ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ჯერ კიდევ, კორექტირების რეჟიმშია. ვიდრე ნარმანიას სამწყსოში მიწისქვეშა მივლინებების ფორმას ამუშავებენ, მიწისზედა ორგანოში ცნობილი ხდება, რომ 2016 წელს თბილისის ბიუჯეტი 75 მილიონით გაიზრდება. ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ანგარიშებზე მისაღები ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა 736 მილიონი ლარი იყო, მიმდინარე მონაცემებით კი _ 810 მილიონია. შესაბამისად, თბილისს სწორედ 810 მილიონი უმტკიცდება, მაგრამ ყურადსაღები რჩება 50 მილიონზე მეტი, რომლის ათვისებასაც ნარმანიას უწყება, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებს. ბიუჯეტი ამ ხელისუფლებისთვის ისევ რჩება საჯილდაო ქვად. ერთია, როცა წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესრულება გიჭირს, ქონებას ვერ ყიდი, ტენდერებს ან მორგებულს ატარებ, ან სულაც აგდებ, მაგრამ მეორეა, როცა გამოყოფილ თანხებს ვერ ხარჯავ და არაკვალიფიციურობა ეკონომიკას ანგრევს.
რას ვერ ითვლის, ან სულაც ითვლის და იხტიბარს არ იტეხს დედაქალაქის მერი, ზედმიწევნით იციან არასამთავრობო ორგანიზაციაში „მედიატორი“. მათი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, „ქრონიკა+“-თან კალკულატორის გარეშეც თვლის ნარმანიას საბიუჯეტო ვნებებს: „თბილისის მერმა ან თვლა არ იცის, ან მათემატიკის გაკვეთილებს აცდენდა სკოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავით ნარმანიამ უნდა ახსნას, 2016 წლის ბიუჯეტი იზრდება თუ მცირდება! თუ კოკელი მერის არითმეტიკას დავიხმართ და მის მონაცემებს შევკრებთ, გამოდის, რომ თბილისის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით იზრდება. თუ 2015 წელს შემოსულობები 736 მილიონი იყო, ახლა 810 მილიონია. თბილისს უნდა დაუმტკიცდეს 810 მილიონი პლუს ნაშთი, რასაც წელს ვერ აითვისებენ და, სავარაუდოდ, დაუხარჯავი თანხა 50 მილიონს გადააჭარბებს. ნარმანიას მათემატიკური უნარის წყალობით ასეთ შედეგს მივიღებთ _ 2015 წლის 736-მილიონიან ბიუჯეტს, პლუს აუთვისებელი 68 მილიონი, ჯამში 804 მილიონს მოგვცემს. 2016 წლის ბიუჯეტი, რომელიც 810 მილიონს შეადგენს, პლუს, სავარაუდოდ, 70 მილიონი, რასაც ვერ აითვისებენ, სულ 880 მილიონს გვაძლევს. ასე თუ ვიმსჯელებთ, ანუ როგორც მერი "ითვლის", მართლაც გამოდის, რომ თბილისის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მეტი იქნება. აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება:
პირველი _ 2015 წელს შემოსულობებს პლუს ნაშთი ბიუჯეტი იყო 804 მილიონი, მაგრამ საბოლო რედაქციით წლის ბოლოსთვის (თბილისს რამდენჯერმე მთავრობამ დაუმატა თანხა) მივიღეთ 920 მილიონ ლარზე მეტი. ამ მაჩვენებლით უკვე ნათელია, რომ 2016 წლის ბიუჯეტი კი არ იზრდება, არამედ რამდენიმე ათეული მილიონით მცირდება! და მეორე _ 2014 წლის ბიუჯეტი მხოლოდ შემოსულობები იყო 692 მილიონი ლარი, პლუს წინა წლის ნაშთი, დაახლოებით ეს თანხა ჯამში 740 მილიონ ლარს შეადგენდა. მაშინ დოლარის კურსი მაქსიმუმ 1,7 იყო. ე. ი. 2014 წლის ბიუჯეტი 435 მილიონი დოლარი იყო. დღევანდელი 880 მილიონი ლარი, ანუ შემოსულობები და სავარაუდო ნაშთი ერთად 366 მილიონი დოლარია. აქედან დასკვნა: 2014 წლის ბიუჯეტი, 435 მილიონი დოლარი, დღევანდელ კურსზე (2,4) რომ გადავიყვანოთ, ბიუჯეტი, მინიმუმ, 1 მილიარდი ლარი უნდა იყოს!
თბილისის მერისგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ იმ ბენეფიციარების პრობლემასაც ეხმიანება, რომლებიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდება. არჩევნებიდან _ არჩევნებამდე ბენეფიციარების ან სარჩო-საბადებელი იმატებს, ან, ხშირ შემთხვევაში, იკლებს. ჯერ რომ არასოდეს ყოფილა, „ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე, გასაოცარი წლის მოლოდინში „გამოოცნებებული რიმას დიეტაც“ შეიმუშავა და ოპოზიციამაც მმართველი პარტიის საარჩევნო სლოგანი სახელდახელოდ შექმნა: „მეტი რიმა პოლიტიკურ დიეტოლოგიაში“!
რა ფაქტებს ასაჯაროებს უფასო სასადილოებთან დაკავშირებით „მედიატორის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი:
„2014 წელს თბილისში უფასო სასადილოში 13 200 ბენეფიციარი იკვებებოდა. წლის ბოლო კვარტალში 9526 სოციალურად დაუცველი იყო რიგში, რომელიც ყველა წესს აკმაყოფილებდა და პროგრამაში ჩართვას ელოდებოდა. მაშინ 5356 ბენეფიციარი დააკმაყოფილეს და დანარჩენი 4170 ადამიანი მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაითვალისწინეს, ანუ 2015 წელს თბილისი 22 704 ბენეფიციარით შეხვდა. 2015 წლის ბოლომდე ეს რიცხვი 26 000-მდე გაიზარდა. 2016 წლის ბიუჯეტში, რომელიც მერიამ წარმოადგინა, მიმართვიანობა კიდევ გაზრდილია და ჯამში 32 000-ს სცილდება. პარალელურად, კატასტროფული რაოდენობით იზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა, რომელიც ორ წელიწადში 13 000-დან 32 000-მდე ავიდა. მხოლოდ გლდანში და სამგორის რაიონში უფასო სასადილოში კვებისთის 12 000-მდე მოქალაქეს აქვს მიმართული. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც არის ქვეყანა და მისი დედაქალაქი. ამ პირობებში მერია 100 000 ლარს ტუალეტის ასაშენებლად ითვალისწინებს, 1 მილიონ ლარს რკინის ჯებირებში და მილიონი ლარის კუბოს ყიდულობს ცოცხალი ადამიანებისთვის.
ახლა რაც შეეხება ქ-ნ რიმას ხელთუქმნელ მენიუს _ 1 ლარისა და 18 თეთრის ამბავს. ადამიანებმა გაიგეს, რომ ეს თანხა ხმარდებოდა კვებას და, რა თქმა უნდა, სასაცილო თანხაა. თუმცა აქ კიდევ უფრო რთულად არის საქმე. ამ თანხაში შედის: ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლის გადასახადები. ამას ემატება სასადილოს მომსახურე სამი ადამიანის ანაზღაურება. ასევე გასათვალისწინებელია _ სასადილოსთვის დაქირავებული ფართის ქირა, პროდუქტის დისტრიბუცია, რემონტის თანხა, სასადილოში კამერების განთავსებისა და მისი მუშაობის უზრუნველყოფის თანხა. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მოგების გადასახადის გადახდა, ასევე ის დეტალიც, რომ 2012 წლის შემდეგ კომპანიებს გაზის ტარიფი გაუძვირდათ და ერთი კუბის ფასი 75 თეთრიდან 90 თეთრამდე ავიდა. პლუს დამატებული გაძვირებული ელექტროენერგია, გაძვირებული პროდუქტები... მოკლედ, ქ-ნ რიმას ცნობილი ტარიფი _ 1 ლარი და 18 თეთრი, რეალურად, ბევრად ცოტაა და, ალბათ, იოლი წარმოსადგენია, რით „კვებავენ“ ადამიანებს“.
„მედიატორი“ „ქრონიკა+“-თან იმ ღონისძიებებზეც საუბრობს, ბარაქიანი შემოდგომის ფარგლებში ხვავიანად რომ გასცა თბილისის მერიამ. ოფიციალურ მონაცემებში ნარმანიას უწყების ხელგაშლილობა, ჯამში, 162 400 ლარში ჩაეტია, რაც ასე გამოიყურება:
გლდანი, ფრენბურთი _ 9500, კრივი _ 7400, კალათბურთი _ 11 900, ლეპტოპი _ 7590;
ვაკე, პეინტბოლი _ 5300, ინტელექტუალური თამაშები _ 8000;
მთაწმინდა, კალათბურთი _ 9000, ავტორბოლა _ 13 500;
სამგორი, „სამგორობა 2015“ _ 17 600, პარფიუმერია _ 4300;
ისანი, ნარდი _ 3200, კულტურული ღონისძიება _ 5000;
ნაძალადევი, ავეჯი _ 5000, ფეხბურთი _ 11000;
ჩუღურეთი, ავეჯი _ 17000;
კრწანისი, კალათბურთი _ 13000;
საბურთალო, კომპიუტერები _ 14110.
„ასიათასობით ლარს ხარჯავს გამგეობა იმ ღონისძიებების გასამართად, რაც არც პრიორიტეტულია მათთვის და არც მათ ძირითად სამუშაოს წარმოადგენს. აღრეული აქვთ თავიანთი მოვალეობები და ვერ გაურკვევიათ, სპორტის სამინისტროს წარმოადგენენ თუ სამსახურებს? თბილისის მერიაა თუ კრივის ფედერაცია, ან სულაც პარფიუმერიის მაღაზია თუ ავეჯის სახლი?! რაც მთავარია, ნარმანიას უწყებაში ის იციან, რომ ღონისძიებები კონკრეტული ადამიანების დასაქმებას ემსახურება. ამ ღონისძიებების მოსაწყობად თითქოს ორგანიზატორებს ათასობით ლარს უხდიან, მხედველობიდან არ რჩებათ ფეისბუქზე ივენთის გაკეთებაც, რომელსაც 500 ლარად აფასებენ. იღებენ ფილმებს, კლიპებს და ამისთვის სოლიდური თანხები აქვთ გამოყოფილი. გამგეობა პარფიუმერიას მხოლოდ 50 პედაგოგისთვის ყიდულობს, მაშინ, როცა რაიონში მათი რიცხვი 2000-ს აჭარბებს. აი, აქ ჩნდება კითხვა, _ რა ნიშნით ირჩევა დასასაჩუქრებელი 50 პედაგოგი? თუმცა კურიოზია იმ შემთხვევაში, როცა თბილისის მერია კომპიუტერულ ტქნიკას იძენს და ძალიან შორს არის მისი გამოყენებისგან. მიზეზი მარტივია _ რეალურად არ იცის ახალშეძენილი ტექნიკის გამოყენება. მაგალითად, გლდანის გამგეობის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას მოვიყვან, სადაც მითითებულია ძველი გამგებელი და ხელს აწერს ახალი გამგებელი. ზოგადად, ავეჯომანია რომ სჭირთ, ეგ ფაქტია. მაგალითად, ნაძლადევისა და ჩუღურეთის გამგეობაში გიჟდებიან გორგოლაჭებიან სკამებზე და ორთოპედიულ დივნებზე“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან ლევან ხაბეიშვილი.
საახალწლო სამზადისი კარს მომდგარია. მმართველი გუნდისთვის მეოთხე გასაოცარი წლის შეხვედრა, პრესტიჟთან ერთად, პოლიტიკური გამოცდაც არის. ჩააბარებს, არ ჩააბარებს, ეს სულ სხვაა თემაა, მაგრამ ქვეყანაში, სადაც „ფასადურ პოლიტიკაზე“ არც ერთ ხელისუფლებას უარი არ უთქვამს, არც მეოცნებეები აღმოჩნდნენ გამონაკლისები. პომპეზურობაზე ბოდიში მოიხადეს, მაგრამ მანკიერებაზე უარი ვერ თქვეს _ ქამრების შემოჭერა მოსახლეობის ხარჯზე და ისიც საახალწლოდ. რატომ ჩათვალა თბილისის მერიამ, რომ დედაქალაქის მცხოვრებლების სასაჩუქრე ნობათი ცენტრალური თუ პერიფერიული უბნების მიხედვით დაეხარისხებინა, საკუთარი შეფასება აქვს „მედიატორის“ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს:
„მართალია, ეს კვლევა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ „სამართლიანმა თაობამ“ და კერძოდ, თორნიკე ბიკაშვილმა ჩაატარა, მაგრამ „მედიატორი“ ამ შემთხვევაში შეფასებითი ნაწილით შემოიფარგლება. ცნობილია, რომ თბილისის მერიამ საახალწლოდ, ცოცხალი თბილისელებისთვის, უკვე დაამზადებინა მილიონობით ლარის მიცვალებულის სასახლე, იგივე კუბო. თუმცა ვიდრე დავით ნარმანია პოტენციურ მიცვალებულებს (მისი გადასახედიდან ასეთები სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან) მიქელ-გაბრიელის კარამდე მიაცილებს, მათ საჩუქარსაც უმზადებს _ ათივე რაიონის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი საახალწლო ნობათების შესაძენად, რაც გასაოცარი არ უნდა იყოს, მხოლოდ ერთი გამონაკლისით _ თბილისის მერმა, რატომღაც, მიიჩნია, რომ დედაქალაქის რაიონებში სოციალურად დაუცველებს განსხვავებულად დაეხმარონ. იმ ბრძენი კაცის არ იყოს, თუ სათქმელს „ჩავაზუსტებთ“, შემდეგ სურათს მივიღებთ: ფაქტობრივად, მერიამ გაჭირვებულები უბნების მიხედვით დაყო. ასე მაგალითად: სამგორის გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი, სადაც ერთი კალათის ღირებულება 18 ლარი იქნება, მაშინ როცა ვაკეში მცხოვრები ადამიანები 35-ლარიან სასაჩუქრე ნობათს მიიღებენ. ასევეა სხვა უბნებში _ 23-ლარიანი, 28-ლარიანი კალათები და ა. შ., ანუ თბილისის ცენტრიდან გარეუბნებამდე გავლებული „გეოგრაფიული არეალი“ _ პირდაპირ ბენეფიციარების „სვეტურ“ ან ნაკლებად „სვეტურ“ სტომაქზე გადის!“
ნანა თვალაბეიშვილი