საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ მურმან დუმბაძესთან ინტერვიუს მოვრჩი და ჩემთვის რაღაც დოკუმენტების გადმოსაცემად ერთად უნდა გავსულიყავით. ბოლო მოქალაქესაც მივიღებ და წავიდეთო. მოსაცდელში ველოდებოდი, რომ უცებ კაბინეტიდან დეპუტატის ხმამაღალი ლაპარაკი გაისმა. იმ წუთში კაბინეტში ბიუროს თანამშრომლები შევიდნენ. შევედი მეც.
_ რა მოხდა, ბატონო მურმან?
_ ეს კაცი, რომელთანაც მხოლოდ ერთხელ ვარ შემთხვევით შენახვედრი, ისიც აჭარის უმაღლეს საბჭოში, მეუბნება, რომ იქიდან წამოსვლისას 10 ათასი დოლარი გადმომცა სამსახურის დასაწყებად და ახლა უნდა დამიბრუნოო. ეს არის პროვოკატორი და მოგზავნილი სპეცსამსახურების მიერ. სწორედ ეს კაცი არის დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახე, რომელმაც ოპონენტებთან სასაუბრო სხვა ენა არ იცის, გარდა შანტაჟისა და იაფფასიანი სპეკულაციებისა.
ბატონმა მურმანმა მერიის დაცვა გამოიძახა, მათ, თავის მხრივ, _ პოლიცია. მომხდარის შესახებ აჭარის მთავარ პროკურორსაც შეატყობინეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფრიდონ კირკიტაძე თვეებია, მურმან დუმბაძესთან პირისპირ შეხვედრას ცდილობდა, რისი მომსწრეც „ქრონიკა+“ უნებლიეთ გახდა.
_ ბატონო მურმან, მეოთხე ბედნიერი წელი დაიწყო...
_ 3 წელი გავიდა, 3-ჯერ 365, უკვე ცოტა მეტიც... და ამ პერიოდში სრულიად საქართველოს ხელისუფლებამ, აჭარის ჩათვლით, მოახერხა, რომ ერთი ერთში გაევლო წინამორბედის გზა.
ურეკში ბიძინა ივანიშვილი ზღვაში სასტუმროს აშენებს, ზღვაში!.. საცურაო აუზებით. როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილიც ხიბლშია ჩავარდნილი. თუ ყოფილი პრეზიდენტი ბიუჯეტით ახორციელებდა ახირებულ პროექტებს, ივანიშვილი საკუთარი ხარჯებით აკეთებს. მაგრამ თუ მოსახლეობის კეთილდღეობას არ წაადგება, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ფული დაიხარჯება?
სამი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ხელისუფლებას ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა-წახალისებისთვის.
ახლა პოლიტიკური თანხვედრაა. ამაზე სამარცხვინო პარლამენტი მე არ მეგულება. 2 ოქტომბრიდან უმრავლესობის დეპუტატებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, როგორმე 2016 წლის „ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვდნენ. ესენი არიან უპრინციპო ადამიანები, რომელთაც საკუთარის გარდა არაფერი ამოძრავებთ.
ერთ მაგალითს მოვიყვან: 2012 წელს ჩვენ ვთქვით, რომ უნდა შეცვლილიყო კანონი მოსმენების შესახებ. ეს კანონი უნდა არსებობდეს, სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არა იმ სახით, როგორითაც ახლაა.
პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო კანონის გადავადების შესახებ. პრეზიდენტმა ამას ვეტო დაადო. როცა უმრავლესობამ ვეტოს ვერდაძლევის საფრთხე იგრძნო, იმავე ხალხმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ ამ კანონის შეცვლა აღარ გადავადებულიყო. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ რეალობისა, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება.
სამი წლის მანძილზე რამდენი ღარიბი ოჯახით ნაკლებია საქართველოში? ნაკლები კი არა, მათმა რიცხვმა მოიმატა.
მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანას საზოგადოებისაგან ხელისუფლების ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი სჭირდება. თუ დააკვირდებით, ყველა წარმატებული ქვეყნის ხელისუფალს ყველა დონეზე ენდობა საკუთარი ამომრჩეველი. ჩვენთან კი რა გამოდის? იბრძვი, მოიგებ, მაგრამ შენს იდეებს ჩააჩოჩებენ და სულ სხვა ხალხი მოჰყავთ თანამდებობებზე.
ვინ მოიყვანა ღარიბაშვილმა? _ ჯანყარაშვილები. უდავოდ დასაფასებელია იმათი გმირობა, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან იყო, მაგრამ მანამდე ბევრჯერ გახლდათ პირველი ოქტომბერი. დღეს დანიშნულთაგან სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რამდენს გაუპროტესტებია ის წლები? თუნდაც ბათუმის დღევანდელი მერი, გიორგი ერმაკოვი, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას „ნაციონალების“ კანდიდატს ეხმარებოდა.
_ საიდან მოხვდა ერმაკოვი ამ თანამდებობაზე?
_ ერმაკოვის მამა და ღარიბაშვილის მამა-სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, ერთად მუშაობდნენ ორგანოში და ერთმანეთს იცნობდნენ. რეკომენდაცია მეც გამიწევია, მაგრამ დაუმსახურებლად არასოდეს არავისთვის. თუნდაც ავთანდილ ბერიძე. ის 25 წლის განმავლობაში იბრძოდა და თანამდებობა დაუმსახურებლად არ მიუღია. თუმცა სხვა საკითხია, შემდეგ როგორ მოიქცა. ამით მან თავისი ბიოგრაფია გაიფუჭა, მე კი ვერ დამაკლო რამე.
_ თქვენი აზრით, ივანიშვილმა როგორ მოახერხა მგზნებარე მომხრეების მოწინააღმდეგეებად ქცევა? თავიდანვე თვალთმაქცობდა, თუ მერე შეიცვალა რამე? რით ხსნით მის ასეთ ტრანსფორმაციას?
_ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მისი დამსახურებაა, დღეს სააკაშვილის რეჟიმი რომ აღარაა ქვეყანაში. ამ ნაბიჯის გადადგმა ივანიშვილის მდგომარეობის ადამიანისთვის იოლი არ იყო, მაგრამ გადადგა. თუმცა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, როგორც ჩანს, მის ქონებას საფრთხე დაემუქრა და მისი მოტივიც ეს იყო _ საკუთარი ქონების გადარჩენა და ამისთვის თავის დროზე თავისივე ქველმოქმედება გამოიყენა. მისი და მისი გუნდის საქციელიდან გამომდინარე სხვაგვარად ამის ახსნა ძნელია.
ყველა ქვეყნის წარმატების საიდუმლო წარმატებულ საკადრო პოლიტიკაშია. ამათ კი რა ქნეს? ვინც სააკაშვილს დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში ეხმარებდა, ყველა თავის ადგილზე დატოვეს, დააწინაურეს, ცივ ნიავს არ აკარებენ. თუნდაც იგივე ერმაკოვი. ის იყო იმ სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი, ატერორებდა ბიზნესს, იყო მაღალი თანამდებობის პირი. როცა ირაკლი ღარიბაშვილს ვკითხე, _ ვინ დაგისახელათ ერმაკოვის კანდიდატურა-მეთქი, მიპასუხა, _ არ გინდათ ამაზე ლაპარაკი, ის ჩემიანიაო. და მივიღეთ რა? რა დღეშია ბათუმი, თქვენც კარგად ხედავთ. სამი წელია, შემოვლითი გზა ვერ გაკეთდა. რა დღეშია ქალაქის უბნები, როგორი გაჭირვებულია ხალხი. ქალაქში მოსახლეობა იყინება.
გაიარეთ ქალაქის ქუჩებში. 80 წლის მოხუცი ქალი ყინვაში, ქარში, წვიმაში ხელში ქოლგით მუხლებამდე სველი ფეხებით დგას ქუჩაში და ვაჭრობს, რომ საღამოს სახლში პურის ფული მიიტანოს. ეს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფალისთვის სირცხვილი უნდა იყოს. თუნდაც `ოცნების ქალაქი.~ როდესაც შენ ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მოდიხარ, დამოუკიდებლად საკითხის გადაწყვეტის უნარი უნდა გქონდეს. პირველ თვეებში არჩილ ხაბაძეს ათჯერ მაინც ვუთხარი, სანამ 10 ოჯახია, რეაგირება მოახდინე, რამე გადაწყვეტილება მიიღე, შეკრიბე სამთავრობო გუნდი და მოიფიქრე, რას უპირებ ამ ოჯახებს-მეთქი. მაგრამ ვერ გაბედა და დღეს 10-ის ნაცვლად 1600 ოჯახია. ვეკითხები მთავრობას, _ რას უპირებს ამ ხალხს?
გამოსახლების არც გამბედაობა და არც უნარი ამათ არ გააჩნიათ, რომც გაბედონ, მე მოსახლეობის მხარეს დავდგები. და თუ რამე პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს ამის გადასაწყვეტად, ამას სამი წელი რად უნდა? გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ვერც მიიღებს, რადგან ლონდრე იყო, ლონდრე არის და ლონდრედ დარჩება. მისივე საფირმო სიტყვით რომ ვთქვათ, თავს აძანძურებს და მეტი არაფერი შეუძლია.
_ ბიუჯეტის განხილვისას ისე ისხედით ერთმანეთს გვერდით, თითქოს არაფერიო.
_ თამაზ მეჭიაურმა მთხოვა და უხერხული იყო უარის თქმა. სულ 5-10 წუთი ვიჯექი და იმ დარბაზში სამი-ოთხი კაცი თუ იყო, ვინც „ოცნების“ სათავეებთან იდგა, დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობის“ ნომენკლატურა იყო. ხოლო ბიუჯეტის ირგვლივ კითხვებს სვამს ვინ? _ პორტირებული „ნაციონალები“, იაშა შერვაშიძე და ანზორ ბოლქვაძე. და სწორედ ისინი მეურვეობენ საქართველოს ბუჯეტის აჭარის ნაწილს. ესაა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დღევანდელი შედეგი. სწორედ ეს განცდა დამეუფლა, როცა იმ „ნაროდნიი ხურალს“ ვუცქერდი დარბაზში. იქ ის ხალხი იყო, რომელიც 2004 წლიდან 2012 წლამდე ტაშს უკრავდა სააკაშვილს.
_ როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება არის ის ქარავანი, ძაღლის ყეფას ყურადღებას რომ არ აქცევდეს?
_ ადრე არჩევნებისას სულ ვეჭვობდი, მოვიგებდით თუ არა, დღეს ამაში ეჭვი აღარ მეპარება. მათი ქმედება კი გია ხუხაშვილმა შეაფასა სწორად, _ ესენი მაზოხისტები არიან. ყველა ხელისუფლება საკუთარი შეცდომების მსხვერპლია და ამასაც ასე სჭირს. ახლა ღარიბაშვილმა რომ დაიწყოს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი, ამას მივიჩნევთ არა როგორც სამართლიანობის აღდგენად, არამედ ამომრჩევლის მოსყიდვად, რადგან საამისოდ ხელისუფლებას საკმაო დრო ჰქოდა და ნაბიჯი არ გადაუდგამს. ეს იქნება არა ხელისუფლების ღირებულების გამოხატვა, არამედ წინასაარჩევნო განზრახვა. თუნდაც პენსიის გაზრდა. „ნაციონალების“ აქტიურობამ ხელისუფლება აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ მოსახლეობას ვთხოვ, ნუ წამოეგება ამ სატყუარას.
საქართველოს იმის რესურსი აქვს, რომ მისი ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენს რეგიონს კი _ განსაკუთრებით. ბათუმის და, საერთოდ, აჭარის ზღვისპირეთი არ არის ჩართული მსოფლიოს ერთიან ეკონომიკურ სივრცეში. აქ ბიზნესს მხოლოდ თურქეთი მეურვეობს, რადგან ხელისუფლებისათვის მათთან ატკატები იოლად მისაღებია, ხოლო ევროპელებთან ასეთი რამ არ გამოდის.
თუნდაც სტადიონის საქმე. ესპანურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმეს. შპს უკანონოდ შექმნეს, რომლის ხელმძღვანელად ხაბაძის მამის ძმაკაცი, ვინმე ბოლქვაძე დანიშნეს. როცა ეს ამბავი გავახმაურეთ, ბოლქვაძე გაუშვეს და ზირაქიშვილი მოიყვანეს, არჩილ ხაბაძის მეზობელი. რომელიც სიახლოვესაც არ გაგვკარებია არც ერთი არჩევნების დროს და ხაბაძემ ბულვარის დირექტორად დანიშნა. 13 მილიონი წინასწარ უნდა ჩაურიცხონ თურქულ კომპანიას პროექტისათვის და მშენებლებიც, ალბათ, თურქები იქნებიან. ერთ ქვეყანაზე მიბმული ეკონომიკა კი ძალიან სახიფათოა. ამის გაგება ხელისუფლებას არ სურს.
_ ბატონო მურმან, პოლიტიკური თვალსაზრისით თავისუფლება ნამდვილად არის, მაგრამ ეკონომიკა კატასტროფულად გაუარესდა და ეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახა. პროტესტი არის, რატომ ვერ ხდება მისი კოორდინება. იმიტომ ხომ არა, რომ ხელისუფლება დღემდე `ნაციონალური~ ბუათი აშინებს საკუთარ მოსახლეობას?
_ საქართველოს პარლამეტი ორ ნაწილადაა გაყოფილი. როცა ერთმანეთს საყვედურობენ და აყვედრიან რაღაც-რაღაცებს, ჩვენ რა ვქნათ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა? დამერწმუნეთ, ისინი ერთნაირები არიან. არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის. `ოცნებას~ ოპონენტად დისკრედიტებული `ნაცმოძრაობა~ აწყობს, ხოლო `ნაცებს~ _ უნიათო `ქართული ოცნება~. იმ შემთხვევაში, თუ მესამე ახალი ძალა გამოჩნდება, ორივე დაკარგავს აქტუალობას და ამიტომაც არ აწყობს არც ერთს ეს.
სად არის ივანიშვლის დაპირებული ერთმილიარდიანი ფონდი სოფლის მეურნეობისათვის, ან ფონდი მცირე და საოჯახო ბინზესის განვითარებისათვის? საპარტნიორო ფონდთან ერთად რაღაც ტერასების გაკეთებას აპირებს, რაც ისედაც გააღატაკებს მოსახლეობას.
ან ეს საპარტნიორო ფონდი რა საჭიროა? ის, თავის დროზე, „ნაცებმა“ ყოფილი პრემიერისთვის, გილაურისთვის შექმნეს. ჩვენ ამას ხელისუფლებაში მოსვლამდე ვაკრიტიკებდით, მაგრამ მერე მასზე უარი არ გვითქვამს. მეტიც, მის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დანიშნეს. მე მსგავსი მლიქვნელი ადამიანი არც „ნაცებში“ მინახავს და არც „ქართულ ოცნებაში“. ამბიციური, საქმის გამფუჭებელი კაცი. არაერთხელ ვუთხარი ბიძინას ამის შესახებ, მაგრამ რაც უფრო ნეგატიური ვუთხარი, მით უფრო მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. ვეჭვობ, რომ სწორედ დავით საგანელიძის ხელით აპირებს „ოცნება“ ამ ფონდის მეშვეობით თავისი პარტიული ყულაბის შევსებას.
_ ბატონო მურმან, ამბობენ, რომ კერძო იპოთეკარების ზურგს უკან სახელმწიფო მოხელეები იდგნენ და დგანან დღესაც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ საგანელიძის სიდედრის სახელზეა რეგისტრირებული იპოთეკარების მიერ მოსახლეობისთვის წართმეული რამდენიმე ათეული ბინა.
_ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ქვეყნის სოციალური განვითარების გარეშე. თუ სოციალური ჯგუფები ხელისუფლებასთან ჰარმონიაში ვერ მოდიან, კონფლიქტი გარდაუვალია და ეს იწვევს ბევრ რამეს, რომელიც ეკონომიკაზე ზემოქმედებას ახდენს. წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა, მაგრამ სამი წელი გავიდა და კანონიც კი ვერ მივიღეთ, რომელიც ამ პროცესს ოდნავ მაინც მოაქცევდა სამართლებრივ სივრცეში.
ორი მოსმენით მიღებული კანონი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლებას კრძალავს, მესამე მოსმენისათვის არ გამოაქვთ. პარლამენტმა სოციალური სოლიდარობა ამომრჩეველს კანონებით უნდა გამოუცხადოს, თორემ ჯიბიდან ფულს ვერავინ ვერავის ვერ მისცემს.
_ თქვენ გყავთ გუნდი, მაგრამ არ გაქვთ პარტია, რას აპირებთ?
_ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ცალკე პოლიტიკურ ძალად ჩამოვყალიბდებით, თუ ვინმესთან კოალიციაში შევალთ. მართალი გითხრათ, შემოთავაზებები გვაქვს. რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად ყოფნის ძირითადი კრიტერიუმი ჩვენთვის იქნება არა საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკა, რა ხედვები ექნება ჩვენს პარტნიორს ქვეყნის შიგაპრიორიტეტებზე.
დარწმუნებული ვარ, 2016 წელს ხელისუფლება შეიცვლება.
ნატო ქათამაძე