QronikaPlus
რატომ არ ხარობს დედაქალაქში დარგული „ნახევარი მილიონი“ ხე?

რატომ არ ხარობს დედაქალაქში დარგული „ნახევარი მილიონი“ ხე?

2015-12-22 09:08:49

თბილისის მერი ერთი წლის საქმიანობის პრეზენტაციაზე აცხადებს, რომ დედაქალაქში, შემოდგომის ჩათვლით, უკვე ნახევარი მილიონი ხე დაირგო. დავით ნარმანია ოპოზიციას მოუწოდებს, კაბინეტში არითმეტიკის ნაცვლად, გავიდნენ და დარგული ხეები ადგილზე სათითაოდ დათვალონ. ადრესატები დედაქალაქის მითითებულ უბნებში მართლაც გავიდნენ, ითვალეს, ითვალეს და ნახევარი მილიონი ახლად დარგული ხე მაინც ვერ დაითვალეს. ქრონიკა+“ მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელს, ნატა ფერაძეს ესაუბრა: _ ქალბატონო ნატა, როგორია დედაქალაქის მერიის პოლიტიკა გარემოს დაცვისა და გამწვანების სფეროში? _ მერიას ეს პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია. რესურსი, რასაც ე. წ. მილიონი ხის დარგვას ახმარენ, ტყუილად გახარჯულია. როგორც თვითონ ამბობენ, 500 ათასამდე უკვე დარგეს და ამაში დიდი ფულიც გადაიხადეს. მერიამ უკვე დადო რუკა, სადაც ეს ხეები ვითომ დარგეს. სრულიად აბსურდული რიცხვები მიუთითეს. ჩვენ რამდენიმე ობიექტზე გავედით და ის მცენარეები, რასაკვირველია, ვერ ვიპოვეთ. რაც ვნახეთ, აქედან წიწვოვანების 90% უკვე ხმელია, ხოლო რაც ფოთლოვანია, მისი გახარება გაზაფხულზე გამოჩნდება. რეალურად, ეს იყო სრულიად არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ნიმუშები, რასაც რგავდნენ. პროცესს თვალყურს ვადევნებდით და შედეგები თავიდანვე ნათელი იყო. მერიას ისეთი პიარიც კი არ ჰყავს, რომ უწყების გვერდზე მაინც არ დადონ ეს ფოტოები. ვებგვერდიდანაც კარგად ჩანს, რომ ეს ხეები, უბრალოდ, განწირულია დასაღუპავად, არადა, თითოში ძალიან ძვირი გადაიხადეს. ეს არის ერთი ციცქნა სტარტერები, რომლებიც ისევ მერიის გვერდზე ვნახეთ. თუ ჩვენი მერია ამაში ერთ ლარს იხდის, ევროპის სანერგეებში ფასები გადავამოწმეთ და თითო ასეთი სტარტერი 10-15 ცენტი ღირს. მსგავსი სტარტერი კი ქალაქში საერთოდ არ ირგვება და ვერ გაიხარებს, სანამ ცოტა არ წამოიზრდება. ასევე მერიის ტენდერებში, მათ მოვლა-პატრონობაში, მითითებულია წელიწადში ორჯერ მორწყვა, რაც ასევე გამორიცხავს აღნიშნული ნერგების გახარებას, ეს კი შეცდომაც აღარ არის. ვსვამ კითხვას, _ წელიწადში ორჯერ მორწყვით ახალდარგული პატარა ხეები როგორ გადარჩება?! რაც შეეხება სტრატეგიას, როდესაც უკვე არსებულ დიდ ხეებს ჭრიან, ამაზე ხმაური ატყდა და ეს ამბები უკვე ყველამ იცის. რასაც არ ჭრიან, ის გზის დაგებას, თელასის კაბელების გაყვანას ეწირება და ამის არაერთი ილუსტრაცია გვაქვს. თუნდაც დოლიძის კუთხეში არსებული `ვენდის~ სასადილო ავიღოთ, რომელმაც 7 ხე მოჭრა და რაც დარჩა, ისიც ბოლომდე ჩააბეტონა! თუნდაც ის, რომ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, თელასი კაბელებს ცვლიდა და მთელ რიგზე ხეებს დაუარეს და ფესვები უხეშად ჩაუჭრეს! ჩვენ ამ ყველაფერს მერიის გამწვანების სამსახურს ვუთითებთ, რაზედაც ძალიან ზრდილობიანი, შაბლონური წერილი მოგვდის, რომ ფაქტს ზედამხედველობის სამსახურს გადავცემთ და ზომებს მივიღებთო. დღეს ვნახეთ ე. წ. მიღებული ზომები. როგორც აღვნიშნეთ, მთელ რიგზე ზრდასრულ საღ ხეებს ფესვები ჩაუჭრეს. მერე იმის მაგივრად, რომ ადეკვატური და გადასარჩენი ზომები მიეღოთ, ის ორმოები კენჭების ხრეშით ამოავსეს, რაც ამ ხეებს საბოლოოდ დაღუპავს. გარდა ამისა, ხეები ქარქცევადი და სასიცოცხლოდ საშიში ხდება. რადგან, ასეთი ხეები უმეტესად ხალხმრავალ ადგილებშია, იგივე `ვენდისთან~, ქაშუეთთან და ა. შ., ასეთი შემთხვევები ქალაქში უკვე არაერთი გვაქვს: ნაძალადევში, ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტთან და ა. შ. რამდენიმე ხე წაიქცა. თითქოს საღი ხეები უცებ, რატომღაც, ვარდება. თბილისის შემოგარენში ამდენი დაავადებული ხეა და მათი დროულად გატანა არა და არ ხდება. პარაზიტები გაზაფხულზე უფრო გააქტიურდებიან და მთელ არსებულ მწვანე საფარს შეიწირავენ. ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ მომავალში ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს. დღეს გაზრდილი ქარები ამაზე უკვე ნათლად მიგვითითებს, რადგან მწვანე საფარს, გარდა ჟანგბადისა, ქარსაცავი ფუნქციაც აქვს. ცოტა ხნის წინათ სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ, სადაც ონკოლოგიური და სასუნთქი დაავადებების გრაფიკის ზრდა არის მითითებული. ამიტომ მივიჩნევ, რომ ჩვენი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის საქმიანობა, ელემენტარულად, უკვე სიცოცხლისთვის საშიშია. _ დარგული წიწვოვნების უმეტესობა რომ ხმება, დაავადებულ ხეებს რომ არ ჭრიან და ა. შ. ამაზე პასუხისმგებელი რომელი სამსახურია? _ რასაკვირველია, პასუხისმგებელი ის უწყებაა, რომელიც ამ სამუშაოს ასრულებს და რაღაცებს გვპირდება _ თბილისის მერია. ისინი ღუპავენ დარგს, რომელიც აბარიათ და ეს, რეალურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროა. _ ამ სტარტერების შეძენაზე, პერსპექტივის გაუთვლელობაზე პასუხისმგებელიც, კონკრეტულად, ეკოლოგიის სამსახურია? _ დიახ, რადგან დარგის შესაბამისი სპეციალისტები მხოლოდ ამ განყოფილებაში არიან. სამსახურის წინა უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა, ჩემი არაერთგზის გაცხადებული პრეტენზიის შემდეგ, სანერგეში წამიყვანა, რომ ენახვებინა, რას ყიდულობდა. იქაც კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ ეს არ არის ქალაქში დასარგავი სტანდარტი და ნერგები უნდა შეიძინოს არა მან, ვინც დარგვას აპირებს, არამედ სხვა სანერგემ, რომელიც მას კიდევ გაზრდის და დასარგავად გამოსადეგს გახდის. თუმცა ეს გარემოს დაცვის სამინისტროს კუთვნილი სანერგეა ლილოს გზაზე. ერთლარიანი სტარტერები ჯერ იქ ირჩეოდა და ტენდერი იმის მიხედვით ცხადდებოდა. საქმე პირიქით უნდა კეთდებოდეს, _ ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს და მერე შეირჩეს, თუ რომელი სანერგე ან მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ამ დროს ტენდერი იმ ერთ სანერგეზე იყო მორგებული, სადაც ამ ათცენტიან სტარტერს ერთ ლარად ყიდდნენ. ამ საკითხებს, რასაკვირველია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უნდა წყვეტდეს. _ კონკრეტულად რა ინტერესები იკვეთება? _ ვიმეორებ, ლილოში ეს გარემოს დაცვის სამინისტროს სანერგეა. იქ ნერგების ნაწილი ბორჯომში დასარგავად გამოჰყავთ. თუმცა ჩვენი რესურსი არ ჰყოფნის, რომ თვალყური ვადევნოთ. 2008 წლის ომში ბორჯომში გადამწვარი ხეების მაგიერებიც უნდა დარგონ და ამას არ აკეთებენ. თბილისში იმდენი პრობლემაა, რომ, სამწუხაროდ, ბორჯომში მონიტორინგის ჩასატარებლად ვერ მოვიცალეთ. პრაქტიკულად, ეს არის ბოლო სახელმწიფო სანერგე, რომელზედაც უამრავი თანხაა გამოყოფილი, თუმცა ხარისხი დამაკმაყოფილებელზე ბევრად ნაკლებია. _ როცა სანერგეში ეუბნებოდით, ეს სტარტერი სანერგეში დამატებით გაზრდას საჭიროებსო, ამაზე რას გპასუხობდნენ? _ ძირითადად, თანხების ნაკლებობაზე მიუთითებდნენ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზემოდან აქვთ დირექტივა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მილიონი ხე დარგონ. ამ დროს ელემენტარულ ხარისხზე არავინ ზრუნავს. მიმდინარე წელს ბერლინის მთავრობამ პირობა დადო, რომ 2018 წლამდე ასი ათას ხეს დარგავდა. ამ ფონზე, ჩვენ ნახევარ წელიწადში ნახევარი მილიონი უნდა დავრგოთ. ეს ხომ აბსურდია?! ძალიან ცივილიზებული ქვეყანაც კი ვერ შეძლებს, რომ ეს გეგმა შეასრულოს. ამიტომ ეს არის, უბრალოდ, წინასაარჩევნო დაპირების შესრულების მცდელობა, თვალში ნაცრის შეყრა იმისთვის, ვინც ამას თვალყურს არ ადევნებს. უბრალოდ მათთვის, ვინც როგორც საბჭოთა დროს, მხოლოდ ტელევიზორს უყურებს. ეს არის მითითების შესრულება, რომ რაც გინდა ის ქენი, ოღონდ ნახევარი მილიონი ხე დაირგოს. ამიტომ ასეთივე პასუხებს ვიღებდით, _ ფული არ არის, ამდენი მაინც უნდა დაირგას, ერთ ლარად ვყიდულობთ და ა. შ. ერთი ლარი ქალაქში დასარგავი არც ერთ ხე არ ღირს. ლოგიკურად, ასე ძვირი არც უნდა ღირდეს. ამას სჯობია, შედარებით ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი ხეები დაირგას, რაც რეალურად გაიხარებს და ქალაქის კეთილდღეობაზე იმუშავებს. _ ბერლინის მაგალითი მოიყვანეთ და ჩვენს შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე _ უპასუხისმგებლობასთან, გულგრილობასთან თუ?.. _ მთელი სტრუქტურა საკმაოდ მარტივი გასამართია, თუ ადამიანს ამის ელემენტარული სურვილი გექნება. ამ სურვილის არქონასთან გვაქვს საქმე. მაგრამ, რეალურად, ასეთ სურვილს ვერც შეასრულებ, თუკი გეტყვიან, რომ მილიონი ხე უნდა დარგო, თორემ ბიუჯეტს არ მოგცემენ. ანუ ეს არის არარეალური დავალების მიცემა. როგორც „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ხდება _ თეთრ ვარდებს დარგავენ და მერე წითლად შეაღებინებენ... ანუ უკვე მოცემულობაა არასწორია. ამ მოცემულობის სწორად შესრულება, მით უმეტეს, ასეთი ბიუჯეტით, გამორიცხულია. ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებოდით, რომ ეს უნდა გადაითქვას და დაირგოს ის, რაც რეალურად სარგებელს მოგვცემს. თუმცა ვიცით, ეს ყველაფერი საიდანაც მოდის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაა, რომ მილიონი ხე დაირგოს. _ მასობრივად გამხმარი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვაქვს? _ წარმოუდგენელი ვითარებაა. ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვცდილობდით, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა გამოგვესწორებინა. დაავადებები უკვე მაშინ დაიწყო. წელს ალეკო ელისაშვილს მივმართეთ და მან საკრებულოში გასაუბრების ორგანიზება გაგვიკეთა, _ ეკოლოგიასა და გამწვანებაზე პასუხისმგებელ ყველა პირს შევხვდით: გარემოს დაცვის სამინისტროდან, პარლამენტიდან, საკრებულო-მერიიდან, ასევე უცხოელ სპეციალისტებს, არასამთავრობოებს და ა. შ. ასეთი ერთხმოვანება არსად ყოფილა. ყველა აღიარებდა, რომ მდგომარეობა კრიტიკული, ფორსმაჟორულია და სასწრაფო ზომებია მისაღები. პირველ რიგში იგულისხმება დაავადებული ზეხმელი ხის, რომელიც სიცოცხლის ერთ ნიშანწყალსაც არ იძლევა, მოჭრა და გატანა. ასეთი ხე პარაზიტების ბუდეა. ისინი ზამთარში იძინებენ და ამ სეზონზე მაქსიმალურად დიდი ოდენობით უნდა გავიტანოთ, რომ გაზაფხულზე, როდესაც ვეგეტაცია გაიღვიძებს და პარაზიტები გავრცელებას დაიწყებენ, საღ მცენარეზე არ გადავიდეს. ივნისიდან ვცდილობთ, რომ მობილიზაცია მოხდეს და ხეები გავიტანოთ. გიორგობიანს გრანტით თუ საჩუქრის სახით მოუპოვებია და საწყობში აქვთ ბენზოხერხები, სპეციალური ჟილეტები. თუმცა ჯერ ტენდერებს ნელა აცხადებდნენ, მერე ვიღაც არასამთავრობოები ამას შეცდომების გამო ასაჩივრებდნენ. ეს პროცესი დროში გაიწელა და დღემდე რაც მოხერხდა, ხეების რაღაც მცირე რაოდენობა მოიჭრა კუს ტბაზე და ასევე მთაწმინდის პარკის გზაზე. რეალურად, ეს პრობლემა ასევე დგას ვაშლიჯვარში, თბილისის ზღვისკენ, მცხეთისკენ, ლილოში, მთელი თბილისის გარშემო. გაზაფხულზე გაცილებით სერიოზულ პრობლემად იქცევა. ჩვენ პრეზიდენტსაც კი მივმართეთ წერილით, რომ ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოცხადდეს, რომ ამ ზამთრის სეზონზე ზეხმელი ხეები მაინც გავიტანოთ. რეაგირება არ არის. ამ დროს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მთელი მობილიზაცია გადართულია ამ ვითომ ხეების დარგვასა და თვლაზე, რაც, ისევ და ისევ, არ გაიხარებს. მსგავსი არაადეკვატურობა ყველა ფარგლებს სცდება. _ გიორგობიანის მემკვიდრეს თუ ესაუბრეთ? _ მეორე დღესვე მოგვიწია მისი გაცნობა. ნინო სულხანიშვილი ახალი მისულია. გვითხრა, რომ პრობლემას შეისწავლიდა. თითქმის ერთი თვე გავიდა და ვფიქრობთ, უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს ზეხმელ ხეებთან დაკავშირებით. ნინოსთვის ეკოლოგია უცხო სფერო არ არის და წესით, ალღო უნდა აეღო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. არ ვიცით, შიგნით ფინანსური პრობლემაა, დაბრკოლება, თუ, უბრალოდ, ნება არ არის, _ საკითხი გაყინულია. _ ე. ი. პირველი რიგის ამოცანა მათი გაზაფხულამდე გატანაა? _ დიახ, ყველას გატანა უკვე ნამდვილად აღარ მოესწრება, დეკემბერი გადის. 2013 წელს გერმანელი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები და კიკეთში, სადაც იგივე პრობლემა იდგა, სანიტარიული გამოხშირვა გააკეთეს. შემდეგ, ყოველგვარი ქიმიური დახმარების გარეშე, ტყემ თვითაღდგენა დაიწყო, აერაცია მოხდა (ჰაერმა გაიარა), რამაც შედეგი გამოიღო. მეტსაც გეტყვით: ზეხმელი ხეების მოჭრით ტყეში სინათლე ჩადის და თვითაღდგენას იმ მხრივაც იწყებს, რომ ქვემოდან ახალი სახეობები იზრდება. ამათ ახლების დარგვას აღარც ვთხოვთ, იმდენად უუნაროები არიან. იქნებ, მოჭრან მაინც, რომ საღები აღარ გახდეს მოსაჭრელი. არაერთი აქცია გვქონდა, პეტიცია შევიტანეთ, პირისპირ ვესაუბრეთ, საკრებულოში არაერთხელ სხდომა მოვიწვიეთ. არ ვიცი, რაღა დაგვრჩა, როგორ ვაიძულოთ, რომ ეს საქმე გააკეთონ?!  

    გელა მამულაშვილი

გაზიარება