ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნის სურვილს რამდენიმე დღის წინათ ქუჩაშიც აპროტესტებდა. მისი თქმით, ის მოსამართლეები, რომელთა საქმეებზეც ევროსასამართლომ გამამართლებელი დასკვნები დადეს, ან დაკავებულები პოლიტპატიმრად თუ პოლიტდევნილად აღიარეს, სასამართლო სისტემაში აღარ უნდა მუშაობდნენ. მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში კი ადვოკატთა ლიდერი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება.
ზაზა ხატიაშვილი:
_ ლევან მურუსიძე იყო სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი და სასამართლო სისტემაში იმ პოლიტიკის გამტარებელი, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი უძღვებოდა. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში გამოსაცდელი 3 წლით უნდა დანიშნულიყო და თუ არაფერს დააშავებდა, უკვე უვადოდ დაინიშნებოდა, ქართული სამოქალაქო საზოგადოების სირცხვილი იყო. იმიტომ გავბრაზდი და ჩავატარე აქცია.
რამდენიმე კვირის წინათ 7 მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში იუსტიციის საბჭომ ჩუმად დანიშნა. ამასთან ერთად გავიგე ისიც, რომ მურუსიძეს იუსტიციის საბჭოში განცხადება ჰქონდა შეტანილი. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ასევე ჩუმად აპირებდა დაენიშნა მურუსიძე მოსამართლედ. ამიტომ ავტეხე ერთი ამბავი და რამდენიმე ცნობილ არასამთავრობო პრგანიზაციასთან ერთად საპროტესტო აქცია მოვაწყვე. ასევე განცხადებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები გამჭვირვალე გამხდარიყო. 15 წუთში იუსტიციის საბჭოში არსებულ მოსამართლეთა სია დადეს. ისინი მეორე დღეს გაივლიდნენ გასაუბრებას. აქედან გავიგეთ, როდის გადიოდა გასაუბრებაზე ლევან მურუსიძე.
_ იქნებ, დეტალურად აგვიხსნათ, რატომ გააპროტესტეთ მაინცდამაინც მურუსიძის დანიშვნა ასე პომპეზურად, როცა ძალიან ბევრი ოდიოზური მოსამართლე კვლავაც მუშაობს სასამართლოს სისტემაში? მათ მიმართ დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და მურუსიძე რატომ გახდა გამონაკლისი?
_ მურუსიძესთან დაკავშირებით მხოლოდ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს ჩამოგითვლით: „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სტრასბურგმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას; „სულხან მოლაშვილი საქართველის წინააღმდეგ“, სადაც ასევე არაჰუმანურ და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი; და „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლო გაოგნებულია საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ განხორციელებული მოქმედებებით. ამ მოსამართლის დანიშვნა მთელი სამოქალაქო საზოგადოების სირცხვილია.
ალბათ საინტერესოა, ამ ყველაფრის შემდგომ, მაინც, რატომ აქვს მაღალი, ომახიანი ხმა ლევან მურუსიძეს? ცხადია, გახსოვთ, როცა სააკაშვილის რეჟიმმა არჩევნები წააგო, სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო ის, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონოდა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების წინ გვატყუებდა, სამართლიანი სასამართლო გექნებათო, მაგრამ ის იმ გზით წავიდა, რომ მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას დევნიდნენ, ათასობით ადამიანი აქციეს პოლიტპატიმრად, კვლავ დარჩნენ თანამდებობებზე. პროკურორების უმეტესობას, რომელთა ვიზიტის შემდგომაც მოქალაქეები კეთილ სიზმრებს ნახულობდნენ და ეს ხალხი მთელ თავის ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდა, ხელშეუხებლები გახდნენ. ამიტომ, როცა ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, მივხვდით, რომ ხელისუფლება `ნაციონალური მოძრაობის~ ყველაზე ბინძურ სახეებს გაურიგდა, პროტესტი გაგვიჩნდა. პროკურორებთან დაკავშირებით პროტესტი, რა თქმა უნდა, ვერ გამოგვივიდა, რადგან ბიძინა ივანიშვილმა საუკუნის აფერა ჩაიდინა, როცა გააკეთა ის, რომ მთავარ პროკურორად ყაჩაღობაში ბრალდებული პირი მოგვიყვანა. ახლა ხელისუფლება მურუსიძესაც უნთებდა „მწვანე შუქს“, რისი პატიებაც უკვე აღარ შეიძლებოდა. მიქიაშვილის საქმე ევროსასამართლოში 2012 წლის სექტემბერში მოვიგე. იმავე წლის ოქტომბერში ივანიშვილმა გაიმარჯვა, ნოემბერში ის უზენაეს სასამართლოში მივიდა და მურუსიძეზე თქვა, _ ეს რა წესიერი კაცი გავიცანიო. როცა შემდგომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, იუსტიციის საბჭოში ერთი პირი იყო ასარჩევი. გვენეტაძემ ამ ვაკანსიაზე წარადგინა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ძალიან კარგი მოსამართლე _ ეკატერინე გასიტაშვილი, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციაში საქმიანობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ მან შექმნა ადვოკატთა ეთიკური სტანდარტები და იგივე უნდა გაეკეთებინა მოსამართლეებთან მიმართებითაც, მაგრამ ნახეთ, რა მოხდა? _ მურუსიძის კანდიდატი თევზაძე უგებს ეკატერინე გასიტაშვილს მას შემდეგ, რაც არჩევნების წინა დღეს მურუსიძეს ირაკლი ღარიბაშვილს ახვედრებენ. მთელი სატელევიზიო სივრცე ამ კადრებით იყო გაჯერებული. მოსამართლეებს, რომლებსაც მეორე დღეს ამ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთისთვის უნდა მიეცათ ხმა, ხელისუფლებამ დაანახვა, რომ ის მურუსიძის გვერდით იყო. ამ ფაქტით უკვე გამოჩნდა, რომ ხელისუფლება მურუსიძეს გაურიგდა. ასევე გაირკვა, რომ მას სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში დანიშვნა სურს, რასაც თავისი ახსნა აქვს.
_ რატომ უნდა ამ პალატაში დანიშვნა, რა მიზანი ამოძრავებს მურუსიძეს?
_ როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე კვირის წინათ იქ 7 ოდიოზური მოსამართლე გადაიყვანეს. თუ მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა, იუსტიციის საბჭოს მდივანი, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე გახდება. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ საარჩევნო დავების დროს სააპელაციო სასამართლო ბოლო ინსტანციაა, ამიტომ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბოლო ინსტანცია საარჩევნო დავების დროს ხელში უნდა ჰქონდეს. ამიტომაც არის, რომ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს არ ეშველათ. ადვოკატების აზრს გეუბნებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყველაზე ცუდი სასამართლოა სისტემაში. ხელისუფლება ამ სასამართლოებს აკონტროლებს და უკეთესად გააკონტროლებს, როცა იქ მურუსიძე გადავა. 7 ოდიოზურ მოსამართლეს პლუს მურუსიძე, ეს ნიშნავს, რომ არჩევნების დროს ხელისუფლება მთლიანად გააკონტროლებს საარჩევნო დავებს. ნინო გვენეტაძე წესიერი ადამიანია, ის არც ერთ მოსამართლეს არ დაურეკავს და არ ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქედან გამომდინარე, ლევან მურუსიძით ხელისუფლება სააპელაცო სასამართლოს გააკონტროლებს, რაც ძალიან ცუდია. მიკვირს, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე, პოლიტიკოსები, რომელთაც უნდათ, რომ არჩევნებზე გავიდნენ, ამაზე ხმას არ იღებენ. ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობაა. ამ მიმართულებით მარტო ახალი მემარჯვენეები აქტიურობენ.
_ როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე მოუსმინეს ლევან მურუსიძეს და საბოლოო გადაწყვეტილება როდის უნდა მიიღონ?
_ ალბათ, საბჭო ერთ თვეში გამოიტანს გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როდის იქნება კენჭისყრა. ბატონი მურუსიძის სასამართლო სისტემაში დაბრუნება ქართველი ხალხის ოცნებას სამართლიან სასამართლოზე დაასამარებს. საერთოდ, სიტყვა ოცნება ბიძინამ ისე შემაზიზღა, რომ მართლა ვოცნებობ, საქართველოში სამართლიანი სასამართლო იყოს.
როცა სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლე ჩუმად აირჩიეს, ამას ორი ფაქტორი ჰქონდა: იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გაიყვანა და გახლდნენ `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები _ ევა გოცირიძეს, თოდრიას და სოფრომაძეს ხმა რომ არ მიეცათ ამ კანდიდატებისთვის, საბჭოში ვერანაირად დაინიშნებოდნენ. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლო რეფორმა ჩააგდო. ის მოუმზადებელი იურისტი აღმოჩნდა, რადგან ენების ცოდნა სულაც არ ნიშნავს, რომ ის კარგი იურისტია. ვფიქრობ, იურისპრუდენციაში ის ძალიან სუსტია და შემოქმედებითი ნიჭიც არ გააჩნია. თუ ხელისუფლებაში, ელემენტარულად მაინც, ვინმე აზროვნებს, მთავრობიდან სასწრაფოდ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ინიციატივა და პროექტის ინიცირება. უზენაეს სასამართლოში მოსამართლე შეიძლება იუსტიციის უმაღლესი სკოლის გვერდის ავლით დაინიშნოს, თუ ის სამართლის ცნობილი სპეციალისტია. ასე დაინიშნენ ტურავა და გვენეტაძე უზენაეს სასამართლოში. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შევიდეს პარლამენტში კანონპროექტი, სადაც ეწერება, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის გვერდის ავლით სამართლის ცნობილი სპეციალისტების დანიშვნა შესაძლებელი გახდება პირველ ინსტანციაში და სააპელაციო სასამართლოშიც. იუსტიციის უმაღლეს სკოლას თავისი ფუნქცია რომ არ დაეკარგოს, კანონპროექტში ჩაიწერება, რომ არაუმეტეს 20 პროცენტისა ასე დაინიშნება. ამით გამოიკვეთება ის, რომ ახალი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში შევლენ და სასამართლოში შემოვიყვანთ პროფესორებს, მეცნიერებათა დოქტორებს, რომლებსაც მეცნიერის ხარისხი აქვთ. იუსტიციის უმაღლესი სკოლა ყოველწლიურად 12-13 კანდიდატს უშვებს. ბოლო სამ წელში დაახლოებით 35-40 კაცი გამოუშვა. წულუკიანმა მშვენივრად იცოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი კადრი და ამ სამ წელიწადში ერთი კანონპროექტი მაინც როგორ ვერ გააკეთა, სასამართლო სისტემა ახალი მოსამართლეებით რომ შეევსო? კი ბატონო, 39 ახალი მოსამართლე დაინიშნება, მაგრამ წულუკიანის დაუფიქრებელი მოქმედებების გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იძულებული გახდება, რომ მეორე 39 ადგილზე ძველი მოსამართლეები დანიშნოს. სხვანაირად სასამართლო სისტემაში კოლაფსი შეიქმება. იუსტიციის საბჭოს სხდომას, რომელზედაც მურუსიძე წარდგა და მას კითხვები დაუსვეს, საიას თავმჯდომარე ნაცვლიშვილი ესწრებოდა და აღშფოთებული იყო. ეს გახლდათ მომზადებული გასაუბრება და ეს ფორმა საერთოდაც შესაცვლელია, რაც ამ სამ წელეწადში წულუკიანს უნდა გაეკეთებინა. ვსვამ კითხვას, _ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ამას არ აკეთებს, შეუძლია იყოს იუსტიციის მინისტრი? სამ წელიწადში ერთი კანონპროექტი ვერ შეიტანა პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეთა გამჭვირვალედ დანიშვნას და მოსამართლეთა კანდიდატებად მეცნიერების შემოყვანას. `ქართული ოცნება~ სპეციალურად წავიდა იმ გზით, რომ ძველი მოსამართლეები დაენიშნა, იგივე მურუსიძეები, რომლებიც მართვადნი არიან.
ხელისუფლების უუნარობისა და უწესობის გამო პოლიტპატიმრების ლანძღვის კამპანია დაიწყო. ერთ-ერთ პოლიტპატიმარს, ზურაბ შალიკიანს, 10 წლის წინათ მე ვიცავდი. ის მისი მამის, ბონდო შალიკიანის გამო დააპატიმრეს. ტელევიზიებით სიუჟეტები გადის, რომ მან მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა და როგორ აღმოჩნდა პოლიტპატიმრების სიაშიო? ბონდო შალიკიანს ტელეფონით ვიცნობდი, რადგან ის ბელარუსში იმყოფებოდა. მას სამხარეო პროკურორმა ჩოგოვაძემ დაურეკა და უთხრა, თუ ქონებას არ გვაჩუქებ, საქმეს აღგიძრავთ და 13 წელს მოგისჯითო. ეს გადაიცა კიდევაც `ტელეიმედით~. მას მართლაც მიუსაჯეს 13 წელი, რაც სტრასბურგში გავასაჩივრე და ახლაც ველოდები ამ გადაწყვეტილებას. მერე, როცა ზურა დაიჭირეს, მასაც მე ვიცავდი. მის სისხლის სამართლის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იდო. დაზარალებული გახლდათ ზურას კლასელი, რომელმაც თქვა, ჩემთვის ზურა შალიკიანს რომ ესროლა, მას ხომ ვიცნობდი, მე `რიჟამ~ მესროლაო. მას იუსტიციის საბჭოში ახლად არჩეულმა თევზაძემ მიუსაჯა პატიმრობა. ყველა აღიარებდა, რომ ის ბონდო შალიკიანის შვილობის გამო იყო გასამართლებული, მაგრამ თევზაძე მაინც დააწინაურეს. ეს განცხადება რომ გავაკეთე, ერთი კვირის მერე თქვეს, _ ზურა შალიკიანი პოლიტპატიმრების სიაში მაქინაციებით მოხვდაო. ეს ადამიანი იმ სიაში მოხვდა იმ კომისიის მიერ, რომელიც კახა კუკავას ჰქონდა. იქ გამიმხილეს მისი საქმე და ზურა შალიკიანი, როგორც პოლიტპატიმარი, საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებშიც შესულია. უწყების ძველმა თანამშრომლებმა კი, რომლებიც იუსტიციის საბჭოს წევრთან, თევზაძესთან ერთად კვლავ ბოგინობენ, ყვირილი დაიწყეს, _ შალიკიანი იქ როგორ მოხვდაო?! ასეთი ბინძური სპეკულაცია მიდის იმის გამო, რომ ეს საქმეები არ გადაისინჯა.
ყველა პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის საქმე უნდა გადაისინჯოს და ის მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებში მონაწილეობდნენ, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოსცილდნენ, ასევე ყველა პროკურორი უნდა წავიდეს სახლში, მაგრამ მაგათ ბიძინა გაურიგდა და ამიტომ, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა წავიდეს აქედან. როგორც `ნაციონალური მოძრაობა~ აღარასდროს არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ისევე არ უნდა მოვიდეს `ქართული ოცნება~, რომელიც მისი სატელიტი პარტიაა. როცა ზურა შალიკიანი პოლიტპატიმარი იყო, მე ვარ იმის მომსწრე, როგორ ევაჭრებოდა საქართველოს ხელისუფლება ბონდო შალიკიანს და როგორ სთხოვდნენ მას 140 მილიონი ევროს ინვესტიციას შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ. მე ბონდომ მთხოვა, ინვესტორები რომ ჩამოდიოდნენ და პრემიერ-მინისტრ გილაურს უნდა შეხვედროდნენ, რომ იქ მეც მივსულიყავი, მაგრამ ვუთხარი, რომ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, _ ამ ხელისუფლებას არ ველაპარაკები-მეთქი. როგორც ვიცი, ეს შეხვედრა შედგა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ შალიკიანმა დამირეკა და მითხრა, _ იმდენი ფული მოსთხოვეს, თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენო. ბონდო შალიკიანი ცოცხალი რომ იყოს, ძალიან ბევრ თანამდებობის პირს დასვამდა საბრალდებო სკამზე, რადგან როგორც მე ვიცი, ვიღაც პოლკოვნიკი გაუგზავნეს მოსალაპარაკებლად. 2008 წლის მერე საქართველოს ეკონომიკას უჭირდა, რადგან ისვესტიციას არავინ დებდა. ამიტომ სააკაშვილის რეჟიმი ისეთ ხალხს ევაჭრებოდა, ინვესტიცია მოიზიდეთო, რომელთაც კანონთან პრობლემები ჰქონდათ. ბონდოს ამის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ რეაბილიტაციას, შვილის განთავისუფლებას, წართმეული ქონების დაბრუნებას. ეს ინვესტორი აქედან ბელარუსში ჩავიდა, ლუკაშენკოს შეხვდა, რომელმაც ხელშეუხებლობის გარანტია მისცა და ინვესტიცია იქ ჩადო. საქართველოში რეკლამა კეთდებოდა, კარგი ბიზნესგარემოაო, გადასახადი ბიზნესმენებს ბელარუსზე ნაკლები ჰქონდათ, მაგრამ კორეელებმა ფული მაინც იქ ჩადეს და ეს ხომ ბევრ რამეზე მეტყველებს? სინამდვილეში, საქართველოში ბიზნესი არც სააკაშვილის დროს იყო თავისუფალი და არც ახლაა. მე ვარ მომსწრე, ბონდო შალიკიანს როგორ ევაჭრებოდნენ და როგორ გააქციეს მისი გამოგზავნილი ბიზნესმენი ქვეყნიდან. ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება მურუსიძესთან მიმართებით გააქტიურდა, ყოფილმა სამართალდამცველებმა ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეების გამოჩხრეკა დაიწყეს. გახსნან ეს საქმეები და ყველაფერი უკეთ გამოჩნდება, მაგრამ ის ხალხი, ვინც ამ ადამიანების დაჭერები განახორციელა, ახლა უფრო მაღალ თანამდებობებზე სხედან. ისინი, ვინც „ნაციონალებს“ ემსახურებოდნენ, ახლა ივანიშვილის ხელისუფლებას ემსახურებიან და მათ ხომ არ დაიჭერენ? არ აწყობს ამ ადამიანების დასჯა ხელისუფლებას და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ „ოცნება“ ამით ჰყავს გამოჭერილი. მათ ამ ადამიანებს იმიტომ „დაარტყეს“, რომ ამ ხალხმა მათ უღალატა და ბიძინას შეეკრა. ღარიბაშვილ-ივანიშვილის უგუნურობის გამო მოხდა ეს ყველაფერი და იმ ბრალდებას, პოლიტპატიმრები კორუფციის შედეგად გახდნენო, ვერ პასუხობენ. ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა პროცესი მოიგო და ამის გამო დააკავეს. სასამართლოს მხრიდან მისი დაპატიმრება უკანონო რომ იყო, ამაზე ხელი მოაწერეს: თეა წულუკიანმა, შალვა შავგულიძემ, მინდია უგრეხელიძემ და სანდრო ბარამიძემ, რადგან მაშინ ეს ადამიანები ადვოკატთა ასოციაციის კონსულტანტები იყვნენ. რამდენიმე სხვა დოკუმენტთან ერთად ესეც რომ წარვადგინე, ამიტომ მიანიჭეს პოლიტპატიმრის სტატუსი მურმანიშვილს. როცა მას იჭერდნენ, ზაქარია ქუცნაშვილი იცავდა, პროკურორი კი ნათია სონღულაშვილი იყო, რომელსაც ზაქარიამ კითხვა დაუსვა, _ მტკიცებულებები გაქვთ, პატიმრობას რომ ითხოვო? პროკურორმა უპასუხა, _ სამ დღეში მექნებაო. მოსამართლემ ეს დაიჯერა და მურმანიშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, ნათია სონღულაშვილი ჯერ დააჯილდოვეს, მადლობა გამოუცხადეს და მერე საპროკურორი საბჭოში აირჩიეს. დღევანდელი ხელისუფლება ამ სიბინძურეებზე რომ წავიდა, ამიტომაც არის, რომ დღეს ყველაზე შეუძლიათ განაცხადონ, კორუფციული გარიგებით მოხვდა ამ სიაშიო. საქმეები რომ გადასინჯონ, ეს პროკურორები და მოსამართლეებიც პასუხისგებაში უნდა მისცენ. ვყვიროდი, სონღულაშვილის საპროკურორო საბჭოში არჩევა არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა?
ერთი თვის წინათ წულუკიანმა ბოლო სამი წელი შეაჯამა. მან თქვა: დამთავრდა ის დრო, როცა პროკურატურიდან იუსტიციის სამინისტროს სარდაფში გამოჰყავდათ ბიზნესმენები და საპროცესო შეთანხმებით ქონებას ართმევდნენო. თუ იცის მაგ დალოცვილმა, რომელი პროკურორები აკეთებდნენ ამას, რატომ არ აძლევენ მათ პასუხისგებაში? ეს ხომ კლასიკური სახეა დანაშაულის დაფარვისა, რომელიც დასჯადია? ამაზე წავიდა `ქართული ოცნება~ და ამიტომ ვამბობ, სააკაშვილის რეჟიმთან ერთად ესენიც უნდა გასამართლდნენ. უნდა მოვიდეს ძალა, რომელიც სიმართლეს იტყვის. ხალხმა უნდა იცოდეს, როგორი ადამიანები არ უნდა იყვნენ პროკურორები, მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრი და ა. შ.
_ თუ მურუსიძე მოსამართლედ მაინც აირჩიეს და თქვენმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, რის გაკეთებას აპირებთ?
_ ეს თუ მოხდა, მასობრივ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ. როცა ხელისუფლებას მურუსიძისნაირი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კიდევ მოუნდება, მაშინაც მიიღებს პროტესტის ტალღას. მურუსიძე იქნება მაგალითი და სხვა მოსამართლეებსაც ეცოდინებათ, რომ თუ ასე მოიქცევიან, ისინიც ვერასდროს გახდებიან მოსამართლეები. მურუსიძის სასამართლოში დანიშვნა გამოიწვევს იმას, რომ ქართველი ხალხის ოცნება სამართლიან სასამართლოზე საბოლოოდ დასამარდება, ამიტომ ის ვერანაირად ვერ გახდება მოსამართლე.
ნელი ვარდიაშვილი