პარლამენტში ინიცირებულია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება. კანონპროექტს უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი ფრაქცია აწერს ხელს. მას ხელს არ აწერს ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“.
ოპოზიციისთვის საარჩევნო კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილებები მიუღებელია. „მექანიკურად დაჩეხილი საქართველო“, _ ასე შეაფასეს მათ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მათი გაერთიანების ან პირიქით _ გაყოფის ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდის, ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ შედეგად, შეძლებისდაგვარად, მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
„ქრონიკა+“ „ახალი მემარჯვენეების“ წევრს, არასაპარლამენტო ოპოზიციის საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს ესაუბრება:
_ ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო ცვლილებებს?
_ მმართველი კოალიციის მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს, როგორც სისტემური ცვლილება და ამას თვითონვე ადასტურებენ. აღნიშნული ცვლილების არსი გახლავთ ერთი მარტივი რამ, _ იცვლება ოლქების საზღვრები და არც ერთ შემთხვევაში _ სისტემა.
მეორე მხრივ, ეს ცვლილება კოალიცია „ქართული ოცნების“ კეთილი ან პოლიტიკური ნების გამოხატულება არ არის. ეს არის იძულება ხელისუფლებისა, მისი იძულებითი მდგომარეობა, რომელშიც ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩადგა.
იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები უთანაბრობის გამო დააკვალიფიცირა, როგორც არაკონსტიტუციური. კერძოდ, ეს არის კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლების დამრღვევი ნორმა. და მან მოითხოვა, რომ ხელისუფლებას აუცილებლად უნდა შეეცვალა არსებული ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები. ეს არის სასამართლოს დავალება, რომელიც მან აუცილებლად უნდა შეასრულოს. ეს დავალება სწორედ ამ ინიციატივით შეასრულა და აქ სხვა არაფერია.
ეს რომ მისი ნება ყოფილიყო, ჯერ ერთი, მანამდე გააკეთებდა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. და მეორეც, ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს არა მხოლოდ პარლამენტისთვის გაათანაბრებდა, არამედ ამას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვისაც გააკეთებდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის შიგნით, საკრებულოს მასშტაბით იმ უთანაბრო ერთმანდატიან ოლქებს გაასწორებდა, რაც სადღეისოდ საქართველოში ძალიან უხვად გვაქვს გამოხატული. და თუ 2500, სამიათასპროცენტიანი განსხვავება იყო და არის ერთმანდატიან საპარლამენტო ოლქებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, კერძოდ საკრებულოებში ასეთი უთანაბრობა 10 ათასს, 15 ათას პროცენტს აღწევს. ანუ ასეთი ტიპის განსხვავებაა მაჟორიტარულ ოლქებში.
ამას ემატება კიდევ ერთი რამ _ ხელისუფლებას განუხორციელებელი რჩება ორი ისეთი პუნქტი, პრინციპი, როგორიცაა მიღებული ხმებისა და მანდატების პროცენტული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ანუ მიიღებ 40%-ს ხმებისა, შესაბამისად, მანდატების 40% უნდა გქონდეს. 20%-ს აიღებ, ასევე 20% ან ამდენივე პროცენტთან მიახლოებული მანდატები უნდა მიიღო. და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაძლევდეს 25-30%-იან ფორას ის სისტემა, რომელიც არსებობს და რომელიც მათ დღის წესრიგში დატოვეს.
მეორე პრინციპი, რომელიც ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა, არის ის, რომ საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა განეკუთვნება კანონმდებლობათა იმ კატეგორიას, რომელიც აუცილებლად ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის პროდუქტი უნდა იყოს. ამას ამბობს ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, რომლის 2014 წლის პირველი ოქტომბრის რეზოლუციაში პირდაპირ არის რეკომენდაცია საქართველოსთვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა პოლიტიკური კონსენსუსით უნდა იყოს შექმნილი. და საქართველოსთვის რეკომენდებულია რეგიონულ-პროპორციული, ჩვენებურად რომ ვთქვათ, სამხარეო-პროპორციული სისტემა ღია სიებით.
აი, ამ ყველაფრის ფონზე, მათ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება, რასაკვირველია, ვერც ერთ შემთხვევაში პოზიტიურად ვერ ჩაითვლება, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ეს არის მექანიკურად დაჩეხილი საქართველოს მოდელი...
თანაც ევროპაში აღიარებული კიდევ ერთი პრინციპი დაირღვა, _ ქვეყნის საარჩევნო სისტემა ერთგვარად უნდა მიესადაგებოდეს, შეესაბამებოდეს ამ ქვეყნის ისტორიულ, ტრადიციულ და გეოგრაფიულ თავისებურებებს. ამ დროს სამტრედიას შუაზე ხერხავ, გორს ოთხად დაანაწილებ, ნაწილს მისცემ ქარელს, მეორეს _ კასპს და დანარჩენს შუაზე გაყოფ; ზუგდიდიდან აქეთ რაღაცას გამოუგზავნი ხობს, მერე თვითონ ზუგდიდს კიდევ ორ ნაწილად გაყოფ; დავუშვათ, მექანიკურად ლენტეხს მიაწებებ ცაგერს, ონს, ამბროლაურს; ყაზბეგს, დუშეთს, თიანეთს ერთად მოიაზრებ; ეს კიდევ უფრო სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. იმის გამო, რომ ლაგოდეხი ძალიან პატარაა და თელავი დიდი, ხოლო ყვარელი ნორმალური ზომის, თელავს მოაჭრეს ნაწილი, გადაუგზავნეს ყვარელს. თავის მხრივ, ყვარელს მოაჭრეს კიდევ უფრო დიდი ნაწილი და გადაუგზავნეს ლაგოდეხს და ამით ეს სამი ოლქი, თავისი ჭკუით, გაასწორეს.
ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის დაჩეხილი საქართველოს მოდელი, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ შემოგვთავაზა.
_ რატომ არ მოდის ხელისუფლება მთავარზე _ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე?
_ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პარლამენტში ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნება, ეს არის ყველა ხელისუფლების ფორა, საშუალება, რომ შედარებით დაბალი რეიტინგის პირობებში აიღო საგრძნობლად მაღალი რაოდენობა მანდატებისა. ვიმეორებ: დაახლოებით 25-30%-იანი უპირატესობა აქვს მანდატთა რაოდენობას, ვიდრე მიღებული ხმების რეალური ოდენობაა.
ყველაზე უფრო ცხელი ინფორმაცია (შორს 90-იან, 2000-ათასიან წლებში რომ არ წავიდეთ), მაგალითი: დედაქალაქში 2014 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც, ისევე როგორც პარლამენტში, ნახევარი აირჩა პროპორციულად და ნახევარი _ მაჟორიტარულად. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქში 44% აიღო. 50-კაციან საკრებულოში ხელისუფლებას დაახლოებით 23 მანდატი უნდა აეღო, იმ 44%-ის შესაბამისად. ამ დროს მან აიღო 37 მანდატი, რაც პროცენტულად 76%-ია.
ანუ 44%-ად მან იშოვა, მოიხვეჭა, მოიპარა, რაც გინდათ ის დაარქვით, 76%. ახლა ეს მოდელი პარლამენტში რომ გადაიტანო (სავსებით შესაძლებელია, რომ გადავიდეს, რადგან მან 25 მაჟორიტარული ოლქიდან 24 მოიგო და ამან მისცა ეს უპირატესობა), ამით მარტივად შეიძლება, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, სადღაც, 45, 50%-იანი რეიტინგის პირობებში აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა _ ანუ სამი მეოთხედი, 76% სამ მეოთხედზე მეტია.
ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, 45 ან კიდევ უფრო ნაკლებპროცენტიანი პარტია უცებ ფლობს ქვეყანაში საკონსტიტუციო უმრავლესობას და ყველაფერს თავის გემოზე ჭრის და კერავს.
ამიტომ არ წავიდა ხელისუფლება სისტემურ ცვლილებაზე, რადგან აღნიშნულ ფორას დაკარგავდა. და რეიტინგის ვარდნის პირობებში, ფაქტობრივად, შეეცადა, რომ ამ მოპარული მანდატების მეშვეობით ძალაუფლება კვლავ შეინარჩუნოს.
ის, რომ რეიტინგი დავარდა, ამას ბოლო ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძგური, გამობრძანდა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. რით უნდა აიხსნას ეს მომენტი, თუ არა იმით, რომ მათ რეალურად დაინახეს საფრთხე ხელისუფლების დაკარგვისა, რეიტინგის ვარდნისა. ამიტომ უკანასკნელი იმედი და ჯოკერი, ერთადერთი რესურსი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდიოს ამომრჩეველზე (არა პიროვნებამ, არამედ მისმა ფულმა) _ ისევ გამოდის პოლიტიკურ ავანსცენაზე. ამ ინფორმაციაზე
მოკლე კომენტარის გაკეთება მსურს, რომ შემდეგ არჩევნებზე ივანიშვილი ღიად დაბრუნდება, როგორც კოალიციის ლიდერი. ჯერ ერთი, ეს არ არის წარმოუდგენელი სიახლე. იკითხებოდა, რომ ის დაბრუნებადი იყო ქართულ პოლიტიკაში იმ რეიტინგის ვარდნის პირობებში, რა დღეშიც „ქართული ოცნება“ იმყოფება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე კონკრეტულ მომენტზე მიუთითებს:
პირველი _ ბიძინა ივანიშვილის წასვლა იყო შეცდომა, მის მიერვე აღიარებული. და ამ ბოლო გადაწყვეტილებით, ერთგვარად, ცდილობს, რომ თავისივე შეცდომა გამოასწოროს;
მეორე _ ივანიშვილი ამ დაბრუნებით ადასტურებს, რომ უმისოდ კოალიცია „ქართული ოცნება“, უბრალოდ, არ ვარგა. და შესაბამისად, ის ბრუნდება, რადგან მომავალი არჩევნების, პოლიტიკის ამათ ანაბარა დატოვება, უბრალოდ, არ შეიძლება.
თავის დროზე, ის ტრაბახობდა, _ ისეთ მთავრობას დავტოვებ, მთელი ქვეყანა იამაყებსო. ეს დაბრუნება იმაზე მიუთითებს, რომ კოალიციას არჩევნების წინ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს;
და მესამე _ ეს მისი მხრიდან გაცხადებული დემონსტრირებაა, რომ ხალხს დასცინის. მან ეს ხალხი აბუჩად აიგდო _ მოვიდა 2011 წელს, მერე თქვა მივდივარო, წავიდა, მაგრამ რეალურად არსად წასულა. ახლა ისევ უკან ბრუნდება და ისევ სურს, რომ ამომრჩეველს ძველი ზღაპრები მოუყვეს. რეალურად, რა ვალდებულებებიც აიღო 2011 წელს, სრულიად ვერ გაართვა თავი.
ამიტომ ეს პირდაპირ დაცინვაა ჩვენი ამომრჩევლების. არ მგონია, ქართული ელექტორატი პოლიტიკურად იმდენად უმწიფარი იყოს, რომ ვერ შეაფასოს ეს ხრიკები, ფანდები და ტყუილები მთლიანობაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და, კონკრეტულად, ივანიშვილისა.
დარწმუნებული ვარ, მისი მეორედ მოსვლა არაფრით იქნება უკეთესი პირველთან შედარებით. მეტიც, ეს გაცილებით უარესი იქნება და სრული კრახით დასრულდება.
გელა მამულაშვილი