QronikaPlus
ქეთევან ქვარცხავა: „მოსამართლე გიორგი სულაკაძე სასამართლოს მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს!“

ქეთევან ქვარცხავა: „მოსამართლე გიორგი სულაკაძე სასამართლოს მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს!“

2015-12-13 09:27:38

9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, დაეკისრება თუ არა „თიბისი ბანკს“ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ თანხა 32 მილონის ოდენობით? „თიბისი ბანკის“ ადვოკატი, ქეთევან ქვარცხავა, აცხადებს, რომ მოსამართლე მიკერძოებულია და ამის დამადასტურებელი ფაქტების მთელი კასკადი არსებობს. ადვოკატი მოსამართლისა და ჩხარტიშვილის ურთიერთობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ გიორგი სულაკაძე აღნიშნული საქმით პირადადაა დაინტერესებული. ყველა სარჩელი, რომელშიც ჩხარტიშვილი ფიგურირებს, სულაკაძეს აქვს გადაცემული. ქრონიკა+“-ქეთევან ქვარცხავა ესაუბრება: _ საქმის მოკლე შინაარსი ასეთია: „ფოთის წისქვილქარხანას“„თიბისი ბანკის“ დავალიანება რამდენიმე მილიონის ოდენობით ჰქონდა. 2007 წლის შემდეგ „ფოთის წისქვილქარხანა“ აღარ ოპერირებდა, ამიტომ, მსესხებელთან შეთანხმებით, ამ სესხის დაფარვა სხვა კომპანიაზე გადავიდა. 2010 წლის დასაწყისიდან ეს კომპანიებიც უკვე აღარ ფუნქციონირებდა და ამ ქარხანას „თიბისი ბანკი“ ამუშავებდა, რომ ვალი როგორღაც დაეფარა. რადან ეს ვერ შეძლო, 2010 წლის 10 დეკემბერს აუქციონი გამოაცხადა და 20 დეკემბერს უკვე გაიყიდა. 10 დღით ადრე მხარეს აუქციონის შესახებ ეცნობა. მანამდე თვითონ „ფოთის წისქვილქარხანამ“ მოიყვანა მყიდველი, კოკი ოსიპოვი. შემდეგ უკვე ეს ქონება ამავე მყიდველმა შეიძინა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვანო ჩხარტიშვილი აცხადებდა, მე ვარ „ფოთის წისქვილქარხნის“ მეპატრონეო. თავის დროზე, „თიბისი ბანკს“ ამ თემაზე ჰქონდა კიდეც კომუნიკაცია ვანო ჩხარტიშვილთან და ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ ეს ვალი დაეფარა. სამწუხაროდ, ვერ მოახერხა და მყიდველი კოკი ოსიპოვი მანვე მოიყვანა. ამ საკითხზე შემდეგ ისევ ჰქონდათ კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტით მიმოწერა, სადაც ვანო ჩხარტიშვილის მხარე იყო ჩართული. ამის მერე, როგორც ჩანს, რაღაც აერიათ, ან ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ „თიბისი ბანკისთვის“ არავის არაფერი შეუტყობინებია, ამას არც ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. როდესაც ეს ქონება გაიყიდა, „თიბისი ბანკმა“ აუქციონზე იყიდა, შემდეგ კი კოკი ოსიპოვს მიჰყიდა. ვანო ჩხარტიშვილი რამდენიმე წელი არ ჩანდა, არც რაიმე პრეტენზია გამოუთქვამს, 2014 წლის ბოლოს კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა. თუ სამართლებრივი თვალსაზისით შევხედავთ, ხანდაზმულობის ვადაც უკვე გასული იყო, 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აუქციონი გაიმართა. ვანო ჩხარტიშვილი დაობდა, რომ ვითომ კოკი ოსიპოვთან და ფოთის პორტთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნა, მას მუშაობის საშუალება არ მისცეს, თუმცა „თიბისი ბანკის“ მიმართ საერთოდ არანაირი მტკიცებულება, ან პრეტენზია არ ყოფილა, რომ ბანკი რამეში ჩართული იყო. მიუხედავად ამისა, ჩხარტიშვილი ჩიოდა, აუქციონი ბათილად გამოაცხადეთ და „თიბისი ბანკს“, კოკი ოსიპოვის კომპანიას და კიდევ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც ფოთის პორტში ოპერირებაში იყვნენ ჩართულნი, ჩემ მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობა დააკისრეთო. თავდაპირველი მოთხოვნა 18 მილიონი ჰქონდა და სასამართლო სხდომაზე 14 მილიონით თანხა კიდევ გაზარდა. ჩვენი მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ მთელი ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ძალიან სერიოზული პროცესუალური უხეში დარღვევებით წარიმართა. _ კონკრეტულად? _ იურისტიც არ არის საჭირო, რომ გაიგო, მოსამზადებელი სხდომის შემდეგ, როცა მხარეები მომზადებას დაამთავრებენ, მთავარ სხდომაზე სარჩელის შეცვლა არ ხდება, საფუძვლების დაზუსტებაც კი. ამ შემთხვევაში, მთავარ სხდომაზე სარჩელი 14 მილიონით ისე გაიზარდა, რომ შესაგებელი მოპასუხე მხარემ ვერ შეიტანა. შემდეგ მათი მოწმეები, მათ შორის, ვანო ჩხარტიშვილი მოსამზადებელ სხდომაზე ისე დაკითხეს, არც ერთ მოპასუხეს არ გვითხრეს, რომ მოწმეები იკითხებოდნენ და საშუალება არ მოგვცეს, რომ მონაწილეობა მიგვეღო, ამ პროცესისთვის მოვმზადბულიყავით. როგორც წესი, მოწმეები იკითხება მთავარ სხდომაზე მტკიცებულებების  გამოკვლევის დროს. შეიძლება მოსამზადებელზეც დაიკითხოს, მაგრამ მხარეები ინფორმირებული უნდა იყვნენ. სასამართლომ ნაწილობრივი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლომ ნაწილობრივი გადაწყვეტილება რომ გამოიტანოს, აუცილებელია, ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობა მაინც ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, არც ერთ მხარეს არ უშუამდგომლია, მათ შორის, ჩხარტიშვილის მხარესაც კი. როცა ეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, სააპელაციო სასამართლოში დღემდე არ არის გადაგზავნილი. დარღვევების მთელი კასკადია. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ასე ყველაფერი ერთად იყოს. ეს ფაქტი აღმაშფოთებელია, მით უმეტეს, ერთი და იგივე საქმეში დარღვევების ამხელა კასკადი ძალიან საეჭვოა. სერიოზული ეჭვები გვქონდა მოსამართლისა და ვანო ჩხარტიშვილის ურთიერთობასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩხარტიშვილმა გამოტანილი ნაწილობრივი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა. შემდეგ ეს განცხადებაც გადააკეთა და თქვა, რომ თანხაში დამიკმაყოფილეთო, ანუ დაუყოვნებლივ 32 მილიონი დააკისრეთო, რაც ძალიან უცნაური მოთხოვნაა. ეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება თვითონ გაიხმო. ასე რომ, მთელი კასკადია ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი ფაქტებისა, რომელიც სასამართლოს მიკერძოებულობაზე მიუთითებს. ჩვენ მოსამართლის აცილების საკითხიც დავაყენეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ აიცილა. რატომღაც, მოსამართლეები, ამ ბოლო პერიოდში, აღნიშნულ თემას სერიოზულად არ უყურებენ. შესაბამისად, ასეთი მდგომარეობაა, თანხობრივ ნაწილზე მოსამართლემ სამშაბათს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება. ეჭვი გვაქვს, მოსამართლე გიორგი სულაკაძე ამ საქმით პირადადაა დაინტერესებული. პარადოქსია! ყველა სარჩელი, სადაც ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, მოსამართლე სულაკაძეს აქვს გადაცემული.    

თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება