QronikaPlus
პატიმართა წამების, თვითმკვლელობისა და დასნებოვნების ფაქტები სასჯელაღსრულების #2 და #5 დაწესებულებებში!

პატიმართა წამების, თვითმკვლელობისა და დასნებოვნების ფაქტები სასჯელაღსრულების #2 და #5 დაწესებულებებში!

2015-12-27 09:03:01

წესით და რიგით, სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლის შემდეგ (ცხადია, აქ ოქტომბრის არჩევნები იგულისხმება) `დიადი აღმასვლა” უნდა დაწყებულიყო. 2014 წელს, იმ დროინდელი სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით, პატიმართა უფლებების კუთხით საგრძნობი წინსვლა დაფიქსირდა და „სტამბულის პროტოკოლის“ მუხლები ზედმიწევნით სრულდება. სუბარი თანამდებობრივად კახა კახიშვილმა ჩაანაცვლა და ცნობილი უფლებადამცველის მოსვლა ხსენებულ პოსტზე რიგი რეფორმებით აღინიშნა. 2015 წელი მალე მიიწურება და „ქრონიკა+“ პირველად გთავაზობთ სკანდალურ ფაქტებს, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში: წამების, თვითმკვლელობის, მკვლელობის, დაჭრის, ქალთა დამამცირებელი მოპყრობისა და ა. შ. შემთხვევები. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალათა სერია კონკრეტულ ორგანიზაციათა კონკრეტულ ანგარიშებს, მონიტორინგის შედეგებს და „ქრონიკა+“-ისთვის ექსკლუზიურად გადმოცემულ შემთხვევებს ეხება. ამჯერად კი ვიწყებთ  სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში და #5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში არსებული ვითარებით. სანამ დავიწყებდეთ, არ შეიძლება შედარებისთვის არ მოვიყვანოთ სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში (ომბუდსმენის ანგარიშს შემდეგშიც გამოვიყენებთ), რომლის მიხედვითაც #2 დაწესებულებაში დამკვიდრებული აკრძალული პრაქტიკები დღემდე არ აღმოფხვრილა და ბოლო მონიტორინგის დროსაც არ შეცვლილა. რა პრაქტიკებზეა საუბარი?! ყველაზე მძიმე შემთხვევებით დავიწყოთ, თვითმკვლელობით, რომელსაც ხსენებული დაწესებულება არ ახმაურებს. პატიმრებს ფსიქიატრიულ დახმარებას უწევს ერთი ფსიქიატრი, რომელსაც ეხმარება ერთი ექთანი. მათ შექმნილი ნორმალური სამუშაო პირობები არ გააჩნიათ. ფსიქიატრის სამუშაო გრაფიკი უკიდურესად დატვირთულია, თვეში, საშუალოდ, 281 პაციენტის მიღება უწევს. მწვავე ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში პაციენტი #18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაჰყავთ, რომელიც სხვადასხვა ციხიდან გადმოყვანილ ავადმყოფებს ვერ იტევს და გადავსებულია. ფსიქიატრის განმარტებით, რიგ შემთხვევებში გადაყვანის პროცესის დროში დაყოვნება გამოწვეულია #18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული გადატვირთულობით. ამის გამო გადაყვანილი პაციენტი შეიძლება უკან გამოაბრუნონ. 2015 წლის პირველი 5 თვის მანძილზე დაწესებულებაში დაფიქსირდა: თვითდაზიანების 196 შემთხვევა, თვითმკვლელობის მცდელობის 12 შემთხვევა და ერთი განხორციელებული თვითმკვლელობა. ფაქტობრივად, ეს არის სუიციდის 12 მცდელობა, რომლის დროსაც მსჯავრდადებულების გადარჩენა მოხერხდა, ერთის კი _ ვერა. რა იყო ამის მიზეზი? რის გამო სცადეს პატიმრებმა თვითმკვლელობა? ნანა სანაია _ „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებათა დაცვის“  ასოციაციის თავმჯდომარე: _ პატიმრის სამარტოო საკანში გახანგრძლივებული დროით განთავსება შესაძლებელია წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას გაუტოლდეს. სამარტოო საკნის გამოყენების შესახებ, 2007 წლის სტამბულის განცხადების შესაბამისად, რომელსაც საქართველოც არის მიერთებული, სამარტოო საკნის გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პატიმრებთან სრულად უნდა აიკრძალოს. საქართველოში კი ეს აბსოლუტურად ყველა ციხეში დღემდე მოქმედებს. 2015 წელს #2 დაწესებულებაში დაფიქსირებულია ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსების ორი ფაქტი. არ არის გახმაურებული ასევე აქ მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი. _ წინა წლის მონაცემებთან შედარებით სტატისტიკა როგორია? _ 2014 წლის პირველი 6 თვის მანძილზე დისციპლინური საჯელები 92 შემთხვევაში გამოიყენეს, მეორე 6 თვის მანძილზე ეს რიცხვი 118-მდე გაიზარდა. 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით 124 შემთხვევა დაფიქსირდა. _ ანუ პატიმრების დასჯის რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა. კონკრეტულად რა სასჯელებზეა საუბარი? _ #2 დაწესებულებაში ციხის ადმინისტრაცია ყველაზე ხშირად სამარტოო საკანში მოთავსებას იყენებს, რაც ზემოაღნიშნულ პერიოდში სრულად გამოყენებული დისციპლინური სახდელების 58%-ს შეადგენს. აღნიშნული ეწინააღმდეგება პატიმრობის კოდექსის 88-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ფსიქიკური სფეროდან გადავდივართ სამედიცინო მომსახურების სფეროზე. #2 დაწესებულებაში განსაკუთრებით საგანგაშოა სხვის მიერ მიყენებული დაზიანებების მაჩვენებელი. უმეტეს შემთხვევაში პატიმარი არ განმარტავს, სად მიიღო დაზიანება. არადა, თვითდაზიანებებს უფრო ერთი და იგივე პატიმრები იყენებენ. მაგალითად, #2 დაწესებულების ერთ-ერთმა პატიმარმა სამჯერ სცადა თვითმკვლელობა რამდენიმე დღის განმავლობაში. ჟურნალში ჩანაწერის მიხედვით, პირველი შემთხვევის დროს კისრის მარჯვენა ზედაპირზე აღენიშნებოდა ჰიპერემია ხაზის სახით, მეორე და მესამე შემთხვევის დროს კისრის არეში ორივე მხარეს სისხლნაჟღენთი, კეფის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა და სწორი კიდეებით სისხლდენა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის გახლავთ, რომ ექიმს, რომელიც დაკავებულ პირს ამოწმებს, დაზიანების ძალადობის გზით მიყენების ალბათობის დადგენა უნდა შეეძლოს, თუნდაც ამის შესახებ პაციენტი არ მიუთითებდეს. საგულისხმოა, რომ #2 დაწესებულებაში, ისევე როგორც სხვა დანარჩენ პენიტენციურ დაწესებულებებში დაზიანებების დოკუმენტირება არ ხდება. პრობლემები იკვეთება სტომატოლოგის მომსახურების დროულად მიწოდების თვალსაზრისით. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც პატიმარს აქვს ძლიერი ტკივილი, მაგრამ მას რიგში ჩაწერა უწევს, რაც შეიძლება ერთი კვირა, ან მეტი გაგრძელდეს, ვინაიდან დაწესებულებაში მხოლოდ ერთი სტომატოლოგი მუშაობს, რომელიც თვის მანძილზე, საშუალოდ, 213 პაციენტს იღებს. პატიმართა უმეტესობის განმარტებით, თეთრეულით მხოლოდ დაწესებულებაში შესვლის დროს უზრუნველყოფენ. შემდგომში თეთრეულს აღარ უცვლიან, რადგან, როგორც ადმინისტრაციის წამომადგენლები ეუბნებიან, დაწესებულებაში თეთრეულის საკმარისი მარაგი არ არის. წამებასთან გათანაბრებული მოქცევა დაფიქსირდა სასჯელაღსრულების #5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში. #5 დაწესებულებაში პატიმრებს მიღების დროს შიშვლებს ამოწმებენ, ამასთან, ქალ პატიმრებს სთხოვენ გააკეთონ ბუქნები, რაც პატიმართა შეფასებით დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის შემოწმება ხდება ბრალდებულის მიერ საპატიმრო დაწესებულების დატოვების და დაბრუნების ყველა შემთხვევაში. პატიმართა განცხადებით, ეს პროცედურა განსაკუთრებით დამამცირებელი და მძიმეა მენსტრუალური ციკლის დროს. არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული პროცედურის გამო პატიმრები უარს აცხადებენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე. პატიმარი დედების განმარტებით, მათი ტრანსპორტირებისას (სასამართლოში, სამედიცინო გამოკვლევებზე) მანქანის ფურგონში საშინელი პირობებია. ცივა, დგას მძიმე სუნი, სახურავიდან ჟონავს წყალი. მათ უწევთ გრძელ სკამებზე, ბავშვებით ხელში ჯდომა და ფეხებით წონასწორობის შენარჩუნება. როგორც წესი, ასეთი მგზავრობის შემდეგ დედებს აწუხებთ წელისა და კუნთების ტკივილი. ამ დროს, „სტამბულის პროტოკოლის“ მიხედვით, აკრძალულია პატიმრების გადაადგილება არასაკმარისი ვენტილაციის ან განათების, ან სხვა ნებისმიერ რთულ პირობებში. #5 დაწესებულებაში ერთნაირი მდგომარეობაა დაწესებულების ყველა სააბაზანოში. ზოგიერთი სააბაზანოს ფანჯარას მინები არ აქვს. სააბაზანოში ორი ტრაპია, თუმცა ვერც ერთი ვერ ახერხებს წყლის გაწოვას (დგას ჟანგიანი და ბინძური წყლის გუბეები). აღნიშნულ სააბაზანოს ერთი ფანჯარა აქვს, რომელშიც შუშა არ არის. ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა განყოფილებაში არ არის სააბაზანო ოთახი. საკნებში ცხელი წყალი არ არის. დედებს ჭურჭლის, ზოგჯერ პირადი ნივთების რეცხვა, საღამოს ინტიმური ჰიგიენის პროცედურების შესრულება ცივ წყალში უწევთ. ცივ წყალთან მუდმივი კონტაქტი უარყოფითად აისახება ქალის ჯანმრთელობაზე; შეიძლება გამოიწვიოს ხელის კანის გაღიზიანება, სისხლძარღვების შევიწროება და, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევის გაუარესება. ასევე შეიძლება მტევნების წვრილი ძვლების ანთების (რევმატოიდული ართრიტი) და შესაბამისად დეფორმაციის მიზეზიც კი გახდეს. #5 დაწესებულებაში აფთიაქს ჰიგიენური საფენები მხოლოდ ხანდაზმული და მწოლიარე პაციენტებისთვის აქვს. რაც შეეხება ამანათის სახით სანიტარიული საფენების მიღებას, ქალ პატიმართა განცხადებით, რაოდენობის მიწოდება შეზღუდულია და მათ მხოლოდ 10 ცალის შეტანა შეუძლიათ. ამგვარი ლიმიტი განსაკუთრებით იმ პატიმრებს უქმნის პრობლემებს, ვისაც პატრონები რამდენიმე თვეში ერთხელ აკითხავენ.  ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (ჩPთ) სტანდარტების მიხედვით, ქალებისთვის ჰიგიენური მოხმარების საგნების არმიწოდება დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება. #5 დაწესებულებაში დეკემბრის შემდეგ არ ყოფილა რევმატოლოგი. პრობლემებია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მხრივ. ხშირ შემთხვევებში ხდება დანიშნული მედიკამენტების ჩანაცვლება სხვა მედიკამენტებით, რაც პაციენტების უკმაყოფილებას იწვევს. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ ფუნქციონირებს აფთიაქი, სადაც ბრალდებულები თავისი სახსრებით შეძლებენ მედიკამენტების შეძენას. საყურადღებოა ქალი პატიმრებისთვის გეგმური ოპერაციული მკურნალობის ჩატარების საკითხი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტს რამდენიმე თვე უწევს ლოდინი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს და სასწრაფო წესით სტაციონარში გაყვანა ხდება საჭირო. 2015 წლის დასაწყისში ათი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. #5 დაწესებულებაში ბუნებრივ კვებაზე ოთხი ბავშვია. ბავშვის ხელოვნური საკვებით მომარაგება ხდება გამოწერით. როგორც ერთ-ერთმა დედამ, რომელსაც ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავს, აღნიშნა, ერთი თვეა ელოდება ჰუმანა #2-ს და ბავშვს კვებავს პრეჰუმანით. ყოველი თვის 22 რიცხვში დედებს მიეწოდებათ ბავშვისთვის განკუთვნილი პამპერსი _ თვეში 110 ცალი თითოზე და ხელოვნური საკვების განსაზღვრული რაოდენობა. თუმცა აღინიშნა, რომ დარიგებული საკვები არ არის საკმარისი სრულფასოვანი კვებისთვის. მაგალითად: კარტოფილი და ხახვი 3-4 ცალი, 2 დიდი სტაფილო, ხორცის ფარში 100 გრ. კვირაში ერთხელ. ქათამი კვირაში 2-ჯერ 500 გრ., მწვანილი 200 გრ., კარაქი 250 გრ, კვერცხი _ 7 ცალი. დედებს არ აძლევენ ყველს, თაფლს. დედებმა აღნიშნეს, რომ გამოყოფილი პროდუქტი არასაკმარისია იმისთვის, რომ სრულფასოვანი საკვები დაამზადონ თავიანთთვის და ბავშვებისთვის, რომლებიც დამატებით კვებაზე არიან. 2015 წლის პირველი ნახევრისთვის პატიმართა მოქალაქეობრივი განფენილობა შემდეგი იყო: 18 რუსი, 37 აზერბაიჯანელი, 23 სომეხი, 1 ნიგერიელი, 2 თურქი, 2 უზბეკი, 4 უკრაინელი, 4 მოლდოველი, 1 უნგრელი, 3 იეზიდი, 1 არაბი, 2 ქურთი და 3 ჩინელი. დაწესებულებაში განთავსებული ქალი პატიმრებიდან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი იყო 68 ბრალდებული. მათგან 41 მუსლიმი, 23 სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, 1 კათოლიკე და 3 იეზიდი. პატიმრებისა და ციხეების თანამშრომლების გამოსაკვებად ბიუჯეტიდან 2014 წელს 14 940 700 ლარი იყო გამოყოფილი. ბოლო სამი წლის განმავლობაში „ციხეების გამოკვებაზე“ ერთი და იგივე კომპანია _ შპს G.M.M.-ი მუშაობს. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ დღეში ერთი პატიმრის სამჯერადი კვებისთვის მხოლოდ 3 ლარია გამოყოფილი. პატიმართა კვება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი როგორც სახელმწიფოებრივი მართვის სტრუქტურისთვის და მისი ინტეგრაციისთვის ევროპულ საზოგადოებაში, ისე ქვეყნის ბიუჯეტისთვის. „ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში სრულად შემოგთავაზებთ კორუფციულ საცეცეებს პენიტენციურ სისტემაში, რომელიც ბიუჯეტიდან იკვებება და რომელსაც პატიმართა კვება ევალება.  

                                                                                                               თამარ როსტიაშვილი

 

გაზიარება