თუ ვინმეს გამოუცდია, რა არის ციხეში შიმშილობა, თუ ვინმეს გამოუცდია, როგორ უნდა ჭამო სადილი ჯამიდან ისე, რომ კოვზი არ მოგცენ, თუ ვინმეს გამოუცდია, რას ნიშნავს დატყვევებული ციური სხეულები, ის ყველაზე უკეთ გაიგებს, რას ვამბობ...
2009 წელს გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. რუსთავის დღევანდელ მე-16 დაწესებულებაში 700-მდე „გაკრიტული“ ქალი არაადამიანურ პირობებში ვცხოვრობდით... რამდენიმე თვის მანძილზე არ გვქონდა ტელევიზორი, რადიო და გაზეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... ასეთ საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა ადამიანს გაგუებს, რომ ქვესკნელში ხარ და მარადიულად დაკარგული გაქვს იმისი შანსი, რომ სადღაც მაღლა მზე შეიძლება ნახო გისოსების გარეშეც...
მაღაზიაში არ იყიდებოდა შაქარი...
საკანს, სადაც 30-დან 50 ადამიანამდე ვცხოვრობდით, ერთი პლასტმასის ტაშტი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ 30, ან 50 ადამიანს სარეცხი იმ ერთ ტაშტში უნდა ერეცხა... ამაზე მეტი როგორ გავაგრძელო?
ინფექციური დაავადებების რიცხვი პიკს აღწევდა...
აბაზანა ხანგრძლივი რიგის შემდეგ უნდა მიგეღო...
და, აი, ამ გაუსაძლის მდგომარეობასთან ერთად სახლში მელოდებოდნენ 2 წლის, 4 წლის და 6 წლის შვილები... ზონაზე ერთ გოგოს, ყველასდა გასაოცრად, სასჯელი გადაუვადეს...
მეც ვცადე ბედი და დღეს უკვე ცნობილმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენის აღსრულებაზე უარი მტკიცა...
სასამართლოდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, შიმშილობა დამეწყო. თუ სასჯელი უნდა მომეხადა, მაშინ ღირსეული პირობები მაინც უნდა გვქონოდა მეც და სხვებსაც.
ხათუნა კალმახელიძეს შეხვედრის მოთხოვნით მივმართე და თან დავურთე, რას ვითხოვდით მსჯავრდადებული ქალები.
ვიღაცამ ზონაზე ეკა ბესელიას ნომერი შემოიტანა და ხმა გავარდა, რომ ბესელიამ პატიმრების მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნაო!
მე უკვე ვშიმშილობდი. პატიმარმა ქალებმა ბესელიას დაურეკეს და სთხოვეს, რომ ეს ამბავი გაეხმაურებინა...
სიმართლე სიმართლეა, მან ბრიფინგი ჩაატარა... ბრიფინგი ბრიფინგისთვის... თუმცა ზონაზე ერთი ადვოკატიც არ მოსულა, რომ გაეგო, რა ხდებოდა...
აი, ასე, 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ ნაღვლის შეტევით გამომიყვანეს 70-იანი წლების კარცერიდან (როგორი წარმოსადგენია მოშიმშილის კარცერში გამოკეტვა, თუ მკითხველის ფანტაზია ამას წარმოიდგენს, რეალურად კი ზემოთქმულს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ერქვა...)
ზონაზე მაინც გვჯეროდა, რომ ქალი, რომელსაც „ენჯეო“ პატიმრების თანადგომისთვის შეექმნა, ჩვენზე იზრუნებდა...
მალევე დამიძახა ციხის უფროსმა დავით საცერაძემ და ტელევიზორის წინ დამსვა... ახალი ამბები იწყებოდა, ერთ-ერთი კი ის გახლდათ, რომ ბესელიას ძმა და შვილი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა...
დირექტორი ხმამაღლა იცინოდა და მეუბნებოდა, _ აბა, თქვენი პატრონი ბესელია სადაა ახლა, დაურეკეთ და შველა სთხოვეთო...
ზონაზე მობრუნებულმა ასჯერ ვცადე მასთან დაკავშირება... ციხის ნომერს ცნობდა და აღარ გვპასუხობდა... მისთვის პატიმარი უკვე მძიმე ტვირთი იყო და ზედმეტი თავის ტკივილი...
პატიმართა სახელით შექმნილი „ენჯეო“ კი ჩვეულებრივი სატყუარა აღმოჩნდა, რითაც ეკატერინემ მიშასთან ისპეკულირა... ჩვენი ბედით ივაჭრა, ოჯახის წევრები იხსნა, ჩვენ კი ქაჯეთის ციხეში დაგვტოვა _ იქ, სადაც „ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი“ სულს და ხორცს გვიწამლავდა (ციხის მე-16 კარცერს ვგულისხმობ).
ახლა, როცა ეკრანზე ვხედავ დიაცს, რომელიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, მეცინება, თუ როგორ არ გვპასუხობდა ტელეფონზე, როცა ჩვენი ბედი აღარ ანაღვლებდა და როცა სჭირდებოდა, როგორი დიდი გულშემატკივარი იყო...
P. S. და რატომ არ უნდა მჯეროდეს, რომ ფულს აკეთებდით გაუბედურებული ადამიანების ხარჯზე?! ან რატომ არ უნდა მჯეროდეს, რომ თქვენთვის ფული უფრო მეტია, ვიდრე სოლიდარობა?!. რადგან ერთი კონსულტაცია, მინიმუმ, 30 და, მაქსიმუმ, 100 ლარი ღირდა თქვენთან...
მახსოვს, ერთი ქალის ადვოკატი იყავით, ხე-ტყის უკანონო მოჭრაზე იყო დაკავებული ჯგუფთან ერთად და ისიც მახსოვს, რომ ოქტომბერში თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირს 5 წელი მიუსაჯეს. ეს 2008 წელს მოხდა და ოქტომბერში მისჯილი იანვარში შეიწყალეს. შეწყალებაში მან თანხა რომ გადაიხადა და კიდევ ვიღაცები სთხოვდნენ თანხის გადახდას, მაშინ გახმაურდა... ახლა სულ იმას ვფიქრობ, ნუთუ, 2008-ში თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი შეწყალებაში თანხას რომ იხდიდა, თქვენ არ იცოდით?
„პინოქიო“ წაიკითხეთ, თუ შეიძლება...
მაკა მოსიაშვილი