QronikaPlus
გიორგი გიუაშვილი: ,,ბიუჯეტი განსახილველად ჩუმად შემოაპარეს!”

გიორგი გიუაშვილი: ,,ბიუჯეტი განსახილველად ჩუმად შემოაპარეს!”

2015-12-27 08:50:48

  18 დეკემბერს ბორჯომის საკრებულო 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტს ამტკიცებდა. საკრებულოს „ლეიბორისტი“ დეპუტატის მიერ ბიუჯეტის რამდენიმე მუხლის გაპროტესტებას დარბაზში ხმაური მოყვა. გიორგი გიუაშვილმა განაცხადა, რომ ახალ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასებია გათვალისწინებული, სოციალური პროგრამებისთვის კი ხარჯები შემცირდა. „პირველ რიგში რაც გააკეთეთ, თქვენი ხელფასები მოიმატეთ. ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა სოციალური დახმარება და ჯანდაცვის პროგრამები, რაც თავიდანვე უნდა ყოფილიყო ბიუჯეტში გათვალისწინებული და, შემდგომ, ცვლილებების იმედზე არ უნდა დაგეტოვებინათ ხალხი“, _ განაცხადა სხდომაზე გიუაშვილმა და პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა. მან კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზეც უარი განაცხადა: „ეს არის საკრებულოს ჩვეულებრივი, გეგმური სხდომა და ბიუჯეტის წინასწარი, საზოგადოებრივი განხილვა არ დანიშნულა და ჩატარებულა. 436 ათასი ლარით მოიმატეს სახელფასო ფონდი. სოციალური, ჯანდაცვის მუხლები შემცირებულია 69 ათასი და 266 ათასი ლარით. წერილობითაც მივმართე ამის გამო საკრებულოს და გამგებელთანაც მქონდა საუბარი, ყველანაირი საშუალებით ვცდილობდი, რომ ეს თანხები არ შემცირებულიყო, მაგრამ ჩემს წერილებს არ პასუხობენ და მალავენ“. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიიდან“ „ქრონიკა+“-ს საკრებულოს სხდომაზე საკუთარი პროტესტის მიზეზებზე დაწვრილებით ესაუბრა. გიორგი გიუაშვილი:   _ ბორჯომის გამგეობისა და საკრებულოს ხელფასები _ 3 317 800 (სამი მილიონ სამას ჩვიდმეტი ათას რვაასი) ლარია და 435 028 ათასი ლარით გაზრდილია წინა წელთან შედარებით. 18 დეკემბერს ბორჯომის საკრებულოს გეგმური სხდომა ჩატარდა, რომელზედაც სხვადასხვა საკითხი გამოიტანეს, მათ შორის ერთ-ერთ საკითხად 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რაც ძალიან გამიკვირდა. საკრებულომ ბიუჯეტის საჯარო განხილვა გამოაცხადა, რომელიც არ ჩატარებულა. როგორც წესია, რიგგარეშე სხდომა უნდა დანიშნულიყო და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოეწვიათ შენიშვნებისა და მოსაზრებების გასათვალისწინებლად. ფაქტობრივად, ბიუჯეტი განსახილველად ჩუმად შემოაპარეს და დღის წესრიგში პირველ ნომრად ჩასვეს. ყველანაირი განხილვის გარეშე აპირებდნენ ხმის მიცემას: ვინ არის თანახმა? მიღებულია! და მერე სხვა საკითხებზე გადავიდოდნენ. ასეც მოხდებოდა, მე რომ არ ვყოფილიყავი. უცებ გადავხედე მონაცემებს, ციფრებს და რაც მოვასწარი, გავაპროტესტე კიდეც. ყველასთვის ნათელი გავხადე, თუ რატომ ცდილობდნენ ბიუჯეტის სასწრაფოდ გატანას და დამტკიცებას. ამ ბიუჯეტის პროექტში არაფერი გასახარებელი და სატრაბახო არ ყოფილა, გარდა გამგეობისა და საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოებისთვის 435 028 ათასი ლარით გაზრდილი ხელფასებისა, 452 200 ლარის ოფისის ხარჯისა, 49 500 ლარის მივლინებების ხარჯისა, 40 000 ათასი ლარის რესტორნების სადილების ხარჯისა, 187 500 ათასი ლარის ავტომობილების მომსახურების ხარჯისა; სამაგიეროდ, შემცირებულია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 535 674 ათასი ლარით. _ წელს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაბალ ხელფასებს იღებდნენ? _ არა, რას ამბობთ? 2015 წელს სახელფასო ფონდი შეადგენდა დაახლოებით 2 800 000 (ორი მილიონ რვაასი ათასი) ლარს, ხოლო 2016 წელს დაიმტკიცეს 3 317 800 (სამი მილიონ სამას ჩვიდმეტი ათას რვაასი) ლარი, 435 028 ათასი ლარით მეტი, ანუ მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის იზრუნეს. რა თქმა უნდა, ასეთ ბიუჯეტს ხმა არ მივეცი და პროტესტის ნიშნად სხდომა დავტოვე. გამგებლის არგუმენტი იყო, რომ წლის მანძილზე ცვლილებების სახით ნაკლულ თანხებს დაამატებენ, მაგრამ ეს არგუმენტი მისაღები და სანდო არ არის. ცვლილებები მართლა თუ უნდათ, მათ შეეძლოთ, ეტაპობრივად სწორედ  ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები შეეტანათ და არა სოციალური საკითხები, რომლებიც პირველ რიგში უნდა დამტკიცებულიყო ყველანაირი შეკვეცის გარეშე. ათასობით გაჭირვებულ მოსახლეობას უკანონოდ მოუხსნეს 50-60-ლარიანი სოციალური დახმარებები, ხელისუფლებამ კი, საშუალოდ, 300-400 ლარით გაიზარდა ისედაც მაღალი ხელფასები. მაგალითად: 1250-ლარიანი სამსახურის უფროსის ხელფასი გაიზარდა და გახდა 1550 ლარი; გამგებლის მოადგილის 1620-ლარიანი ხელფასი გახდა 2000 ლარი და ა. შ. მოსახლეობა პირდაპირი გაგებით შიმშილობს, ათობით ოჯახია ბორჯომში, რომლებიც წლების მანძილზე სახელმწიფო შენობებში არიან შეჭრილი. ისინი ყოველდღე ელოდებიან გამოსახლებას და შუა ზამთარში ღია ცის ქვეშ დარჩენას. ამ საკითხებზე არანაირი რეაგირება და ყურადღება ხელისუფლებას არ გააჩნია და საკუთარი ხელფასების გაზრდისთვის იღწვის. სოფლებში გზები სავალალო მდგომარეობაშია, წყალგაყვანილობა მოშლილია, ხელისუფლებამ კი ქალაქის ცენტრში ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა და `ტრუბაკვადრატის~ უსახო ტალავერი აღმართა. აი, რისთვის იღებენ ხელფასებს მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები. _ საკურორტო ქალაქში ტალავერისა და ინფრასტრუქტურის მოწყობაც საჭიროა, ბატონო გიორგი. _ გეთანხმებით, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის გაუბედურების ფონზე. საკუთარი მდგომარეობა ბოროტად არავინ უნდა გამოიყენოს და ხალხს არ უნდა დასცინოს. მე თქვენ გადმოგცემთ ფოტოს, სადაც გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ბიძა, თეიმურაზ წეველიძე, რომელიც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილეა, სამუშაო საათებში ნარდს თამაშობს და ამაში იღებენ ბიუჯეტიდან საკმაოდ მაღალ ხელფასს. ბორჯომის უნიკალური ბიბლიოთეკა „ბაზარში’’, გარეუბანში განათავსეს, ცემენტის ტუალეტების შუაგულში. მისი ასეთი მდებარეობის გამო მკითხველების რაოდენობა თითქმის აღარ ჰყავთ. ეს ხდება „რა? სად? როდის?“ წევრის, ინტელექტუალის, ბორჯომის მაჟორიტარის, გედეონ ფოფხაძის მშობლიურ ქალაქში და მას ამასთან დაკავშირებითაც არ აქვს რეაქცია. ან რა უნდა თქვას? თავს არ იწუხებს და საერთოდ აღარც ჩამოდის ბორჯომში. _ გედეონ ფოფხაძის ძმა ხომ საკრებულოს წევრია და ის მაინც არ უყვება ძმას არსებული მდგომარეობის შესახებ?     _ მისმა ძმამ რა უნდა უთხრას, ისიც თავიდან ფეხებამდეა გარეული საკრებულოს მარაქაში. ქამრების შემოჭერა ბორჯომში ყოველდღიურად გრძელდება! ბორჯომის საკრებულოსა და გამგეობის გადაწყვეტილებით ქალაქის საახალწლო განათებაზე 54 727 ლარია გამოყოფილი, რაც უპრეცედენტო თანხაა ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე. 2013-2014 წლებში ბორჯომის საახალწლო განათებაზე, მონტაჟ-დემონტაჟზე დახარჯულია 30-40 ათას ლარამდე, თან ყოველ წელს გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, რომ მომავალში გამოყენებული იქნება უკვე შეძენილი განათება, რომელიც შენახულია, დასაწყობებულიაო, თუმცა მაინც ყოველ წელს უშველებელი თანხები იხარჯება. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გამგეობისა და საკრებულოს ხელფასები იყოს 3.317.800 ლარი და ინფრასტრუქტურული პროექტები კი ფინანსდებოდეს 2.900.000 ლარით?! ეს არის მარაზმი. ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და არჩევნებამდე სხვადასხვა სიკეთის შერგებას ასწრებენ. საჯარო სექტორს იმიტომ უქმნიან მაქსიმალურ პირობებს, რომ მათი ხმებიც არ დაკარგონ. კარგად იციან, რომ მათი რეიტინგი დღითი დღე ეცემა და `ოცნებას~ არავინ მისცემს ხმას. გასულ კვირას ბორჯომში ,,ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდა, რომელზედაც თავმჯდომარე აირჩიეს, უფრო სწორად, მოქმედი გამგებელი დიმიტრი ყიფიანი დატოვეს თავმჯდომარედ. ყრილობას ესწრებოდნენ პორტირებული ნაცები, გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლები და 2 ან 3 ,,ქართული ოცნების“ ძველი მხარდამჭერი. ეს ფაქტი უკვე იმის დასტურია, რომ ხელისუფლება საჯარო სექტორზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ხალხის ძირითადი მასის აზრი და ნება საერთოდ არ აინტერესებს.  

                                                                                                     ნელი ვარდიაშვილი

       

გაზიარება