QronikaPlus
რა პირობებში იხდის სასჯელს ანასტასია ზაუტაშვილი?

რა პირობებში იხდის სასჯელს ანასტასია ზაუტაშვილი?

2015-12-27 09:06:09

წარმოიდგინეთ, რომ ხართ ტურისტი და საქართველოს საზღვარს მოადექით. საზღვართან დაგხვდათ გიდი, რომელიც გაფრთხილებთ, რომ თუ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულს ჩაიდენთ, მაგალითად, თუ შემოიტანთ კოკაინს, მაშინ თქვენ უმკაცრესად დაისჯებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში მსუბუქი დანაშაული ნულიდან 5 წლამდე, მძიმე ხუთიდან 10 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული კი 10-დან უვადომდე ისჯება. დამნაშავე მოხვდება პენიტენციური სისტემის რომელიმე დაწესებულებაში დანაშაულის ზომის მიხედვით და სასჯელს მოიხდის ნახევრად ღია, ან დახურული ტიპის სასჯელაღსრულების განყოფილებაში. იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავე ქალია, მას ქართული კანონმდებლობა შემდეგ პირობებს ჰპირდება: 1. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდადებულთა მუდმივი მეთვალყურეობა; 2. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდადებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც მათი ან სხვა პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დაცვის მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური, ან ელექტრონული მეთვალყურეობა; 3. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდადებულებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე; 4. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ღამის საათებში მსჯავრდადებულთა გადაადგილება საერთო საცხოვრებლის გარეთ აკრძალულია. მუხლი #121. ქალთა და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება ქალთა და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებასთან, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა: 5. მსჯავრდადებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში არ უნდა იყოს _ 2 კვ.მ-ზე, დახურული ტიპის დაწესებულებაში _ 2,5 კვ. მეტრზე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში _ 3 კვ. მეტრზე, არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში _ 3,5 კვ. მეტრზე, ხოლო ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში _ 3 კვ. მეტრზე ნაკლები. 6. ბრალდებულს/მსჯავრდადებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით. ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება მსჯავრდადებულებს ეკრძალებათ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები: ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა; სატრანსპორტო საშუალებები; ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები; ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები; ოპტიკური ხელსაწყოები; საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი; ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი; სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები; გადასამრავლებელი აპარატები; დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი; ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები; ბანქო; ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები; მობილური ტელეფონები; ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა). კომპასები; დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი; საღებავები და კოპირების ქაღალდები. აქვე, რომ დავაკონკრეტოთ: დაწესებულების ტერიტორიაზე არსებობს მაღაზია, სადაც იყიდება საკვები და ჰიგიენური საშუალებები. დაწესებულებაში არ შეიძლება ისეთი საგნების შემოტანა, რომელიც კანონით აკრძალულია. მაგალითად, მსჯავრდადებულს აკრძალული აქვს შემოიტანოს ბამბის ან მატყლის ლეიბი, თუმცა დაშვებულია, ახლობელმა მოუტანოს თხელი `გუბკა~, არ შეიძლება სუნამოები, რადგან შუშის კოლოფშია, არ შეიძლება ისეთი ძვირად ღირებული სამკაულები, რომელსაც კანონი კრძალავს. ახლა კი გადავიდეთ თემაზე, რომელიც ამ წერილის მთავარი ნაწილია: მე ანასატასია ზაუტაშვილს არ ვიცნობდი, რადგან ის სხვა იზოლირებულ კორპუსში ცხოვრობდა, თუმცა ვიცნობ იმ მსჯავრდადებულებს, ზოგს ყოფილს და ზოგს მოქმედს, რომლებიც მასთან ერთად იხდიდნენ სასჯელს... შერჩევითი სამართალი და განსაკუთრებული პირობები _ ახლა და არა ადრე: ანასტასია ზაუტაშვილს აქვს სპეციალური მატრასი-ლეიბი, რომელიც ხერხემლის მასაჟორის ფუნქციით გამოირჩევა; მის საკანში ინახება ცნობილი სუნამოები, მეტალისა და არა პლასტმასის კოვზები, ჩანგლები, დანა... აქვს კერამიკის ჭურჭელი და სხვა მსაჯვრდადებულების მსგავსად, პლასტმასის მწვანე ჯამიდან საკვებს არ იღებს... ტელეფონზე ხშირად ითხოვს საუბარს, საღამოს 6 საათის მერე დაკეტილი საკნიდან გამოჰყავთ, რადგან მის ახლობლებს 6 საათის შემდეგ სცალიათ სასაუბროდ... იღებს განსხვავებულ საკვებს ამანათით, რომელიც ამანათის ბარათზე არ რეგისტრირდება... და თუ ვინმემ ეს სიამოვნება დაუბლოკა, იწყებს ჩხუბს და ტელეფონზე რეკავს „პატრონებთან“, ბოლოს კი ყველაფერს უსრულებენ... აქვს ძვირად ღირებული სამკაულები, ხელში მუდამ უკავია საფულე, საკანში ცხოვრობს ერთ ადამიანთან ერთად და 12 კვადრატული მეტრის ფართი მხოლოდ 2 ადამიანს უკავია... საკანში აქვს ელექტროჩაიდანი და ტოსტერი. ჩნდება კითხვა, _ ვინ გასცა განკარგულება, რომ მას ამდენი აკრძალული ნივთი ჰქონდეს? დაზუსტებით ვამბობ: მას ეს პრივილეგიები არ ჰქონია არც 2012 წლის ოქტომბრამდე და არც სოზარ სუბარის მინისტრობის პერიოდში. თითქმის ერთი წელია, ზონაზე საუბრისას ამბობს: თუ სასჯელისთვის გასწირეს, მაშინ ყველა ის პირობა უნდა ჰქონდეს, რომელიც მას სურს ციხეში... რა თქმა უნდა, მე ვერ ვიტყვი წყაროს ვინაობას, თუმცა აქვე დავაზუსტებ: თუ ჩამოთვლილი ნივთები ზუსტად მის საკანშია და თუ სტატიის გამოქვეყნიბისთანავე მეხუთე დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური არაგეგმურ ჩხრეკას ჩაატარებს, ყველა ნივთს მოიპოვებს და თუ ამ ნივთების არსებობას უარყოფს, უფლებას დავიტოვებ მჯეროდეს, რომ მას აღნიშნული ნივთები თავად შეუტანეს და თავადვე გადამალავენ აუცილებლად.   *** იცით, საწყენი რა არის? ხალხს შამპუნი ენატრება ციხეში, ჩვეულებრივ ბამბის ლეიბებზე იხდიან სასჯელს და რაც უფრო ხმელია საწოლი, მით უფრო მყარია ხერხემალი, მაგრამ ხერხემლის მასაჟორიანმა ლეიბმა უნდა მაცინოს თუ დამაფიქროს, არ ვიცი... ხო, კიდევ, მისი საკნიდან კედელში ჩაჭედილი ორსართულიანი ნარი გამოტანილია და სპეციალურად ანასტასიასთვის ერთსართულიანი საწოლი დგას... არც ერთ პოლიტპატიმარს _ არც მაია თოფურიას და არც ნორა კვიციანს _ ასეთ პირობებში სასჯელი არ მოუხდიათ, უარესი _ კვიციანი ბურში იხდიდა სასჯელს... აი, ასე! ზოგს უმართლებს, რომ მისი ადვოკატი დღეს პარლამენტარია... ეგ შეიძლება, ტელევიზორში თქვან, რომ სპეკულაცია და დისკრედიტაცია მიდის ვინმე დეპუტატის, მაგრამ ზონაზე სულ სხვანაირად ფიქრობენ, რადგან ანასტასიას წივილი და ჩხუბი ყველას ახსოვს, ვინც მის სატელეფონო საუბრებს უსმენდა განვლილ თვეებში... ვისზეც ჩხუბობდა და ვისაც ემუქრებოდა...   P. S. მე კი გულწრფელად ვისურვებდი, ანასტასია ზაუტაშვილი გაეთავისუფლებინათ და მის მაგივრად საკანში ის ადამიანი გაემწესებინათ, ვინც მას ამდენი თვე და წელი ატყუებდა... ამავდროულად, მიმაჩნია, რომ ზაუტაშვილი სწორად იქცევა, როცა ღირსეულ პირობებში ითხოვს მავანთაგან სასჯელის მოხდას, რადგან მან ღირსეული სარგო მისცა ყველა ადვოკატს, როგორც ის მსჯავრდადებულებთან საუბრობდა... დაკითხვაზე ნუ დამიძახებთ. სატელეფონო საუბრები სასჯელაღსრულებიდან ამოიღეთ, ბოლო 3 წლის მანძილზე თუ ვის ესუბრებოდა მსჯავრდადებული და რას სთხოვდა იმ საუბრებიდან. ასე უფრო მეტს და მნიშვნელოვანს მოისმენთ... თუ, რა თქმა უნდა, გინდათ, რომ მოისმინოთ... დაბოლოს, კანონი კანონიერია, მაგრამ სამართლიანი არ არის!  

                                                                                                                              მაკა მოსიაშვილი

   

გაზიარება