რედაქციაში მოქალაქე ალექსანდრე ხვედელიძე გვესტუმრა, რომლის თქმითაც, ორი წლის წინათ ქალაქ ხაშურში, საკუთარ ეზოში, შვილი მოუკლეს. გორის სასამართლომ ბრალდებულს განზრახ მკვლელობისთვის ათწლიანი სასჯელი გამოუტანა. მოკლულის ადვოკატმა საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც 108-ე მუხლი არ შეცვალეს, მაგრამ სასჯელს 2 წელი მოაკლეს. ჩვენი რესპონდენტის შეფასებით, პროკურატურამ და სასამართლომ ეს საქმე ისე „შეკერეს“, რომ ყველაფერი იღონეს, დაზარალებული მშობელი სხდომას არ დასწრებოდა. ხვედელიძე გარკვეული თანამდებობის პირების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და მათ დასასახელებლად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.
„ქრონიკა+“ ხაშურის მკვიდრს, ალექსანდრე ხვედელიძეს ესაუბრება:
_ 2013 წლის 30 ნოემბერს, ღამის პირველის ნახევრისთვის, საკუთარ ეზოში, საკუთარ სახლში 21 წლის შვილი, ორმეტრიანი კაცი მომიკლეს. დანა ათჯერ დაარტყეს. მკვლელი იყო იური ნოზაძე, 19 წლის ბიჭი.
მე არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა, რა იყო მათ ურთიერთობაში, _ ამაში ვერ ჩავერევი და ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამხელა კაცი ეზოში, დანის 10-ჯერ დარტყმისთვის გაიმეტა, გაიკეტა კარი და წავიდა. წავიდა თავისივე მანქანით...
მაგრამ მე აქ სხვა კითხვები მაქვს. ფაქტია, მარტო ნოზაძე ჩემს შვილს, გიგის ვერ მოკლავდა, ვერ მოერეოდა. გელაშვილმა და თედიაშვილმა წაიყვანეს ის და თბილისში გადამალეს, თედიაშვილის ბინაში. მეორე დღეს კახეთში გააცილეს, რომ იქიდან რუსეთისკენ საზღვარზე გადასულიყო, თავი შეეფარებინა.
ნეტავ კი გადასულიყო. მე ხომ ვიცი, სადაც მიდიოდა მაგ გარეწარი.
ეს ორი პირი ნოზაძესთან ერთად იყო, მაგრამ ისე გააკეთეს, ყველაფერი მიჩქმალეს. რასაკვირველია, ის საკუთარ თავზე აიღებდა და ამბობს, რომ მე მოვკალიო.
_ ბრალდებული როდის დააპატიმრეს?
_ იმავე ღამეს კახეთში იპოვეს, მკვლელობა აღიარა, მაგრამ მისი ადვოკატი ცინცაძე (ყოფილი პროკურორი კასპში) საქმეს კერავდა, რომ ვითომ ჩემს შვილს დანა ეჭირა და მან თავდაცვის მიზნით მოიგერია, ვითომ ჩემს შვილს დანა წაართვა და შემდეგ დაარტყა, მაგრამ ეს ვერაფრით დაამტკიცეს _ სასამართლო პროცესზე მისმა თანმხლებმა პირებმა, გელაშვილმა და თედიაშვილმა, აღიარეს, რომ როცა მანქანით თბილისში მიგვყავდა, ნოზაძემ მაშინ თქვა, _ გიგი დავჭერიო! და ეს დანა ჩვენ თვალწინ გადააგდო, მოიცილაო. მაშინ თითქოს ეგონა, რომ მხოლოდ დაჭრა. რეალურად კი ჩემს შვილს დანა ათჯერ დაარტყა. გიგი კიბეზე მაინც ავიდა თავის სახლში და იქ სისხლისგან დაიცალა.
ამიტომ თედიაშვილმა და გელაშვილმა აღიარებით ჩვენებაში მიუთითეს, რომ ჩემს შვილს ხელში დანა არ ჭერია და ეს დანით მივიდა მოსაკლავად. ყველაფერი ექსპერტიზით დამტკიცებულია და საქმეში დევს. თან მაქვს გორისა და თბილისის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
_ პროცესი როგორ წარიმართა?
_ სასამართლო სხდომა ჯერ გორმა ჩაატარა, რადგან საქმე შიდა ქართლს ეკუთვნოდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩემს შვილს ჯიბეში და ხელში არანაირი მეტალი არ ჰქონია. რკინის მეტალი აღმოუჩინეს მკვლელს, იური ნოზაძეს, რითაც ექსპერტიზამ წერტილი დასვა, რომ გიგი ხვედელიძე ამისგან სუფთა იყო; რომ მას დანით მისულმა ნოზაძემ დაარტყა.
ეს დამტიცდა და გორის სასამართლომ ათწლიანი სასჯელი გამოიტანა განზრახ მკვლელობისთვის, მძიმე დანაშაულისთვის.
რა ხდება ამის მერე? _ ამ საქმეში მე დაზარალებულის უფლება არ მაქვს. ჯერ წინა მთავრობამ კანონი ასე დაწერა, რომ თურმე არანაირი უფლება არ მაქვს, ადვოკატი ავიყვანო. ეს კანონში წერია, რომ დაზარალებულს არ აქვს უფლება, აიყვანოს ადვოკატი და თუ აიყვანს, მას უფლება არ აქვს, სასამართლოზე სიტყვა თქვას. ეს ვიცი ბევრი ადვოკატისგან, ვისაც კი მივმართე, ამიტომ მე თავს დაცულად არ ვგრძნობდი. საერთოდ, ამ შემთხვევაში თავი ადამიანად აღარ მიმაჩნდა.
Dაცვის მხარემ საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა და აქ ყველაზე მთავარი იცით, რა არის? სააპელაციოს მოსამართლე მაია თეთრაულმა, მართალია, 108-ე მუხლი არ შეცვალა, განზრახ მკვლელობა დაუტოვა, მაგრამ სასჯელს 2 წელი დააკლო. გესმით, ამით რა გააკეთა?! ე. ი. ჩემი შვილი სასიკვდილო ყოფილა და მკვლელი გაამართლა. 8 წელი მისცეს გიგის მკვლელს.
აგერ მაქვს მაია თეთრაულის ყველა გადაწყვეტილება. მან ჩაწერა, რომ ბრალდებული დადებითად ხასიათდება.
ხალხო, გამაგებინეთ, ვისზეა დადებითი საუბარი, როცა შვილი სახლში მომიკლა, კარი გაიკეტა და გაიქცა, გადამალვას ცდილობდა?!! და ამაში კიდევ ორ წელიწადს უკლებენ?!!
აქ იმისთვის კი არ მოვედი, რომ მკვლელისთვის 15 წელს ვითხოვდე, _ არა, მე ეს არ მაინტერესებს. ის მაინტერესებს, რომ საქმეში ნოზაძე მარტო არ იყო, იქ იყვნენ გელაშვილი და თედიაშვილი, რომელთა საქმის ძიება დღესაც მიმდინარეობს და სასამართლოსთვისაა გადაცემული.
მაგრამ ვიცი, ისინი ამაზე პასუხს არ აგებენ, რადგან ეს ამ მთავრობას არ აწყობს. ისინი რომ დაიჭირონ და რამე სასჯელი შეუფარდონ, ყველაფერს იტყვიან, თუ როგორ მოკლეს ჩემი შვილი. ამიტომ ეს ყველაფერი ჯერაც ბურუსით არის მოცული.
ეს იყო ჩანაფიქრი, ურთიერთმოლაპარაკება. თბილისის პროკურატურიდან გვარებსაც გეტყვით, ვინ იყვნენ. ესენი არიან ლევან ბაჩიაშვილი და ლავრენტი მაღლაკელიძე. ორი პროკურორი, რომელიც ჩემი შვილის უფლებებს იცავდა. მათ კი არ დაიცვეს, ლამაზად შეკერეს საქმე და მაია თეთრაულთან ერთად ამ ყველაფერს წერტილი დაუსვეს.
თუ ასე არ არის და მე ტყუილს ვამბობ, მაშინ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გამცეს პასაუხი, რა დამსახურებისთვის დააწინაურეს ჩემი შვილის პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი და მისი ბრძანებით რესპუბლიკის პროკურატურაში გადმოიყვანეს. ეს მოხდა ზუსტად სააპელაციოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მეორე დღესვე. ვინ დაწერა ეს ბრძანება და ასეთი რა დამსახურება ჰქონდა ამ კაცს?
ეს არის კაცი, რომელმაც სააპელაციოს მიერ გამოტანილი მაია თეთრაულის განაჩენი არ გაასაჩივრა. როცა მას შეეძლო მისი უზენაესში გასაჩივრება, ეს რატომ არ გააკეთა?
და მეორე კითხვა, _ მე, როგორც შვილმკვდარ კაცს, რატომ არ მომცეს უფლება, რომ სააპელაციო სხდომას დავსწრებოდი? რატომ მომატყუეს პროკურორებმა და მითხრეს, რომ სასამართლო 5 საათზე ტარდებოდა? ხუთზე რომ მივედით, სასამართლო უკვე გამართულიყო. ვის აწყობდა ეს, ვინ დგას ამ ყოველივეს უკან? პასუხი გამცენ!
_ ვინ უნდა გაგცეთ ამაზე პასუხი?
_ უპირველესად, ირაკლი შოთაძემ, თუ ამ ყველაფრის თავი და თავი თვითონ არ არის. შოთაძე თუ მართლა პატიოსანი კაცია, დამოუკიდებელი პროკურორია, ხმა აქვს, ძალა და უფლება, ლევან ბაჩიაშვილს ჰკითხოს, თუ რატომ არ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება? შენ ხომ პროკურორი, ჩემი შვილის დამცველი ხარ, რამ შეგიშალა ხელი, რომ უზენაესში გაგესაჩივრებინა? რატომ არ დამასწრეს, არ მოგვცეს უფლება, რომ სააპელაციოზე ჭირისუფლები, მშობლები ვყოფილიყავით? რატომ გადამაგდო პროკურატურამ, ამიხსნან, პასუხები გამცენ ამ კითხვებზე.
ბოლოს, _ უკვე მეორე წელია, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ვითხოვ. რატომ მსურს მასთან შეხვედრა? ჩემს შვილს ვერ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა იცოდეს, თუ რა ხელისუფალი ჰყავს, ვინ რა საქმეებს კერავს და ვინ უყურებს ზემოდან საქართველოს პროკურატურას. მე ამის მტკიცებულებები მაქვს _ ტელეფონები ამოვიღე და თანამდებობრივად ეს ადამიანი ქვეყნის მმართველ ხუთეულში შედის.
ამას ვიტყვი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, მიმიღოს. მას მტკიცებულებას დავუდებ _ რა თანხებზე იყო საუბარი, ვინ არის მოთავე და ვინ ჩაფარცხა ეს საქმე?
და თუ ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი ვერ დავუმტკიცე და რაღაც კითხვები დაიბადება, მაშინ ხელისუფლებას ვთხოვ, ცილისწამებისთვის მუხლი წამიყენონ და დამიჭირონ. ეს ყველაფერი კი მინდა თქვენთან დაიწეროს.
იმის მხილება მსურს, ვისი ზარების ამონაბეჭდებიც მაქვს. ძალიან დიდი თანამდებობის პირი რომ მირეკავს და მაფრთხილებს, _ ხვედელიძე ალექსანდრე, დაივიწყე ჩემი ტელეფონის ნომრები და შენს მიცვალებულს მიხედე, რაც შეგიძლია, ისე იგლოვე შენი შვილიო, _ ამას მე დაშინებად ვიღებ. თუ ასე არ არის, მაშინ გამეცით პასუხი, რა უფლებით მირეკავენ?!!
ვიმეორებ, ამ პიროვნებაზე მხოლოდ ივანიშვილთან ვიტყვი. დავუდებ გვარს, ტელეფონის ამონაბეჭდს, მის პირველ მოადგილესა და თანაშემწეებს, რომლებმაც ყველაფერი კარგად იციან.
და თუ მე, როგორც მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილი არაფრად ჩამთვლის, ელემენტარულად, როგორც შვილების მამას ხომ უნდა აინტერესებდეს, რატომ უნდა მოეკლათ ჩემი შვილი საკუთარ ეზოში?! და თუ მოკლეს, სააქმე ასე რატომ ჩაფარცხეს?! ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, ეს ხომ ვიცი და მინდა ყველაფერი პირადად ივანიშვილს დავუდო, _ ჩემი გაფრთხილებები და შეშინებები.
ბატონო ბიძინა, მე ვეღარ შემაშინებენ, ისედაც შეშინებულ ვარ. ერთადერთი, შეგიძლიათ შვილის საფლავზე დამაკლათ, ანდა ნარკობარონად გადამაქციოთ. ეს შეგიძლიათ, რადგან სიმართლე არავის გაინტერესებთ.
_ მაგრამ აქ მოტივი რა არის?
_ ჩემი შილის საქმეში დიდი ფული არის გადახდილი და მე ვიცი ეს ყველაფერი. აბა, ვერ დავიჯერებ, რომ მაია თეთრაულმა შვილის მკვლელს ლამაზი თვალების გამო ორი წელი დაუკლო. საკუთარ ეზოში სადისტური მკვლელობა ეს ხომ ფაქტია?!
ახლა გელაშვილთან და თედიაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიდის, მაგრამ არა მონაწილეობაზე, არამედ დანაშაულის დაფარვაზე. ეს ჩვენი სარჩელის საფუძველზე ხდება. ამ საქმეს ისევ თბილისის პროკურატურა იძიებს ირაკლი შოთაძის დავალებით.
დარწმუნებული ვარ, ესენი არაფერში პასუხს არ აგებენ, რადგან აქ ის პიროვნება ურევია, რომელიც მირეკავს და მესიჯებით მაფრთხილებს, რომ გავჩუმდე.
_ თავის დროზე, უშუალოდ მკვლელობის მოტივად რა დასახელდა?
_ მოტივად დასახელდა, თითქოს ბავშვობაში ურთიერთშელაპარაკება მოსდიოდათ, თითქოს ჩემი შვილი მას სძალავდა ხან კანფეტს, შოკოლადს, კოკა-კოლას, ხან რას, მაგრამ ამისთვის დანით უნდა მომიკლას ეზოში შვილი? სხვა არანაირი მოტივი არ ყოფილა. სხვა რამე რომ ყოფილიყო, მაშინ 108-ე მუხლს კი არ წაუყენებდნენ, არამედ თავდაცვას, რაღაც სხვას, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ნახეს.
_ თედიაშვილისა და გელაშვილის ბრალეულობაზე საუბრის საფუძველს რა გაძლევთ?
_ ერთადერთი საფუძველი ის იყო, რომ ჩემი ქუჩის დასაწყისში არის აფთიაქი, საიდანაც დაფიქსირებული ვიდეოკადრები ამოიღეს, მკვლელის მანქანა როგორ შემოდის ჩემს უბანში. ეს სურათი თბილისის პროკურორების ხელში ვნახე, მაღლაკელიძესთან და ბაჩიაშვილთან. ეს სურათი საქმიდან გაქრა, ახლა აღარ არის.
მანქანა ღამით წინიდანაც ჩანს და უკნიდანაც. მეუბნებიან, რომ ჩვენ ამის ექსპერტიზის საშუალება არ გვაქვს დავადგინოთ, ხალხის რა რაოდენობაა ამ მანქანაშიო. ეს უკვე ზღაპარია, რადგან დღეს სურათი გამქრალია!
სად ვეძიო, ვისთან მივიდე ამ პირობებში?
ახლა მალე სასამართლოა და მათ გამოუშვებენ, დარწმუნებული ვარ. სწორედ აქ ურევია ის პიროვნება, ვისაც მე პირადად დავასახელებ ივანიშვილთან. და თუ ბატონი ბიძინა ამას ჩემგან არ მიიღებს, ერთადერთი რამ მრჩება, _ მე, ალექსანდრე ხვედელიძე, უარს ვამბობ საქართველოს მოქალაქეობაზე!
"ქრონიკა +" საუბრისას, საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ თავის დროზე მოქალაქე ალექსანდრე ხვედელიძემ მას თხოვნით მიმართა. თავის დროზე, აბაშიძემ ხვედელიძეს პროკურატურასა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უშუამდგომლა, თუმცა დღეს საქმის დეტალების გახსენება უჭირს და მეტი სიცხადისთვის სადეპუტატო ბიუროსთან გადაგვამისამართა.
გელა მამულაშვილი