დედაქალაქის მკვიდრი, ლაშა ჯინჭარაძე, რომელმაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისთვის სასჯელი მოიხადა, ქობულეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს მის მიმართ განხორციელებულ წამებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებში ამხელს. როგორც ჯინჭარაძე აცხადებს, ამ ფაქტის შესახებ მან ყველა სამართალდამცველ თუ სახელმწიფო სტრუქტურას აცნობა, მაგრამ უშედეგოდ.
„ქრონიკა+“-ს ლაშა ჯინჭარაძე ესაუბრება:
_ 2015 წლის 22 თებერვალს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დამაკავეს. დაკავებამდე 3 თვე დამდევდნენ. თბილისში ვცხოვრობ, ბათუმშიც მაქვს სახლი, იმ პერიოდში აჭარაში ვიყავი საცხოვრებლად გადასული, ჩემი მეუღლე ქობულეთიდანაა და იქ ვაპირებდი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას. ადრე „ნაციონალებშიც“ ვიყავი, სიტუაცია რომ აირია, არასამთავრობო სექტორში გადავედი. არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად მოძრაობა რომ დავიწყე, ეს ინფორმაცია, რაღაცნაირად, პოლიციის სამმართველოს ყურამდე მივიდა. ქობულეთის სამმართველოს უფროსმა დამიბარა, მკითხა, _ რას აპირებო? ყველაფერი ვუთხარი. ამის შემდეგ დიწყო ჩემი დევნა. ქობულეთში სახლთან უკვე ფეხითაც დადიოდნენ პოლიციელები, მაგრამ ვერაფერზე მიჭერდნენ, არაფერს ვაშავებდი. მერე ისე მოხდა, რომ ქობულეთში, რესტორანში ჩხუბი მომივიდა პოლიციის მიერ შემოგზავნილ ადამიანთან, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. ქობულეთის რაიონის განყოფილებამ დამიჭირა. გაზის იარაღი მქონდა, ამაზე უნდოდათ დაჭერა, მაგრამ გაფორმებული იყო. ასევე მქონდა ერთი სიგარეტი მარიხუანა, ეს რომ დაინახეს, რაოდენობა გამიზარდეს და თვითონაც ჩამიდეს. ჩემი რაც იყო, ვაღიარე. დაკავების პერიოდში რესტორნის ტერიტორიაზე ძალიან მცემეს, როცა ვთქვი, რომ მარიხუანა მე არ მეკუთვნოდა. ჩემი მეუღლეც იქ იყო და ყვირილი დაიწყო, მისთვისაც უნდოდათ ჯიბეში ხელის ჩაყოფა, მერე ხელი დაარტყეს, იარაღი მიუტანეს და უთხრეს, _ გაჩუმდი, თორემ, ერთ ადგილას შეგტენითო! ამის მერე დამაკავეს, ადგილზე ხომ მცემეს, მერე სამმართველოში გადამიყვანეს. იქ უკვე ზეწოლა წავიდა, რომ მეღიარებინა. ვუთხარი, _ ჩემი რაც იყო, ვაღიარე და თქვენს ჩადებულს არ ვაღიარებ-მეთქი. ამის მერე 1-2 საათი კიდევ მცემდნენ.
_ ვინ იყვნენ ეს პოლიციელები, მათი გვარ-სახელები თუ იცით?
_ ოლეგ გოგიტიძე, ზურა ირემაძე, შაქარიშვილი, პაატა მოწყობილი, არჩილ ჯიბუტი, ვინმე „დავიდოვიჩი“, სახელი არ ვიცი, ის ხელმძღვანელობდა ყველაფერს, ტელეფონზე ურეკავდნენ. ერთხელ მოვიდა კიდეც, რომ უთხრეს, არ აღიარებსო და თქვა, _ რად გვინდა მაგის აღიარება, დავახრჩოთ, წყალში გადავაგდოთო. რამდენჯერმე ფეხი იმანაც ჩამარტყა. მთელი ღამის მანძილზე ასე გრძელდებოდა, შემოვიდოდნენ და მცემდნენ. შემდეგ ნარკოლოგიურში წამიყვანეს, მაგრამ ძალიან ნაცემი რომ ვიყავი, ვერ მოვშარდე. ამის მერე ისევ ქვევით ჩამომიყვანეს, მთლიანად გამაშიშვლეს, ცივ მეტლახზე მატარებდნენ _ მთელი პოლიციის სამმართველო მონაწილეობდა. მეტლახზე სიარულმაც რომ ვერ გამოიღო შედეგი და ვერ მოვშარდე, სხვა ზომებს მიმართეს. თებერვალში, ყინვაში, ფეხშიშველი გამიყვანეს სამმართველოს ეზოში, 4 საათის განმავლობაში წყალს მასხამდნენ, გინდა თუ არა, უნდა მოშარდოო. მერე რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე დამაბეს. დილით თათბირი რომ მოამთავრეს, ჩემთვისაც მოიცალეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. ძალიან ნაცემი ვიყავი, ცხვირი გატეხილი, ტუჩი და თავი გახეთქილი მქონდა. ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს, იზოლატორში თქვეს, სასწრაფო დახმარება უნდა გამოვიძახოთ, ნაცემიაო. სასწრაფო რომ მოვიდა, პოლიციელები სთხოვდნენ, ჩაწერეთ, რომ არ არის ნაცემიო, ექიმმა უარი თქვა. ამის მერე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ისევ გამიყვანეს და დაახლოებით 3 საათი კიდევ მცემდნენ, ბოთლებსა ქაღალდების დასტას მირტყამდნენ თავში, აღიარეო. ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს, სასწრაფო კვლავ გამოიძახეს და ისევ ის ექიმი მოვიდა, რომელმაც ხელი არ მოაწერა. ექიმმა თქვა, ხელს არ მოვაწერ, რადგან ეტყობა, რა დღეშიც არისო. გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ხომ გყავთ იქ თქვენი ექიმები და იმათ მოგიწერონ ხელიო. წამიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში, იქ ექიმმა დაწერა, თითქოს არაფერი მჭირდა. მთხოვდა, რომ ხელი მომეწერა, მაგრამ უარი ვუთხარი. იმ ექიმმაც რომ შეხედა, ნაცემი ვიყავი და ვყვიროდი, არ გავჩუმდები-მეთქი, ის საბუთი დახია, ეს გამჩერებელი არ არის და ამ ამბავს ვერ „გავაპრავებო“. ბოლოს დაწერეს, რომ თითქოს სიცხე მქონდა და ამის გამო გადამიყვანეს საავადმყოში. დამაბრუნეს ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში, კიდევ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ჩემს ბედზე, მესამედაც ისევ ის ექიმი მოვიდა, რომელმაც დაწერა, რომ სახეზე დაზიანებები მქონდა. ამის შემდეგ უკვე წინასწარი დაკავების საკანში დამტოვეს. სახალხო დამცველმა ჩემი საბუთები ამოიღო და იქაც ჩანს, რომ დაგვიანებით ვარ წინასწარი დაკავების იზოლატორში შეყვანილი. ციხეში რომ გადავყავდი, გამომძიებელმა გოგიტიძემ მითხრა, _ აღიარე სასამართლოზე და გირაოთი გაგიშვებთო. ბათუმში მოსამართლე დავით მამისეიშვილსაც ვუთხარი, _ ხომ ხედავთ, ნაცემი ვარ, რაც მქონდა მარიხუანა, ვაღიარე, დანარჩენი ჩამიდეს-მეთქი. მომისაჯეს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა. სასამართლოდნ რომ წამომიყვანეს, ექსპერტიზაზე გადამიყვანეს, მანამდე კი აჭარის პროკურატურაში ამიყვანეს გიორგი პერანიძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ცემის ფაქტთან დაკავშირებით არაფერი დამეწერა, მირჩევდა, ეს რომ თქვა, დიდ სასჯელს მოგცემენ, თუ არ დაწერ, იოლად გადარჩებიო. ეს რომ მითხრა, ჩვენება საერთოდ არ მივეცი, არაფერი დამიწერია, ვთქვი, რომ არ ვენდობოდი და აცილებას ვაძლევდი. ამის მერე გარეთ გამომიყვანეს. ამ დროს, პერანიძე თანამშრომლებს ეუბნება, ექსპერტიზაზე მიიყვანეთ, იქ ყველაფერი გარკვეულია და როგორც საჭიროა, ისე გააკეთებენო. საექსპერტო სამსახურში ზეზეურად უნდოდათ დათვალიერება, ვუთხარი, ცხვირზე გადამიღეთ, დამტვრეული მაქვს-მეთქი, _ ჩვენ მაგას არ გავაკეთებთო. უკან წამომიყვანეს და დაწერეს, რომ ექსპერტიზაზე უარი განვაცხადე. გადამიყვანეს ბათუმის ციხეში. სასამართლო პროცესები რომ დაინიშნა, ყველაფერზე ექსპერტიზა მოვითხოვე. ჩემი კუთვნილი მარიხიუანა და ჩადებული რომ დაილუქა, ექსპერტიზაზე ორ პაკეტად წავიდა, დაადასტურეს, რომ მარიხუანა იყო. საექსპერტო სამსახურიდან დალუქული პაკეტი რომ წამოვიდა, სადღაც გაიხსნა, ჩემი კუთვნილი სიგარეტი მოიპარეს და პოლიციის მიერ ჩადებული დატოვეს. მოსამართლემ როცა დალუქული პაკეტი გახსნა, ერთ ცალად შეფუთული აღმოჩნდა. პროკურორმა და გამომძიებელმა ექსპერტიზის სამსახურს დააბრალეს. ამ სამსახურში წერილი გავაგზავნე და ვიკითხე, _ შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი რამე მომხდარიყო? პასუხი მომივიდა, _ ჩვენთან როგორც შემოდის, ისევე ვტოვებთ და გადარევა არ ხდებაო. აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ და გვერდით გადადეს, ეგ ცალკე საქმეა და ცალკე გამოიძიეთო. ამის შემდეგ მთავარ პროკურატურას მივმართე, გამოეძიებინათ ვინ იყო დამნაშვე? სადღაც ხომ მოხდა ეს ამბავი? მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ამის მერე ციხიდან მივწერე პრეზიდენტს, პრემიერს, შს მინისტრს, პარლამენტში ეკა ბესელიას, ვინც კი არსებობს, მაგრამ ერთმანეთს უგზავნიან ქაღალდზე დაწერილს, გამოიძიეთო. დღესაც არ არის გამოძიებული, ისიც კი არ გააკეთეს, რომ იმათ ამოცნობაზე გადამიყვანონ ქობულეთში, ვინც მაწამა და მცემა. დღესაც ვითხოვ, რომ დამკითხოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ჩემს საქმეში იმდენი დარღვევაა, ზოგი მოწმე აცხადებს, რომ პლაჟზე დამიჭირეს, ზოგი ამბობს, სასტუმროსთან დაიჭირესო, თვითონ პოლიციელები არიან ცრუ მოწმეები. მე რომ დამაკავეს, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი მეუღლე და მისი ძმა, ვითხოვდი, სასამართლოზე დაეკითხათ, მათ დაინახეს რეალურად რაც მოხდა, მაგრამ უარი თქვეს. ვინ შემომიგზავნეს და ჩხუბი ვისთანაც მომივიდა, ლაშა თამაზაშვილი იყო, პოლიციასთან შეკრული, საჩხუბრად სპეციალურად გამომიწვია. ამ დღეებში მთავარ პროკურატურაში კიდევ შევიტან განცხადებას, მანამდე ბადაშვილსაც მივწერე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. ყველა თავს არიდებს და პოლიციელებს ხელს აფარებს. აჭარის პროკურატურიდან ისევ გიორგი პერანიძე მიკავშირდება, გინდა თუ არა, მომეცი ჩვენებაო. უარს ვეუბნები, აჭარის პროკურატურას აცილებას ვაძლევ. მინდა, რომ თბილისში დამკითხონ და აქ გამოიძიონ ეს საქმე. აჭარაში ერთმანეთს არ გაამტყუნებენ, პირადად გიორგი პერანიძე „აპრავებდა“ პოლიციელების დანაშაულს და მაგას როგორ უნდა ვენდო?! ისევ პოლიციელების სასარგებლოდ გამოიძიებს. ახლაც საშიშროებაში ვარ, ადვოკატმა გამაფრთხილა, უკვე, პოლიცია ამბობს, ქობულეთში რომ გამოჩნდები, ისევ დაგიჭერენ და ნარკოტიკს ისევ ჩაგიდებენო.
_ რას უკავშირებთ პოლიციელების მხრიდან თქვენ მიმართ ასეთ ინტერესს?
_ ადრე „ნაციონალებში“ ვიყავი, მერე არასამთავრობო ორგანიზაციაში გადავედი, აქტიური ადამიანი ვარ. ამ ყველაფერს ჩემს აქტიურობას ვუკავშირებ. მათ არ აწყობდათ იქ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
თამარ ბატიაშვილი