QronikaPlus
თამაზ დანელია: ,,ბესელია დახმარების ნაცვლად, ფოსტალიონივით აგზავნის წერილებს აქეთ-იქით!“

თამაზ დანელია: ,,ბესელია დახმარების ნაცვლად, ფოსტალიონივით აგზავნის წერილებს აქეთ-იქით!“

2015-12-27 08:29:43

2010 წლის 16 ივლისს 25 წლის ბათუმელ გიორგი დანელიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლერი თედორაძემ 19 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 7 ათასი ლარის გადახდა მიუსაჯა. მსჯავრდადებულის ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგი დანელია უკანონო პატიმარია და მის განთავისუფლებას ითხოვს.   თამაზ დანელია, მსჯავრდადებულის მამა: _ ჩემი შვილი სპორტსმენი იყო, წარმატებული რაგბისტი. მისმა თანაგუნდელმა კობა კახიძემ გიორგის მეგობარს, ნოდარ კერესელიძეს, 500 დოლარი ასესხა. ეს თანხა კერესელიძეს სამკურნალოდ სჭირდებოდა. მან ვერ შეძლო ამ თანხის დაბრუნება, რის გამოც კახიძესთან პრობლემები შეექმნა და დახმარებისათვის ჩემს შვილს მიმართა, რის შემდეგაც კახიძემ კერესელიძეს ერთი თვით გადააუვადა ვალი. ვალის დაბრუნება კერესელიძემ ვერც მაშინ მოახერხა და კახიძე მევალესთან ერთად ჩემს შვილსაც დევნიდა, აქაოდა, შუაში შენ ხარო. მისი საქციელი იმდენად გამომწვევი და მომაბეზრებელი გახდა, რომ ჩემმა შვილმა თავის მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა კობა კახიძის ცემა. ისინი კახიძეს მისი მეგობრის ნაქირავები ბინის სადარბაზოსთან ნიღბებით ჩაუსაფრდნენ. ამასობაში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. სადარბაზოსთან კობა კახიძის მსგავსი მანქანა გაჩერდა, გადმოსულიც მას მიამსგავსეს და დაედევნენ. თუმცა ის კაცი ვეღარ იპოვეს, იფიქრეს, რომ უკვე ბინაში შევიდა და კარზე დააკაკუნეს. ნიღბიანების დანახვაზე კარის გამღებმა კივილი ატეხა, რის გამოც ნიღბიანებმა 10 წამში დატოვეს იქაურობა. _ მერე რა მოხდა? _ 2009 წლის 17 ნოემბერს ბათუმში, 9 მარტისა და პუშკინის კვეთაში, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე ჩემი შვილი, გიორგი დანელია, ოთხმა პოლიციელმა დააკავა. მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელი მოადგილე რამაზ გვარჯალაძემ (რომელიც დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ოქმში კი დაფიქსირებული არ არის, თითქოს იმ დროს იქ არ ყოფილა), გამომძიებელმა გიგლა მოსიძემ, მ. თურმანიძემ და არჩილ ანთაძემ (სწორედ მან ჩაუდო წამალი ჩემს შვილს შარვლის უკანა მარცხენა ჯიბეში) დაკავებისას უმოწყალოდ სცემეს, ტროტუარზე დააგდეს. დაკავების პროცესს ჰყავს თვითმხილველი გიორგი გაბელაია, რომელმაც სასამართლოს ამომწურავი ჩვენება მისცა, მაგრამ მას არაფერი გაუთვალისწინებია. სამმართველოში გადაყვანის შემდეგ გვარჯალაძემ და მისმა თანამშრომლებმა მისი ცემა გააგრძელეს და ჩხრეკის ოქმზე იძულებით მოაწერინეს ხელი. მათ განყოფილებაში ჩემი ცოლის ძმისშვილი ავთო ხარაზი მიიყვანეს, ფანჯრიდან მეორე ოთახში ჩემი შვილი დაანახვეს, რომელსაც გვერდზე ნარკოტკული საშუალება ედო. გვარჯალაძე დაემუქრა, _ თუ ოქმზე ხელს არ მოაწერ, შენც ცემაში მოგკლავთ, შენს ბიძაშვილს კი წამალს ჩავუდებთო, ამავე ბრალდებით დავაკავებთ შენი დისქმარს გიორგი ბოლქვაძესო. თან შეჰპირდნენ, _ თუ ყაჩაღობას აღიარებ, 3-წლიან ციხეს და 6-წლიან პირობითს მოგცემთ, სიტყვის კაცი ვარო. თუ ჩემი არ გჯერა, აგერ ავთო ხარაზის საშველად მოსულ მარატი ჟღენტს ჰკითხეო. ისიც პოლიციელია, ჩვენი ახლობელი. მან ჩემი შვილი დაარწმუნა, რომ თუ არჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, მის ახლობლებს საფრთხე აღარ დაემუქრებოდა, ხოლო მას დაპირებულ სასჯელს მისცემდნენ და პრობლემაც მოგვარდებოდა. სასამართლოზე ჩემმა შვილმა დაამტკიცა, რომ მას ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონდა და იქ მის საცემრად მივიდა, მაგრამ ესეც ვერ შეძლო, ნიღბები კი იმიტომ ეკეთათ, რომ კობა კახიძე სოდის ინფორმატორი იყო და უნიღბოდ მათ ამოიცნობდა. ეს საქმე იმდენადაა თეთრი ძაფით ნაკერი, რომ მისი საქმის პროკურორი ზაზა მეტონიძე და მოსამართლე ლერი თედორაძე პასუხისგებაში არიან მისაცემი, მაგრამ მომკითხავი ვინაა? გიორგის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ რამაზ გვარჯალაძემ სამმართველოში დამიბარა. იქ სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის უფროს რესან კონცელიძეს შევხვდი და ვუთხარი, _ ჩემი შვილი ნარკომანი არაა, წამალი ჩაუდეს და დამეხმარე-მეთქი. Mიპასუხა- ჩადებულ წამალს ვერაფერს ვუშველი, დაკავებულთა 98%-ს ასე უკეთებენო. მე თავად გამოვიკვლიე ეს ამბავი: პოლიციას ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი კობა კახიძის მეგობარი ქალი, ფატი ბურდული საკუთარი ბინის ძარცვაში ეჭვმიტანილად ჰყავთ ცნობილი. მე-3 განყოფილების პოლიციელ გ. ზოიძის 2009 წლის 16 ოქტომბერს დაწერილ პატაკს 15 ოქტომბრით ადევს რეზოლუცია. გამომძიებელი გიგლა მოსიძე კი ჩხრეკის ოქმში წერს: `პირი, რომელთანაც ჩხრეკა ჩატარდა, გაჩხრეკილია თვით გამომძიებელი გიგლა მოსიძე~. ის სამსახურიდან გაშვების ნაცვლად, დააწინაურეს და დღეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ის ზონდერია, 21 მაისს ტელევიზიასთან ოპოზიციის დარბევაში მონაწილეობდა. მივმართე შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, სამმართველოს მაშინდელ უფროს დავით თამაზაშვილს, რომელმაც მიპასუხა, რომ მოსიძე თბილისიდან დანიშნეს და ის ვერაფერს შეცვლის. არც გენერალურმა ინსპექციამ მოახდინა რეაგირება და პროკურატურამაც საქმე ჩაფარცხა. _ თქვენს შვილს საყოველთაო ამნისტია შეეხო? _ ნაწილობრივ. 11 წელი დაუტოვეს მაინც. ჩემი შვილი უკანონო პატიმარია. სასჯელს იხდის იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. _ ვის მიმართეთ? _ პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძეს, რომელიც ჩემი კურსელია, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს; აჭარის უმაღლეს საბჭოში მედეა ვასაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს, თემურ კახიძეს. მედეა ვასაძეზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ თემურ კახიძე არაკომპეტენტურია და მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა მიზანშეუწონელია. ეკა ბესელიას ვთხოვდი, შეისწავლეთ ჩემი შვილის საქმე, დასკვნა დამიწერეთ, თუ დამნაშავეა, მითხარით და გავჩუმდები, თუ არადა, გამოუშვით ჩემი შვილი ციხიდან-მეთქი. ამდენი ხნის მანძილზე ბესელიასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. იმის მაგივრად, რომ დამეხმაროს, ფოსტალიონივით წერილებს აგზავნის აქეთ-იქით. ვის უგზავნის? ხან კბილაშვილს, ხან ბადაშვილს _ იმათ, ვინც ეს განაჩენი მოითხოვეს ჩემი შვილისთვის.  

                                                                                                              ნატო ქათამაძე

   

გაზიარება