QronikaPlus
ეკატერინე გოგიბერიძე: ,,მივმართავ მანანა კობახიძეს, _ შენ ხარ ქურდი!“

ეკატერინე გოგიბერიძე: ,,მივმართავ მანანა კობახიძეს, _ შენ ხარ ქურდი!“

2015-12-27 08:08:58

დედაქალაქში მცხოვრები ეკატერინე გოგიბერიძე და ალექსანდრე გულიაშვილი მანანა კობახიძეს დოკუმენტების მოპარვაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც მათი საქმე სასამართლოს მიერ ხანდაზმულად გამოცხადდა და შესაბამისი განაჩენი ვერ დადგა. დაზარალებულები მთავარ პროკურატურას მიმართავენ და აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში მათ ნათქვამს დოკუმენტურად დაადასტურებენ. ამ საქმესთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ეკატერინე გოგიბერიძე ესაუბრა. პირველ რიგში გაგაცნობთ სასამართლოში არსებულ საქმის დეტალებს, რომელიც მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა განიხილა: 2007 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილის, პროკურორ ივანე ალუღიშვილის, განსასჯელების: გურამ, ნოე და მარინა მენთეშაშვილების, მათი ადვოკატების მანანა კობახიძისა და არჩილ ჩოფიკაშვილის, დაზარალებულების ეკატერინე გოგიბერიძისა და ალექსანდრე გულიაშვილის მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და გამოარკვია: 1993 წლის ზაფხულში, თბილისში, თემქის დასახლებაში მცხოვრებმა ეკატერინე გოგიბერიძემ, ვალის გამო, 500-დან 1000 აშშ დოლარამდე სესხის აღება გადაწყვიტა სათანადო პროცენტის გადახდით. მანამდე იგი კომერციულ საქმიანობას ეწეოდა. ამ მიზნით გოგიბერიძე თავის მეზობელს, ლამარა მჟავანაძეს დაუკავშირდა. მჟავანაძემ თავისი დისშვილისგან, ნოე მენთეშაშვილისგან, ყოველთვიურად 25%-ის გადახდით, 500 აშშ დოლარი ისესხა. გოგიბერიძემ აღნიშნული თანხის 30%-ად გასესხება და მოგებული თანხიდან ნაწილის მჟავანაძისთვის მიცემა, ხოლო ნაწილით ვალის დაფარვა გადაწყვიტა. 1993 წლის აგვისტოში გოგიბერიძემ მენთეშაშვილისგან 5-6 თვის ვადით 5000 აშშ დოლარი ისესხა. მან იმავე დღეებში მარინა მეფარიშვილისგან ყოველთვიური 25%-ის გადახდით 3000 აშშ დოლარი ისესხა. გოგიბერიძემ აღნიშნული თანხა, რომელიც 8000 აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინვე, ყოველთვიური 25%-ის გადახდით, გელა გლუნჩაძეს ასესხა. ამავე პერიოდში გოგიბერიძემ მეფარიშვილისგან დამატებით 4500 დოლარი აიღო, ხოლო 500 დოლარი მის რძალს, ნანა ხორბალაძეს გამოართვა და მთლიანი თანხა, 5000 დოლარი, ალექსანდრე გულიაშვილს ყოველთვიურად 30%-ის სარგებლით 3 თვის ვადით გადასცა. არც ერთ შემთხვევაში წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ერთი თვის შემდეგ გულიაშვილმა გოგიბერიძეს ნასესხები თანხის პროცენტი შესთავაზა. გოგიბერიძე და მენთეშაშვილს შეუთანხმდა, რომ საბოლოოდ ძირითად თანხას თავისი პროცენტით დაუბრუნებდა. ამ მოლაპარაკებიდან რამდენიმე დღეში მენთეშაშვილის მეუღლე მარინა გოგიბერიძეს ტელეფონით დაუკავშირდა და ფულის დაბრუნება თავის პროცენტიანად სასწრაფოდ მოსთხოვა იმ მოტივით, რომ აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა ვინმე „ებრაელ მიშას“ და მის დაბრუნებას სასწრაფოდ ითხოვდა. გოგიბერიძე მენთეშაშვილებს მათივე საცხოვრებელ სახლში შეხვდა. მენთეშაშვილმა ფულის დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვა. ისინი გოგიბერიძეს ყოველ გადაცილებულ დღეზე 1000 დოლარით დაჯარიმებას დაემუქრნენ, უარეს შემთხვევაში კი ოჯახის აწიოკებით და ბავშვის გატაცებით. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მჟავანაძე და მისი ოჯახის წევრები ჩაერივნენ, მენთეშაშვილები პირობის შესრულებას კატეგორიულად ითხოვდნენ. ისინი მათი ნათესავის, აწ გარდაცვლილი ირაკლი მხეიძის სახელითაც იმუქრებოდნენ, რომელიც „მხედრიონის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და მაშინ თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. გოგიბერიძე მხედრიონელის ხსენებაზე გულიაშვილთან შეშფოთებული მივიდა, ყველაფერი აუხსნა და ვინაიდან გლუნჩაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, ფულის დაბრუნება მას სთხოვა. გულიაშვილი გოგიბერიძეს დაეთანხმა და მენთეშაშვილთან დასალაპარაკებლად ერთად მივიდნენ. მიუხედავად მათი ნაცნობობისა, მენთეშაშვილი რაიმე შეღავათის გაკეთების კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. იგი სახლში ნაქონი იარაღითა და ოჯახის წევრებისადმი ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდა. მენთეშაშვილმა გოგიბერიძეს 9000 დოლარი დაუანგარიშა და სწრაფად გადახდა მოსთხოვა, რაზედაც ისინი იძულებული გახდნენ, დათანხმებულიყვნენ. გულიაშვილმა სხვადასხვა საშუალებით ჯერ 1500 დოლარი იშოვა, შემდეგ 4000, შემდეგ 500 და გოგიბერიძეს გადასცა, მან კი _ მენთეშაშვილს. თუმცა გასული დღეების გამო მენთეშაშვილები, ჯარიმის სახით, 20 000 დოლარს ითხოვდნენ. გოგიბერიძის მძიმე მდგომარეობის გამო გულიაშვილმა მენთეშაშვილისგან გოგიბერიძის განთავისუფლება ითხოვა და ყოველგვარი თანხის გადახდას თვითონ შეჰპირდა. ამის შემდეგ მენთეშაშვილი გულიაშვილს სისტემატურად უკავშირდებოდა და მუქარის გზით 12 000 დოლარის გადახდას აიძულებდა. თან აფრთხილებდა, რომ ყოველ გადაცილებულ დღეზე დააჯარიმებდა. მენთეშაშვილები ხშირად სახლშიც აკითხავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გულიაშვილმა მენთეშაშვილს 20 000 დოლარი ნაწილ-ნაწილ გადასცა, 2000 დოლარის საფასურში ავტომანქანაც წაართვეს და ყოველი გადაცილებული საათისთვის, ჯარიმის სახით, ფულს სთხოვდნენ. მეორე დღეს მენთეშაშვილმა გულიაშვილი თავის სახლში დაიბარა და სამხედრო ფორმიანი, ავტომატებით შეიარაღებული, ნიღბიანი პირები დაახვედრა, რომლებმაც გულიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იარაღი ისროლეს და ძალადობის მუქარით ხელწერილი დააწერინეს, რომ თითქოს მას მენთეშაშვილის ვალი ჰქონდა 20 000 დოლარის ოდენობით. ისინიც ამ ფულის პატრონად ვინმე „ებრაელ მიშას“ ასახელებდნენ, რომელიც პროცენტებს და ჯარიმებს თავად ითხოვდა, თუმცა, თხოვნის მიუხედავად, გულიაშვილს პირადად არ ახვედრებდნენ. ამის პარალელურად, მენთეშაშვილი, ფულის გამოძალვის მიზნით, დეიდასთან, გოგიბერიძის მეზობლად მცხოვრებ ლამარა მჟავანაძესთან მივიდა. მას თან ახლდნენ ლამარა მჟავანაძის შვილი _ სტანისლავ მჟავანაძე და მისი მეგობარი ნიკოლოზ ბიჭიაშვილი. ამ შეხვედრისას მენთეშაშვილმა გოგიბერიძესა და მის მეუღლეს, თემურ ფირანიშვილს, 12 000 დოლარის გადახდა კვლავ მოსთხოვა. გოგიბერიძის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მუქარით აიძულა მისი მეუღლე, რომ დასთანხმებოდნენ. გოგიბერიძემ თანხა თავისი ახლობლებისგან ისესხა და მენთეშაშვილს გადასცა. 1994 წლის იანვარში გულიაშვილთან სახლში მივიდა მისთვის უცნობი ახალგაზრდა, რომელმაც საიდუმლოდ გაანდო, რომ მეორე დღისთვის მენთეშაშვილი მისგან 10 000 დოლარის მიტანას ელოდებოდა, უარის შემთხვევაში კი მოკლავდნენ. მუქარით შეშინებულმა გულიაშვილმა, იმავე ღამით, ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა, საიდანაც 1996 წელს დაბრუნდა. ამ პერიოდში მისი საცხოვრებელი ბინა ფირმა „კელბერმა“ გაყიდა, რომელიც გულიაშვილმა სესხის სანაცვლოდ ჩაუდო. ამის გარდა, გულიაშვილს მენთეშაშვილისთვის გადაცემული თანხები სესხად ჰქონდა აღებული რამდენიმე ადამიანისგან, რომელთაც ტურისტული ფირმა ჰქონდათ და თანხები საზღვარგარეთ მიმავალმა ტურისტებმა შეიტანეს. 1993 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე მენთეშაშვილმა და მისმა მშობლებმა გულიაშვილს 42 000 დოლარი გამოსძალეს, ხოლო გოგიბერიძეს _ 6200 დოლარი. სულ _ 48 200 დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მენთეშაშვილების მხრიდან დიდი ოდენობით ფულის გამოძალვა დადასტურდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მენთეშაშვილების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა საქმის ხანდაზმულობის ვადის გამო. ეკატერინე გოგიბერიძე „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ სხვადასხვა ინსტანციაში ჩივილი მან, ჯერ კიდევ, 1998 წლიდან დაიწყო და საქმე ხანდაზმული არ იყო.   ეკატერინე გოგიბერიძე: _ 1998 წლიდან დავიწყე ჩივილი, პირველად ნაძალადევის რაიონის პროკურატურას მივმართე. ამ საქმეზე უამრავი სასამართლო პროცესია გამართული. სასამართლო გამოძიებითაც დადგენილია, რომ მენთეშაშვილებმა ათასობით დოლარი ყაჩაღურად წაგვართვეს. ბოლო სასამართლო პროცესი 2007 წელს გაიმართა, სადაც ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს მანანა კობახიძე იცავდა, 3 ადვოკატი ჰყავდათ, მაგრამ კობახიძე განსაკუთრებით აქტიურობდა. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, მენთეშაშვილებზე დევნა შეწყდეს, რადგან საქმე ხანდაზმულიაო. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რომ გამოაცხადა, ვერ მივხვდი ხანდაზმულში რას გულისხმობდა, მერე პროკურორს დავაკონკრეტებინე და მითხრა, _ ქალბატონო, თქვენ 2001 წლიდან ჩივიხართ და ამიტომო. მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ამის მერე ისევ პროკურატურას მივმართე, გამოძიების შემდეგ ოფიციალურად დამიდასტურეს, რომ საქმე გაყალბებულია და მასალები მოპარულია. 1998 წლიდან რომ ვჩიოდი, ამის შედეგად აღარ ჩანს და საქმეში აღარ დევს დოკუმენტები. საქმე რომ გამოვითხოვე, საკუთარი თვალით ვნახე, რომ 2001 წლიდან იწყება. ამის გამო ჩიხში მოვექეცი. დადასტურებულად ვიცი და დარწმუნებული ვარმ რასაც ვამბობ: ჩვენი საქმიდან დოკუმენტები მანანა კობახიძემ გააქრო! მანანა კობახიძე კარგად მიცნობს მეც და გულიაშვილსაც. როდესაც მის გარშემო ასეთი სკანდალებია ატეხილი, სწორედ ახლა მინდა დავუსაბუთო და ვუთხრა, რომ შენ იყავი მათი ადვოკატი და შენ ხარ ქურდი, რომელმაც დოკუმენტები მოიპარე და საქმე გააყალბე! მივმართავ მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ ამოიღონ საქმის მასალები და დაადასტურონ, რომ იქ გაყალბება მოხდა. ჩემი მოთხოვნაა, ამაზე მანანა კობახიძემ პასუხი აგოს, ყაჩაღებს რომ იცავდა და მისი მეშვეობით სამართლის პოვნის უფლება არ მოგვეცა! ყველა ღონე იხმარა, რომ ასე მომხდარიყო! მივმართავ პროკურატურას, სასწრაფოდ აიღოს ჩვენი საქმე და დავამტკიცებ, როგორ მოგვპარა დოკუმენტები მანანა კობახიძემ! ახლა ამბავი რომ არის ატეხილი კოკაინის საქმეზე, გამოდის და აცხადებს, მასალები შეკერილია, შეთითხნილიაო... თვითონ რაც კარგად იცის, სხვებსაც იმას აბრალებს! რა თქმა უნდა, ადვოკატმა ადამიანი უნდა დაიცვას, მაგრამ თუ ასეთი გზით წახვალ და ისეთ რამეს გააკეთებ, რომ მეორე მხარეს სიმართლის პოვნის უფლებას შეუზღუდავ, გეკითხებით, ეს სამართალია?! ამიტომ გადავწყვიტე ამ ამბის გასაჯაროება, საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, ვინ გვყავს დღეს ხელისუფლების სათავეში!  

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება