QronikaPlus
ზურაბ სეფიაშვილი: „შიოლაშვილი რა უფლებით გვიწესებს ლიმიტებს?“

ზურაბ სეფიაშვილი: „შიოლაშვილი რა უფლებით გვიწესებს ლიმიტებს?“

2015-12-22 08:26:52

გურჯაანის საკრებულოს ლეიბორისტი წევრი, ზურაბ სეფიაშვილი, აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების თანხები რეალურ ბენეფიციარებს არ მიეწოდება და მისი საშუალებით ვიღაც ხელს ითბობს. ამის მაგალითად ის ერთ-ერთ ფაქტს ასახელებს, რომელიც გურჯაანში გაჭირვებულ ოჯახს გადახდა. ზურაბ სეფიაშვილი: _ გურჯაანის საკრებულოში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, მათ შორის, მეც, ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ. ამის მიზეზი იყო ის, რომ ახალ ბიუჯეტში სოციალური პროექტები რაც შეიძლება მეტად არის შეზღუდული, მის                                                                                                                  ხარჯზე კი გაზრდილია „აიპებში“ დასაქმებულთა რაოდენობა. ადგილობრივი ხელისუფლება იქ „ოცნების“ მხარდამჭერებსა და საკუთარ ახლობლებს ასაქმებს. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, მე მგონი, პირიქით უნდა ხდებოდეს და სოციალურ სფეროს უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს. შეამცირეს ერთჯერადი დახმარების თანხებიც. თქვეს, რომ ეს დახმარება მხოლოდ მათ უნდა მისცენ, ვისაც რეალურად უჭირს, მაგრამ სოციალური პროგრამისთვის ქულები ვინც ვერ მოაგროვა და ბენეფიციარი ვერ გახდა, მხოლოდ იმათ მივცეთო. წამლებზე დაფინანსებები შეამცირეს. ერთი სიტყვით, აქედან უნდათ ეკონიმიის გაკეთება და ახალი  ბიუჯეტი საკუთარ თავზე მოირგეს. ბიუჯეტზე ეს წინააღმდეგობა ჯერ არ დასრულებულა საკრებულოში. სოციალური საკითხების კომისიის წევრი ვარ და ამას წინათ გაერთიანებული სხდომა გვქონდა. გაოცებული დავრჩი, კიმისიის ხელმძღვანელმა თქვა, გუბერნატორმა შიოლაშვილმა დაგვირეკა და ლიმიტი 5 ათასი ლარი დაგვიწესა, ეს იმყოფინეთ ამ წამლებზეო. მე ვკითხე, _ შიოლაშვილს რა უფლება ჰქონდა, ჩვენთვის ლიმიტი რომ დაეწესებინა-მეთქი? _ მერე რა გიპასუხათ? _ გუბერნატორმა საიდან იცის, რამდენი ადამიანია ისე გაჭირვებული, რომ წამლის ფული არ აქვს? ამის სტატისტიკა ხომ მუნიციპალიტეტს და სოციალურ სამსახურს აქვს და საინტერესოა, რის მიხედვით იძლევა გუბერნატორი ასეთ ბრძანებებს? ან რატომ იმას არ უთითებთ, პრემიები რომ შეამცირონ და ბიუჯეტის დიდი ნაწილი გაჭირვებული ადამიანების დახმარებისთვის მიმართონ? ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და იმას არ დაეძებს, ხალხი რა დღეშია, ან რა დაემართებათ. ამ ერთი მაგალითიდანაც ნათლად ჩანს, რომ ბიუჯეტში თანხის განაწილება დახმარებებზე, წამლებზე, იმის მიხედვით კი არ წყდება, რამდენი გაჭირვებულია, ან რამდენს სჭირდება წამალი, არამედ წყდება იმის მიხედვით, რამდენს გაიმეტებს გუბერნატორი, რომელსაც, წესით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან არაფერი ესაქმება. საკრებულო და ადგილობრივი თვითმმართველობები გუბერნიის ნოტარიუსად აქციეს. ბრძანებები მოდის სწორედ გუბერნიებიდან, აი, მათ ვინ უბრძანებს და ავალებს ამ ბრძანებების გაცემას, ეს რთული გამოსაცნობი ნამდვილად არ არის. ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა: გურჯაანიდან თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი და საკრებულოდან დამირეკეს, საგანგებო სხდომაა და ნახევარ საათში უნდა მოხვიდეო. გამიკვირდა, დილით საკრებულოში ვიყავი და არაფერი უთქვამთ და უცებ რა უნდა მომხდარიყო, ნახევარ საათში საკრებულოს წევრები „სმირნაზე“ რომ დააყენეს? ვუთხარი კიდევაც, რა ხდება, რა საგანგებო სხდომა მოგინდათ, კომენდანტის საათი ხომ არ გამოცხადდა, ჯარია ეს თუ საკრებულო-მეთქი? მიპასუხეს, გუბერნიიდან დაგვირეკესო. რეგიონების ფაქტობრივი მმართველი არის გუბერნია და საკრებულო, გამგეობა არის ბუტაფორია, ნოტარიუსები, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებენ და „აპრავებენ“ მათ ნათქვამს. _ თქვენ გაქვთ ფაქტები, გურჯაანში ვის უჭირს და დახმარება არ ეძლევა, სამაგიეროდ ვინ სარგებლობს გაჭირვებულების ფულით და ვინ იღებს ამ თანხებს პრემიების სახით? _ რაიონში ბევრ ოჯახს დაუნიშნეს სოციალური შემწეობა და მერე შეუწყვიტეს. ისეთებს შეუწყვიტეს, რომელთაც ცხოვრების პირობები და ყოფა კი არ გაუუმჯობესდათ, არამედ  პირიქით, გაუუარესდათ. თანაც მოულოდნელად შეუწყვიტეს დახმარება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ვისაც ასე მოექცნენ, ყველა ოჯახი ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ერთ საინტერესო ფაქტზე მოგიყვებით: სოფელ კაჭრეთში ცხოვრობს თენგიზ და დალი ზაურაშვილების ოჯახი. ცოლ-ქმარი უმუშევრები არიან. ქმარი ავადმყოფია. 2010 წლის ივლისში დახმარება დაენიშნათ. მაშინ ორ სულზე ერთად იყო 54 ლარი, აიღეს ორი თვის და მოულოდნელად გამოუცხადეს, შეგიწყდათ დახმარებაო. იკითხეს, რატომ აღარ აძლევდნენ დახმარებას, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს და ეს ამბავი დაავიწყდათ კიდევაც, მაგრამ 2014 წელს ამ ოჯახში სოციალური აგენტი მივიდა მდგომარეობის გადასამოწმებლად, რომელმაც ცოლ-ქმარს ჰკითხა, _ თქვენ დახმარებას ხომ ღებულობთო? მერე ოჯახი მე დამიკავშირდა და ამ საქმეში დახმარება მთხოვა. აინტერესებდათ, რატომ შეუწყვიტეს დახმარება ორი წლის წინათ და საიდან გამომდინარე იფიქრა სოცაგენტმა, რომ ისინი დახმარებას იღებდნენ? _ მერე, რა გაარკვიეთ? _ თენგიზ ზაურაშვილთან ერთად სოციალური დახმარების სამსახურში წავედი, სადაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრიც მუშაობს. მან მითხრა, რომ ამ ოჯახს 2010 წელს დაენიშნა დახმარება და ორ თვეში შეუწყდა, 2014 წელს ქულების რაოდენობა გადამოწმდა, ქულები აეწია და ამიტომ ვერ აიღესო. ეს ყველაფერი ოფიციალურად რომ მოვითხოვე, მითხრეს, ასეთი განცხადების გაცემას სპეციალური ფორმა უნდაო. ოჯახმა განცხადებაც დაწერა და ოფიცილურად მოითხოვა პასუხი, რატომ შეუწყვიტეს მათ დახმარება. პასუხი 10 სამუშაო დღეში რომ არ მოვიდა, ოჯახის წევრები მანქანაში ჩავსხი და სოციალურ სამსახურში წავიყვანე, სადაც წერილზე პასუხი მოვითხოვეთ. პასუხი  იქვე გაგვიმზადეს, რომლითაც მისწერეს, სოციალური მომსახურების გურჯაანის რაიონული განყოფილება თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენი ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია საიდენტიფიკაციო კოდით... საარსებო შემწეობა მიღებული გაქვთ 2010 წლის ივლის-ავგვისტოშიო. ჩვენ სრულიად სხვა კითხვა დავუსვით, მათ კი მოგვწერეს ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით. ამის შემდეგ ახალი განცხადება დავუწერეთ, _ თქვენ მიერ მოწოდებული არადამაკმაყოფილებელი პასუხის გამო, იძულებული ვარ, ხელმეორედ მოგმართოთ და გთხოვოთ მომაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, როდის დამენიშნა ოფიციალური შემწეობა, როდის შემიწყდა და რატომ? მინდა გაგაფრთხილოთ, რომ გაუგებარი პასუხის შემთხვევაში იძულებული ვიქნები, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებსო. გავიდა კვლავ 10 დღე და პასუხი კიდევ არ მოვიდა. კვლავ ჩავედით ამ სამსახურში, სადაც უკვე გვითხრეს, რომ პასუხი ფოსტით გამოაგზავნეს და თუ ის არ მოვიდოდა, ჩვენი ბრალი არ იქნებაო. ფოსტაში ვიკითხეთ და გასაგზავნ წერილებში თენგიზ ზაურაშვილის გვარი არ იყო. მოკლედ, ტყუილში გამოვიჭირე სოციალური სამსახური და იძულებულები გახდნენ, პასუხი ორი საათის შემდგომ მოეცათ. ამ საპასუხო წერილში წერია, რომ ოჯახს დახმარება მოუხსნეს სოციალური სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან შემოსული სიების საფუძველზე. კერძოდ, თქვენი ოჯახის წევრი დარეჯან ზაურაშვილი არის დასაქმებული და ოჯახის დეკლარაციაში არ იყო მითითებული მისი ხელფასიო. ეს არის სიცრუე და გამოგონილი ტყუილი. ეს ქალბატონი არსად არ არის დასაქმებული, გარდა იმისა, რომ ზოგჯერ, დღიურად, ფიზიკურად მუშაობს. მას არანაირი ხელფასი არ გააჩნია. მისი პირადობის ასლი გადავიღე და ლეიბორისტების ოფისში წავიღე. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ ჯანდაცვის სამინისტროს მისწერა და მათგანაც მოითხოვა ამომწურავი ინფორმაცია. მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძისგან პასუხი მიიღო, რომ ეს ოჯახი ბოლოს შესწავლილია 2014 წლის ოქტომბერში, სოციალური სააგენტოს გურჯაანის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. ოჯახის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით, რამაც 96 ათასი და 40 ერთეული შეადგინა, რაც ფულად დახმარებას არ ითვალისწინებსო. აქაც არაფერია იმაზე ნათქვამი, რაც ჩვენ ვიკითხეთ. ზაურაშვილების ოჯახი პარალელურად ღებულობს სულ სხვა წერილს კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრიდან. ამ წერილის შინაარსი კი ასეთია:  სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრში განიხილეს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადება, რომელშიც მოითხოვენ განმარტებას, თუ როდიდან და რა მიზეზით შეგიწყდათ საარსებო შემწეობა. გაცნობებთ, რომ სოციალური სააგენტოს ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად, დახმარებას იღებდით 2010 წლის ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით. თქვენი ოჯახი გადამოწმდა ოჯახის წევრის ლეგალური შემოსავლის შესახებ შემოსული ინფორმაციის გამო და განგესაზღვრათ სარეიტინგო ქულად 56-ო. ამ ტყუილს იმეორებს ყველა უწყება. ახლა ოფიციალურად უნდა მოვთხოვოთ, მიუთითონ, რა ინფორმაცია აქვთ, სად და როდის იყო ეს ქალბატონი დასაქმებული და ის ბანკი თუ წარმოება გვითხრან, სადაც ის ხელფასს იღებდა. _ თქვენი აზრით, რატომ უნდა დააბრალოს სოციალური დახმარების სააგენტომ ვინმეს ტყუილად მუშაობა? ეს მას რატომ უნდა უნდოდეს? ამ ოჯახის ინტერესი რატომ უნდა ჰქონდეთ? _ ეს არის ჩემი მოპოვებული სუბიექტური ინფორმაცია. სქემა, რომელიც ახლაც არსებობს, „ნაციონალების“ დროს შემუშავდა. მაშინ უნიშნავდნენ სოციალურ შემწეობას, მერე ისევ უწყვეტდნენ, მაგრამ ეს ფული სხვაგან მიედინებოდა. ახალმა ხელისუფლებამ ყველა მანკიერი თვისება, რაც „ნაციონალებს“ ჰქონდათ, გადაიბარა და უფრო გააძლიერა. „ნაციონალების“ დროს ამდენჯერ რომ დამეწერა წერილი, მეტყოდნენ, გაჩერდი, შუბლში ტყვია არ მიიღოო, დღეს ამას არ გეუბნებიან, მაგრამ რაღაც აბსურდებით ცდილობენ მდგომარეობიდან გამოძრომას, მაგრამ ვპირდები, ვერ გამოძვრებიან. ვერავინ ვერ დაამტკიცებს იმას, რომ ამ ოჯახის ქალბატონი სადმე მუშაობდა და მას შემოსავალი ჰქონდა. ამიტომ მათთვის დახმარების მოხსნა, ჩემი აზრით, სწორედ იმ სქემის ნაწილია, რომელიც წინათაც იყო და მალე ბომბივით გაუსკდება ახალ ხელისუფლებას. _ სოციალური დახმარების საკითხებში ვის აბრალებთ კორუფციას? _ მე არ ვიცი, ზუსტად სად გაედინება ეს თანხები, მაგრამ რაღაც მასეთი რომ ხდება, ფაქტია. ამიტომ აუცილებლად მოვთხოვ სამართალდამცველებს ამ საქმის ოფიციალურ დონეზე შესწავლას და კვალიფიციურ გამოძიებას. ამ სქემას აუცილებლად უნდა აეხადოს ფარდა და გამომჟღავდნენ ადამიანები, რომლებიც სხვისი გაჭირვებით ხელს ითბობენ. სხვანაირად გაუგებარია ის, რომ ადამიანს როცა დახმარებას დაუნიშნავენ, მერე, ორ თვეში, რატომ უხსნიან? ასეთი ფაქტები უმრავია. მე გურჯაანის რაიონის მაგალითით ვიცი და სხვა რაიონებშიც ხომ იქნება ასეთი ფაქტები? როცა ეს გახმაურდება, უამრავი ადამიანი აღმოჩნდება ამ სქემის მსხვერპლი. აუციულებლად მივიყვან საქმეს ბოლომდე და გავარკვევ, ვინ ითბობს ხალხის ფულით ხელს. „ქრონიკა+" კომენტარისთვის გურჯაანის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.    

ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება