QronikaPlus
ელისო კილაძე იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ!

ელისო კილაძე იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ!

2016-01-13 10:19:24

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ,,ბოლო დროს სისტემატური ხასიათი მიიღო „ქრონიკა +“-ის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ. სისტემატურად მიმდინარეობს ჩემი  და ჩემი ოჯახის წევრების, რედაქციის თანამშრომლების თვალთვალი, ისმინება ჩემი და გაზეთის ჟურნალისტების მობილური ტელეფონები. საჯარო პირების, პარლამენტის დეპუტატების ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის მხრიდან საჯარო განცხადებებში ხდება გაზეთის მიზანმიმართული დაკავშირება ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალასთან. დადასტურებული ინფორმაციით, კამპანიას, რომელიც „ასავალ დასავალმა“ და მისმა ე.წ. ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ დაიწყო „ქრონიკა +“-ის და პირადად ჩემს წინააღმდეგ,  მართავს სახელმწიფო  უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის  მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელიც ზაზა დავითაიასთან კონტაქტზე იმყოფება უწყების ერთი თანამშრომლის მეშვეობით. დღეს ზაზა დავითაიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გადაღებულია ფირი ჩემზე ტყეში და აღწერს დეტალებს. ამ ინფორმაციის ტირაჟირება ხდება საინფორმაციო სააგენტო ,,მარშალ პრესის“ მეშვეობით, რომელსაც არაოფიციალური ინფორმაციით, უსაფრთხოების  სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი მართავს. ოფიციალურად მივმართავ ქალაქ თბილისის პროკურატურას,  აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. ამასთან, იოსებ გოგაშვილის მიერ ხდება ზეწოლები იმ კომპანიებზე, რომლებიც რეკლამას ანთავსებენ „ქრონიკა +“-ში, მიუხედავად გაფორმებული ხელშეკრულებისა, მსგავსი ზეწოლა მოხდა საქართველოს რკინიგზაზე და ჩვენი ინფორმაციით, რკინიგზის ხელმძღვანელობა აიძულეს არ განათავსოს რეკლამა „ქრონიკა +“-ში. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, სახელმწიფო  უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორს  ვახტანგ გომელაურს, ჩამოაშორეთ თანამდებობას  უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი იოსებ გოგაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი გაზეთის წინააღმდეგ  მიზანმიმართულ კამპანიას ხელმძღვანელობს  და მნიშვნელოვნად აზიანებს  როგორც საქართველოს მთავრობის, ისე  ქვეყნის სპეცსამსახურის იმიჯს. ასევე მივმართავ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, გაუწიოს აღნიშნულ გამოძიების პროცესს მონიტორინგი, რათა დაცული იქნას ჩემი როგორც ჟურნალისტის, დამოუკიდებელი გაზეთის მთავარი რედაქტორის უფლებები და გაზეთის ჟურნალისტების უსაფრთხოება.“ - აცხადებს „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.  

გაზიარება