QronikaPlus
მზია ფაილოძე: „ბაღებით მანიპულირებას ნუ ცდილობენ, კოალიცია ამ გზით არჩევნებს ვერ მოიგებს!“

მზია ფაილოძე: „ბაღებით მანიპულირებას ნუ ცდილობენ, კოალიცია ამ გზით არჩევნებს ვერ მოიგებს!“

2015-12-22 09:00:13

საბავშვო ბაგა-ბაღების სისტემაში სკანდალები არ ცხრება. ბოლო დღეებში თბილისსა და ბათუმში ბაღების დირექტორები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც პროტესტი მოყვა, ხოლო ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები გაიფიცნენ და ხელფასის მომატება მოითხოვეს. მათ სხვა ადგილობრივმა კოლექტივებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს. დავიწყოთ იმით, რომ დედაქალაქში პირველი ლოგოპედიური ბაგა-ბაღის დირექტორი, ზაირა კურტანიძე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, კურტანიძე სამსახურიდან 10 დეკემბერს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანების #2/236 საფუძველზე მოხსნეს. „განთავისუფლების მიზეზი დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა გახდა. კერძოდ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისას კვების ბლოკში საკვების გადამალვის ფაქტი აღმოჩნდა. ეს იყო აღნიშნული ბაღის დირექტორის მიერ ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც პირის მიმართ ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (საყვედური), განმეორებით შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულება წყდება. პირველ ლოგოპედიურ ბაღში განმეორებითი შემოწმების საფუძველი გახდა როგორც ბაღის თანამშრომლების, ისე მოქალაქეების მხრიდან სააგენტოს ცხელ ხაზზე არაერთხელ დაფიქსირებული ინფორმაცია ბაგა-ბაღში არსებული დარღვევების შესახებ. სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის განთავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან/და სამსახურებრივი გადაცდომა“, _ აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. ქუთაისში კი რამდენიმე სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგები გაიფიცნენ. პედაგოგებმა სახელფასო სარგოს სიმცირე გააპროტესტეს და მისი გაზრდა მოითხოვეს. პროტესტის გამო მათ აღსაზრდელების მიღებაზე უარი განაცხადეს. მშობლები იძულებული გახდნენ, შვილები უკან წაეყვანათ. ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით ბაგა-ბაღების პედაგოგებმა წინა დღეს  ქუთაისის მერიასთან აქციაც გამართეს. ქუთაისის ბაღების გაერთიანების უფროსის, ნანა ლორთქიფანიძის თქმით, პედაგოგების გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.   „ქრონიკა+“ „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის“ თავმჯდომარეს, მზია ფაილოძეს ესაუბრება: _ ზაირა კურტანიძის განთავისუფლების ფაქტი პირველი არ არის და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნება. რაც თემურ თორდინავა ბაღების სააგენტოს უფროსად დაინიშნა, რატომღაც, დირექტორებს, მოადგილეებს, ლამის მთელ სისტემას ებრძვის. ალბათ, `ოცნების~ შტაბიდან ეს ყველაფერი დავალებული ჰქონდა, რადგან ნარმანიასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მერის საარჩევნო შტაბისა და მისი გუნდის აქტიური წევრი იყო. ამას არც ნარმანია უარყოფს, ეს ყველაფერი თორდინავას წარდგენისას დაადასტურა, _ ის ჩემი გუნდის წევრი, ჩემი ახლობელია და სადაც მე ვარ, იქ თემურიც იქნებაო. ქვეყანაში ისედაც ძალიან დაძაბული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. როდესაც შენ კიდევ დამატებით ძაბავ თუნდაც ამ სამსახურს, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ. ბაღების თანამშრომლები ისედაც დაძაბულები არიან, დირექტორები იქნებიან თუ სხვები. მერე ეს უსიამოვნო პროცესი პატარა აღსაზრდელებზეც მოქმედებს. ისედაც გართულებული მდგომარეობა გვაქვს, ბავშვები ათასნაირი დაავადებით, ნევროზით იბადებიან და წარმოიდგინეთ, იქ კიდევ არსებული სტრესული მდგომარეობა. ბავშვმა ბაგა-ბაღში სიმშვიდე უნდა მიიღოს, ესთეტიკური სილამაზე, აღზრდა, რაღაც ისწავლოს და ამ დროს იქ სტრესული მდგომარეობა ვერაფრით მოიხსნა. უფროსების ეს დაძაბულობა კი პატარებზე გადადის, _ სააღმზრდელო პროცესი მძიმე მდგომარეობაში მიმდინარეობს. ამას სააგენტოში ვერ ხვდებიან, რადგან არც ერთი სკოლამდელი დარგის სპეციალისტი არ არის. იქ სხვადასხვა სტრუქტურიდან მოვლენილი ადამიანები არიან: ზოგი პროკურატურიდან, ზოგი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ინკასატორია, ზოგი ფოსტის ყოფილი დირექტორია. მოგეხსენებათ, ფოსტის დირექტორად ვერავინ დაჯდებოდა, თუ `ნაცმოძრაობის~ აქტივისტი არ იყო. ყველას გვინდოდა, რომ ეს რეალობა დაგვესრულებინა და ქვეყანაში უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო, საქმის მოყვარული პრაქტიკოსი ხალხი მოსულიყო სისტემაში, მცოდნენი, რაღაც ინოვაციები შემოგვეტანა, საუკეთესო გაგვეკეთებინა. სამწუხაროდ, ესენი მხოლოდ იმით არიან დაკავებული, ვინ გაათავისუფლონ, ვინ გააფუჭონ, გააგდონ, რომ მათ ადგილზე ისევ თავიანთი ახლობლები მოიყვანონ. პრეცედენტები სახეზეა და ამ ხნის განმავლობაში (რაც `ოცნება~ მოვიდა) უკვე 20 დირექტორი არის თანამდებობიდან განთავისუფლებული. მსგავსი რამ ორმოცი წლის განმავლობაში არასოდეს მინახავს. შეიძლება ვინმეს ახსოვდეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ოცი დირექტორი გაეთავისუფლებინოთ? სამსახურიდან ვითომ ცუდს რომ უშვებ, მის ადგილას უკეთესი მაინც ხომ უნდა მოიყვანო? მაგრამ, სამწუხაროდ, უკეთესი არ მოჰყავთ, ეს არის უბედურება. გაურკვეველი წარმოშობის განათლების მქონე ხალხი ინიშნება. ორი თვის წინათ ბაღში ერთი პიროვნება დაინიშნა (დირექტორი საზღვარგარეთ წავიდა და ადგილი განთავისუფლდა), რომელიც „ქართული ოცნების“ კოორდინატორის დედაა; მასაც განათლების სისტემასთან საერთოდ არანაირი შეხება არ გააჩნდა. სირცხვილი არ არის? გული მწყდება, რომ საბავშვო ბაღი საჯილდაო ქვად გაიხადეს ამ მართლა „ქოცებმა“. „ნაცები“ არ ვარგოდნენ, მაგრამ „ქოცები“ მათზე უკეთესები მაინც უნდა ყოფილიყვნენ და ექსპერიმენტის სფეროდ გაიხადეს. „ნაცებსაც“ დიდი შეცდომა ჰქონდათ, სისტემიდან ბევრი კვალიფიციური კადრი გაუშვეს. სამაგიეროდ იცოდნენ, რომ სისტემაში კვალიფიციური თანამშრომლები უნდა მოეყვანათ. ამ ხნის განმავლობაში მათ იმდენი საშუალება მისცეს, რომ პროცესში ესწავლათ და ბევრი სასიკეთო რამ გაეკეთებინათ. მათ მიერ დანიშნული კადრი თუ მაინც არაპროფესიონალი იყო, ისე ლამაზად, უჩუმრად გაუშვებდნენ, რომ არც არასოდეს ხმაურობდნენ. იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ სასამართლოში აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება არ შეუტანიათ. სადღეისოდ კი, რაც მე ვიცი, უკვე ექვსი განცხადება დევს ბაღის დირექტორებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ გზით უკანონოდ განთავისუფლებაზე სასამართლო პროცესის წარმოებას ითხოვენ. საქალაქო სასამართლოს კოლეგიაში თვითონ გაკვირვებული არიან, რომ სააგენტოს წინააღმდეგ ამდენი განცხადება ჯერ არასოდეს გვქონიაო. თან მარტო დირექტორების საჩივრები კი არ არის, _ ძალიან ბევრი ტექნიკური პერსონალიდან გაუშვეს, რადგან ასეთი მოთხოვნა იყო. შეიძლება მცირე გადაცდომა ჰქონდათ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ისე უნდა გაუშვა, რომ არ შემოგედავოს. ასეთი ხისტი ნაბიჯებით კი, ფაქტობრივად, საბოტაჟის პოლიტიკას ეწევიან. _ რა მოხდა ზაირა კურტანიძესთან დაკავშირებით? _ ზაირა კურტანიძე 26 წელიწადი ამ საბავშვო ბაღის დირექტორი იყო. ნულიდან დაიწყო სისტემაში მუშაობა. ეს იყო სადღეღამისო, საქართველოში პირველი ლოგოპედიური ბაღი, სადაც მედიკო-პედაგოგიური დასკვნები კეთდებოდა და ბავშვები ამის საფუძველზე ირიცხებოდნენ. 2006-07 წლებში სადღეღამისო ბაღი ჩვეულებრივ, დღის სტატუსის მქონედ გადაკეთდა, მაგრამ ის სტატუსი მაინც შეუნარჩუნდა, რადგან ეს აუცილებლობას წარმოადგენდა. სადღეისოდ, ზოგიერთ საბავშვო ბაღში ლოგოპედი, აუბრალოდ, აუცილებლობას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ასეთი სპეციალისტი ყველა ბაღში არ ზის, რადგან ამის შტატები არ არსებობს. ქალბატონ ზაირას ამის ოთხი საშტატო ერთეული ჰქონდა. თვითონაც დეფექტოლოგია, ამ კვალიფიკაციითაა. უამრავი სერტიფიკატის, დამსახურების მქონე ადამიანია. იქ რომ რომელიმე თანამშრომელს რაღაც გადაცდომა ექნება, მესმის, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა ხელმძღვანელსაც ეკისრება, რაღაც ღონისძიება უნდა გატარდეს, მაგრამ დირექტორის ასე მკაცრად განთავისუფლება, მით უმეტეს, ასეთი დამსახურების მქონე ადამიანის, წარმოუდგენელი ამბავია! ამ დროს ძალიან ბევრი მათ მიერ მოყვანილი კადრი დაინიშნა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. უამრავი საყვედური აქვთ მათთან კარგად მორგებულ, ურთიერთობაში მყოფ დირექტორებს. მონიტორინგმა ბევრჯერ შეამოწმა, ორი-სამი გადაცდომაც აქვთ და საყვედურიც მიღებული, მაგრამ არც ერთი ასეთი ბაღის დირექტორი თანამდებობიდან არ მოუხსნიათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული პროცესია _ მათთვის აუცილებელია, რადგან არჩევნები ახლოვდება და სისტემა მათივე კოორდინატორებით უნდა ჩაანაცვლონ. მაგრამ ამ ქალბატონმა სამი არჩევნები მოიგო და მის პარტიულობაზე, მით უმეტეს, `ნაციონალობაზე~ საუბარი ზედმეტია. უბრალოდ, საქმის მოყვარული ადამიანია და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. წარმოიდგინეთ, ამ ბაღში ქალაქის სხვადასხვა უბნიდან ბავშვები მოჰყავდათ. გლდანში ცოტა ძნელი მისასვლელია, დღეს ტრანსპორტი ცუდად დადის და რამდენ მშობელს ეს მაინც სჭირებდა; გულსატკენია ეს მდგომარეობა. მარტო მე და ჩემი ორგანიზაცია არ არის აღნიშნული თემებით დაკავებული. ბევრი სხვა არასამთავრობო ამ პროცესში ჩართულია და ნურავინ ნურავის დააბრალებს. თავიანთ თავს, ქმედებებსა და არაკომპეტენტურობას დააბრალონ ეს ყველაფერი. თურმე, ბაღის დირექტორად უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც ბავშვის ცემის ფაქტზე საყვედური აქვს მიღებული და ამის გამო ბაღიდან წამოსულია. მერე სხვა ბაღში გადავა და გამგედ დაინიშნება, რომელმაც საერთოდ არ იცის, როგორი სტრუქტურაა ბაღში და ა. შ. სამაგიეროდ, საღამოს ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ, რომ ნუღარ იკითხავთ, _ ამის გამო აბსოლუტურად ყველა ძველი კადრის გაშვება და საკუთარი ახლობლების მოყვანა უნდათ. ეს მიზანმიმართული პროცესი არ არის? _ რას აპირებს ზაირა კურტანიძე ამ საქმესთან დაკავშირებით? _ სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს, სასამართლოს მიმართავს. რა გადაწყვეტილებასაც სასამართლო მიიღებს, მას დაემორჩილება. ხოლო სააგენტო კიდევ ერთ შეცდომას უშვებს, როდესაც ადამიანს ათავისუფლებს. კერძოდ, ბრძანებაში იწერება, რომ მას ერთი თვის განმავლობაში შეუძლია სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ეს დადგენილება გაასაჩივროს. წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლო დავა შეიძლება ცოტა დიდი ხნით გაგრძელდეს. უფლება არ აქვთ, ამ დროს მის ადგილზე სხვა ადამიანი დანიშნონ. იქ ხომ არ იციან, ამ საქმეზე მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ მოსარჩელე მხარე დარწმუნებული არ არის, რომ მოიგებს, ხომ არ შეიტანს ამ სარჩელს? 5-6 საქმე ვიცი, როცა განთავისუფლების საქმე სასამართლოში გასაჩივრებულია და მათ გამარჯვების მოლოდინიც აქვთ. ვგრძნობ, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია და პროცესები ნორმალურად წარიმართება. ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს. ეს ლოგოპედიური ბაღი კი ისეთი სპეციფიკურია, რომ კვალიფიციური დირექტორი თვითონ დეფექტოლოგი და წარმმართველი ძალა თუ არ იქნება, იქ სხვა სპეციალობის ადამიანი, უბრალოდ, ვერ იმუშავებს. მარტო მენეჯერობა საკმარისი არ არის. მით უმეტეს, ამათ პირობებში ვინც თანამდებობაზე დაინიშნა, სამენეჯერო კურსები და საკვალიფიკაციო სერტიფიკატი თითქმის არავის გააჩნია. _ პრაქტიკა როგორია, როდესაც კადრს ათავისუფლებენ, მის ადგილზე ახალი დირექტორი მაშინვე ინიშნება? _ ასე ხდება და მის ადგილზე საქმის გარკვევამდე სხვა არ უნდა დაინიშნოს. მოვალეობის დროებით შემსრულებელი შეიძლება, ესენი კი 6 თვით იყვანენ ადამიანს და ხელშეკრულებას უფორმებენ. როდესაც ჯერ კიდევ გონივრული ერთი თვის ვადა არ იყო გასული და მანამდე დანიშნეს დირქტორი, ასეთი შემთხვევები გვქონდა ოქროყანაში, ასევე 169-ე ბაღში, მუხიანში, 153-ე ბაღში. წარმოიდგინეთ, ეს ყველა განთავისუფლებული 2007 წლის კონკურსის შედეგად გამარჯვებული, მაღალქულიანი დირექტორები იყვნენ. ისინი თბილისის მთავრობის დადგენილებით არიან დანიშნულები, ხელშეკრულების საფუძველზე არ ყოფილან. ამ დროს, ბრძანებაში წერია, რომ ისინი ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ. ამიტომ აქაც ერთი დიდი შეცდომა არის დაშვებული. არ მესმის, ან იურისტები არ უვარგათ, ან ელემენტარულად სიტუაციაში ვერ იხედებიან. თავიდანვე, როდესაც ნარმანია და მისი გუნდი მოვიდა, კონსულტაციები შევთავაზე, რომ შეცდომაში არ შესულიყვნენ. სამწუხაროდ, კვალიფიციური კადრები ახლოსაც არ გაგვიკარეს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა და რთული გახდა, რომ სკოლამდელებს პატარა ნაპერწკალი უნდათ, რომ ეს ყველაფერი აფეთქდეს. ამ დღეებში ქუთაისში მცირე ხელფასების გამო გაიფიცნენ. დილის ცვლის მასწავლებელს ხელზე ასაღები 280 ლარი აქვს, მეორე ცვლის პედაგოგს _ 140 ლარი. შოთა მურღულია, თემურ თორდინავა, ნარმანია და ძმანი მისნი, ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან _ კავკასიის კვლევის ინსტიტუტში მუშაობდნენ, ამიტომ ერთი ხელწერით მოქმედებენ. როდესაც ქუთაისში გაფიცვა იყო და ხელფასის მომატება მოითხოვეს (ბავშვთა რაოდენობამ მოიმატა და ხელფასი მინიმალურია), მურღულიამ უთხრა, ხელფასს 24 ლარით მოგიმატებთო, თუ არადა, ყველას სამსახურიდან გაგიშვებთ, კადრები თვითონვე მოგვყავსო. ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ არაკვალიფიციურის და არაპედაგოგის მოყვანა როგორია?! საექსპერიმენტო სფეროდ გაიხადეს, იქ ხომ ყველა ვერ იმუშავებს! ბავშვს განსხვავებული მიდგომა და ურთიერთობა სჭირდება. ქუთაისიდან დამიკავშირდნენ. ერთ-ერთი ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს და მას რამდენიმე ბაღის კოლექტივმა (მე-17, მე-13, მე-9, მე-15, მე-20) სოლიდარობა გამოუცხადა. გაიფიცნენ და სააღმზრდელო მუშაობა მთლიანად ჩაშლილი იყო. ნანა ლორთქიფანიძე, ბაღების გაერთიანების დირექტორი ზუსტად ერთი ერთში იმეორებს იმას, რასაც აქ თორდინავა აკეთებს. მგონი, ამათ ერთი ჭკუის დამრიგებელი ჰყავთ და საერთო გზით მიდიან. ხალხის წინააღმდეგ ვინც წავიდა, ვერავინ გაიმარჯვა. დღეს ის დრო აღარ არის, ვიღაცას ვიღაცის ეშინოდეს. _ გამოსავალი? _ აუცილებლად უნდა შეიცვალონ ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები. ტევა აღარ არ არის, იმდენი ხალხი მუშაობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. რა საჭირო იყო 50-ზე მეტი ადამიანი? ბაღებით მანიპულირებას ნუ ცდილობენ, ამით ვერაფერს მოიგებენ. კოალიცია ამ გზით არჩევნებს ვერ მოიგებს, ამის გარანტიას ვაძლევ! რა ტალახი მოზილა ამ ხალხმა, რომ ვერავის იტანენ ამ კვალიფიციური ხალხიდან?    

გელა მამულაშვილი

   

გაზიარება