QronikaPlus
კანონი, რომელიც ეკონომიკურმა გუნდმა დაბლოკა და თაროზე შემოდო?!

კანონი, რომელიც ეკონომიკურმა გუნდმა დაბლოკა და თაროზე შემოდო?!

2015-12-16 07:23:49

საქართველოში შრომითი უფლებები კვლავ ფეხქვეშ ითელება. საწარმოებში არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რისი დასტურიც მძიმე ტრავმული და სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევებია. ამ მხრივ ხელისუფლების მოქმედება კრიტიკას ვერ უძლებს, _ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უხვი დაპირების მიუხედავად, იგი ლოზუნგებსა და კეთილ სურვილებს, ჯერჯერობით, არ სცდება. ამას წინათ ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქება 25-ე მაღაროში მოხდა. შემთხვევის დროს მაღაროში ცვლის უფროსი და ამფეთქებელი იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად ორივე დაშავებული თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს; კასპში მომხდარ უბედურ შემთხვევას კი ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, სადაც ფუნდამენტის სამუშაოები მიმდინარეობდა, მიწა ჩაიშალა და ორი ადამიანი ჩავარდა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა შეძლეს, მეორე კი გარდაცვლილი ამოიყვანეს. შრომით უსაფრთხოებაზე „ქრონიკა+“ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრება: _ უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის კუთხით რა რეალური პრობლემების წინაშე ვიმყოფებით? _ ამ სფეროში წლების განმავლობაში რა გამოწვევებიც იყო, იგივე რჩება. ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ რაღაც პროგრამა აამუშავა, რომელსაც შრომის პირობების მონიტორინგი ეწოდება, ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ის სავალდებულო ინსპექტირებას არ გულისხმობს. ეს პროგრამა დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, რომელიც სანქციების გატარებას არ ითვალისწინებს, რასაც დამსაქმებლებისთვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი ექნებოდა იქ, სადაც რეალური დარღვევებია. კანონმდებლობაშიც განსაკუთრებული არაფერი განხორციელებულა. კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ორჯერ მომზადდა შარშან აგვისტო-სექტემბერში და ამ წელსაც მაის-ივნისში, კვლავაც თაროზეა შემოდებული. მისი ბედი ამ მომენტისთვის ჩვენთვის და, ზოგადად, სოციალური პარტნიორებისთვის უცნობია. პრინციპში, ეს კანონპროექტი, როგორც შარშან, ისე წელს, საკმაოდ გამართული იყო. ის შეესაბამებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ნორმებს, ასევე ევროკავშირის დირექტივებსაც, მაგრამ ორივე კანონპროექტი ამ საერთაშორისო ნორმებს რომ შეესაბამებოდა, ალბათ, ამიტომაც დაიბლოკა. ეტყობა, ვიღაცას ეკონომიკურ გუნდში, ბიზნესასოციაციებში მოეჩვენა, რომ ის ზედმეტად მკაცრია და საქართველოსთვის ეს ჯერ ადრეა. სავარაუდოდ, ასე იქნებოდა, რადგან შარშან სწორედ ასეთი საუბრების შედეგად შემოიდო ის თაროზე. ამდენად, კვლავაც გაურკვეველ ვითარებაში ვართ. პრინციპში, წინსვლას რატომ უნდა ველოდოთ? არანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, არ შექმნილა. და უახლოეს ხანებში ჩემთვის უცნობია, თუ რაიმე იგეგმება. გასაგებია, რომ მთავრობაში კანონპროექტი უნდა განიხილიონ და შემდეგ პარლამენტში შეიტანონ; და რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი (რომელიც მიმდინარე წლის აპრილში შეიქმნა) უნდა ამუშავდეს და რეალურად ის ფუნქციები მიეცეს, რაც ნორმალურ ქვეყნებში არსებულ შრომის ინსპექციებს აქვთ. ეს მხოლოდ კეთილი  სურვილებია, მთავრობის მხრიდან ამის შესახებ რამდენჯერმე მოვისმინეთ, მაგრამ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. _ ამ ფონზე, უშუალოდ სამუშაო ადგილებზე რა ტიპის დარღვევები არის გამოსაყოფი? _ აქ დარღვევების მთელი სპექტრია. განსაკუთრებით სამრეწველო ობიექტებზე, ანუ დამამუშავებელ, სამთო-მოპოვებით, მეტალურგიულ, ქიმიურ მრეწველობაში; ასევე მშენებლობაში, ტრანსპორტსა და ა. შ. ძირითადად გვხვდება უხეში ტიპის დარღვევები, შედარებით მსუბუქზე რომ არაფერი ვთქვათ. ვგულისხმობ შემდეგს: პერსონალი, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად აღიჭურვება დაბალი ხარისხის დაცვის საშუალებებით-ამუნიციით (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩაფხუტი და სხვ.); მეორე _ არ არის დაცული პერსონალის მომზადების, გადამზადების, ტრენინგის სისტემა. ძალიან ხშირად დასაქმებულებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ ავარიების შემთხვევაში, ან როგორ მოხდეს რისკების პრევენცია, პოტენციური საფრთხის აღმოჩენა და ა. შ. არადა, ევროპულ პრაქტიკაში და ჩვენთანაც ეს მოთხოვნა დგას, _ წესით და რიგით დამსაქმებელი სამუშაო ადგილზე ერთობლივი უსაფრთხოების კომიტეტს უნდა ქმნიდეს. ერთობლივში იგულისხმება მენეჯმენტისა და დასაქმებულების მონაწილეობით, პარიტეტული წესით უსაფრთხოების კომიტეტების ფუნქციონირება. ისინი ერთად უნდა აღმოაჩენდნენ რისკებს, მას აფასებდნენ; დამსაქმებელთან, დირექტორთან ერთად გეგმავდნენ მათი აღმოფხვრის გზებს; შემდეგ იხილავდნენ, მონიტორინგს ატარებდნენ, თუ რამდენად განხორციელდა რისკების შეფასების შედეგად აღმოჩენილი საფრთხეების პრევენცია. ძალიან ხშირად უბედური შემთხვევების წყარო შრომითი უფლებების დარღვევაა (სამუშაო დროის დაუცველობა, ხშირი ზეგანაკვეთური შრომა, დასვენებისა და შესვენების არქონა, ან მისი არასაკმარისი სტანდარტით ამოქმედება და განხორციელება). მნიშველოვანია ასევე, რომ ამორტიზებულია საწარმოო ფონდები. მაგალითად, ჭიათურაში, ზესტაფონის ფეროში, სამთო-მოპოვებით საწარმოებში არ განახლებულა არც ტექოლოგიები და არც საწარმოო საშუალებები. ადამიანებს გასული საუკუნის შუა პერიოდის (თუ უფრო ადრინდელი არა!) ხელსაწყო-იარაღებითა და მოწყობილობებით უწევთ სამუშაოების შესრულება. არ არსებობს საფრთხეების, რისკების აღმოჩენის შემთხვევაში დასაქმებულების მხრიდან დამსაქმებელთან ინფორმაციის მიტანისა და მასზე დამსაქმებლის მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირების მექანიზმები. პირიქით, დასაქმებულებს ეშინიათ, ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი აზრი უსაფრთხოების სისტემის შესახებ. რადგან ძალიან ხშირად მათ მიუთითებენ ხოლმე კარისკენ და ეუბნებიან, რომ თუ არ გინდა, სხვა მოვა შენს ადგილზეო. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი, კანონმდებლობა დასაქმებულს საშუალებას აძლევს, უარი თქვას შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც საფრთხის შემცველია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის (ასევე გარემოსთვის), ამ უფლებას დასაქმებულების 99% ვერ იყენებს. ეს არის პრობლემები, რაც უბედურ შემთხვევებს იწვევს. თუმცა აქვე დავამატებ ხელისუფლების პასუხისმგებლობას. არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ეს სისტემა მოუწესრიგებელია. არსებობს გარკვეული სტანდარტები, ტექნიკური რეგლამენტები, მაგრამ ზედამხედველობა ამ ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების განხორციელებაზე სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს. არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც დამსაქმებელს აიძულებდა, შეესრულებინა და დაეცვა თუნდაც ის მწირი საკანონმდებლო ნორმები, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. _ ამის გათვალისწინებით, ქვეყანაში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ხელისუფლებამ ეს ევროდირექტივები, ელემენტარული ვალდებულებები საკუთარი მოქალაქეების წინაშე შეასრულოს? _ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პროფესიული კავშირები ამ კუთხით თანმიმდევრულ მუშაობას ვახორციელებთ. ასევე ვზემოქმედებთ ამ პროცესის ყველა მონაწილე მხარეზე, მათ შორის  ხელისუფლებაზეც, რომ შეასრულოს მის მიერვე ხელმოწერილი საერთაშორისო ნორმები, მოთხოვნები, ხოლო დამსაქმებლებმა კანონით განსაზღვრული სავალდებულო მოქმედებები განახორციელონ. თუმცა მხოლოდ პროფკავშირების მოქმედება არასაკმარისია. პროცესში ჩართული გვყავს საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ ანგარიშებს და მოხსენებებს ვაწვდით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ; ვაწარმოებთ ჩვენსავე სტატისტიკას; ვაანალიზებთ, თუ რა იწვევს ამდენ უბედურ შემთხვევას, როგორც მძიმე ტრავმულ, ასევე გარდაცვალების კუთხითაც. ასევე რეგულარულად ვუახლებთ ინფორმაციას ევროკავშირს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას იმ შეგნებული დაყოვნების, ან იგნორირების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება ხშირად მიმართავს კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის შექმნისა და მისი განვითარების კუთხით. იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შედეგი მივიღოთ, ალბათ საჭიროა პროცესში საზოგადოების უფრო ფართო ფენების ჩართვა. იმ შიშის ელემენტების მოხსნა, რომელიც დასაქმებულებზე მოქმედებს და ისინი პირდაპირ, ღიად ვერ საუბრობენ იმ დარღვევებზე, რაც მათთან რეალურად არის გამოხატული.  

გელა მამულაშვილი

   

გაზიარება