QronikaPlus
რა ძალა აქვს პრემიერის ბიცოლა ბელას?!

რა ძალა აქვს პრემიერის ბიცოლა ბელას?!

2015-12-22 08:49:15

დედაქალაქის ნომერ მე-3 ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, გიული მახათაძე, თანამდებობიდან ისე დააქვეითეს, რომ მისთვის ნორმალურად არც აუხსნიათ გადაწყვეტილების მიზეზი. მან უარი თქვა დირექტორის ბრძანებისთვის დამორჩილებაზე და სამართლებრივი გზით აპირებს საკუთარი პოზიციების დაცვას. გიული მახათაძის შვილი, ანა ძნელაძე, „ქრონიკა+“-თან პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს, რადგან დირექტორიც და მოადგილეც, თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არიან დანიშნულები. ჩვენი რესპონდენტი, კონკრეტულ ბაღში და ზოგადად სისტემაში შესაძლო დარღვევებზე და მათზე გამოძიების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ქრონიკა+“ გიული მახათაძის შვილს, ანა ძნელაძეს ესაუბრება: _ დედა მთაწმინდის რაიონის ნომერ მე-3 ბაღში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული არ არის, თუ რის საფუძველზე დაქვეითდა. მხოლოდ აღნიშნულია, რომ ბაგა-ბაღების წესდების მე-4 მუხლის, `ე” და `კ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ის აღმზრდელ-პედაგოგის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ამ მუხლებით დავინტერესდი, წესდება წამოვიღე და ვერ გეტყვით, რომ მასში რაიმე მნიშვნელოვანი აღმოვაჩინე. ბრძანებაში გადაწყვეტილების საფუძველი არ წერია. ერთადერთი „ე“ პუნქტში ნათქვამია, რომ დირექტორი დამფუძნებელთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეს. ამის შემდეგ დღემდე დამფუძნებელთან შეთანხმების საბუთს ვითხოვ, რომელსაც ვერც ბაღების მართვის სააგენტო მაძლევს და ვერც ბაგა-ბაღი. დამფუძნებელი სწორედ ეს სააგენტოა. მას ცალკე მივმართეთ განცხადებით უკვე სამ დეკემბერს, ხოლო მეორე განცხადება იქ 9 დეკემბერს შევიდა. ანალოგიურად, ამის გასარკვევად 2 დეკემბერს თვითონ მესამე ბაღს მივმართე. _ ბაღში რას გპასუხობენ, ჰქონდა დირექტორს დამფუძნებელთან ეს შეთანხმება? _ ამაზე ვერაფერს მპასუხობენ. სააგენტოში რაღაც საბუთი მანახეს, რომელზედაც მითითებულია, რომ ბაღის დირექტორმა, თამარ ვაჭრიძემ, მოადგილეს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. აქ შეთანხმებაზე საუბარი საერთოდ არ არის. ამიტომ მაინტერესებს, როდის შეთანხმდნენ, რა მიზეზით იყო ეს საკითხი აქტუალური, რომ გიული მახათაძისთვის ეს თანამდებობა ჩამოერთმიათ? _ დედათქვენი რას ამბობს, მსგავსი საუბარი დირექტორთან არ ყოფილა? _ საქმე ისაა, რომ დირექტორს პირველ დეკემბერს დედაჩემისთვის ეს ბრძანება საერთოდ არ უჩვენებია. ამბავი სხვა თანამშრომლისგან გაიგო. კაბინეტში იჯდა, როცა ერთ-ერთი პედაგოგი შევიდა და უთხრა, _ ქალბატონო გიული, თქვენ იცით, რომ ახალი დირექტორის მოადგილე დანიშნულიაო? ანუ ეს ფაქტი თვითონ დირექტორისგანაც არ გაუგია. მანამდე, ორი კვირის განმავლობაში, თამარ ვაჭრიძე მასზე ზეწოლას ახორციელებდა, შენივე ნებით დაწერე განცხადებაო; თუ ასეთ განცხადებას არ დაწერ, პრობლემა უკვე მე შემექმნება, რადგან სააგენტოდან პირდაპირ მეუბნებიან, რომ დირექტორის მოადგილე უნდა გაათავისუფლოო. რასაკვირველია, ეს საქმე ჩუმად უნდა გაკეთებულიყო, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. _ ამ შემთხვევაში მოტივი რა არის? _ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. თავის დროზე, `ნაციონალების~ დანიშნულები არიან მოადგილეები, აქ რომ პოლიტიკურ მოტივაციაზე ვისაუბროთ. თუ ოთხი წლის განმავლობაში დედა კარგი თანამშრომელი იყო, ეს თემა ახლა აქტუალური რატომ გახდა? ამას ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ. თავის დროზე, „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის შემდეგ, მთაწმინდის რაიონის ბაღებში დირექტორის მოადგილეები მასობრივად რომ დახსნეს, დედას ხელს ვერ მოჰკიდებდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. მოზარდ მაყურებელთა, რუსთაველის, ახმეტელის თეარტის მსახიობი იყო. მამა, გია ძნელაძე, ცნობილი მსახიობი იყო. როგორც საზოგადო მოღვაწე, თავის საქმეს ყოველთვის არაჩვეულებრივად აკეთებდა და პიროვნულადაც მას ძალიან კარგად იცნობენ. ეს ინფორმაცია მათ გადაამოწმეს. ასევე გადაამოწმეს ბაღის თანამშრომლების მის მიმართ დამოკიდებულება. რამდენადაც ვიცი, დედისადმი დღემდე არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ. დღემდე ურეკავენ, კითხულობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ, რადგან ამ ფაქტის შემდეგ სასწრაფოს გამოძახება მოგვიწია და მეორე დღიდან დედა ექიმის მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ამჟამად ბიულეტენზე არის გასული. _ ანუ ეს დამსახურება საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა? _ არა, რატომღაც, არ აღმოჩნდა. აქ უკვე იძულებული გავხდი, რომ პოლიტიკურ მოტივაციაზე ვისაუბრო. _ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, დირექტორი რომ სააგენტოს მხრიდან მითითებაზე ამახვილებდა ყურადღებას, ხომ არ ეუბნებოდა მოადგილეს, ეს რას უკავშირდებოდა? _ არა, მხოლოდ იმას ეუბნებოდა, _ ან შენ უნდა წახვიდე თანამდებობიდან, ან _ მეო. თამარ ვაჭრიძეც „ნაციონალების“ დროს დანიშნულია და, ალბათ, ორი „ნაციონალი“ ორ თანამდებობაზე, დირექტორად და მის მოადგილედ, არავის სჭირდებოდა. ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ რომელიღაც უნდა წასულიყო. მეც იძულებული გავხდი, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივაციაზე ვისაუბრო, თავად ქალბატონი თამარის რეალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე. როდესაც დედას ეს გადაწყვეტილება პირველად გააცნო, რომ სააგენტოდან ზეწოლა იყო და ნოემბრის შუა რიცხვებში თანამდებობიდან უნდა წასულიყო, იმ დღესვე უთხრა, რომ მათთანვე მომუშავე პედაგოგს, ბელა ყორანაშვილს დაუკავშირდა (რომელიც ამჟამინდელი პრემიერის ბიცოლაა) და მას დახმარება სთხოვა. თვითონვე შესთავაზა, რომ ბელა ყორანაშვილი მისი მოადგილე ყოფილიყო, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაგრამ დაჰპირდა, რომ იზრუნებდა, მოადგილე გამხდარიყო მისი უახლოესი მეგობარი, ციცინო სალხინაშვილი, რომელიც ამავე ბაღში პედაგოგად მუშაობს. წლების განმავლობაში ბელა ყორანაშვილი და ციცინო სალხინაშვილი ერთ ჯგუფში მუშაობდნენ. ქალბატონი ციცინო იყო პედაგოგი, ხოლო ქალბატონი ბელა _ ძიძა. როგორც კი ბელა ყორანაშვილმა სტატუსი შეიძინა (როგორც პრემიერ-მინისტრის ბიცოლამ), თამარ ვაჭრიძემ ის მაშინვე დააწინაურა და პედაგოგი გახდა. ალბათ, ქალბატონმა ბელამ მიიჩნია, რომ ორი წლის მანძილზე ძიძიდან პედაგოგად და აქედან დირექტორის მოადგილეობაზე გასვლის ამბავი გახმაურდებოდა და ეს მისთვის მიზანშეწონილი არ იქნებოდა... მოკლედ, ამ ყოველდღიური ზეწოლის შემდეგ დედამ მაინც უარი განაცხადა თავისი ნებით განცხადების დაწერაზე. ბრძანება პირველ დეკემბერს დაიწერა და ციცინო სალხინაშვილი, როგორც მას ბელა ყორანაშვილი დაჰპირდა, დირექტორის მოადგილე გახდა. ამ შემთხვევაში, დირექტორის მოტივაცია იყო თავის გადარჩენა. ამისთვის ქალბატონ ბელას მიმართა, რადგან არანაირად არ აწყობდა ბაღების მართვის სააგენტოდან ახალი ადამიანის მოყვანა. _ რატომ არ აწყობდა? _ საქმე გვაქვს ძალიან ბევრ დარღვევასთან, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით. ერთ-ერთ ასეთ ადმინისტრაციულ დარღვევად შემიძლია მოგიყვანოთ, რომ ბაღის არც ერთ თანამშრომელს, თავისი სამსახურებრივი ხელშეკრულების არც ერთი ბლანკი არ გააჩნია. ხელშეკრულების ბლანკი მხოლოდ დირექტორს აქვს. თვითონ თანამშრომელი იმ მომენტში შეიძლება დოკუმენტს გაეცნო, მაგრამ ზერელედ და სახლში თავისი ეგზემპლარი არ აქვს. _ ამის მიზეზი რა არის? _ ჯერ გეტყვით, რომ არც დედაჩემს ჰქონდა თავისი ხელშეკრულების ეგზემპლარი. მე ეს მოვითხოვე შვიდ დეკემბერს და ბაღიდან გამოვიტანე. მიუხედავად იმისა, რომ მოცემის უფლება არ ჰქონდათ, რადგან მინდობილობა გაკეთებული არ მქონია, _ ეს არ იყო საჯარო ინფორმაცია. მიზეზი ის არის, რომ ეს ყველაფერი პედაგოგების, თანამშრომლების დასაშანტაჟებლად კეთდებოდა. მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის 13 ივნისს პარლამენტმა ახალი შრომის კოდექსი დაამტკიცა. იქ მითითებულია, რომ თუ ადამიანი 30 თვე ეთი და იგივე თანამდებობაზე უწყვეტად მუშაობს, ამ კანონპროექტის დამტკიცებიდან ორი წლის შემდეგ მას უკვე უვადო ხელშეკრულება უფორმდება. და, ზოგადად, უვადო ხელშეკრულება ფორმდება ხუთი წლის მუშაობის შემდეგ. თანამშრომლებიდან ეს ყველამ იცის, რომ 5 წლის შემდეგ აქვთ უვადო ხელშეკრულებები და ამიტომ ყველა გაჩუმებულია, _ ყველანაირ ყვირილსა და შანტაჟს იტანენ. არ იციან, რომ 30 თვის შემდეგ მათ უკვე უვადო ხელშეკრულებები უნდა დაედოთ. ეს არც დედამ იცოდა. შესაბამისად, სექტემბერში ძალიან ბევრ მათგანს დირექტორმა გაურკვეველ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინა. ეს თანამშრომლები აცხადებენ, რომ სექტემბერში ახალი ხელშეკრულება დავდეთო. როცა ვეკითხები, თუ რამდენი წელია მუშაობენ, 3-4-5, ზოგ შემთხვევაში, 7-8-წლიან სტაჟთანაც კი გვაქვს საქმე. _ მაგრამ აღნიშნული სექტემბრის ხელშეკრულება რას გულისხმობს?  _ არ ვიცით, ნანახი არ გვაქვს. ასეთივე ხელშეკრულება დედასაც გაუფორმდა და როცა მოვითხოვე, თამარ ვაჭრიძემ მითხრა, რომ ეს იყო განახლება, თორემ 2014 წლის შემდეგ ხელშეკრულება აღარ დაუდევს, რადგან მაშინ უვადო ხელშეკრულება დაიდოო. ვინაიდან უვადო ხელშეკრულებას განახლება არ სჭირდება, ე.ი. რომ გაურკვეველ საბუთებზე აქვთ ხელმოწერილი თანამშრომლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უვადო თუ ვადიანი ხელშეკრულების ეგზემპლარი თანამშრომლებს სახლში უნდა ჰქონდეთ და არ აქვთ. _ მოითხოვეს თუ არა და ამაზე დირექტორის პოზიცია როგორი იყო? _ დღეს ძნელია სამსახურის მოძიება და ტრაგედიაა მისი დაკარგვა ნებისმიერი ოჯახის წევრისთვის. ამიტომ არც ერთ თანამშრომელს ბრძოლის სურვილი არ უჩნდება. დირექტორთან რომ მივიდეს და თავისი ხელშეკრულება მოითხოვოს, უკვე რაღაც მიზეზია და, შესაბამისად, ამ საფუძველს არ აძლევენ, არ აღიზიანებენ. დიდი იმედის მაქვს, ამ ინტერვიუს შემდეგ ეს თანამშრომლები თავიანთი რეალური მდგომარეობით დაინტერესდებიან. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თამარ ვაჭრიძეს ბაღში საქმის მწარმოებელი მებაღედაც გაფორმებული ჰყავს. არ მესმის, ეს შესაძლებელია? ამ საქმეთა მწარმოებელს ხომ ამ კონკრეტულ ბაღში ფინანსების გადარიცხვები ავალია? იქნებ, მებაღეს გარკვეულ თანხებს ურიცხავს თვითონვე ეს საქმის მწარმოებელი გარკვეული მცენარეების მოსაყვანად? ეს ხომ პირდაპირი სახით ქრთამის მიცემაა. რატომ აძლევს დირექტორი საქმის მწარმოებელს საშუალებას, ამის გარკვევა ჩვენს ძალებს აღემატება. ამაზე განაცხადი შევიტანე და ბაღების მართვის სააგენტო, წესით, უნდა დაინტერესდეს. როგორც თამარ ვაჭრიძე აცხადებს, ბელა ყორანაშვილის ოჯახის წევრია და ქალბატონი ბელა მას მფარველობს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ დირექტორი მას და ქალბატონ ციცინოს გარკვეულ თანხებს ურიცხავდეს. რით შეეძლო ქალბატონ ბელას კეთილგანწყობა დაემსახურებინა? ამას ვერ დავადასტურებ, ეჭვის დონეზეა, რადგან საბანკო ანგარიშებთან არანაირი წვდომა არ მაქვს. ასევე სააგენტოდან რომ რეაგირება არ არის, ესეც ქალბატონი ბელას დამსახურებაა. მას შეუძლია ზეგავლენის გამოყენება. რაც შეეხება პრემიებს, სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, მაგრამ ხუთი დღის წინ ბაღიდან ერთ-ერთი ქალბატონი დამიკავშირდა (სამართალდამცველებს ამ საუბრის თავისუფლად ამოღება შეუძლიათ) და განაცხადა, რომ მას პრემიის სახით გარკვეული თანხა დაურიცხეს, მაგრამ მერე მივიდნენ და უთხრეს, რომ ეს პრემია შენ არ გეკუთვნის, სხვა თანამშრომელს უნდა მისცეო. ანალოგიური ფაქტი იყო დედაჩემთან დაკავშირებითაც. ორი წლის წინათ, პრემიის სახით, 480 ლარი დაურიცხეს. საქმის მწარმოებელი ინგა ხოსიტაშვილი მივიდა და უთხრა, _ გიული, 240 ლარი პერემია შენია, დანარჩენი 240 ლარი თამარ ვაჭრიძეს, დირექტორს უნდა მისცეო. ალბათ, ბაღში ასეთი შემთხვევები ხშირია. რა სახით, რა საფუძვლით რიცხავენ ამ პრემიებს? ამას ხომ თავისი დამსახურება უნდა ახლდეს? ეს არ ვიცით. ამაზეც სააგენტოს მივმართე, თუ რატომ, რის გამო ირიცხება ეს საპრემიო თანხები. _ რა პასუხი მიიღეთ? _ ბაღების მართვის სააგენტოს განცხადების განხილვის დრო კანონმდებლობით, შინაგანაწესით დადგენილი არ აქვს. მითხრეს, რომ ყველა ჩემი განცხადების გონივრულ ვადაში განხილვა შეუძლიათ. შესაბამისად, ვვრაუდობ, რომ აქაც ბელა ყორანაშვილის დამსახურებაა. სხვა ბაღებში, სადმე გადამალული ბანანი თუ აღმოაჩინეს და დირექტორები მოხსნეს, ამ შემთხვევაში თანხებზე, კონკრეტულ დარღვევასა და ადამიანებზეა საუბარი. ადამიანის უფლებების დარღვევაა, როდესაც თუნდაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები თანამშრომლებს არ გადაეცათ. _ მოკლედ, დღეს როგორი ვითარება გვაქვს? _ დედაჩემი ოფიციალურად პედაგოგად არის გადაყვანილი. ეს მიუხედავად იმისა, რომ თამარ ვაჭრიძესთან დაძაბული საუბრის შედეგად, დედამ პედაგოგად გადაყვანაზე უარი განაცხადა (რადგან ბავშვების პედაგოგობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა). ეს პირადი საუბრები იყო, თუ რას სთავაზობდა დედას, თუ უხმაუროდ, თავისივე ნებით განცხადებას დაწერდა. რასაკვირველია, ეს არ გააკეთა. ამავე დროს, შესთავაზა ფსიქოლოგობა, რაზედაც დედამ ასევე უარი განაცხადა. ამისთვის შესაბამისი განათლება უნდა გქონდეს, დედას ეს განათლება არ აქვს. ბოლო შეთავაზება მეთოდისტობა იყო. ამ პოზიციაზე ბაღში ნინო მელაძე მუშაობს და ამაზე თამარ ვაჭრიძემ კატეგორიული უარი მიიღო. ქალბატონი ნინო ამ დღეებში გავიცანი და თავისი საქმის არაჩვეულებრივი პროფესიონალია. ჩვენი ინტერესების გამო ვინმე სამსახურიდან წასულიყო, დედაჩემი ამას არ დაუშვებდა. შესაბამისად, თავად ამ სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად მისი თხოვნისა, მაინც პედაგოგად გადაიყვანეს. ჯანმრთელობასთან პრობლემები შეექმნა, რადგან ეს მისთვის მოულოდნელი იყო. სადღეისოდ მკურნალობის პროცესს გავდივართ. ამასთან, დედის გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით არანაირ საბუთს არ მაძლევენ. სააგენტოში მითხრეს, რომ წესით ასეთი საფუძველი იწერება, რომ დედამ არ იცის კომპიუტერი და ეს არის დაქვეითების საფუძველი. ვიმედოვნებ, ამ საბუთს როდესმე გადმომცემენ, რაც სასამართლოში წარსადგენად მჭირდება. არ მგონია, ბაღში კომპიუტერის კარგად არცოდნა სამსახურის დაკარგვის საფუძველი იყოს. მით უმეტეს, საბავშო ბაღზეა საუბარი და მის პირდაპირ მოვალეობაში კომპიუტერის ცოდნა არ ყოფილა. ადამიანს იმის საშუალებასაც არ აძლევენ, ანახოს მაინც, შეუძლია თუ არა ამ მოვალეობის შესრულება. ან დროს არ აძლევენ ამ ყველაფრის შესასწავლად. 9 დეკემბერს ბაღში გარკვეული საბუთების წამოსაღებად ავედი. ამის უფლებამოსილება მქონდა. როდესაც თამარ ვაჭრიძეს ვთხოვე, დოკუმენტაცია გადმოეცა (ამისთვის ჩემი მინდობილობა ვანახე), საპატრულო პოლიციის გამოძახებით და ძალისმიერად ბაღის დატოვებით დამემუქრა, რაზეც მე თანხმობა განვუცხადე. ამ საუბარს სხვა პირებიც ესწრებოდნენ. თანხმობა განვუცხადე, რადგან მას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, რაზეც ქალბატონმა თამარმა მერე თავი შეიკავა. ალბათ, მიხვდა, რომ ოქმი ისევ მის საწინააღმდეგოდ იქნებოდა გამოყენებული. ამით მასთან ჩვენი საუბარი ამოიწურა. _ რას აპირებთ? _ სამი შვილის დედა ვარ და ცოტა მათ უსაფრთხოებაზეც ვფიქრობ. რთულია, ასე უცებ დაუპირისპირდე პრემიერ-მინისტრის საახლობლოს. თუნდაც ბელა ყორანაშვილს, რომელიც პრემიერის ოჯახის ახლობელი ადამიანია, _ ყველა ამას ვერ გაბედავდა. ასევე ბაღების მართვის სააგენტოს, რომელსაც ასეთი განცხადებებით მივმართე და რეალურად, ამხელა დარღვევებზე ვსაუბრობ. იქიდან არ დაურეკავთ, დაკავშირებას არც ცდილობენ. თუნდაც იმ მიზნით, რომ გაარკვიონ, თუ საიდან ვფლობ აღნიშნულ ინფორმაციას. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასამართლოს უნდა მივმართოთ. ჩვენ სხვა გზა, უბრალოდ, არ გაგვაჩნია. თუ ადამიანი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, კანონმდებლობით, მინიმუმ, სამი გაფრთხილება უნდა ჰქონდეს მიღებული. დედას საქმეში არანაირი გაფრთხილება არ დევს. ერთი თვით ადრე მაინც წერილობით უნდა გააფრთხილო ადამიანი მის შესაძლო დაქვეითებაზე. ასეთი მიმართვა მის სახელზე არ არსებობს. ამიტომ უკანონოა ვაჭრიძის ქმედებები და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და დედაჩემს თანამდებობას დაუბრუნებს. მაგრამ ჩემი მიზანი მარტო მისი თანამდებობაზე დაბრუნება არ არის. მიზანი ასევე თამარ ვაჭრიძის თანამდებობიდან გადაყენებაა, როგორც დირექტორის, რომელიც თავის უფლებამოსილებებს აჭარბებს; სარგებლობს პირადი ნაცნობობით და ამას არაჩვეულებრივად იყენებს. ამის დამამტკიცებელი ფაქტები არსებობს. ის აცხადებს, რომ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მეგობრები ჰყავს. ვიცით, ვისზეც საუბრობს. აქ პირადად თორდინავას მოადგილეზე, ნინო ბურძენიძეზეა აქცენტი. ის და თამარ ვაჭრიძე, საჩხერიდან, ერთი სოფლიდან მოდიან, ბავშვობისდროინდელი ურთიერთობა აკავშირებთ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ მე ვიყავი ნინო ბურძენიძესთან. მგონი, სააგენტოში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც სრულფასოვნად მომისმინა. გაეცნო ვითარებას და მანაც სასამართლოსთვის მიმართვა მირჩია. ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთან პირად საუბარში ქალბატონმა ნინომ თამარ ვაჭრიძის პოზიცია დაიჭირა. მაგრამ აქ კითხვის ნიშნები ჩნდება. ნინო ბურძენიძე, თორდინავას მოადგილე თუ თვლის, რომ უნდა მივმართო სასამართლოს, შესაბამისად, ალბათ, მიიჩნევს, რომ თამარ ვაჭრიძე უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს. მაშინ რატომ არ ხსნიან მას დაკავებული თანამდებობიდან? _ აქედან გამომდინარე, თქვენი სარჩელი დირექტორსაც შეეხება? _ აუცილებლად შეეხება სააგენტოს, რადგან ის როგორც დამფუძნებელი, უფლებამოსილია, თამარ ვაჭრიძე მოხსნას თანამდეობიდან. ასევე სააგენტო ვალდებულია, გამოიძიოს ყველა არსებული დარღვევა. _ ხელისუფლების ორგანოებიდან სხვას ვინმეს თუ მიმართეთ? _ რადგან ირაკლი ღარიბაშვილის ბიცოლა ფიგურირებს ამ საქმეში, გადავწყვიტე, რომ პრემიერის სამსახურში ანა გოჩაშვილისთვის დამერეკა. პრემიერთან არავინ შემახვედრებს, რომ პირადად გავაცნო არსებული პრობლემა. სამწუხაროდ, ანა გოჩაშვილმა მითხრა, რომ არ სცალია. და ერთადერთი, რაც მოვასწარი, რომ მეხსენებინა, ბელა ყორანაშვილის სახელი და გვარია, სამი საათის შემდეგ მიკავშირდება ვინმე გიორგი კანცელარიიდან და მთხოვს გავაცნო, თუ რაში მდგომარეობს სიტუაცია. იმედი მაქვს, დაინტერესდებიან და ბელა ყორანაშვილს თავად პრემიერიც კი გარკვეულ საყვედურს მისცემს.   „ქრონიკა+“ ბაღის დირექტორს, თამარ ვაჭრიძეს, ინტერვიუში წარმოთქმულ ბრალდებებზე კომენტარისთვის დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ერთ საათში დაგვერეკა და გადაწყვეტდა, კომენტარს გააკეთებდა თუ არა. სამწუხაროდ, ერთ საათში ბაღის დირექტორთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა. ტელეფონზე ავტომოპასუხე გვეუბნებოდა, რომ „აბონენტი დაზიანებულია”?!    

გელა მამულაშვილი

 

გაზიარება