავებული ხორცი, არის პროდუქტი, სადაც ხორცი გამოდევნილია ძვლიდან და ამ მოცილებაში მიჰყვება ძვალიც. ასეთ ნაზავში ძვლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,01 პროცენტს, მაგრამ, როგორც წესი, 5-6-ჯერ აღემატება. ეს კი ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იმიტომ რომ ძვალში თავს იყრის ყველა დაავადება და დაბინძურება. თურქებს უახლესი დანადგარები აქვთ, მაგრამ თავიანთი ქვეყანა რეგულაციით არ უკრძალავს, რომ კალცის შემცველობა 0,1 პროცენტზე ნაკლები იყოს. ეს ეხება თურქეთის უმეტეს წარმოებას. თუმცა არის წარმოებები, სადაც ევროსტანდარტებია დანერგილი, მაგრამ ისინი ძვირია და ფასებით ევროპულ პროდუქტებს უტოლდება. როდესაც საზღვარზე ასეთი პროდუქტი შემოდის, საქართველოში კალცზე არ მოწმდება. აი, აქ არის სწორედ მთელი პრობლემების თაიგული ჩამარხული. მე მოგაწვდით სიას, სადაც რისკები იმპორტიორი კომპანიების საფრთხის შემცველობის მიხედვით იქნება დალაგებული მათი ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით.
თამარ როსტიაშვილი