საბურთალოს გამგეობა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, თითქმის, 23 ათასი ლარის ხელშეკრულებას აფორმებს კომპანიასთან, რომელსაც მანამდე მხოლოდ ერთი ხელშეკრულება აქვს შესრულებული, ისიც ამავე გამგეობასთან. გაუგებარია აქ გადაუდებელ აუცილებლობაზე საუბარი, რადგან 13-14 ივლისის შემდეგ თითქმის 6 თვე გავიდა. ა/ო „მედიატორი“ ამ შემთხვევაშიც ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებს ხედავს.
„ქრონიკა+“ ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გივი კუბლაშვილს ესაუბრება:
_ კალაძის ცოლისძმა, როგორც იქნა, ჩამოსცილდა მერიას და ახლა ცოლის დეიდაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე, ლუკა კანკავა აგრძელებს სანათესავოს საქმიანობას. კერძოდ, ნოემბერში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულება გააფორმეს 22 ათას რვაას ოთხმოც ლარზე. საბურთალოზე ერთ-ერთი ქუჩის ფერდობის გასამაგრებლად პროექტი უნდა მოამზადონ.
ეს გულისხმობს 13-14 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ვერის ხეობაში, 195-ე სკოლის გაყოლებაზე ფერდობის გამაგრებას. ანუ ჩვენი საუბრის მთელი აზრი გახლავთ: 13-14 ივლისის შემდეგ თითქმის 6 თვე გავიდა. მხოლოდ დღეს გაახსენდა საბურთალოს რაიონის გამგებელსა და მის მოადგილეს, რომ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სამუშაო და ამიტომ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
ამ დროს რეალურად რა ხდება, ამასაც აგიხსნით. მე თვითონ საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს ვესაუბრე. იმის გამო, რომ გივი კუბლაშვილი ვარ და მათი საქალაქო სამსახურის ახალ უფროსადაც გივი კუბლაშვილი დაინიშნა, ეტყობა, თავიდან ვერ მიხვდა და ჩემთან საუბრისას კარტები გახსნა.
მეუბნება, _ მომავალ წელს მე სტიქიით ხომ ვერ გავამართლებ ამ ჩვენს დაჩქარებულ საქმეს, ამიტომ წელს ეს საქმე აუცილებლად უნდა მოვრჩეთო.
ვეკითხები, _ მას შემდეგ მთელი ექვსი თვე არის გასული და რაღა ახლა გაგახსენდათ ეს პრობლემა, რატომ არ გამოაცხადეთ თავის დროზე, თუ ასეთი გადაუდებელი იყო-მეთქი? _ ეს მე არ ვიცი, რაც დამავალეს, ის გავაკეთეო.
აქ მარტივი მისახვედრია, რასთანაც გვაქვს საქმე. გამგებელმა ან მოადგილემ (სავარაუდოდ, უფრო მოადგილემ, რადგან იმ დროს საბურთალოს გამგებელი მიქაუტაძე შვებულებაში იყო და მის მოვალეობას კალაძის ცოლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა ასრულებდა) გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ეს ხელშეკრულება.
ასევე საინტერესოა ის კომპანია, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება. ეს არის ერთი წლის წინათ, სამტრედიელი და საჩხერელი, 1991 წელს დაბადებული ბიჭების მიერ დაარსებული კომპანია. ანუ ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ გაფორმებული, ისიც საბურთალოს რაიონის გამგეობასთან იყო დადებული. მანამდე ამ კომპანიას ფიზიკურად რაიმე საქმიანობა არ ჰქონია.
_ აქაც „გადაუდებელ აუცილებლობაზე“ რატომ არის საუბარი?
_ გადაუდებელ აუცილებლობაზე, ოღონდ ვიმეორებ, ეს ყველაფერი სტიქიიდან ექვი თვის შემდეგ ხდება. ტენდერი ერთ-ორ კვირაში გამოეცხადებინათ ამ სამუშაოებზე და გამარჯვებული გამოევლინათ. ნახევარი წლის მერე რაღაც გადაუდებელ აუცილებლობაზე მესაუბრება საბურთალოს რაიონის გამგეობა, რაც სრული აბსურდია.
თუ ამდენი ხანი აღნიშნული ადგილის ასე გაჩერება არ შეიძლებოდა, გამოეცხადებინათ მაშინვე ტენდერი. დღეს არ იქნებოდა საჭირო რაღაც გაურკვეველ კომპანიასთან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმება. თან ახლა 22 ლარზე საუბარი ხომ არ არის?
_ თავის დროზე რატომ არ გააკეთეს ეს საქმე?
_ რეალურად, შეიძლება ეს საქმე თავის დროზე საჩქარო გასაკეთებელიც იყო. მაგრამ იციან, რომ ამ ბიჭებთან გარიგება ბევრად ადვილი იქნება. ეს ჩვენი ვარაუდია და ამაზე საკრებულომ, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმუშაონ. ზოგადად, ასეთი ტიპის საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ, რადგან მსგავსი დარღვევები თითქმის ყველა გამგეობას აქვს.
ამ კომპანიასთან მარტივი მოლაპარაკება კი აწყობდათ. რაღაც თანხის ნაწილი დაბრუნდება და „ატკატის“ პრობლემა არ იქნება.
ალბათ გახსოვთ, რა სიტუაცია გვქონდა კალაძის ცოლისძმასთან. თავის მეგობარს გააკეთებინა ააიპ-ი და 95 აათასი ლარი გადაურიცხა. მოგება რაც დარჩებოდა, გაიყოფდნენ. აქაც იგივე ე. წ. ატკატია.
_ სამუშაოს შესრულება უკვე დაიწყეს?
_ დიახ, ეს საპროექტო სამუშაოებია, ჯერ პროექტი უნდა გააკეთონ ამ ბიჭებმა. გამაგრებითი სამუშაოების წარმოებაზე არ არის საუბარი.
ამ დროს აღნიშნულ კომპანიას ერთადერთი ხელშეკრულება (ისიც საბურთალოს გამგეობასთან) 1800 ლარზე აქვს გაფორმებული; ისიც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
ამიტომ უნდათ თანამდებობებზე თავისი ნათესავების დანიშვნა. ნეპოტიზმის ნიშნით ძალიან ბევრი დანიშვნა განხორციელდა თბილისის მერიაში, ასევე გამგეობებშიც. ზუსტად ამიტომ დანიშნეს თავისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისე ამუშავებდნენ, როგორც ეს თვითონვე დასჭირდებოდათ. აქ ძალიან მარტივი, ბავშვური სქემაა, _ ნათესავებთან ნაკლები პრობლემები შეექმნებოდათ. რაღაც თანხებს კი ყველა გაიყოფდა.
დღეს რომ პატიოსნებაზე გვესაუბრებიან, 90-მდე დარღვევის ფაქტი გვაქვს დადებული. რასაკვირველია, ეს სავარაუდო ფაქტებია, რადგან არც პროკურორი ვარ და არც ანტიკორუფციული სარევიზიო კომისიის თანამშრომელი. მაგრამ ამ ხელშეკრულებებში მერიისა და გამგეობების საქმიანობაში კორუფციის ნიშნები რომ არის, ეს თვალნათელია.
ამიტომ უნდა შეისწავლონ და მიხედონ ამ საქმეებს.
_ მიმართეთ თუ არა ამ მოთხოვნით რომელიმე ორგანოს?
_ არა, რადგან ამას არანაირი აზრი არ აქვს. რაზეც კი გვაქვს შეტანილი, ჯერ არც ერთზე წარმოება არ დაუწყიათ არც პროკურატურას, არც საკრებულოს სარევიზიო კომისიას...
ვინ მოჭრის იმ ტოტს, რომელზედაც თვითონვე სხედან? ეს ხომ გამორიცხულია? მაგრამ მუდმივად ხომ ვერ იქნებიან თანამდებობებზე? ჩვენ ეს საქმეები ტომებად გვიდევს, მარტო კი არ ვსაუბრობთ. ეს ყველაფერი შენახული გვაქვს და მზის სინათლეს აუცილებლად იხილავს. როდესაც პირობები შეიქმნება, ამას მივიტანთ, სადაც საჭიროა და ვინც დაინტერესდება, ამ საქმეებს ბოლომდე მივიყვანთ. ეს დრო კი აუცილებლად მოვა.
_ დღეს გამოსავალი რა არის?
_ 2012 წელს ხალხი ადგა და ხელისუფლება შეცვალა, რადგან მასთან პრეტენზიები ჰქონდა. დღესაც იგივე უნდა მოხდეს, მაგრამ მანამდე ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ დავით ნარმანიას ვიცე-მერი ლევან აბაშიძე ჩემოდნებს ულაგებს.
ამ ეტაპზე ყველასთვის ნათელია, რომ მერიაში გადაწყვეტილებებს ლევან აბაშიძე იღებს. ამის ფაქტებიც არსებობს. რაზეც არ უნდა მიხვიდეთ ნარმანიასთან და კითხვა დაუსვათ, სულ გადამისამართებით არის დაკავებული, _ მე არ ვიცი, მას ჰკითხეთო. თვითონ ნარმანია აზრზე არ არის, რა ხდება მერიაში, რადგან არაფერს ეკითხებიან.
ამიტომ თბილისის ამჟამინდელ მერს და იმ ხალხს, ვინც მას დაანიშნინეს, ნელ-ნელა შეცვლიან; ასევე გამგეობებში მაღალი თანამდეობის პირები შეიცვლებიან და ვითომც არაფერი, ეს ყველაფერი ხახვივით შერჩებათ. ამ ყველაფრის უკან დგას დღევანდელი ვიცე-მერი და ნურავის ჰგონია, გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რაც ნარმანიას ან რომელიმე საქალაქო სამსახურის უფროსს დაეკისრება.
ისეთივე პასუხისმგებელი იქნება ვიცე-მერი, როგორც სხვა დანარჩენები. როგორ დავიჯერო, რომ მერი, მისი მოადგილეები, ზოგადად გამგეობების კურატორი მოადგილე საქმის კურსში არ არიან, თუ რას საქმიანობენ გამგეობები, ეს ხომ გამორიცხულია.
„ქრონიკა+" კომენტარისთვის ნონა ყანდიაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
გიორგი მეფარიძე