შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების სკანდალი პოლიტპატიმრების სიით გაგრძელდა. „ქრონიკა+“-მა სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ სიაში 152-ე ნომრად ირიცხება პირი, რომელსაც 2 კგ. ჰეროინის შემოტანისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მართალია, პარლამენტის საიტზე პოლიტპატიმრების სრული სია არ იძებნება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ სიაში ფრიდონ დევრიშაძე 152-ე ნომრითაა რეგისტრირებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამუდამო პატიმრობა მისჯილ ე. წ. წამლის ბარიგას ეკა ბესელიასთან პარლამენტის დეპუტატმა, ფატი ხალვაშმა გაუწია რეკომენდაცია. არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დევრიშაძემ ეკა ბესელიას სოლიდური თანხა გადაუხადა. პოლიტპატიმართა სიაში ფრიდონ დევრიშაძის შეყვანის მოტივაცია იყო ის ფაქტი, რომ 1996 წელს ის „აღორძინების“ აქტივისტი გახლდათ ქობულეთის რაიონის რომელიღაც სოფელში და მას ამის გამო პოლიტიკურად დევნიდნენ. „ქრონიკა+“-მა ამავე სიაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი კიდევ ერთი პირი, თემურ გორდელაძე, 42-ე ნომრით აღმოაჩინა.
აღნიშნული სკანდალის პარალელურად, „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა გერმანიაში, ემიგრაციაში მყოფი პირი, გრიგოლ კელენჯერიძე, რომელიც საარჩევნო ბლოკ „საქართველოს აღორძინების“ პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატი იყო.
როგორ დგებოდა პოლიტპატიმრების სკანდალური სიები?
რას სთავაზობდნენ მას ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთების სანაცვლოდ? როგორ მოხვდა პოლიტპატიმრების სიაში ბესარიონ ხვინთელიანი და რა თანხა მიიღო შუამავლობაში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ?
გთავაზობთ გრიგოლ კელენჯერიძის სკანდალურ ინტერვიუს!_
მე გახლავართ გრიგოლ კელენჯერიძე, ამჟამად გერმანიაში ვიმყოფები. საქართველოდან წელიწადნახევრის წინ წავედი.
ჩემი პოლიტიკური საქმიანობა 1997 წელს დაიწყო, როცა ზესტაფონში „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ დავაარსე, რომლის თავმჯდომარედაც ამირჩიეს. 2003 წელს პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გავხდი. გახსოვთ, ალბათ, როგორც დასრულდა ეს პროცესი, მერე იყო აჭარის რევოლუცია, იქაც აქტიურად ვიყავი ჩართული. ჩვენი ამოცანა იყო, აჭარაში უკონტროლო სიტუაცია არ შექმნილიყო, ბევრ ადამიანს ავხსენით იარაღი, რომ თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა. ასლანი რომ წავიდა, იმ პერიოდში მეც თურქეთში გადავედი, 2006 წელს საქართველოში დავბრუნდი, საზღვარზე დამაკავეს, „ტეტეს“ რამდენიმე ტყვია და ხუთი შუშა ნარკოტიკული საშუალება ამომიღეს. ბოლოს საქმეში ხუთი შუშა ნარკოტიკი დარჩა, საპროცესო გარიგება გამიფორმეს და აუცილებელ პირობად დამიყენეს, რომ ზესტაფონისკენ აღარ გამეხედა. ჩოლოქზე გადმოსვლის კადრებიც გამიხსენეს, როცა სააკაშვილი აჭარაში არ შევუშვით. მან თავად მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, 3 საათზე რამდენიმე ადამიანი გადმოვედით. ზურაბ ჟვანია დაჟინებით გვთხოვდა სააკაშვილის მხარეს გადავსულიყავით, მაშინ ამაზე ჩვენგან უარი მიიღეს. საპროცესო გარიგების შემდეგ ჩემი ყოველგვარი აქტივობა შეწყდა. ჩემთვის წყნარად ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც არ მომასვენეს. 2008 წელს დამიძახეს და ზესტაფონში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მუშაობა მთხოვეს. ჩემგან უარი მიიღეს, ამის შემდეგ ჩემი ძმა დააკავეს და დაჩქარებული წესით ექვსი წელი მიუსაჯეს. მივხვდი, რაც ხდებოდა, სხვა გამოსავალი აღარ მქონდა, არჩევნებში ჩავერთე. როგორც კი შედეგი დავდე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ საღამოსვე ჩემი ძმა იმპერატიული მოთხოვნით შეიწყალა და სახლში გამომატანა. ამის შემდეგ ჩემი მხრიდან არანაირი აქტივობა არ ფიქსირდებოდა. 2010 წელს ისევ დამაკავეს, პოლიტიკური პროცესები აღარ იყო, არც არჩევნები. ჩემი დაკავების მიზეზს ვერ მივხვდი. ძველი თბილისის განყოფილებიდან პირდაპირ გლდანის მერვე იზოლატორში გადამიყვანეს. გლდანის იზოლატორში ჩემი დაკავების რეალურ მიზეზს ვიგებ.
_ რა იყო ეს რეალური მიზეზი?
_ მეორე დღეს კარანტინიდან გამიყვანეს, დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც ორი სოლიდურად ჩაცმული ახალგაზრდა მოვიდა, გამეცნენ როგორც გენერალური პროკურატურის თანამშრომლები და მითხრეს, რომ ჩემს თავისუფლებაზე საუბარი შეიძლებოდა, თუ მე მათ დახმარებას მოვისურვებდი. ჯერ ვერ გავიგე, რაზე იყო საუბარი. მოგვიანებით, დამიკონკრეტეს, _ ადეიშვილი და მერაბიშვილი შენთვის ყველაფერს გააკეთებენ, მედიას მოგასევენ და შენი დეიდაშვილის საქმეზე აქტიურად ისაუბრეო.
_ ვინ არის თქვენი დეიდაშვილი?
_ ჩემი დეიდაშვილი იყო ახალგაზრდა მწერალი, ბექა პაპუაშვილი. 2001 წელს ბექა მეგობარ გოგონასთან ერთად კაფეში იჯდა, მასთან ზურა ვაზაგაშვილი მივიდა, (ეს ის პიროვნებაა, რომელიც შემდგომ „კორტებთან„ ჩაცხრილეს) და ამ გოგონას შეურაცხყოფა მიაყენა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ბექამ ის სცემა. ამის შემდეგ ბექა მეგობარ გოგონასთან ერთად გარეთ გამოდიოდა, მასთან ნაცემი ვაზაგაშვილი დანით ხელში მივარდა და ჩხუბი ატყდა. ბექა ხელში დაიჭრა, ზურაც დაიჭრა, ბექამ ისევ სცემა და ერთმანეთს დაშორდნენ. სამი დღის მერე, როცა ბექა და მისი მეგობარი გიორგი გაბუნია ბექას ბაბუის სახლში საბურთალოზე ბრუნდებოდნენ, სადარბაზოსთან მას ზურა ვაზაგაშვილი დახვდა და სამი ტყვია უსიტყვოდ ესროლა. ბექა გარდაიცვალა. სამეგობროს პოზიცია იყო, რომ შური ეძია, მაგრამ ოჯახი სამართლის პოვნას პოლიციაში აპირებდა. თუმცა საქართველოში „კოაქსილის“, „აქტიფედისა“ და „კოდელაკის“ დისტრიბუტორს, იური ვაზაგაშვილს, დიდი ფული ჰქონდა. მამაჩემი 25 წელი მუშაობდა შს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, მისი გაზრდილი ოპერები გაგარინზე, პოლიციის განყოფილებაში მუშაობდნენ და ინფორმაციები ჟონავდა, ამბები გამოჰქონდათ, რომ იური ვაზაგაშვილმა ეს საქმე მაშინდელი გაგარინის პოლიციის უფროსთან ჩააწყო, პროკურორი ლავრენტი დუღაშვილი იყო. იური ვაზაგაშვილმა დიდი ფული გადაიხადა. საქმემაც ისე შეუწყო ხელი, რომ მოწმე არ არსებობდა. ერთადერთი მოწმე იყო გიორგი გაბუნია, რომელმაც ბექას ორმოცზე თქვა, რომ პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას აპირებდა. ეს მაშინვე არ მომეწონა, რადგან ინფორმაციები ჩვენგანაც გადიოდა. ამ ამბიდან მესამე დღეს ვიგებთ, რომ გიორგი გაბუნია სააკაძის მოედანზე მისი საცხოვრებელი სახლის მე-16 სართულიდან გადმოაგდეს. მე-10 სართულზე მცხოვრებ ქალს ჩვენება მიაცემინეს, რომელმაც თქვა, რომ სარეცხს ფენდა და დაინახა, როგორ გადმოხტა გიორგი გაბუნია სახურავიდან. ამ დროს ამ ქალის აივნიდან საერთოდ არ ჩანდა ის მხარე, საიდანაც გიორგი გაბუნია გადმოაგდეს. ეს საქმეც ჩაიფარცხა. მოგვიანებით, ამ საქმეს გენპროკურატურამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი, მერე გიორგი ჯანაშია პროკურატურიდან წავიდა და საქმე ისევ შეჩერდა.
„კორტების ოპერაციის“ მერე, როცა იური ვაზაგაშვილმა ხელისუფლება სისხლიანი რეჟიმის ძახილით შეაწუხა, გადაწყვიტეს, რომ ამ გზით დაეწყოთ ბრძოლა მის წინააღმდეგ. გარდაცვლილი ბიჭების ხსენების საფასურად თავისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, არ ღირდა, ამიტომ ცხადია, ხელისუფლების შეთავაზებაზე უარი ვთქვი. ექვსი დღის განმავლობაში იყო ზეწოლები, ცემა, მუქარა, მერე შემეშვნენ...
_ მიუხედავად იმისა, რომ იური ვაზაგაშვილის შვილი თქვენი დეიდაშვილის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თქვენ ობიექტური მიზეზიც გქონდათ, რომ მის წინააღმდეგ გებრძოლათ და ამაზე უარი თქვით...
_ დიახ, ეს ამორალობა იყო ჩემი მხრიდან. მიმაჩნია, რომ ზურა ვაზაგაშვილი ამ საქმეზე კანონის მიხედვით უნდა დასჯილიყო, კორტების ოპერაციაც არ მოხდებოდა. უარის და ზეწოლების მერე მე ციხეში დავრჩი. ოჯახის აქტივობის გამო საპროცესო გარიგებით გამომიშვეს და მომენტალურად დავტოვე საქართველო.
2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე იმ კომისიას განეხილა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ეკა ბესელიას ინიციატივით შეიქმნა, ასევე ოცდაათამდე ახალგაზრდამ ბათუმიდან რამდენიმე პოლიტიკური საქმე ჩამოვიტანეთ, მათ შორის, ასლან აბაშიძის საქმეც, რომ კომისიას ამ საქმეზე ემსჯელა. კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე ქ-ნ ნანა კაკაბაძის დახმარებით შევედი, ფაქტობრივად, შემაპარა. კომისია უკვე დატოვებული ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იქ შინაურული სიტუაცია იყო _ ბესელია და „დაქალოჩკები“... პირდაპირ მიდიოდა საუბარი, _ ეს ვინ არის? საგანელიძემ რომ დარეკა, ეს ვინ არის, ეს ისაა, იმან დარეკა... არანაირი განხილვა იქ არ ხდებოდა. ახლა საუბარია პოლიტპატიმრებზე და პოლიტდევნილებზე, არადა, იქ ასეთი სულ ათი პროცენტია. რაც შეეხება პოლიტიკური დევნის საქმეებს, ეს სწორედ ბესელიას ჯგუფმა პოლიტიკური ნიშნით დამალა.
_ გრიგოლ, რას გულისხმობთ?
_ რას ვგულისხმობ და საქმეებს, რომელსაც მართლა შეიძლება უწოდო პოლიტიკური საქმე: ეს არის ასლან აბაშიძის, ემზარ კვიციანის, თემურ ბასილიას, ლევან მამალაძის, გოჩა კელენჯერიძის, როსტომ ბოლქვაძის, საზღვაო ბანკის საქმე, აქ მილიონების ქონებაა მითვისებული და თუ ვინმეს აინტერესებს, ნახოს, ვის მფლობელობაშია დღეს საზღვაო ბანკის ქონება; ასევე, ბლადაძის საქმე, რომლისთვისაც წართმეულ სახლში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცხოვრობს. როგორც კი ამ გვარმა გაიჟღერა, იმწამსვე ეკა ბესელიას უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა.
_ რატომ? რა იყო ეკა ბესელიას მოტივაცია?
_ მან თქვა, რომ ცდილობენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დალაგებას და როლანდ ბლადაძის გამოჩენა ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებსო. დისკომფორტი შეიქმნება. ამიტომ მოხვდა ბლადაძის საქმე იმ ქეისში, რომელიც თაროზე შემოდეს.
სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ ჩემი დეიდაშვილის მკვლელობის საქმე ბევრმა იცოდა, რადგან მკვლელობა დავით ბერძენიშვილის სადარბაზოში მოხდა, მაგრამ ზურა ვაზაგაშვილისთვის ძეგლის დადგმა ჰქონდათ დაგეგმილი და ამიტომ ის უმწიკვლოდ უნდა დარჩენილიყო. ამ მოტივით, ჩემი საქმის განხილვაზეც საერთოდ უარი თქვეს.
ამ დღის მერე ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყდა. ერთი-ორჯერ პარლამენტის კართან ბესელიას დავხვდი, მაგრამ არც დამელაპარაკა. სასაცილოა, როცა იმ პიროვნების საქმეს იხილავ, რომელსაც ორი კგ ჰეროინი აღმოაჩნდა და ამბობ, რომ ის „აღორძინების“ კოორდინატორი იყო. ამ დროს არ იხილავ „აღორძინების“ დეპუტატის საქმეს, არ იხილავ ასლან აბაშიძის საქმეს, ეს ხომ სრული აბსურდია? 2 კგ. ჰეროინით გაფაქტული ადამიანი მე ჯერ არ მინახავს. დევრიშაძე რეალურად ფაქტზე დააკავეს. კომისიაზე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მეჩვენებოდნენ მერაბ ტურავა და ნინო გვენეტაძე, აშკარად დისკომფორტს განიცდიდნენ, მაგრამ მოგვიანებით აუნაზღაურეს მათ ეს დისკომფორტი.
ჩვენ თუ არ ვიყავით პოლიტიკაში, აბა, ვინ იყო შკრილნიკოვი და გევორქიანი?
ჩემი ამ აქტიურობის პერიოდში რამდენიმე ადამიანი გავიცანი, მათ შორის, ერთი ქალბატონი, იზოლდა ქლაუ, რომელიც მუდმივად ცდილობდა კომისიის სხდომაზე მოხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. ის აცხადებდა, რომ ბესარიონ ხვინთელიანმა მას ქონება წაართვა და ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, რომ ბესარიონ ხვინთელიანი პოლიტპატიმრების სიაში უნდა შეეყვანათ. მას შემდეგ, რაც სიას კენჭი ეყარა, ხვინთელიანი სიაში აღმოჩნდა. ამის მერე ეს ქალბატონი ნანა კაკაბაძის ოფისში მოვიდა და დახმარებას ითხოვდა. ნანამაც მოუსმინა და გაკვირვებულიც იყო ამ მომენტით.
_ ვინ იყო ეს პირი, რომელმაც ეს საქმე ეკა ბესელიასთან მოაგვარა და რა ქონებაზე იყო საუბარი?
_ საუბარი იყო სავაჭრო ფართის გადაფორმებაზე და როგორც ეს ქალბატონი აცხადებდა, ეკა ბესელიასთან ბესარიონ ხვინთელიანის საქმე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჩააწყო, რომელმაც ასევე სოლიდური ანაზღაურება მიიღო ამ საქმეში. შალვა ხაჭაპურიძეს კითხვაც დაუსვეს, _ რომელი პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდა ხვინთელიანიო? და, _ აქციაზე იყოო, _ უპასუხა. ასე, აქციებზე მთელი საქართველო დადიოდა.
იყო შემთხვევა, როცა კიდევ ერთი ქალბატონი მოვარდა, _ ჩემს ძმას მიხეილ ზირაქაძეს, პიროვნებამ ტყვია ესროლა და ახლა პოლიტდევნილების სიაში სვამენო. ეს პირი ლევან ფხაკაძე იყო. როცა დავინტერესდი, წავაწყდი, რომ ფაზენდაზე ფხაკაძის ქორწილში ქ-ნ ბესელიას საპატიო ადგილი ეჭირა და იქაც სერიოზული საჩუქრები მიიღო.
კომიკურია, როცა ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა და ვისმენ, პოლიტპატიმრების სიაო. ნამდვილი პოლიტპატიმრების სია ქ-ნ ბესელიას დამალული აქვს. სთხოვეთ, გამოაჩინოს, შკრილნიკოვი იყო პოლიტპატიმარი და სულხან მოლაშვილი _ არა? ირაკლი ბათიაშვილს არ აქვს ეს სტატუსი და გევორქიანს აქვს, გეკითხებით, ეს სამართლიანია?! რომელი იყო პოლიტიკურად აქტიური პირი?
_ გრიგოლ, საქართველო როდის დატოვეთ?
_ წელიწადნახევრის წინათ. მამაჩემმა მითხრა, რომ საქართველოდან უნდა წავსულიყავი, რადგან ჩემი დაკავება იგეგმებოდა. წასვლამდე ნანა კაკაბაძის ოფისში ვარ, დამირეკა ირაკლი ფირცხალავამ და შეხვედრა მთხოვა. მან ოფისში ამოსვლა არ ისურვა. მითხრა, რომ ოფისთან მანქანაში დამელაპარაკებოდა. ჩემი მეგობრები საქმის კურსში ჩავაყენე, ორი პოლიტპატიმარი _ გენრიხ აროშიძე და რეზო რეხვიაშვილი ჩამოვიყოლე, შევხვდი ირაკლი ფირცხალავას და გრიგოლ ცააძეს. იმის მაგიერ, რასაც ველოდი, აღმოჩნდა რომ მათ აინტერესებდათ, რა მოხდა გლდანის ციხეში და რომელი სტრუქტურა ითხოვდა ჩემთან თანამშრომლობას? მე მათ კითხვა დავუსვი, რა იცოდნენ ბექას მკვლელობის საქმის შესახებ? მათ მითხრეს, რომ თუ დრო მქონდა, ოფისში საქმის მასალებს მანახებდნენ. მართლაც, დეტალურად გავეცანი ყველაფერს, ასი პროცენტით გამოძიებულია ეს საქმე, მოტივაციით და მკვლელობის დეტალებით. სწორედ ამ შეხვედრის მერე მიაწოდეს ინფორმაცია მამაჩემს, რომ ჩემი დაკავება იგეგმებოდა. რადგან ბექას მკვლელობის საქმეზე აქტიურობა არავის აწყობდა, საქართველო დავტოვე და გერმანიაში წამოვედი, გერმანიის სახელმწიფოს პოლიტიკური თავშესაფარი ვთხოვე. ველოდები საკითხის განხილვას.
ბოლოს, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო:
თუ საქართველოში მომიწევს ჩამოსვლა, არ ვიცი, ეს სარფის საბაჟო იქნება თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მე არც ტონა სუბუტექსს წამოვიღებ, არც ცეცხლსასროლი იარაღით დავბრუნდები და არც სხვა ნარკოტიკებით.
_ ანუ არ გამორიცხავთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაგაკავებენ?
_ დღეს, სამწუხაროდ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება!!!
ელისო კილაძე